5 თანამედროვე ვარიანტი კედლის გასაფორმებლად, რომელსაც გემოვნებიანი ადამიანის ბინაში იპოვით

რემონტის დროს კედლის გაფორმება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. მასზეა დამოკიდებული, როგორი იქნება თქვენი ბინა – ნათელი, მყუდრო და კომფორტული თუ პირქუში და უგემოვნო. Novate გიამბობთ, რომელი ვარიანტებია ახლა აქტუალური, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვთ თითოეულ მათგანს.

ვარიანტი 1: საღებავი

ადრე საღებავი მხოლოდ სკოლასთან, საავადმყოფოსთან და ადმინისტრაციულ შენობასთან ასოცირდებოდა, მაგრამ ახლა ბინაში აქტიურად გამოიყენება. მოსაპირკეთებელი მასალების დიდი არჩევანი, ბევრი ხელმისაწვდომი ფერი და ძველი საღებავისთვის დამახასიათებელი მახრჩობელი სუნის არ ქონა უპირატესობაა. მაშინაც კი, თუ საჭირო ფერი ვერ იპოვეთ, მღებავები საოცნებო ფერის მიღებაში დაგეხმარებიან – უბრალოდ კატალოგიდან ფერი აირჩიეთ და დაელოდეთ, სანამ მაღაზიის თანამშრომლები ფერებს პირდაპირ ადგილზე აურევენ.წყალგამძლე ვარიანტი იდეალური საღებავია, რადგან შეგიძლიათ სველი ჩვრით უშიშრად გაწმინდოთ. თუ შემთხვევით კედელი დააზიანეთ, დეფექტებს სწრაფად და მარტივად დაფარავთ. საღებავი გამოგადგებათ ნებისმიერი ოთახისთვის, დაწყებული მისაღებიდან და დამთავრებული სააბაზანოთი (დიახ, დიახ ფილები სველ წერტილში უკვე ყველა უბედურების პანაცეა არაა). სველი ოთახისთვის შეიძინეთ 7% და მეტ პროცენტიანი სიპრიალის საღებავი – ის ჭუჭყისა და წყლის მიმართ უფრო გამძლეა. ღრმა გლუვი საღებავი გამოიყენეთ ოთახში, სადაც დროს იშვიათად ატარებთ, მაგალითად, საძინებელში – მასზე ოდნავი შეხების კვალი რჩება.

საღებავი შეგიძლიათ სწორად ან ტექსტურირებულად წაუსვათ – უბრალოდ შესაფერისი ლილვაკი შეარჩიეთ. კიდევ ერთი უპირატესობა – კედლის ფერის განახლება ან შეცვლა მარტივია. გახსოვდეთ, თუ ახალი ფერი შეარჩიეთ, ძველ საღებავს ზემოდან არ გადაუსვათ – ჯერ პრაიმერი გამოიყენეთ. კედელი შეღებვამდე კარგად მოამზადეთ – იდეალურად თანაბარი ზედაპირი გჭირდებათ.

ვარიანტი 2: შპალერი

შპალერი კედლის გასაფორმებლად ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია. ქაღალდი მისი სწრაფად ცვეთის, სინაზის და გაკვრის არაკომფორტულობის გამო მოძველებული ვარიანტია. მის ნაცვლად უქსოვ, ვინილის, ტექსტილის, მინაშპალერის, ფოტოშპალერის, აკრილის და სხვა ვარიანტებს გვთავაზობენ. იმ შპალერს მიანიჭეთ უპირატესობა, რომელიც თქვენს მიზანს და მოთხოვნას შეესაბამება. სააბაზანო ოთახში წყალგამძლე ვარიანტი გამოიყენეთ, სამზარეულოში – მრეცხავი, საძინებელში, რომლის ფანჯარაც მზიან მხარეს გადის – გახუნების მიმართ გამძლე.უქსოვი შპალერი ყველაზე გამძლედ ითვლება. მისი გაკვრა მარტივია, ადვილად ირეცხება და მოსავლელად უპრეტენზიოა. ფრთხილი გამოყენების შემთხვევაში სააბაზანო ოთახშიც გამოგადგებათ. რაც შეეხება ვინილს, მას „რკინაბეტონის სიმტკიცე“ აქვს, მაგრამ ეკოლოგიური არაა. სპეციალისტები გირჩევენ, რომ არასაცხოვრებელ ოთახებში, მაგალითად, დერეფანში გამოიყენოთ.თუ მინიმალიზმი და ლაკონური გაფორმება მოგწონთ, შესაფერისი ფერის ერთფერიანი შპალერი შეარჩიეთ. უფრო კაშკაშა და არატრადიციული ინტერიერის მოყვარულებმა არჩევანი ყვავილებიანი, გეომეტრიული და აბსტრაქციული ნახატების მქონე შპალერზე უნდა გააკეთონ. ამ შემთხვევაში უნდა გახსოვდეთ, თუ რომელი ნახატი ოთახს ვიზუალურად აფართოებს, რომელი ავიწროებს, რომელი აპატარავებს. ეს ძალიან დელიკატური საკითხია.შპალერი სჯობს ერთბაშად შეიძინოთ, რადგან შემდეგი პარტია შეიძლება ფერით განსხვავებული იყოს და ასე ოთახის ინტერიერი ჰარმონიული არ გამოვა. მაშინაც კი, თუ რამდენიმე რულონი დაგრჩებათ, მოგვიანებით დაზიანებული შპალერის ადგილას ან სხვა ოთახში აქცენტად გამოიყენებთ.

