ტყის სახლი, რომელიც 500 წელი გაძლებს და ქარიშხალი, ხანძარი და ტონა თოვლი არ აშინებს

კალიფორნიელმა დიზაინერებმა მასიური ტყის ხანძრების შესახებ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო გადაწყვიტეს ისეთი სააგარაკო სახლის აშენება, რომელიც არა მხოლოდ ცეცხლის ეპიცენტრს გაუძლებს, არამედ ადამიანების და ცოცხალი არსებების გადარჩენას შეძლებს. ერთი შეხედვით, ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ მათ მიერ შექმნილი ქერცლიანი, გეოდეზიური ნახევარსფეროების მოდელები საპირისპიროს ამტკიცებს. პროექტის ავტორები დარწმუნებულნი არიან, მათი სასწაული ქოხი მინიმუმ ნახევარი საუკუნე (ამ პერიოდზე ოფიციალურ გარანტიას იძლევა!) ყველაზე მკაცრ კლიმატურ ზონაშიც გაძლებს. Novate გიამბობთ, ნამდვილად ასეა თუ არა.

ვის არ უოცნებია ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, ტყის სიღრმეში მყუდრო თავშესაფრის ქონაზე? ფანტაზიები ყოველთვის რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან ხშირად ყრუ ბუნებრივი ზონები ხანძრის ან წყალდიდობის ეპიცენტრში ხვდება. ამ ექსტრემალურ პირობებში გადარჩენას ცოტა თუ ახერხებს, თუ საფრთხე დროულად ვერ დაინახა.

ეგვიპტური წარმოშობის ამერიკელებმა, ძმებმა შერიფ და კარიმ ბიშაებმა მკაცრ ბუნებრივ პირობებში ცხოვრების ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. ემპირიულად ისეთი სამშენებლო მასალის შექმნა სცადეს, რომელიც ხალხს კატასტროფისგან დაიცავდა, დაწყებული ქარიშხლით და წყალდიდობით და დამთავრებული ხანძრით და მიწისძვრით. როგორ ფანტასტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ახალგაზრდებმა ეს შეძლეს.

ახლახანს ტყის ქოხის მოდელი Zomes წარმოადგინეს, რომელიც გეოდეზიურ გუმბათს ჰგავს, მხოლოდ არ აქვს ძელები, რომლებიც კონსტრუქციას ქმნის. როგორც არქიტექტორ–მკვლევარები ამბობენ, ფორმის და გარე საფარის ხარისხის არჩევა თავად სრულყოფილმა ბუნებამ შთააგონათ, კერძოდ: ფიჭვის გირჩების, ლოკოკინას ჯავშნის და კაქტუსის სტრუქტურა. არახელსაყრელი ამინდის პირობების მიმართ მდგრადობის გარდა, ავტორებმა მაქსიმალურად გამძლე და ეკოლოგიური საცხოვრებლის შექმნა სცადეს, რომელიც ნახშირბადის კვალს არ ტოვებს.

სახლი ადამიანებისა და ეკოსისტემისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო რომ ყოფილიყო, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური მასალები გამოიყენეს: თიხა, ქვიშა, კერამიკა, მატყლი, რეზინი, ბუნებრივი ხე (ბამბუკი). ამ კომპონენტების წყალობით წარმოება 95%–ით უნარჩენო აღმოჩნდა, მასალების 90% შეგიძლიათ განმეორებით გამოიყენოთ, თუ რაიმე მიზეზით სახლი დაიშალა. დროს, როცა ქოხი უვარგისი გახდება, ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი რამდენიმე მომავალი თაობა ვერ მოესწრება. დეველოპერები გარანტიას იძლევიან, რომ შენობის ექსპლუატაციის პოტენციალი 500 წელზე მეტია.

საინტერესო ფაქტი: იმის მიუხედავად, რომ დეველოპერებმა ბეტონის კონსტრუქცია გამოიყენეს, ეს კლასიკური ბეტონი არაა, რომელიც ჩვენს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ერთ–ერთი მთავარი წყაროა (მასზე გლობალური ანთროპოგენური გამონაბოლქვის 8% მოდის). ინოვაციურ ბიოკერამიკაში გამოყენებული ცემენტი მაგნიუმის ფოსფატია (მაგნეზია + პერლიტი), რომელიც გამძლეობის და ულტრა სიმტკიცის გამო რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი შენობების მშენებლობაში გამოიყენება. დამტკიცებულია, რომ ეს ნახშირბად–ნეიტრალური მასალაა.

