სარკიანი ავტონომური სახლი, რომელიც ესთეტიკას და გამძლე დიზაინს აერთიანებს

მექსიკაში, ლოს–პიკაჩოს მაღალმთიან ფერდობზე, რომელიც 3 ათასი ჰა მკაცრი, ხელუხლებელი ბუნებით გარშემორტყმულია, ფოტოგრაფის და მწერლის წყალობით ერთი საოცარი სააგარაკო სახლი გამოჩნდა. Casa Eterea–ს არა მხოლოდ ავტონომურად არსებობა შეუძლია, არამედ მთლიანად სარკიანი ფასადის წყალობით თვალწარმტაც პეიზაჟს ერწყმის და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს შენობა პირდაპირ მთაში დაიბადა.

ბევრ ადამიანს ეგზოტიკურ ქვეყნებში ან შეუსწავლელ ადგილებში მოგზაურობის შემდეგ სახლში სუვენირები, ბევრი ფოტო ჩამოაქვს და სასიამოვნო მოგონებები რჩება. ისეც ხდება, რომ მოგზაურს ადგილი იმდენად მოსწონს, რომ არა მხოლოდ კვლავ ბრუნდება, არამედ აქ დიდხანს გაჩერებას აპირებს. სწორედ ასე დაემართა სინგაპურელ მწერალსა და ფოტოგრაფს, პრაშანტა აშოკას (Prashant Ashoka), რომელიც 2017 წელს მექსიკაში ემიგრაციაში წავიდა.

ქალაქ სან–მიგელ–დე–ალენდეს მახლობლად ჩამქრალი ვულკანის პალო–უერფანოს კლდოვან ფერდობზე ექსკურსიის შემდეგ ამ ადგილას ძალიან მალე დაბრუნდა, რომ ველურ ბუნებაში ცარიელი მიწის ნაკვეთი შეეძინა. პრაშანტი თვლის, რომ გაუმართლა, რომ ცარიელი მიწის ნაკვეთი იპოვა, რადგან ბევრი მას უსარგებლოდ თვლიდა გზის, წყლის, ელექტროობის და 45 გრადუსიანი დახრილი რელიეფის გამო. დამატებით, გარშემო არც ერთი სულიერი არაა, მხოლოდ მკაცრი, ხელუხლებელი ბუნების დიდი ტერიტორია.

ამ ხელუხლებელ ბუნებაში სააგარაკო სახლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ქალაქის კომუნიკაციების გარეშე ავტონომურად არსებობას შეძლებდა. კრეატიულმა მფლობელმა „ბუნების თეატრის“ მოწყობა გადაწყვიტა, რომელიც მხატვრულ ინსტალაციის მსგავსი იქნებოდა, თან კომფორტულად ცხოვრებას შეძლებდა და მთის პეიზაჟებით დატკბებოდა. პრიორიტეტში ეკოლოგიურობა იყო, რომ არქიტექტურულ ობიექტს გარემოს ჰარმონია არ დაერღვია.

„ემოციური არქიტექტურის“ კონცეფციით შთაგონებულმა მწერალმა სწორედ ასეთი სახლის აშენება გადაწყვიტა. იმის მიუხედავად, რომ პროექტირების, არქიტექტურისა და დიზაინისგან შორს იყო, პრაშანტ აშოკმა შთამბეჭდავი შენობის შემუშავება და აშენება შეძლო. ცნობისთვის, ტერმინი „ემოციური არქიტექტურა“ გამოიგონა მექსიკელმა არქიტექტორმა, ლუის ბარაგანმა და მოქანდაკე–მხატვარმა, მატიას გერიტცმა იმ შენობის აღსაწერად, რომელიც განმარტოების, სიმშვიდის და საკუთარ ფიქრებთან და განცდებთან განმარტოების შესაძლებლობას იძლევა.

მწერალს გუნდის 6 წევრთან ერთად თითქმის 3 წელი დასჭირდა საძირკვლის ჩასადებად და კედლების ასაშენებლად, რომ სააგარაკო სახლს Casa Eterea („ეთერის სახლი“) მთის ფერდობი დაემშვენებინა და შთამბეჭდავ სანახაობად ქცეულიყო. ეს გასაგებიცაა, რადგან მისი სარკიანი ფასადი დღის მონაკვეთის, ამინდის და სათვალთვალო კუთხის მიხედვით ვულკანის ფერდობებს და მეჩხერ ხეებს ირეკლავს, ხან „ციმციმებს“, როცა მზე დილით ადრე ამოდის ან ღამით ვარსკვლავური შუქით ივსება.

აღსანიშნავია, რომ სახლში მაცხოვრებელი და სტუმრები ბუნების სილამაზეს შეზღუდვების გარეშე აკვირდებიან, რადგან მფლობელმა იატაკიდან ჭერამდე მასშტაბური შემინვა გამოიყენა, რომ ინტერიერსა და ექსტერიერს შორის საზღვრები გაექრო. აშოკის თქმით, მისი სახლი, როგორ შიგნით, ასევე გარედან „ველური ბუნების წინაშე ღრმა მოწიწებას“ გამოხატავს.

