10 პროდუქტი, რომელიც სჯობს მიკროტალღური ღუმლისგან შორს დაიჭიროთ

ბევრი დიასახლისი თვლის, რომ მიკროტალღური ღუმელი მის სამზარეულოში ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო მოწყობილობაა. მასში არა მხოლოდ მზა კერძის სწრაფად გაცხელება შეიძლება, არამედ რაიმეს სწრაფად მომზადება მაგალითად, მოხარშული კარტოფილის. სამწუხაროდ, ყველა პროდუქტი მიკროტალღურ ღუმელთან თავსებადი არაა. Novate გიამბობთ, რომელი პროდუქტებისგან უნდა ელოდოთ უსიამოვნო სიურპრიზებს.

პროდუქტი 1: ცხარე წიწაკა

ცხარე წიწაკის მწველი გემო ალკალოიდის, კაპსაიცინის შემცველობით არის განპირობებული. თუ წიწაკიან კერძს მიკროტალღურ ღუმელში გააცხელებთ, ეს ნივთიერება აეროზოლად გარდაიქმნება. წარმოქმნილი მწველი ღრუბელი ღუმელის კარის გაღებისას თვალს და ყელს აზიანებს. გარდა ამისა, წიწაკა შეიძლება აფეთქდეს ან დაიწვას, ამიტომ ჯანმრთელობის და სამზარეულოს მთლიანობას რისკის ქვეშ ნუ დააყენებთ.

პროდუქტი 2: გაყინული კენკრა

ჩვენი ორგანიზმი ცივ სეზონზე სხვადასხვა ვირუსების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ სხვადასხვა ვიტამინებით იმუნიტეტის გაძლიერება აუცილებელია. შესანიშნავი ვარიანტი: ხილის და კენკრის ჭამა, რადგან ბევრ სასარგებლო მიკროელემენტს და სხვა ნივთიერებებს შეიცავს. სამწუხაროდ, ზამთარში ახალი კენკრა წარმოუდგენელი ფუფუნებაა, ამიტომ ჯერ კიდევ ზაფხული–შემოდგომის პერიოდში მის გაყინვაზე უნდა იზრუნოთ. ეს ხშირი და სწორი პრაქტიკაა, მით უფრო დაბალ ტემპერატურაზე სასარგებლო თვისებები არ იკარგება და მოგვიანებით ისე შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც გსურთ.ყველაზე მთავარი: კენკრის გასალღობად მიკროტალღური ღუმელი არ გამოიყენოთ, რადგან ყველა სასარგებლო კომპონენტი დაიკარგება. C ვიტამინი განსაკუთრებით ზარალდება – გაცხელებისას 60% ქრება. გარდა ამისა, მთლიანი გარსის და შიგნით ბევრი სითხის გამო შეიძლება ღუმელში გასკდეს. თუ მოწყობილობის წმენდაზე დროის დახარჯვა არ გსურთ და კენკრიდან რაიმე სარგებლის მიღება გსურთ, მაგიდაზე ან მაცივარში გაალღვეთ.

პროდუქტი 3: გაყინული ხორცი

ბევრ რეცეპტში შეიძლება შეხვდეთ რჩევას, რომ თუ დღის განმავლობაში ხორცის გალღობა ვერ მოასწარით, ხოლო ვახშმის მოსამზადებლად ცოტა დრო დაგრჩათ, ღორის ან ქათმის ხორცი შეგიძლიათ მიკროტალღურ ღუმელში შედოთ. სამწუხაროდ, ყველაფერი ასე მარტივად არაა. პირველ რიგში, პროდუქტი მთლიანად ვერ გალღვება: მაშინაც კი, თუ ზედა ფენა გალღვა, შიდა ნაწილში ყინულის ნაწილები დარჩება. მეორეც, ამ მეთოდით გალღობისას ხორცში არსბეული ბაქტერიების რაოდენობა გაიზრდება, რამაც საკვებით ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს. ზოგჯერ მიკროტალღურ ღუმელში გალღობილი ხორცის კუთხეები ნაცრისფერდება, რაც აშკარად აჩვენებს, რომ ხორცი „დაიკარგა“. სწორედ ამიტომ, არ გარისკოთ და ხორცი ძველი, გამოცდილი მეთოდით გაალღვეთ – საყინულიდან გამოიღეთ და მთელი ღამე მაცივრის თაროზე გააჩერეთ. ამ შემთხვევაში საფრთხეს თავიდან აიცილებთ.

პროდუქტი 4: დედის რძე, რძის ნარევი

მიკროტალღურ ღუმელში ამ პროდუქტის გაცხელებაც რეკომენდებული არაა. გაითვალისწინეთ, რომ თბილი სხივები არათანაბრად ნაწილდება, რძე და ნარევი ნაწილობრივ თბება, ყველაზე ცხელმა ნაწილმა შეიძლება ბავშვი დაწვას. კიდევ ერთი დეტალი: კვლევამ აჩვენა, რომ მიკროტალღურ ღუმელში გალღობის შემდეგ დედის რძეში იმუნომასტიმულირებელი ცილები იშლება, ანუ პროდუქტის სასარგებლო თვისებები მინიმუმამდე მცირდება. საუკეთესო ვარიანტი: დედის რძე ან რძის ნარევი ცხელი წყლით სავსე ქვაბში ჩადეთ და შეათბეთ. ასე ბავშვს დაიცავთ.

