6 წვრილმანი, რომელსაც კარგი დიასახლისის სააბაზანოში აუცილებლად ნახავთ

ამბობენ, რომ ბინის გაცნობა შემოსავლელიდან იწყება. ეს სიმართლეა, თუმცა კიდევ ერთი ოთახი არსებობს, რომელზეც სტუმრის პირველი შთაბეჭდილებაა დამოკიდებული – სააბაზანო. აქ, რომ ყოველთვის წესრიგი, სისუფთავე, სიმყუდროვე და მშვიდი ატმოსფერო სუფევდეს, ფუნქციური ავეჯი და აქსესუარები შეიძინეთ. Novate გიამბობთ, რომელი აქსესუარები დაგჭირდებათ.

1. თეთრეულის კალათა

კარგი დიასახლისის სააბაზანო ოთახში თეთრეულის კალათას იპოვით. აქსესუარი იმ ნივთების კატეგორიაში შედის, რომლითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ქალს წესრიგის და სისუფთავის მიმართ. დამეთანხმეთ, როცა ხედავთ ჭუჭყიან ტანსაცმელს, რომელიც სარეცხ მანქანაში დაუდევრად შეყრილია ან დროებით პლასტმასის ტაშტში დევს (ვიცით, რომ არაფერია იმაზე მუდმივი, ვიდრე დროებითი), ქალის დიასახლისობაზე დასკვნები თავისთავად მოდის.თუ არ გსურთ, რომ სტუმრებს თქვენზე არასწორი შთაბეჭდილება შეექმნათ, ლამაზი თეთრეულის კალათა შეიძინეთ. აუცილებელი არაა, რომ ძვირადღირებული, მაგალითად, ბამბუკისგან ნაქსოვი იყოს. სქელი მასალისგან დამზადებული აქსესუარი, რომელიც აბაზანის ფერებს ჰარმონიულად ერწყმის, ასევე მოდური ვარიანტია. სველი წერტილის ინტერიერს იდეალურად ეთავსება.

2. წვრილმანების შესანახი ორგანაიზერი

ქალებმა შეიძლება ტუალეტის მაგიდა, სარკე განათებით და კოსმეტიკის ყუთები შეიძინონ, რომ საძინებელში იდეალური სილამაზის კუთხე მოაწყონ. და მაინც, უმეტესობა მათგანი თმას სააბაზანო ოთახში იშრობს და აქვე ლამაზდება. ამ კატეგორიას მიეკუთვნებით? გირჩევთ კოსმეტიკის და აქსესუარების ორგანაიზერები შეიძინოთ, რომ წვრილმანი ნივთები სველი წერტილის კუთხეებში არ მიმოყაროთ. კომფორტული და ფუნქციური ორგანაიზერების დახმარებით ზედაპირს სხვადასხვა წვრილმან ნივთს მოაშორებთ.ორგანაიზერები ძალიან კომპაქტურია, ამიტომ დიდ ადგილს არ იკავებს. მის განყოფილებებში ყველაფერს მოათავსებთ, დაწყებული სპონჟით და ბამბის ჩხირით, ასევე სავარცხლით დამთავრებული. ერთი შეხედვით, წვრილმანია, მაგრამ ამით კარგი დიასახლისი ცუდისგან განსხვავდება.სხვათა შორის, თუ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მოყვარული ხართ და ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მოგწონთ, ხრიკს გთავაზობთ. გრძელთმიან ქალებს გამოადგებათ, რომლებიც ბევრ თმის სამაგრს, სარჭს, აბადოკს და სხვა აქსესუარებს იყენებს. მთელ აბაზანაში რომ არ ეძებოთ, სპეციალური საკიდი შეიძინეთ. სტანდარტული კავების გამოყენება აუცილებელი არაა. შეგიძლიათ თმის სამაგრები, ბაფთები და სხვა ნივთები ძველ ჩოგანს მოარგოთ. საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება.