განლაგების თავისებურებები: 75 მ² ფართობი ორი კუბური მოცულობისგან შედგება, რომელიც V ფორმის სართულს ქმნის. შენობის არასტანდარტული კუთხური გეომეტრია ხევის ფორმას იმეორებს, რომელიც შემინული საშხაპიდან შეგიძლიათ დაინახოთ. სახლს მხოლოდ ერთი საძინებელი აქვს, თუმცა მასში ცხოვრება არა მხოლოდ მფლობელს, არამედ სტუმრებსაც შეუძლიათ, რადგან მისაღები რბილი დივნით საძინებელ ზონად შეიძლება გადაკეთდეს.

სააგარაკო შენობაში ჭარბობს ღია დაგეგმარება, რომელშიც გათვალისწინებულია პირდაპირი გასასვლელი ტერასაზე და ეზოში (მისაღებიდან და საძინებლიდან), სადაც სტუმრები/მფლობელი ზეთისხილის და ბროწეულის ხეების ჩრდილში აუზთან დასვენებას შეძლებენ. საცხოვრებლის ცენტრალური ნაწილი სამზარეულო–სასადილოს ეკუთვნის, სადაც დიდი კუნძულია ღია ნაცრისფერი, შავი ძარღვების მქონე მარმარილოთი, რომელიც სასადილო მაგიდის როლსაც ასრულებს.

საძლის საძირკვლის მშენებლობაში ადგილობრივი ვულკანური წარმოშობის ქვები გამოიყენეს, ხოლო კარკასი ბეტონის კედლებისგან ააგეს. მოდერნული ესთეტიკის გასაზავებლად ბეტონის კედლებს დაუმატეს ხე და ბუნებრივი მასალები: ჭერის სვეტები, როგორც ხალხური სტილის ხარკი, ვინტაჟური ავეჯი, ადგილობრივ ფერებში მორთული, ჯუთით ნაქსოვი სანათები და უხეში ტყავის ნაწარმი ინტერიერს უფრო შინაურულს და მყუდროს ხდის. პროექტის ავტორის თქმით, ბუნებრივი ქვის და სტრუქტურული სპილენძის აბაზანის არსებობის მიზანი ლანდშაფტის ფერების და ტექსტურების არეკვლაა, რითაც განსაკუთრებული განწყობა და დაუვიწყარი ატმოსფერო იქმნება.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ აშოკმა იზრუნა არა მხოლოდ იმაზე, რომ მას და მის სტუმრებს ველურ ბუნებაში თავი კომფორტულად ეგრძნოთ, არამედ იმაზე, რომ სახლი გარემოსთვის უსაფრთხო ყოფილიყო. სახლი მშენებლობის დასრულების შემდეგ გამძლეობის ნამდვილი ნიმუში გახდა, რადგან ელექტროენერგიას მზის პანელებიდან იღებს, წვიმის წყლის შესაგროვებლად და გასაწმენდად სპეციალურ სისტემას იყენებს, ხოლო ჩამდინარე წყლისთვის ავტონომურ კანალიზაციას.

სახლი ენერგოეფექტური რომ გამხდარიყო, დაგეგმვისას შენობა ნაკვეთის გათვალისწინებით მოათავსეს, ამასთან არ დაავიწყდათ ბუნებრივი ვენტილაციის ეფექტური კონსტრუქცია და მინის სწორად შერჩევა, რომელსაც UV დაცვა აქვს, ასე ნახევრად მშრალ უდაბნოს კლიმატში ტემპერატურის ბუნებრივად რეგულირება შესაძლებელია. ამავდროულად, საძირკველში ბუნებრივი ქვის გამოყენება გარანტიას იძლევა, რომ სახლი „ცოცვას“ არ დაიწყებს და გზაზე ყველაფერს არ გაანადგურებს. აღსანიშნავია, რომ სარკის საფარი ისეა გაკეთებული, რომ ჩიტები და ცხოველები მიხვდნენ, რომ მის წინაშე საზღვარია, თუმცა ამ ეფექტს ადამიანის თვალი ვერ ხედავს.

Novate–ს ინფორმაციით, ასეთი მოწყობილობები მშენებლობას მნიშვნელოვნად ართულებდა და ფასიც გაიზარდა (განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობა რთულ ლანდშაფტზე და დასახლებისგან მოშორებით ხდებოდა). სახლის მფლობელი არაფერს ნანობს, რადგან მიღებული შედეგისთვის ასეთი სირთულეების გადატანა ღირდა. აშოკმა იშვიათი შესაძლებლობა მიიღო, რომ „სიმშვიდეში იცხოვროს და შექმნას, მასსა და ბუნების სამყაროს შორის კავშირი მინიმუმამდე შეამციროს“.

ბოლო დროს თავის საოცარ სახლს აქირავებს მათზე, ვისაც სურს ყოველდღიური ქაოსისგან გაქცევა, „განტვირთვის“ მოწყობა ან ველურ ბუნებაში დროის მშვიდად გატარება (ხმაურიანი წვეულებების გარეშე). როგორც აღმოჩნდა, ამ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნება კარგად შენარჩუნებულია. მთის ფერდობზე არა მხოლოდ შინაური ცხოველები ძოვს, არამედ სარკიან სახლთან ახლოს ხშირად მოდის მელიები, თეთრკუდიანი ირმები, მთის ლომებიც, ჩიტებსა და პატარა ცხოველებზე აღარაფერს ვამბობთ.