9 იდეა, როგორ გამოვიყენოთ დარჩენილი შპალერი ინტერიერში, თუ გადაგდება გენანებათ

მიჩვეული ვართ, რომ შპალერი მხოლოდ კედლის გასაფორმებლად გამოიყენება, თუმცა სინამდვილეში მისი გამოყენების სპექტრი ფართოა. Novate გიამბობთ, როგორ შეიძლება მასალის გამოყენება, რომელიც რემონტის დროს დაგრჩათ, ასევე რატომ უნდა შეიძინოთ მაღაზიაში შპალერის ნარჩენები და ძველი კოლექციის ნიმუშები დაბალ ფასად.

იდეა 1: კარადის შიგნით გააკარით

ასეთი ვინტაჟური ხრიკი ინტერიერის გაფორმებაში დიდი ხანია გამოიყენება. ხშირად იყენებენ ადამიანები, რომელთაც ბინაში საბჭოური ავეჯი აქვთ. შეუხედავი კარადა, ბუფეტი, კომოდი, ტუმბო – ყველაფერი შეგიძლიათ შპალერით გაათანამედროვოთ.ალბათ, ასეთი გადაწყვეტილება მოდის სამყაროში გინახავთ, როცა ერთფერიან მკაცრ პალტოს კაშკაშა, მიმზიდველი სარჩული აქვს. იგივე ავეჯს ეხება. აქ, ორი უპირატესობა ჩანს: ძველ ინტერიერის ნივთს განაახლებთ, მაგრამ ამასთან თავშეკავებულ და კლასიკურ ატმოსფეროს არ გააფუჭებთ, რადგან შპალერის დეკორი მხოლოდ თქვენ გაგახარებთ.თუ გსურთ, რომ განახლებული ავეჯით არა მხოლოდ თქვენ, არამედ სტუმრებმაც ისიამოვნონ, ღია სტელაჟის შიდა კედლები გააფორმეთ, ასევე ბუფეტის ის ნაწილი, რომელიც მინის კარიდან კარგად ჩანს. ამავდროულად, საამაყო ძვირფასი სერვიზი, ჭურჭლის კოლექცია ან ძველი ლარნაკი გამოჩნდება.

იდეა 2: კარი გააფორმეთ

თუ ხედავთ, რომ ავეჯს როგორც შიგნიდან, ასევე გარედან რესტავრირება სჭირდება, რადგან კარი ძლიერ გაცვდა, შპალერი დაგეხმარებათ. ნეიტრალური ვარიანტი შეარჩიეთ, რომ კარადა ან კომოდი საერთო სურათიდან არ ამოვარდეს ან კაშკაშა, ყურადღების მიმქცევი აქცენტი გააკეთეთ.თუ მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანის გამო ერთი ვარიანტის შერჩევა გიჭირთ, არ გააკეთოთ. სჯობს ლამაზი შპალერის ნარჩენები შეიძინოთ და ნებისმიერ კარზე მიმზიდველი პანო შექმნათ. აუცილებელი არაა ავეჯის კარი იყოს – ექსპერიმენტში შეგიძლიათ ოთახებს შორის კარი ჩართოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ გამავალ ადგილებში შპალერი სწრაფად ცვდება. გამოყენების ვადის გასახანგრძლივებლად შპალერი პრაიმერით, ზემოდან ლაქით დაფარეთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი დამუშავების მეთოდი ვინილის შპალერზე არ გამოგადგებათ  – პირდაპირ თქვენს თვალწინ დაიშლება.

იდეა 3: ჩარჩოში ჩასვით

რას იტყვით საკუთარი ხელით შექმნილ შპალერის სურათზე? კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტი, როგორ ჩართოთ ოთახის ინტერიერში რამდენიმე მასალა, რომელთა შორის არჩევანის გაკეთება რთული იყო. აუცილებელი არაა, ერთ სტილში იყოს. ყურადღება მიაქციეთ, რომ მათი ფერების გამა დაემთხვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაფიქრებული კომპოზიცია არ გამოგივათ.ეჭვობთ, ღირს თუ არა შპალერის ჩარჩოში ჩასმა? ჩვენი ფოტოთი შთაგონება მიიღეთ და მიხვდებით, რომ ზოგიერთი დიზაინერული მასალა იმდენად მიმზიდველი და მოდურია, რომ აბსტრაქციული ნახატების და სურათების ჩანაცვლება შეუძლია. თან უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე მზა ნაწარმის შეძენა.

