მზესუმზირის ზეთის 5 სასარგებლო ალტერნატივა. ბანალურ ზეითუნის ზეთს არ ვგულისხმობთ

იცით რა არის ტაფაზე მზესუმზირას ზეთის შიშინის ხმა? კანცეროგენის ხმა! Novate გთავაზობთ ამ მცენარეული ზეთის 5 ძალიან სასარგებლო ალტერნატივას, რომლებიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

1. გოგრის ზეთი

გოგრის ზეთი ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, იმუნიტეტს აძლიერებს, გახდომას ხელს უწყობს, კანის და თმის მდგომარეობას აუმჯობესებს. გოგრის ზეთი არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელია, ამიტომ შეგიძლიათ სალათებს, მარცვლეულს, პიურეს და სხვა კერძებს დაუმატოთ. ზეთი კერძს მსუბუქ კაკლის ნოტებს მატებს. გოგრის თესლის ზეთი მოთუშულ ბოსტნეულს, ბოსტნეულის წვნიანს და ფაფას გემოს შემატებს. ბარდას, ლობიოს, ყაბაყს და ოსპს კარგად ეთავსება. ამ ზეთის მოხმარების ეფექტს ძალიან მალე სახეზე დაინახავთ. გოგრის ზეთი შეიცავს ძალიან ბევრ A ვიტამინს, რომელსაც ახალგაზრდობის ვიტამინს უწოდებენ, რადგან ორგანიზმში ახალი უჯრედების წარმოქმნას სტიმულირებს.ზეთში შედის ბევრი E ვიტამინი, რომელიც ყველაზე ცნობილი ანტიოქსიდანტია. E ვიტამინი ორგანიზმის უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან იცავს და A ვიტამინის მუშაობას აძლიერებს. პროცესი ფრჩხილებს და თმას ინტენსიურად აძლიერებს, კანს ჯანმრთელ იერს ანიჭებს. ქსოვილებში გაცვლით პროცესებს და შედეგად, სახის ფერს აუმჯობესებს. კანის ფიზიკური დაბერების პროცესი რამდენჯერმე ნელდება. გარდა ამისა, გოგრის ზეთი მამაკაცის ჯანმრთელობას აუმჯობესებს (ინფექციებისა და ანთებითი პროცესებისთვის დაბრკოლებაა). გოგრის ზეთში შემავალი ფიტოსტეროლები წინამდებარე ჯირკვლების ჯანმრთელობას ხელს უწყობს. ხოლო მასში შემავალი ფიტოსტერინი სისხლში ქოლესტერინს ამცირებს. გოგრის ზეთი სისხლძარღვების მოქნილობას ზრდის და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. ფოსფოლიპიდები, რომელიც გოგრის ზეთში ბევრია, ღვიძლის მუშაობას აუმჯობესებს.

2. მიწისთხილის ზეთი

მიწისთხილის ზეთი ტაილანდური, კორეული და ინდური სამზარეულოს ტრადიციულ კერძებში შეიძლება შეგხვდეთ. მიწისთხილის ზეთი უჯერი ცხიმებით მდიდარია  და სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ, რადგან ქრონიკული ალერგიის შემთხვევაში შეიძლება უსიამოვნო რეაქციები გამოიწვიოს. წვნიანებს, სალათებს საკაზმებს, სოუსებს დაუმატეთ. ამ ზეთის დამატებით საკონდიტრო ნაწარმი მსუბუქ კაკლის არომატს იძენს. მხოლოდ რაფინირებული მიწისთხილის ზეთი გამოიყენეთ, თუ პროდუქტებს წვავთ ან გრილზე ამზადებთ. მზესუმზირას ზეთის კარგ ალტერნატივად ითვლება, რადგან ბევრ ვიტამინს (A, E), იოდს, თუთიას და ფოსფორს შეიცავს. მასში შედის ბევრი 3-6-9 ომეგა ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ბავშვებისთვის სასარგებლოა. უძველესი დროიდან გამოიყენება, როგორც ეფექტური ნაღვლდმდენი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალება.

3. ნუშის ზეთი

ნუშის ზეთი E ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. ზეთი ტკბილი ნუშის თესლისგან მიიღება. E ვიტამინის გარდა B ჯგუფის ვიტამინებსაც შეიცავს. რაც შეეხება გემოს, ნუშის ზეთი საკმაოდ სასიამოვნოა, მაგრამ მკვეთრი სუნი აქვს. გირჩევთ, ნუშის ზეთი ახალ სალათებს, პასტას, ქათმის ხორცს, კალმახს და ბრინჯს დაუმატოთ.

4. კანაფის ზეთი

კანაფის ზეთი შეგიძლიათ კერძში პიკანტური არომატის დასამატებლად გამოიყენოთ. მას კანაფის ნაყოფისგან ცხელი დაწურვის მეთოდით იღებენ. რიგი კვლევები აჩვენებს, რომ კანაფის ზეთი ადამიანის ენდოკრინულ და იმუნურ სისტემებზე დადებით გავლენას ახდენს. კანაფის ზეთს ხშირად უმატებენ ფაფას, ახალ სალათს და საკონდიტრო ნაწარმს.

5. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი ცხიმიანი მცენარეული ზეთია. მას ქოქოსის კაკლის გულის ცხელი დაპრესვის მეთოდით იღებენ. ბოლო დროს ცივი დაპრესვის მეთოდი განსაკუთრებით პოპულარულია, რადგან ასე მეტი სასარგებლო ნივთიერება ინახება. ქოქოსის ზეთი საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ ადამიანის ორგანიზმისთვის უფრო უსაფრთხოა. საქმე იმაშია, რომ თერმული დამუშავებისას არანაირ კანცეროგენს არ გამოყოფს. სხვა ყველაფერთან ერთად, ქოქოსის ზეთი საკმაოდ დიეტურია, რაც გახდომისას მისი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.