ხანგრძლივი გამძლეობის ოპტიმიზმი ფანტასტიკურია, მაგრამ რეალურ კვლევებს ეფუძნება. ხსნარის შემადგენლობა, რომლითაც მოსაპირკეთებელ ფილებს აკეთებენ, და მისი დამაგრების მეთოდი გარანტიას იძლევა: სრული ჰიდროიზოლაცია, ჰაერის გაუმტარობა, მაქსიმალური დაცვა ობისგან, ლპობისგან, მავნებლებისგან, ასევე ხანძრისა და მიწისძვრისგან. რაც ყველაზე გაუგებარია, თუ ხანძრის დროს წვის ტემპერატურა 1024 გრადუსს არ აღემატება, არა მხოლოდ სახლი, არამედ მასში მყოფი ადამიანები გარკვეული დროით გაძლებენ. ასეთ „ცხელ“ შენობაში დიდხანს ყოფნა კარგი არაფრით დასრულდება, თუმცა Zomes 1200–ზე მეტი გრადუსის შემთხვევაშიც უვნებელი დარჩება.

თუ ახალი ობიექტის მდგრადობაზე ვსაუბრობთ, დეველოპერების თქმით, ექსპერიმენტული მოდელი თოვლიან ადგილებშიც იდეალურია. მისი გარე ფორმა და არარეალური გამძლეობა გიგანტური რაოდენობის სველ თოვლს გაუძლებს. მხოლოდ მაშინ, როცა ერთ კვადრატულ მეტრზე 6 ტონაზე მეტი თოვლი იქნება, სახლი დაიშლება. ასეთი მაჩვენებელი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როცა მასზე ზვავი ჩამოვა.

ჩვეულებრივი ცხვრის მატყლი, რომელიც ბუნებრივი სასწაულია, კომფორტს ხელს უწყობს. 24,6 მ² ფართობის სახლის შიგნით თბო–ხმის იზოლაციის მთავარ მასალას სწორედ ეს წარმოადგენს. მატყლი საიზოლაციო თვისებების გარდა ჰაერს წმენდს და მის ხარისხს აუმჯობესებს, ამასთან ზედმეტ ტენს შთანთქავს, რაც პატარა სივრცეში არანაკლებ მნიშვნელოვანია. სითბოს დაკარგვის თავიდან ასაცილებლად ფანჯრის და კარის ჩარჩოებზე რეზინის იზოლაციაა გამოყენებული. მინაც განსაკუთრებულია, მას ბუშტოვანი სტრუქტურა აქვს, რაც დამატებითი გაგრილების ან გათბობის გარეშე ბუნებრივი ტემპერატურის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

აღსანიშნავია, რომ შიდა ნაწილში ბამბუკის პანელები ხელსაყრელი კლიმატის შექმნას, ტაქტილური შეგრძნებების გაუმჯობესებას ხელს უწყობს. მისი დახმარბეით მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ასევე მთელი 500 წელი რემონტის გაკეთებას თავიდან აიცილებთ.

Novate–ს ინფორმაციით, „უკვდავი“ სახლის Zomes შეძენის მსურველებმა წინასწარ 1 ათასი დოლარი უნდა გადაიხადონ. მას შემდეგ, რაც სახლი მზად იქნება, კიდევ 64 ათასი დოლარის და საჭირო ადგილას მიწოდებისა და დამონტაჟებისთვის 10 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ. აწყობის პროცესი აბსოლუტურად უპრობლემოა, რადგან არ სჭირდება რაიმე სპეციალური ინსტრუმენტი, ამწე, მძიმე ტექნიკა, შერევა, ჩასხმა, გაბურღვა ან დაწებება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის მხოლოდ კალიფორნიის მაცხოვრებლების შეკვეთები მიიღება, სხვებს განცხადებების დატოვებას სთავაზობენ, რომ საკითხი შეისწავლონ.