დიზაინერების 6 იდეა, რა შეგიძლიათ დატოვოთ ძველი საბჭოური ბინიდან

თანამედროვე სამყაროში, როცა დიზაინს ინტერიერის მრავალი ტექნიკის და მოდური ნივთების შემოთავაზება შეუძლია, საბჭოური ავეჯი უკან რჩება. მას აგდებულად ვეპყრობით და პირველივე შემთხვევისთანავე მოშორებას ვცდილობთ. ეს სწორია? Novate გიამბობთ, თუ რომელი საბჭოური ავეჯი და დეკორი შეიძლება იდეალურად მოერგოს თქვენი ბინის განლაგებას.

1. ხალიჩა

თუ დააკვირდებით, ხალიჩა ყოველთვის კეთილდღეობის საზომი იყო. ადრე ოჯახის სიმდიდრის დონეს სწორედ ხალიჩის არსებობით ან არ არსებობით განსაზღვრავდნენ. წლები გავიდა და სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა – ახლა ინტერიერი ხალიჩებით უშნოდ გამოიყურება, ზურგს უკან „ბებისეულს“ უწოდებენ.თუ რამდენიმე დიზაინერულ ბლოგს გადახედავთ, დაინახავთ, რომ ეს ტექსტილი ზოგიერთი ბინის გარემოს ჰარმონიულად ერწყმის. ყველაზე წარმატებული და წაუგებელი ვარიანტი: იატაკზე გაფენილი ხალიჩა, რომელიც ბებიასგან ან მშობლებისგან დაგრჩათ. ასეთ გადაწყვეტილებას რამდენიმე პლიუსი აქვს: პირველ რიგში, ოთახის ინტერიერს გაჯერებულ ფერებს შემატებთ, ნეიტრალური შენობა ახალი ფერებით განათდება, მეორეც, იატაკს დათბუნავთ და სივრცეს მყუდროებას შემატებთ. ყურადღება მიაქციეთ: საბჭოური ხალიჩები ჭრელი ფორმებით გამოირჩევა, ამიტომ მხოლოდ ნეიტრალური ფერის ავეჯსა და კუთხეს უხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტად დაუხვეწავი ინტერიერი გამოვა.

2. კედლის კარადა

ამ ავეჯის მიმართ აზრები იყოფა. ერთი მხრივ, კედლის კარადა შესანიშნავი შესანახი სისტემაა, სადაც ყველაფერი შეგიძლიათ შეინახოთ, დაწყებული ჭურჭლით და დამთავრებული წიგნებით. მეორე მხრივ, ძალიან დიდია და ოთახის თითქმის ნახევარს იკავებს, ეს კი ხრუშჩოვის ბინისთვის ნამდვილი კატასტროფაა. თანამედროვე ბინებში მათ სწრაფად მოშორებას ცდილობენ, რომ უფრო კომპაქტური და ფუნქციური ავეჯით ჩაანაცვლონ.გირჩევთ, არ აჩქარდეთ და კედლის კარადას ყურადღებით დააკვირდეთ. თუ ამ მხრივ კითხვები არ გაქვთ, მის განლაგებაზე ითამაშეთ. კედლის კარადა რამდენიმე სექციისგან შედგება და შეგიძლიათ ნებისმიერად მოაწყოთ. ერთი ვიწრო ვერტიკალური ნაწილი სამზარეულოში გაიტანეთ და ჭურჭლის შესანახად გამოიყენეთ. ღია თაროები მისაღებ ოთახში გამოიყენეთ, ქვედა სექცია ტელევიზორის ქვეშ ტუმბოდ დატოვეთ.ავეჯი შეგიძლიათ ორიგინალური სახით დატოვოთ – ამ შემთხვევაში ოთახს მყუდროებას და ვინტაჟურ ატმოსფეროს შემატებთ. თუ ხელით მუშაობა გიყვართ, კარგად განვითარებული ფანტაზია და ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ, საღებავებით, ფუნჯებით შეიარაღდით და კედლის კარადა გაათანამედროვეთ, სხვადასხვა ფრად შეღებეთ. სურვილის შემთხვევაში ავეჯს სახელურები შეუცვალეთ და ასე საავტორო ავეჯს მიიღებთ, რომელიც ნებისმიერ ოთახში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

3. კომოდი

ეს ფუნქციური ავეჯია, რომელიც ნივთების შენახვის პრობლემას დიდწილად აგვარებს. თავდაპირველი გარეგნობით გლუვი, ღია ფერის კედლებს და ნეიტრალურ ავეჯს იდეალურად მოერგება. ასევე საბჭოური დეკორით, მაგალითად, ზემოთ ნახსენები ხალიჩით შეგიძლიათ გააფორმოთ. შები–შიკის მოყვარულებს შეუძლიათ ძველი კომოდი თეთრად შეღებონ, ხოლო თუ ძველი შპალერი დაგრჩათ, ავეჯს გააკარით, რომ ოთახში ნათელი აქცენტი გამოჩნდეს.სხვათა შორის, ხის კომოდი სააბაზანო ოთახშიც იდეალურია. გთვაზობთ დაემშვიდობოთ მოსაზრებას, რომ ხე და სველი ოთახი შეუთავსებელია. ძალიანაც თავსებადია, თუ წინასწარ რამდენიმე ფენა გამჭვირვალე გლუვი ლაქით დაფარავთ, რომ დამცავი ფენა შექმნათ. ამის შემდეგ რაიმე ღრმა ღვინისფერი ვინტაჟური კომოდი შეგიძლიათ ნიჟარის ტუმბოდ გამოიყენოთ. მონოქრომული ფილების მქონე თანამედროვე ინტერიერს განსაკუთრებით უხდება.