იდეა 4: პანელები დაამზადეთ

თუ ადრე ინტერიერი იყო ძალიან ჭრელი, ეკლექტიკური იყო, ყველა შეუთავსებლის შეთავსებას ცდილობდნენ, ახლა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. ადამიანებს გარისკვის ეშინიათ, ამიტომ ბინას მაქსიმალურად მარტივად, ლაკონურად და ნეიტრალურად აფორმებენ. ნაკლები ფერი, ნახატი, თამამი კომბინაცია. არსებული სურათის გასაზავებლად ღია ფერში კედლის შეღებვა და ყვითელი დივნის შეძენა აუცილებელი არაა. უბრალოდ კედლის ნაწილი შეარჩიეთ, შპალერი გააკარით და მისთვის მოლდინგის ჩარჩო გააკეთეთ. ერთგვარი პანელი გამოვა.თუ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ, პორტატული კედლის პანელი ერთ–ერთი ოთახისთვის გააკეთეთ. აირჩიეთ დეკორი იმის მიხედვით, თუ რომელი ოთახისთვის არის განკუთვნილი: საბავშვო ოთახი, საძინებელი, სამზარეულო და ა.შ. მსგავსი ნაკეთობა მოსაწყენი და მკრთალი კედლების გასააახლებლად მსუბუქი და ეფექტური მეთოდია, თუ ბინის მფლობელი რემონტის წინააღმდეგია.

იდეა 5: საწოლის სასთუმალი გააკეთეთ

ადრე ამ საკითხზე დიდად არ დარდობდნენ, თუმცა ახლა დიზაინერები მასში კოლოსალურ პოტენციალს ხედავენ, რადგან სწორად მოფიქრებული სასთუმალი საძინებლის ინტერიერს წუთებში ცვლის და უფრო საინტერესოს ხდის.შპალერით გაფორმებული სასთუმალი ყველაზე მარტივად შესასრულებელია, ამასთან ამით არანაკლებ ეფექტურია. იგივე მოლდინგი დაგეხმარებათ. როგორც კი, დეკორი მოგბეზრდებათ ან გამოუსადეგარი გახდება, შეგიძლიათ ახლით ჩაანაცვლოთ და ასე ინტერიერი განაახლოთ.

იდეა 6: საქაღალდეებისა და წიგნებისთვის გარეკანი მოიფიქრეთ

თუ შპალერს მხოლოდ კედლის აქცენტად ან კარის გასაფორმებლად იყენებთ, წვრილმანებში მისი მხარდაჭერა კარგი იდეაა, რომ საერთო კომპოზიციიდან არ ამოვარდეს. კარგი ვარიანტი: საქაღალდე და წიგნი შპალერში გაახვიეთ, ერთგვარი გარეკანი გააკეთეთ. ეს იდეა სახლის ბიბლიოთეკის მფლობელებს მოეწონებათ, რომელთაც კოლექციის შეცვლა დიდი ხანია სურდათ. ასევე დააფასებენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ელექტრონულ წიგნებზე გადავიდნენ, ხოლო ბეჭდურ ნაწარმს მხოლოდ სილამაზისთვის ინახავენ.

იდეა 7: სანათი განაახლეთ და მაგიდას გადააკარით

წიგნების გარდა აბაჟურიც შეგიძლიათ გააფორმოთ, რომ წარმოუდგენლად შეიცვალოს. ლამაზ შპალერში გაახვიეთ, რომ სანათი ახალი ფერებით ათამაშდეს. საბედნიეროდ, ამის გაკეთება ძალიან მარტივია, ხელსაქმისგან შორს მყოფი ადამიანიც გააკეთებს.მაგიდასთან დაკავშირებული იდეა უფრო მარტივია. უბრალოდ შპალერის ნაჭერი მაგიდაზე დააფინეთ, ზემოდან მინა დაადეთ, რომ მასალა დააფიქსიროთ. თუ მოგბეზრდებათ, ნებისმიერ დროს სხვა შპალერით ჩანაცვლებას შეძლებთ. ასეთ იდეას დააფასებენ ადამიანები, რომელთაც გაცვეთილი მაგიდის განახლება სურთ.

იდეა 8: კიბე გააფორმეთ

აგარაკის მფლობელებს შპალერის გამოყენების კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვთ. ამჯერად, მთავარი გმირი კიბეა, სადაც არაფორმატული შპალერის ნარჩენებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, ამ ადგილას მასალა სწრაფად შეიძლება გაცვდეს, ამიტომ თავი დაიზღვიეთ და მაქსიმალურად გამძლე და სქელი შპალერი შეარჩიეთ: ვინილის ან ნაქსოვი.

იდეა 9: სამზარეულოს წინსაფარი განაახლეთ

წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ამ ადგილას მხოლოდ ფილებს იყენებდნენ. თანამედროვე დიზაინერებს შეუძლიათ ხარისხიანი და გამძლე წინსაფარი პრაქტიკულად ნებისმიერი მასალისგან, მათ შორის შპალერისგან დაამზადონ. როგორ განვახორციელოთ პრაქტიკაში? გამოწრთობილი მინა დაგჭირდებათ. მის ქვეშ შეგიძლიათ ნებისმიერი შპალერი გააკრათ და პერიოდულად კომპოზიცია შეცვალოთ. ეს ვარიანტი უფრო ორიგინალურად გამოიყურება, ვიდრე მოსაწყენი ფილა.