3. ახალი ბამბის პირსახოცები

თუ სტუმრებს ელოდებით ან იცით, რომ შეიძლება გაუფრთხილებლად მოვიდნენ, ბამბის პირსახოცები აუცილებლად მოამზადეთ. მათ შესანახად კედლის პირსახოცის დამჭერი, საკიდი და კავები, წყალგამძლე კარის აქსესუარი, რეილინგი საწოვარებით, საკიდი–კიბე გამოიყენეთ. ნიჟარის ქვეშ კარადაც გამოგადგებათ, თუ საკმარისად თავსებადია ან დაწნული კალათა, რომელიც ძალიან მოდურად და ლამაზად გამოიყურება.ყურადღება მიაქციეთ, რომ პირსახოცი აუცილებლად ახალი უნდა იყოს. სტუმრებისთვის გარეცხილი, მაგრამ გაუფერულებული და გაცვეთილი ვარიანტების შეთავაზება, ცუდი იდეაა. ასე მეგობრების ან ნათესავების მიმართ უპატივცემულობას გამოიჩენთ. იგივე ეხება პირსახოცს წარწერით: „საყვარელ ცოლს“, „საუკეთესო მამას“ და ა.შ. დიასახლისების უმეტესობა ასეთ სასაჩუქრე ტექსტილს, რომელიც რაღაც მიზეზით არ მოეწონათ, სტუმრებისთვის იყენებს, მაგრამ უცნაურად გამოიყურება.ბევრად უკეთესია, თუ  ნეიტრალური ან ინტერიერის შესაფერისი ფერის რამდენიმე ხარისხიან პირსახოცს შეიძენთ, ცალკე კავზე დაკიდებთ ან კალათაში ჩააწყობთ და ნათესავებს სიამაყით შესთავაზებთ. ასეთი ტექსტილის გამოყენება ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე ძველის. რბილ ნატურალურ ქსოვილთან შეხება განწყობას ამაღლებს, დადებით ემოციებს გვჩუქნის, მოდუნებას და დამშვიდებას ხელს უწყობს. პირსახოცები დელიკატურ რეჟიმში გარეცხეთ, რომ თავდაპირველი გარეგნობა დიდხანს შეინარჩუნოს, ხოლო გამოყენების სიხშირის მიხედვით გამოცვალეთ.

4. სანაგვე კალათა

ცალ–ცალკე სველი წერტილების შემთხვევაში დაფიქრდით, რომ სანაგვე ვედრო ორივე ოთახში საჭიროა. სააბაზანოში პატარა კალათის ქონა ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა აქ გალამაზებას და მაკიაჟის მოშორებას მიჩვეული ხართ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი სანაგვე ყუთის დაცლა არ გვსურს, მაგრამ სჯობს ასე, ვიდრე ჭუჭყიანი ბამბის დისკებით და ყურის ჩხირებით ოთახიდან ოთახში სირბილი. ასე ნიჟარაზე ან აბაზანის გვერდებზე წვრილმანებს არ დატოვებთ, ანუ სტუმრები და ქმარი დაუდევრობაში არ დაგადანაშაულებთ.

5. ტუალეტის ქაღალდის დამჭერი

იაფი პლასტმასის ვარიანტი, რომელიც ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება, ცუდი ვარიანტია. გირჩევთ, ორიგინალური აქსესუარი შეიძინოთ, მაგალითად, ლითონის მილი. საინტერესოდ გამოიყურება, ხოლო „დეტალებს“ ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში იპოვით. ასეთი დამჭერი ლოფტის სტილის სააბაზანოს განსაკუთრებით უხდება. ერთი ნაკლოვანება აქვს – იაფი ნამდვილი არაა. ალტერნატიული ვარიანტი: პლასტმასის დამჭერი შეიძინეთ და ლითონისფერი საღებავით შეღებეთ.

6. დახურული დასაკიდი კარადა

როცა ღია და დახურულ სათავსოებს შორის არჩევანი დგება, ბევრი დიასახლისი პირველ ვარიანტს ირჩევს. სხვადასხვა კავები, სტელაჟი და თაროები ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე კარადა, ხოლო პატარა სააბაზანოში ეს აქტუალურია. ერთი დეტალი: დროთა განმავლობაში თაროებზე სხვადასხვა ფლაკონი, ბოთლი, კოსმეტიკა, საყოფაცხოვრებო ქიმია და სხვა წვრილმანი დაუდევრად გამოიყურება. ვიზუალური ხმაური იქმნება, რის გამოც დალაგების შემდეგაც მუდმივად ქაოსს გრძნობთ.დიზაინერები გირჩევენ, რომ კომპრომისი იპოვოთ და კომპაქტური დასაკიდი კარადა შეარჩიოთ, რომელშიც ყველა ნივთი დაეტევა. ასე ნივთებს არ გამოფენთ. ოპტიმალური ვარიანტი: კუთხური მოდელი, რომელიც ბევრ სასარგებლო ფართს არ იკავებს. ასეთი კარადა სტუმრებს აჩვენებს, რომ დიასახლისი სივრცეს ხარახურით არ ავსებს, არამედ იცის, როგორ დაალაგოს სწორად, რომ სააბაზანო ოთახი ყოველთვის მოწესრიგებული იყოს.როგორც ხედავთ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანები ზოგჯერ ყველაფერს განსაზღვრავს. კარგი დიასახლისი, რომელიც სისუფთავის შენარჩუნებას და მყუდრო ბინაში ცხოვრებას ცდილობს, უმარტივესი და ყოველდღიური აქსსესუარების გამოყენებით იდეალური სააბაზანო ოთახის შექმნას შეძლებს. სწორედ მათზეა დამოკიდებული სველი წერტილის გარეგნობა და სტუმრების აზრი.