
„როგორ ვიცხოვროთ „მიწის“ გარეშე?“ – ეს, ალბათ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ელექტრიკოსების მთავარი კითხვაა. ძველ საცხოვრებელ შენობებში მცხოვრები ადამიანები თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკას ყიდულობენ, რომელიც დამიწებით აღჭურვილ სადენებზეა გათვლილი, მაგრამ მათ ასეთი არ აქვთ. რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში, როგორ დავიცვათ თავი დენის დარტყმისგან? Novate ამ საკითხის გარკვევას ეცდება!
RCD – ყველაფრის თავი!
ძველ სახლებსა და ბინებში როზეტებს უკავშირდება ორი სადენი: ფაზა და ნული. სასურველი PE–გამტარი (დამიწება) არაა. თუ კერძო სახლში დამიწების გაკეთება შესაძლებელია, მრავალსართულიანი კორპუსის ცალკეულ ბინაში პოტენციალების გათანაბრების სისტემის აშენება შეუძლებელია ან ბატარეაზე „მიწის“ მიყრა კატეგორიულად არ შეიძლება.
ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობს, რომლის დროსაც შეგიძლიათ თავი დაიცვათ დენის დარტყმისგან იმ მოწყობილობებიდან, რომელიც PE-გამტარში (დამიწება) შეერთებული არაა. ესაა RCD–ის (დენის გამომრთველი დამცავი მოწყობილობა) მეშვეობით დაკავშირება. RCD–ის მეშვეობით დაკავშირება მარტივია: ფაზა და ნული RCD–ის ზედა ნაწილს უკავშირდება, ხოლო RCD–დან გამოდის ასევე ორი სადენი (ფაზა, ნული) როზეტში, რომელსაც ელექტრომოწყობილობა დაუკავშირდება.
ასეთი სქემით დენის დარტყმისგან დაცული იქნებით. მაგალითი: თუ სარეცხ მანქანაში იზოლაცია გაფუჭდება, შეხებისას მცირე დენის დარტყმას იგრძნობთ – RCD იმწამსვე გაჟონვას იგრძნობს და დენის წყაროს გამორთავს. ეს ეფექტური დაცვის მეთოდია, სხვანაირად არ შეიძლება!
რაც შეეხება 1.7.80 პუნქტს ელექტრომოწყობილობის დაყენების წესებში?
მოცემულ პუნქტში წერია: „ცალკეული ელექტრომოწყობილობის დასაცავად, რომელიც კვებას TN-C სისტემიდან იღებს, RCD–ის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში ელექტრო მიმღების დამცავი PE-გამტარი უნდა დაუკავშირდეს PEN–გამტარ ჯაჭვს, მკვებავ ელექტრო მიმღებს, დამცავ–გადამრთველ მოწყობილობამდე.“
აქ დაშვებულია, რომ შეგიძლიათ აიღოთ დამატებითი სადენი, დაუკავშიროთ დამიწებას და RCD-ის ზედა N (ნული) ნაწილში აიტანოთ. ასეთი სისტემა გამოგადგებათ კერძო სახლში, სადაც ძველი სადენებია, მაგრამ მრავალსართულიანი კორპუსის ბინებში დაუშვებელია. აგიხსნით რატომ.
თუ მრავალსართულიან კორპუსში სადმე ნულის სადენი იწვის, მაშინ RCD-ის N სადენზე, რომელზეც შეერთებულია ელექტრომოწყობილობის დამიწების დამატებითი სადენი, იმწამსვე ძაბვა წარმოიქმნება. წარმოიდგინეთ, სახლში არ ხართ და წარმოდგენა არ გაქვთ, ხოლო კორპუსში თქვენს სარეცხ მანქანაში მოულოდნელად არსაიდან 80, 100 ან 200 ვოლტი გაჩნდა. ეს უსიამოვნო შედეგებს გამოიწვევს.
ან წარმოიდგინეთ სხვა ვარიანტი: ელექტრიკოსს აერია და ბინის შესასვლელში ფაზის და ნულის ადგილები შეცვალა. ასე მთელ კორპუსში ელექტრომოწყობილობებზე სუფთა 220 ვოლტიდან ძაბვა გაჩნდება!
დასკვნა: პუნქტი 1.7.80 მისაღებია მხოლოდ კერძო სახლისთვის, მაგრამ მრავალსართულიანი კორპუსის ბინებისთვის შეუფერებელია. ბინებში დენის დარტყმისგან დასაცავად გამოიყენება ელექტრომოწყობილობის მარტივი ჩართვა RCD-ის გამოყენებით.