იტალიელმა მშენებლებმა მაღალსართულიანი შენობის და ტყის გაერთიანება გადაწყვიტეს და აი, რა გამოვიდა

„ვერტიკალური ტყე“ (იტალ., Bosco Verticale) – მაღალსართულიანი შენობების კომპლექსი იტალიაში, მილანის ცენტრში. პროექტს რეკორდსმენს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ არქიტექტურულ საოცრებას მთელი მსოფლიოდან ბევრი მნახველი ჰყავს. რა არის ბოსკო ვერტიკალეს უნიკალურობის მიზეზი? რა გავლენას ახდენს მასში ჩადებული იდეა ქალაქის იერსახეზე? ამის შესახებ Novate გიამბობთ.

ვერტიკალური ტყე – ქარხნების საკვამურების კვამლი, კილომეტრიანი ასფალტი და მილიონობით ავტომობილის ტოქსიკური გამონაბოლქვი, მეგაპოლისები ეკოლოგების თავის ტკივილი და გლობალური პრობლემა გახდა, რომელიც სასწრაფო გამოსავალს მოითხოვს. ბოლო დრომდე ქალაქთმშენებლები გამოსავალს პარკების და სკვერების შექმნაში ხედავდნენ. ქალაქის ცენტრში თავისუფალი მიწის დეფიციტმა და სიძვირემ ალტერნატიული ვარიანტების ძიებისკენ უბიძგათ.

საცხოვრებელი ცათამბჯენებისა და მწვანე ნარგავების გაერთიანების იდეა ეკუთვნის მიშელ ბრუნელოს, რომლის გუნდიც რამდენიმე წელია მილანის ლანდშაფტის დიზაინზე მუშაობს. არქიტექტურის და ეკოლოგიის გაერთიანება რთული აღმოჩნდა. ბრუნელოს არქიტექტორების, სტეფან ბოერის და ჯანანდრეა ბარეკას, დახმარება დასჭირდა.

დეველოპერებმა მიზნად დაისახეს ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესება მცირე ფართობის დაკავებით. ჯამში მთელი ჰექტარი ტყე 119 და 87 მეტრი სიმაღლის ორ შენობაში მოათავსეს.

800 ხის და დაახლოებით 5000 ბუჩქისგან შემდგარი ეკოსისტემა

Bosco Verticale მცენარეებით მორთული უბრალო შენობა არაა, არამედ ნამდვილი ეკოსისტემა 800 მაღალი და დაახლოებით 5000 ბუჩქის, ყვავილის და ბალახისგან შემდგარი.

ზაფხულში ხეები შენობის კომპლექსში უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის, ბინებს მცხუნვარე მზისგან, მტვრისა და ხმაურისგან იცავს, ტენიანობის დონეს აკონტროლებს და ჟანგბადს აწვდის. ზამთარში, პირიქით, საკმარის სინათლეს ატარებს.

„მწვანე ცათამბჯენის“ საერთო კონცეფცია სახურავზე მზის პანელებით და ქარის ტურბინით არის გაძლიერებული. შენობის ჩამდინარე წყალი გროვდება და იფილტრება, რომ განმეორებით მცენარეების მოსარწყავად გამოიყენონ. ამასთან, მშენებლების თქმით, დამატებითმა გამწვანებულმა ფართებმა შენობების მშენებლობის ღირებულება მხოლოდ 5%–ით გაზარდა.

შეიძლება ითქვას, რომ მრავალსართულიანი კორპუსების და ტყის გაერთიანების იდეამ გაამართლა. პროექტმა „ვერტიკალური ტყე“ ჯილდო International Highrise Award აიღო და 2014 წლის საუკეთესო ცათამბჯენად დასახელდა. კომპლექსის ბინები მილანის მაცხოვრებლებს შორის მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. არქიტექტორ, სტეფანო ბოერის თამამი იდეა ჰაერის დაბინძურებით დატანჯული სხვა ქალაქის დიზაინერებისა და ეკოლოგებისთვის შთაგონება აღმოჩნდა. არის ინფორმაცია, რომ მალე „მწვანე შენობა“ შვეიცარულ ლოზანში გამოჩნდება. მოგვიანებით, ვინც იცის, შესაძლოა, ასეთ ეკო სახლებში ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა იცხოვროს.