ნივრის საჭყლეტი და კიდევ 9 ნივთი სამზარეულოში, რომელთაც არასწორად ვიყენებთ

სამზარეულოში ძალიან ბევრ დროს ვატარებთ, ამიტომ ამ ოთახში თითოეული მოწყობილობის თვისების, ფუნქციის და გამოყენების წესების შესახებ უნდა ვიცოდეთ. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ბლენდერს ან მაცივარს სწორად იყენებთ, ეს შეიძლება სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. Novate გიზიარებთ რამდენიმე დეტალს, რომელსაც დიასახლისები ყურადღებას არ აქცევენ.

1. ბლენდერი

ერთ–ერთი მთავარი დამხმარე მოწყობილობა სამზარეულოში. გასაკვირი არცაა, თუ მის მიერ ჩატარებულ პროცესებს გავიხსენებთ: ათქვეფა, დაქუცმაცება, ფაფად გადაქცევა და ა.შ. სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ ბლენდერით მთელი კერძის მომზადება შეიძლება, თუმცა უნდა იცოდეთ, რა თანმიმდევრობით დაუმატოთ პროდუქტები. სითხით უნდა დაიწყოთ, შემდეგ პატარა ინგრედიენტები და მოცულობითი პროდუქტები დაუმატოთ, ბოლოს – ყველაზე მძიმე კომპონენტები, მაგალითად, ყინული ან ბოსტნეულის ღერო. თუ ამ თანმიმდევრობას არ დაიცავთ, ბლენდერის დანის დაზიანების და მოწყობილობის გატეხვის რისკი არსებობს.

2. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

თქვენ როგორ ავსებთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას? ზოგიერთი დიასახლისი იყენებს ტეტრისის წესს: რაც შეიძლება მეტი ჭურჭლის კომპაქტურად განთავსებას ცდილობს. ერთი შეხედვით, ასეთი მიდგომა სწორია, მაგრამ ყოველთვის ჩვენდა სასიკეთოდ არ მუშაობს. თეფშები და ჭიქები მოწყობილობის ტექნიკური შესაძლებლობის მიხედვით უნდა მოათავსოთ. შუაში წყლის ყველაზე ძლიერი ნაკადია, ამიტომ აქ ჩააწყვეთ ჭუჭყიანი თეფშები ბოსტნეულის ლაქებით, რომელიც ბევრ ნახშირწყალს შეიცავს. რაც შეეხება, ჭურჭლის სარეცხ საშუალებას, კუთხეებში უფრო უხვად ნაწილდება, ამიტომ ამ ნაწილში მოათავსეთ თეფშები ხორცის, ყველის, კვერცხის და სხვა ცილოვანი პროდუქტის ლაქებით. ასე რეცხვის პროცესი უფრო ეფექტური გახდება.

3. მიქსერი სადგამით

ასეთ მიქსერს ერთი დიდი უპირატესობა აქვს, თავად შეგიძლიათ სათქვეფის სიმაღლის დარეგულირება. თუ ეს ფაქტი თქვენთვის სიურპრიზია, შემდეგში მიქსერი ყველა წესის დაცვით გამოიყენეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სათქვეფი თასიდან რამდენიმე მილიმეტრით დაშორებული უნდა იყოს. თუ ცოტა მაღლა დააყენებთ, ინგრედიენტების თანაბრად განაწილებას ვერ მოახერხებთ, ცოტა ქვემოთ – ჭურჭელს გაკაწრავთ.

4. მაცივარი

ჩვეულებრივი, უმეტესობა ჩვენგანი მაცივრის კარზე თაროებს კვერცხის, რძის და ფერმენტირებული რძის პროდუქტების შესანახად იყენებს. სინამდვილეში, ეს ნაწილი ერთ–ერთი ყველაზე თბილია, ამიტომ მაცივრის კარის თაროზე შენახული ნებისმიერი მალფუჭებადი პროდუქტი სწრაფად გამოუსადეგარი გახდება. სჯობს სანელებლების, სოუსების, გაზიანი და სხვა პროდუქტების შესანახად გამოიყენოთ, რომელთაც ძლიერი გაგრილება არ სჭირდებათ და შესანახად უფრო სტაბილურია, ვიდრე რძე.კიდევ ერთი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. თუ თადარიგიანი დიასახლისი ხართ, რომელიც პროდუქტებს ორი კვირით იმარაგებს, მაცივარი ბოლომდე არ გაავსოთ. როცა ყველა თაროს საჭმლით ავსებთ, ჰაერი თავისუფლად ვერ მოძრაობს, შედეგად, გაგრილების პროცესი ირღვევა. შესაბამისად, ასეთ პირობებში პროდუქტები სწრაფად გაფუჭდება და კერძში დამატების ნაცვლად სანაგვე ყუთში მოხვდება.

