მიკრო სამზარეულო, რომელიც სახლში ადგილს კომფორტის დაკარგვის გარეშე დაზოგავს

პატარა ფართის ბინები უძრავი ქონების ბაზარზე ნორმად იქცა და არა მხოლოდ საქართველოში. ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში ჯო კოლომბომ, ფუტურისტმა დიზაინერმა მიკრო სამზარეულოს მოდელი შექმნა, რომელიც ჩვეულებრივ ტუმბოში თავსდება. ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მინი საცხოვრებელი პროგრესის ბიძგი გახდა, რომელიც მისი მოწყობის ვარიანტების ძიებას გვაიძულებს. დღესდღეობით ბევრი სამზარეულოს მოდელი არსებობს, Novate მათგან ყველაზე კომპაქტურ და ფუნქციურ ვარიანტებს გიზიარებთ.

1. ჯო კოლომბოს მინი სამზარეულოს რედიზაინი

იტალიელმა ჯო კოლომბომ, რომელიც შიდა სივრცის ფუტურისტული პროექტებით ცნობილია, 1963 წელს მინი სამზარეულოს უნიკალური მოდელი შეიმუშავა. მინიატურულ ზომებში მისი ფანტასტიკური ფუნქციები Minikitchen–ის განმასხვავებელი ნიშანი გახდა. ტუმბოს შემხედვარემ შეიძლება გაიფიქროთ, რომ დიზაინერი ჯადოქარია, რადგან ერთ ტუმბოში მოთავსებულია სამუშაო ზედაპირი, მინი მაცივარი, ქურის პანელი, საჭრელი დაფა, რამდენიმე სხვადასხვა ზომის გამოსაწევი უჯრა, სადაც სამზარეულოს ჭურჭელი და კვების პროდუქტები შეგიძლიათ შეინახოთ.

თითქმის 60 წელი გავიდა, მაგრამ Minikitchen–ის მოდელში მხოლოდ მასალები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიცვალა, ფუნქციონირება იგივე დარჩა. ახლა სამუშაო ზედაპირი ხელოვნური ქვისგან (Corian) არის დამზადებული, კომპანია Boffi Cucine დამკვეთების სურვილისამებრ ხის ან ალუმინის ფასადს გთავაზობთ, საჭრელი დაფა ტიკით შეცვალეს, ხოლო ელექტროქურა – ჩაშენებული, სენსორული ინდუქციური ქურით.

2. Electrolux-ის მიკრო სამზარეულო

ახლახანს მიკრო სამზარეულოს ექსპერიმენტული მოდელი წარმოადგინეს, რომელიც იმდენად ციცქნაა, რომ პატარა ბინაში ან მობილურ სახლში ადგილს ადვილად უპოვით. მინიატურული მოწყობილობა წამებში შეუცვლელ დამხმარედ იქცევა, თუ რაიმე გემრიელის მომზადებას გადაწყვეტთ. რა თქმა უნდა, ბანკეტს ვერ მოაწყობთ, რადგან ბლოკში დამალულია ქურის ზედაპირი, პატარა მაცივარი და დანა–ჩანგლისთვის უჯრა. ეს მარტოხელა ახალგაზრდებისთვის ან მოგზაურებისთვის სავსებით საკმარისია.

3. Kitchoo-ს მოდური სამზარეულო–ტუმბო

ფრანგულმა კომპანიამ Kitchoo მინი სამზარეულოს არა ერთი მოდელი გამოუშვა, რომელიც არა მხოლოდ მინიატურული ზომებით, არამედ მოდური დიზაინით გამოირჩევა. ტუმბოში ან სამუშაო მაგიდაში დამალული მრავალფუნქციური მოწყობილობა ულტრათანამედროვე ბინის, ოფისის ან პატარა ბინის დეკორი შეიძლება გახდეს.

შენიშვნა: Kitchoo–ს ნებისმიერი მოდელი წყლის და კანალიზაციის მილებთან დაკავშირებს ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე შეგიძლიათ ქურის გარდა ონკანი დააყენოთ. ასე ბოსტნეულის, ხილის, ხორცის და თევზის გარეცხვას მინი სამზარეულოს დატოვების გარეშე შეძლებთ.

თუ Kitchoo K5–ის თანამედროვე მოდელებს გადახედავთ, შეძლებთ თქვათ, რომ ასეთ მოწყობილობას ბევრი ფუნქცია არ სჭირდება. სამუშაო ზედაპირი, სადაც შეგიძლიათ დაჭრათ ბუტერბროდი ან ბოსტნეული სალათისთვის/წვნიანისთვის, სრულფასოვანი ონკანი, ინდუქციური ქურა, მინი მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რამდენიმე ჩაშენებული სათავსო პროდუქტების, დანა–ჩანგლის და სამზარეულოს ნივთების შესანახად. სახურავიც აქვს, რომელიც სამზარეულოს ბლოკს სამუშაო მაგიდად გარდაქმნის.

4. სამზარეულო ბუფეტი Kitchoo K7 მათთვის, ვისაც ადგილის დაზოგვა სურს

კომპაქტური ვარიანტი მათთვის, ვინც პატარა ბინაში ცხოვრობს ან სახლში ადგილის დაზოგვა სურს ისე, რომ ფუნქციონირება და კომფორტი არ დაკარგოს. კომპანიამ Kitchoo გთავაზობთ მოდელს Kitchoo K7, რომელიც იატაკზე ზუსტად იმდენ ადგილს იკავებს, რამდენსაც მოდელი K5, მაგრამ უფრო მაღალია, რაც რამდენიმე დამატებით ფუნქციას უზრუნველყოფს.

სათავსოს ყუთები ბუფეტის ზედა ნაწილში გადაიტანეს, ასე იატაკის ტუმბოში ადგილი გათავისუფლდა. აქ, მაცივართან ერთად ორი მანქანა დაეტია – ჭურჭლის და ტანსაცმლის სარეცხი მანქანები. მიკროტალღური ღუმელი მრავალფუნქციური სამზარეულო–კარადის ზედა ნაწილში მოათავსეს. Novate–ს ინფორმაციით, თითოეულ დამკვეთს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერი ან ყველა ელემენტი უფრო დიდ სათავსო სისტემად ჩაანაცვლოს. სხვა მხრივ, მოდელი K5-ის მსგავსია.

5. სამზარეულოს მიკრო მოდელი შშმ პირებისთვის

მწარმოებლებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეც იზრუნეს. მათთვის შექმნეს მინი სამზარეულოს სპეციალური მოდელი, რომელსაც ეტლით ადვილად შეგიძლიათ მიუახლოვდეთ. სამზარეულოს მინიმალური ფართი სჭირდება. სამუშაო ზედაპირი, რომელსაც აქვს ქურა, ონკანი და საჭრელი ზონა, სიგანეში 60 სმ, სიგრძეში 90 სმ–ია. ამასთან, მის ქვეშ გამოსაწევი უჯრებია. თავად მიკრო სამზარეულოს ბლოკი კედელზე ადვილად მაგრდება.

6. კომპაქტური მოდელების გალერეა. ნამდვილად დააინტერესებთ მათ, რომელთაც სრულფასოვანი სამზარეულოს მოწყობა არ შეუძლიათ.