4. მაგიდა

ბინის სტილზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყურება საბჭოური მაგიდა ინტერიერში. მაგალითად, თუ მინიმალისტურ გარემოში თანამედროვე ავეჯის და დეკორის კომპანიაში მოათავსებთ, მაგიდა გამოიკვეთება და ყურადღებას მიიქცევს. აი, ვინტაჟურ კაბინეტში თავს ისე იგრძნობს, როგორც თევზი წყალში, და დეკორის ორგანული ნაწილი გახდება.სანამ მაგიდისთვის შესაფერის ადგილს იპოვით, ნახეთ, როგორ გამოიყურება. თუ სრული გაპრიალება და შეღებვა სჭირდება, მოგიწევთ გამხსნელით ძველი საფარი მოაშოროთ და ზუმფარის ქაღალდით ხის ბოჭკოების მიმართულებით კარგად დაამუშავოთ. ხის მტვერი უხეში ჯაგრისით მოაშორეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ლაქი წაუსვათ, მაგრამ რიგი დეტალები აქაც არსებობს. თუ რამდენიმე ფენის წასმა სჭირდება, ახალი ფენის წასმამდე წინა ფენის გაშრობას დაელოდეთ – ლაქის გაშრობის ზუსტი დრო შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს.

5. პარკეტი

თუ ბინაში ახლახანს გადახვედით, ხალიჩა ასწიეთ და იატაკის საფარს დახედეთ. ხედავთ ნაძვის ხის პარკეტს? გამოდის, ნამდვილი საგანძურის მფლობელი ხართ. დიახ, იატაკის საფარი შეიძლება საუკეთესო მდგომარეობაში არ იყოს, ოდნავ გაუფერულებული და ზოგიერთ ადგილას დაბზარული. თუმცა რესტავრირება შეიძლება და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. პირველ რიგში, იატაკის შეცვლა სარემონტო ბიუჯეტის ძალიან დიდ ნაწილს იკავებს და მაშინაც კი, თუ იატაკიდან ძველი ლაქის აფხეკა და რამდენიმე ფენა ახალი ლაქის წასმა მოგიწევთ, მაინც უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ახალი ხარისხიანი იატაკის საფარის ყიდვა. ხის პარკეტი სკანდინავიურ მინიმალიზმის სტილს იდეალურად უხდება, უფრო მეტიც, მის მთავარ ხიბლს წარმოადგენს.ძველი პარკეტის დასამუშავებლად ბევრი მეთოდი არსებობს. აირჩიეთ ის, რომელიც უკეთ შეგეფერებათ. თქვენ შეგიძლიათ პარკეტი მთლიანად ახლებურად განალაგოთ, ზედა ფენა მოაშოროთ და ლაქით დაფაროთ ან უბრალოდ სხვა ფერში გადაღებოთ, რომელიც ინტერიერს იდეალურად უხდება. საღებავის გაუფერულების მიხედვით თქვენი ბინა მყუდრო აგარაკს სანაპიროზე უფრო დაემსგავსება.

6. ჭაღი

ბროლის ჭაღი შეიძლება იყოს ხელოვნების ნიმუში ან შეუსაბამო ნივთი, რომლის შემხედვარე ჩნდება კითხვა: „ვინ მოიფიქრა?“. თქვენს გემოვნებას და მომავალი ინტერიერის ხედვას დაეყრდენით – მთავარია, ჭაღს ცუდი განწყობით არ შეხედოთ. თუ გადაწყვიტეთ, რომ ბროლის ჭაღი იმსახურებს ბინაში დატოვებას და არა განცხადებების საიტზე აღმოჩენას, ფონს ყურადღებით დააკვირდით. ჩვეულებრივ, ფონი ლამაზ ნივთებს აუშნოებს. ვსაუბრობთ გაცვეთილ კრემისფერ შპალერზე, ფუმფულა დივანსა და გადასაკრავზე, რომელიც კარგ მდგომარეობაში არაა, გაცხიმულ ფარდებსა და ა.შ. დიდებულ ბროლის ჭაღს ღირსეული ჩარჩო უნდა ჰქონდეს, მაგალითად, ჭერის ნაძერწი როზეტი. ამ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ის ირონიული დეტალი, რომელიც ინტერიერს „საბჭოურ მინიმალიზმს“ მატებს, მაგრამ მხოლოდ ამ სიტყვის კარგი გაგებით.