საახალწლო დეკორი: როგორ გავაკეთოთ საოცარი თოვლის კაცი ხელმისაწვდომი საშუალებებით

საახალწლო დღესასწაულები ახლოვდება და თითოეული ჩვენგანი სახლში ზამთრის ჯადოქრობის განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნას ცდილობს. აუცილებელი არაა, ძვირადღირებული საახალწლო დეკორი შეიძინოთ, შეგიძლიათ საოცარი პერსონაჟები თავად გააკეთოთ. ხელნაკეთი ნივთები ბინას დაამშვენებს და უჩვეულო კომპოზიციებით ოჯახის წევრებს გაახარებს. რაც ყველაზე სასიამოვნოა, თუ მის შესაქმნელად მაღაზიაში წასვლა მაინც მოგიწევთ, მხოლოდ მრგვალი ლარნაკის შესაძენად, თუმცა აივანზე შეგიძლიათ რამდენიმე პლაფონი მოძებნოთ ან აკვარიუმი, ბოთლი, ჭიქა ან წინდა გამოიყენოთ.

ორიგინალური დეკორი სახლს ყოველთვის განსაკუთრებულ ატმოსფეროს მატებს, მაგრამ შობა–ახალ წელს სულს ზღაპრული განწყობა სურს. სწორედ ამიტომ, კარგად უნდა ეცადოთ, რომ ზამთრის დღესასწაულებთან დაკავშირებული ჯადოქრობა შექმნათ. აუცილებელი არაა, ამ მიზნით მხოლოდ ნაძვის ხის სათამაშოები, ფერადი ზიზილპიპილი გამოიყენოთ. ორიგინალური პერსონაჟების შექმნა სცადეთ. პრაქტიკა და ბევრი განხორციელებული იდეა აჩვენებს, რომ თოვლის კაცი უფრო მოთხოვნადია. თოვლის კაცის გაკეთება ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებაა საახალწლო დღესასწაულისთვის, თუ განათებასაც დაუმატებთ, ზღაპრული ატმოსფერო გარანტირებულია.

1. თოვლის კაცი მრგვალი ლარნაკით, აკვარიუმით ან პლაფონით

საინტერესო ვარიანტი თოვლის კაცის შესაქმნელად, რომელიც განათებით შეგიძლიათ გააკეთოთ. შემოქმედებითი პროცესისთვის დაგჭირდებათ:

  • მრგვალი მინის ლარნაკი, სანათის პლაფონი ან ბრა, მრგვალი პატარა აკვარიუმი;
  • აკრილის საღებავი;
  • გოფრირებული მუყაო, კონსერვის ქილა;
  • წებო, ქაღალდი, დეკორი;

თოვლის კაცის მთავარი ნაწილი ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მრგვალი ობიექტია, რომელიც თავის როლს შეასრულებს. თუ მინა გამჭვირვალეა, თეთრი აკრილის საღებავის თხელი ფენით დაფარეთ. ამ პროცესში გადაჭარბება არ ღირს, რადგან თოვლის კაცი განათებით არის, ამიტომ მინა ოდნავ გამჭვირვალე უნდა იყოს. თუ პეწის დამატება გსურთ, ჯერ კიდევ გაუმშრალ საღებავს ცოტა ბზინები მოაყარეთ. თუ საოცარი დღესასწაული გსურთ მინის ზედაპირი ბზინებით დაფარეთ, ოღონდ ამ შემთხვევაში პვა წებო დაგჭირდებათ, დეკორის ნარჩენები წებოს გაშრობის შემდეგ ჩამოფერთხეთ.

საღებავის/წებოს გაშრობის შემდეგ მომხიბვლელი სახის გაფორმებაზე გადადით. ამისთვის ძველი სათამაშოს თვალები გამოიყენეთ ან ხელსაქმის მაღაზიაში შეიძინეთ ან უბრალოდ დახატეთ. ასე სტაფილო–ცხვირის და პირის შემთხვევაში მოიქეცით.