საღებავისგან განსხვავებით, რომელსაც იდეალურად ბრტყელი ზედაპირი სჭირდება, შპალერს მცირე დეფექტების დამალვა შეუძლია, ამიტომ მისი გამოყენება სჯობს, თუ კედლების გასწორებას არ გეგმავთ. გარდა ამისა, მისი დამოუკიდებლად გაკვრა მარტივია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ერთფერიანი შპალერი მთელ ოთახში მოდური აღარაა. დიზაინერები გირჩევენ, რომ აქტიური ფორმები ნეიტრალურ, შეღებილ კედლის ნაწილს შეუხამოთ, მოლდინგი დაუმატოთ და ა.შ.კედლის მსგავსი გაფორმების ნაკლოვანება მისი მცირე ვადაა – ადრე თუ გვიან შპალერის გამოცვლა მოგიწევთ. აქ, კიდევ ერთი უსიამოვნება თავს იჩენს – რთული დემონტაჟი და კედლის დამუშავება შპალერის მოხსნის შემდეგ.

ვარიანტი 3: პანელები

პრაქტიკულობით და სიმარტივით გამოირჩევა, მისი მოვლა მარტივია. თუ რომელიმე ნაწილი შემთხვევით დააზიანეთ, მარტივად გამოცვლით. პანელებს იდეალურად გასწორებული კედლები არ სჭირდება – აუცილებლობის შემთხვევაში ყველა დეფექტს დამალავს. მასალის არჩევანი დიდია – თაბაშირი, მინა, ბამბუკი, პვს, მდფ და სხვა. ფერების არჩევანიც გვახარებს. მაღაზიებში ნებისმიერი გემოვნების ფართო პალიტრაა წარმოდგენილი. პანელები შეიძლება იყოს რბილი ან უხეში, ნებისმიერი დიზაინი შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელიც თქვენს ინტერიერს მოერგება.პანელის მთავარი მინუსია ის, რომ მოცულობითი კონსტრუქციის გამო სივრცეს იპარავს, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ ფართო ოთახებში შეიძლება.

ვარიანტი 4: დეკორატიული ბათქაში

მასალა სხვადასხვა ფერსა და ტექსტურაშია წარმოდგენილი. ინტერიერის სტილის მიხედვით ბათქაშით შეგიძლიათ კედელზე მიზანმიმართულად შექმნათ უსწორმასწორო ზედაპირი, პრიალა ზედაპირი, სხვადასხვა ბუნებრივი მასალის იმიტაცია.მთავარი უპირატესობაა ეკოლოგიურობა, დიდხანს გამძლეობა, მარტივი მონტაჟი, ეკონომიურობა, ასევე არათანაბარი კედლის შენიღბვა. ბათქაში ნებისმიერ შენობას მოერგება, ადვილად იწმინდება – აგრესიული წმენდაც ზედაპირს არ აზიანებს, თუ ყველა წესს დაიცავთ.ამ მასალამ არ უნდა გაგიტაცოთ. აქცენტად კარგია, მაგრამ დიდი რაოდენობით მისი გამოყენება გარკვეული ბიოროკრატიზმის განცდას იწვევს. თუ ბათქაშს უპირატესობას ანიჭებთ, გაითვალისწინეთ, რომ მასზე მხოლოდ პროფესიონალმა უნდა იმუშავოს, რადგან კედლის გაფორმება გამოცდილებას და უნარს მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოულოდნელ შედეგს მიიღებთ, რომელიც ორიგინალური ჩანაფიქრისგან შორს იქნება.

ვარიანტი 5: დეკორატიული აგური

ეს მასალა გვიჩვენებს, თუ როგორ ძლიერ შეიცვალა ინტერიერის მოდა ბოლო წლებში. თუ ადრე შიშველი აგურის კედელი დანგრეულ და დაუსრულებულ რემონტთან ასოცირდებოდა, ახლა ყველაზე პოპულარული ვარიანტია, რომელიც ბევრ ბინაში ჰარმონიულად გამოიყურება. უნივერსალურობის გარდა, დეკორატიულ აგურს სხვა უპირატესობა აქვს – ეკოლოგიურობა, ხანძარსაწინააღმდეგო თვისებები, დიდხანს გამძლეობა, მარტივი მონტაჟი, ფორმების და ფერების ფართო არჩევანი. მისი მოვლა არასწორი ზედაპირის გამო მარტივი ნამდვილად არაა. გარდა ამისა, მოცულობითი ფილები სივრცეს ვიზუალურად ამცირებს, რაც პატარა ბინაში დაუშვებელია.აგური ყველაზე მეტად ლოფტის სტილს უხდება, რომელსაც ძველი აგურის წყობის ხარისხიანი იმიტაცია სჭირდება. გადაჭარბება არ ღირს. თქვენი ამოცანაა ბინა მყუდრო გახდეს და არა დაუმთავრებელი ინგლისური ქარხნის მსგავსი.