პროდუქტი 5: კვერცხი

კვერცხი სხვადასხვა კერძის მზადებისას ხშირად გამოიყენება, განსაკუთრებით საუზმეზე. ბევრ ადამიანს თავისი დილა ომლეტის ან კვერცხიანი სენდვიჩის გარეშე ვერ წარმოუდგენია. მრავალი რეცეპტის და მომზადების მეთოდების მიუხედავად, დაიმახსოვრეთ, რომ ამ შემთხვევაში სჯობს მიკროტალღური ღუმელი არ გამოიყენოთ. მიზეზი მარტივია: კვერცხის შიგნით ტემპერატურის სწრაფი ზრდა ორთქლის წარმოქმნას და წნევის ზრდას იწვევს. ამის გამო დიდი ალბათობით კვერცხი აფეთქდება, როგორც კი ნაჭუჭის მოშორებას ეცდებით.

პროდუქტი 6: კარტოფილი

სამწუხაროდ, აკრძალული პროდუქტების სიაში, რომელთა გაცხელებაც მიკროტალღურ ღუმელში არ შეიძლება, კარტოფილიც მოხვდა. მასში ბევრი სახამებელი შედის, რომელიც მიკროტალღების ზემოქმედებით ჰიდროლიზდება – ნივთიერების წყალთან ურთიერთქმედების ქიმიური რეაქცია. ამის გამო კარტოფილში შემავალი მკვებავი ნივთიერებები და ვიტამინები მინიმუმამდე მცირდება. რეაქციის გამო მძიმე იზომერები წარმოიქმნება, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიურ ნაერთებს წარმოადგენს, მაგალითად, კუჭქვეშა ჯირკვალზე დატვირთვას ზრდის.

პროდუქტი 7: ყველი

სხვათა შორის, ყველის შესახებ. ერთ–ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ყველი მიკროტალღურ ღუმელთან შეუთავსებელია. მათ თეთრი დამწნილებული ყველის ერთ–ერთ სახეობა „ნაბულსი“ აიღეს და მიკროტალღურ ღუმელში 10 წუთით გააცხელეს. დროის გასვლის შემდეგ მკვლევარებმა პროდუქტში შემავალი სხვადასხვა ნივთიერება გაზომეს და განსაზღვრეს, რომ ერთ–ერთი ღირებული ნივთიერების მნიშვნელოვანი წილი დაკარგული იყო. გარდა ამისა, მიკროტალღურ ღუმელთან კონტაქტის გამო ანტიკანცეროგენული კომპონენტების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

პროდუქტი 8: ძეხვი და სოსისი

როცა სრულყოფილი ვახშმის მომზადების დრო არ გვაქვს, მაღაზიაში სოსისს ვყიდულობთ, მიკროტალღურ ღუმელში ვაცხელებთ და სუფრაზე მაკარონთან ან წიწიბურასთან ერთად გაგვაქვს. რომ იცოდეთ, ეს რას იწვევს, აღარ გაიმეორებთ. საქმე იმაშია, რომ გადამუშავებული ხორცის პროდუქტის გაცხელება ძალიან საზიანოა. ტემპერატურის გაზრდისას სოსისსა და ძეხვში ქოლესტერინის დაჟანგვა ხდება, ხოლო მოგვიანებით – ორგანიზმისთვის საზიანო სხვადასხვა ნივთიერებები წარმოიქმნება.

პროდუქტი 9: რძემჟავა პროდუქტები

ზოგადად, რძის და რძემჟავა პროდუქტების თერმული დამუშავება აკრძალული არაა, რადგან საზიანო არაა. გამონაკლისი მიკროტალღური ღუმელია. მეცნიერებმა რიგი ექსპერიმენტების ფარგლებში განსაზღვრეს, რომ მიკროტალღურ ღუმელში რძემჟავა პროდუქტის გაცხელებისას მასში მავნე ნივთიერებების, კერძოდ, ტრანსცხიმების მჟავების რაოდენობა იზრდება. გარდა ამისა, ცოცხალი ლაქტო და ბიფიდობაქტერიები გაცხელებისას სწრაფად ქრება, ანუ მასში სასარგებლო თვისებები საერთოდ არ რჩება. სწორედ ამიტომ, სჯობს კეფირი ან იოგურტი მიკროტალღური ღუმელისგან შორს შეინახოთ.

პროდუქტი 10: პომიდვრის სოუსი

პომიდვრის სოუსი ძალიან სქელია, წყალი რთულად ორთქლდება, შედეგად ზედაპირზე ორთქლის სახით გროვდება, მოგვიანებით ფეთქდება და პროდუქტი მიკროტალღურ ღუმელში იფანტება. თუ პომიდვრის სოუსიანი პასტის სწრაფად გაცხელება გსურთ, ტაფა ან ღუმელი გამოიყენეთ – ასე ნაკლებ პრობლემას შეეჯახებით. აი, კერძი, მაგალითად, ნაღების სოუსით ყველის გარეშე ასეთ არეულობას არ გამოიწვევს.