თუ გსურთ, რომ თოვლის კაცს ქუდი ჰქონდეს, საჭირო დიამეტრის გოფრირებული მუყაო ან ქაღალდის თეფში გამოიყენეთ. კონსერვის ქილაც დაგჭირდებათ. მუყაოდან ქუდის კიდეები გამოჭერით და შავად შეღებეთ (ან ნებისმიერ სხვა ფერში, თუ უფრო ექსცენტრული პერსონაჟის მიღება გსურთ). ქილას წებო და იარლიყები მოაშორეთ, შემდეგ შეღებეთ. ამ ეტაპზე ქუდს შეგიძლიათ ხელოვნური თოვლი ან ბზინები მოაყაროთ. ამის შემდეგ ორი დეტალი გააერთიანეთ და დეკორი დაამაგრეთ. მაგალითად, ფიჭვის ან ნაძვის გირჩები, ყვავილების და სასაჩუქრე ლენტები ან ნებისმიერი სხვა საახალწლო ატრიბუტი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ეფექტის მიღწევა გსურთ.

ახლა მინი სანათი, პატარა ნაძვის გირლანდი ან ელექტრო სანათი დაამაგრეთ, ქუდი დააფიქსირეთ და გაწეული შრომის შედეგით დატკბით, რადგან თოვლის კაცი შეუდარებელი გამოვიდა.

საინტერესო გადაწყვეტილება: თუ სახლში რამდენიმე მრგვალი ნივთი გაქვთ, თოვლის კაცების მთელი ფერხული შეგიძლიათ შექმნათ. აუცილებელი არაა, რომ მანათობელი და ერთნაირი იყოს. რამდენიმე საოცარი პერსონაჟი უბრალოდ პენოპლასტის ან ბამბის მარცვლებით შეგიძლიათ გააფორმოთ, სხვა ყველაფერში შეგიძლიათ ფანტაზია ჩართოთ.

2. თოვლის კაცი წინდებისგან

თუ კერვა ცოტათი მაინც გეხერხებათ და თოვლის კაცების ოჯახის შეძენაზე ოცნებობთ, კარადას გადახედეთ. აქ იპოვით რამდენიმე თეთრ წინდას, რომელიც ფანტაზიის რეალიზებაში დაგეხმარებათ. თუ რამდენიმე სხვადასხვა ზომის წინდას გამოიყენებთ, ბამბით, პოლიესტერით, ჰოლოფიბერით ან ნებისმიერი სხვა მასალით გაავსებთ, ხოლო ორ ადგილას ძაფით შეკრავთ, ნივთი გასაფორმებლად მზად იქნება. ბოლო შტრიხი სახის გაფორმება, ტანსამლის ან კოსტუმის შეკერვაა. ასეთი შემოქმედების შემდეგ სახლის ახალი „ცხოველი“ ყველას შეუყვარდება.

3. თოვლის კაცები მინის ბოკალებით

მაღალფეხიანი მინის ბოკალი იდეალური ნივთია ლამაზი თოვლის კაცის შესაქმნელად. შემოქმედებითი პროცესისთვის დაგჭირდებათ ბოკალები, ხელოვნური თოვლი ან ინგლისური მარილი, თეთრი აკრილის საღებავი, პვა წებო, ქსოვილი, მუყაო და დეკორი. გაფორმება ჭიქის შიდა ნაწილის შეღებვით დაიწყეთ, შემდეგ სველ საღებავს ინგლისური მარილი, ხელოვნური თოვლი ან ბზინები მოაყარეთ. ამის შემდეგ ბოკალი კარგად შეანჟღრიეთ, რომ დეკორი ბუნებრივად გადანაწილდეს. ბაზის საფარის გაშრობის შემდეგ ზედმეტი „ფიფქები“ სჯობს ჩამოფერთხოთ. ამავე პრინციპით ბოკალის ფეხიც გააფორმეთ. ამის შემდეგ ქუდი და შარფი ჩააცვით, თვალები, ცხვირი, პირი დაუხატეთ და ღილები მიაწებეთ.

4. ჯადოქრობა საკუთარი ხელით: იდეების გალერეა და ეტაპობრივი პროცესები