5. ქვაბის სახელურები

თითოეულ სტანდარტულ ქვაბის სახელურს ნახვრეტი აქვს. თუ ფიქრობთ, რომ მისი მთავარი და ერთადერთი ფუნქცია ქურიდან ჭურჭლის მარტივად აღებაა, ცდებით. სინამდვილეში სამზარეულოს კოვზის ჩასადებია, რომელსაც ინგრედიენტების მოსარევად იყენებთ. შემდეგში, როცა წვნიანს ან რაგუს მოამზადებთ, სამზარეულოს კოვზი თეფშზე ან სპეციალურ სადგამზე არ დადოთ, არამედ ქვაბის სახელურის ხვრელში ვერტიკალურად ჩადეთ.

6. ბოსტნეულის საწმენდი

საქმე არა მოწყობილობას, არამედ გამოყენების პროცესს ეხება. მაგალითად, იცით თუ არა, რომ ბოსტნეული უნდა გათალოთ არა თქვენკენ, არამედ თქვენგან? პირველ რიგში, ასე დაზიანების რისკი მცირდება. მეორეც, პროდუქტი მთლიანად გასუფთავდება, „პრობლემების გარეშე“. ეს ყველა სიურპრიზი არაა. ბოსტნეულის საწმენდი შეგიძლიათ შოკოლადის ფანტელების, გახეხილი პარმეზანის და ხახვის პატარა ნაჭრების მისაღებად გამოიყენოთ. თუ ამ მოწყობილობას მარჯვედ იყენებთ, შეგიძლიათ წიწაკის და პომიდვრის „კასრები“ თამამად გამოჭრათ.

7. სპაგეტის კოვზი

სპაგეტის კოვზი ის სამზარეულოს მოწყობილობაა, რომელსა ბევრი ეჭვის თვალით უყურებს. თუ ვერ ხვდებით, რა არის მისი დანიშნულება, გიამბობთ. კოვზში ნახვრეტი შექმნილია არა წყლის დასაწურად, როცა პასტა ქვაბიდან თეფშზე გადაგაქვთ (თუმცა ასეც შეგიძლიათ გამოიყენოთ). მისი თავდაპირველი დანიშნულება – ულუფის გაზომვა. ამ ნახვრეტში ზუსტად იმდენი უმი სპაგეტი ეტევა, რამდენიც სტანდარტულ ულუფაზე მოდის. შეგიძლიათ თვალით გაზომვა დაივიწყოთ – კოვზი ყველაფერს თავისით გააკეთებს.

8. ხის საჭრელი დაფა

ბევრი დიასახლისი ხის და პლასტმასის საჭრელ დაფებს შორის პირველს უპირატესობას ანიჭებს, რადგან ნატურალურია. არადა ასეთ დაფასთან საერთო ენის პოვნა მოვლის თავისებურების გამო რთულია. სითბო და წყალი ხეს ფორმას უცვლის, ამიტომ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ან ონკანის ცხელი წყლით ვერ გარეცხავთ. მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთხო მეთოდი – ნახევარი ლიმონი და სოდა. პირველი ინგრედიენტი ზედაპირს დეზინფექციას უკეთებს, მეორე ჭუჭყს შლის. ამ პროცედურის შემდეგ სუფთა პირსახოცით გაამშრალეთ და კარადაში მომდევნო გამოყენებამდე შეინახეთ.

9. საკვები ნარჩენების დასაქუცმაცებელი

თუ ჭურჭელს ხელით ვრეცხავთ, ცხელი წყლის გამოყენებას ვცდილობთ, რადგან ასე ცხიმის ლაქების სწრაფად მოშორების შანსები იზრდება. ნიჟარაში საკვები ნარჩენების დასაქუცმაცებელი მოქმედების სქემას ცვლის. საქმე იმაშია, რომ ცხელი წყლის მოხვედრისას პროდუქტები ფაფად იქცევა. როცა ეს ნარევი მილში ხვდება, კედლებს ეკვრის და ბლოკირებას იწვევს, რომელსაც მილების დაზიანება შეუძლია. როცა ნარჩენებს დასაქუცმაცებელში უშვებთ, ცივი წყალი გამოუშვით – მილები მადლობას გეტყვით. რაც შეეხება ცხიმიან თეფშებს, მას სპეციალური სარეცხი საშუალება გაუმკლავდება, რომელიც ცივ და ცხელ წყალში ერთნაირად ეფექტურია.

10. ნივრის საჭყლეტი – ერთი შეხედვით, რა სირთულე შეიძლება ახლდეს ამ მოწყობილობის გამოყენებას? ყველაფერი ნათელია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მხოლოდ ერთეულებმა იციან, როგორ გამოიყენონ. აღმოჩნდა, რომ პრესში გაუსუფთავებული ნიორი, პირდაპირ ფურცლებიანად უნდა ჩადოთ. როცა მას დააჭერთ, ფურცლები შიგნით დარჩება, ხოლო რბილობი ნახვრეტებიდან გამოდის. ასე დროს დაზოგავთ. პრესიც პროცედურის დასრულების შემდეგ უფრო სუფთა დარჩება.