საახალწლო მაგიდის ეფექტური სერვირების წესები

მალე ახალი წლის ღამე დადგება. წინასაახალწლო ქაოსი გახურებულია. რთული წარმოსადგენია, თუ რამდენი წვრილმანი უნდა გათვალოთ: საჩუქრები, გემრიელი კერძები, ლამაზი ჭურჭელი. დღევანდელი სტატია საახალწლო მაგიდის სერვირებას ეხება. ეს მომზადების არა ერთი ნაწილი, არამედ შემოქმედების ნამდვილი ველია!

Novate გიამბობთ, რა უნდა გაითვალისწინოთ სერვირების დროს, რომ სადღესასწაულო მაგიდა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყურებოდეს.

საახალწლო მაგიდის სერვირება

წარმოიდგინეთ, რომ სადღესასწაულო მაგიდა თქვენი ტილოა. აქ, შეგიძლიათ შექმნათ ყველაფერი, რაც გსურთ. რა თქმა უნდა, გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ. დღეს სწორი სერვირების მთავარ წესებზე გიამბობთ.

რომელ ფერებში გავაფორმოთ მაგიდა

ფერში არჩევაში შეზღუდული არ ხართ, თუმცა ჰარმონიის კანონები უნდა დაიცვათ, რომ საერთო სურათი თვალს ახარებდეს. ნებისმიერ კომპოზიციაში ბალანსი საჭიროა. ფერების თეორია ამბობს, რომ ორი მეთოდი არსებობს: დეტალი და კონტრასტი.

დეტალების მიხედვით შერჩევა ზუსტად ერთ ფერში გულისხმობს. ერთი ფერის ან ერთმანეთთან ახლოს მყოფი ფერები გამოიყენეთ. ამ წესით სუფრა შეიძლება უფრო ღია იყოს, ხოლო სალფეთქები და ჭურჭელი გაჯერებული.

ასევე კონტრასტული ფერების გამოყენება შეიძლება. მაგალითად, შავი და თეთრი, ყვითელი და ლურჯი. თუ აქცენტებს სწორად დასვამთ, მაგიდის ძალიან ეფექტურ სერვირებას მიიღებთ. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ თემატურ სერვირებას ვქმნით. გამოდის, რომ სადღესასწაულო წვეულებისთვის შესაფერისი ფერები და აქსესუარები უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, ხელნაკეთი საშობაო დეკორი შესაფერისია. ასე თქვენს ინდივიდუალობას გამოვლენთ.

თუ ფერებს ვერ არჩევთ, ახალი წლისთვის უნივერსალური კომბინაცია გამოიყენეთ. წაუგებელი ვარიანტები: თეთრი ოქროსფერთან, თეთრი და ვერცხლისფერი, მწვანე და წითელი, ოქროსფერი და ლალისფერი, წითელი და თეთრი, კრემისფერი და მარჯნისფერი, შოკოლადისფერი და ფისტაშკისფერი. თუ მომავალი წლის სიმბოლოს გახარება გსურთ, ფირუზისფერი და ლურჯი ან თეთრი და ლურჯი შეგიძლიათ შეუხამოთ.

ჭურჭელი სადღესასწაულო მაგიდაზე

ფერებში უკვე გავერკვიეთ, ახლა რამდენიმე სიტყვა ჭურჭლის შესახებ. ახალი წელი თქვენი ყველაზე საყვარელი სერვიზის დროა. სერვანტში ნუ ინახავთ, მაგიდაზე თამამად გამოიტანეთ, რომ ახლობლები და საკუთარი თავი გაახაროთ. ნებისმიერ დღესასწაულზე სიხარული და ბედნიერება ყველაზე მთავარია.

თუ რამდენიმე ჭურჭლის ნაკრები გაქვთ და არ იცით, რომელი შეარჩიოთ, მაშინ რჩევებს გიზიარებთ. აპირებთ სერვირებისას ბევრი აქსესუარის გამოყენებას? მაშინ უბრალო, უნახატო კერამიკის ნაკრები გამოიღეთ. ასეთი ჭურჭელი ღირსეულად გამოიყურება და ნებისმიერ მაგიდას დაამშვენებს.

ჭურჭელი შეგიძლიათ მთავარ აქსესუარად გამოიყენოთ. მინიმალური აქსესუარების შემთხვევაში კაშკაშა ნაკრები იდეალურია. მთავარია, სუფრის ფერს ეხამებოდეს. იგივე დანა–ჩანგალს ეხება. თუ გაფორმებაში ვერცხლისფერს იყენებთ, მოვერცხლისფერო დანა–ჩანგალი გამოიყენეთ. სხვადასხვა ლითონის გადაჭარბება არ ღირს.

ახალი წლისთვის სპეციალური სერვიზი ყველას არ აქვს, მაგრამ ამ მოიწყინოთ. დღესასწაული პირველ რიგში ოჯახი და სიმყუდროვეა. თბილი ატმოსფეროს შესაქმნელად გირჩევთ ბებისეული სერვიზი გამოიღოთ, რომელიც სასიამოვნო მოგონებებით აგავსებთ. მერე რა რომ ახალივით არ ბრწყინავს, სამაგიეროდ ძალიან ძვირფასია.

სადღესასწაულო სუფრა

ითვლება, რომ მაგიდისთვის საუკეთესო სუფრა თეთრია. ამ წესის დაცვა აუცილებელი არაა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი სუფრა ნახატებით. ახლა წარმოუდგენლად დიდი არჩევანი გაქვთ და შეგიძლიათ მარტივად აირჩიოთ ის, რომელიც მოგწონთ.

თუ ელეგანტური სუფრა არ გაქვთ, ხოლო ახლის ყიდვა არ გსურთ, მაშინ ექსპერიმენტები ჩაატარეთ! ყოველთვის შეგიძლიათ რაღაც საკუთარი ხელით გააკეთოთ. საინტერესო ვარიანტი: ერთდროულად რამდენიმე სუფრა. მაგალითად, ქვემოთ თეთრი მრგვალი სუფრა დააფინეთ, ზემოდან უფრო პატარა ფერადი კვადრატული სუფრა.

უბრალო თეთრი სუფრაც შეგიძლიათ გააფორმოთ, მაგალითად, მასზე ბზინები მიმოყარეთ. მაქმანიც სუფრას ლამაზად გააფორმებს. მისი დახმარებით უბრალო სუფრაც დახვეწილი გახდება. მთლიანობაში, შეზღუდული არ ხართ, შექმენით. ეს ხომ თქვენი ტილოა.

ნათელი აქსესუარები

დროა თქვენს ბინას სიკაშკაშე და ბზინვარება შემატოთ. ამისთვის ცოტა აქსესუარი უნდა გამოიყენოთ. ყველაფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რაც გსურთ. ყველაზე საინტერესო ვარიანტებზე გიამბობთ.

უმარტივესი და აშკარა: ნაძვის ხის სათამაშოები. სათამაშოები შეგიძლიათ თეფშებს და ლანგრებს შორის მოათავსოთ. კაშკაშა და სადღესასწაულო გამოვა. სათამაშოების გარდა მაგიდაზე შეგიძლიათ საჩუქრების სახით პატარა ყუთები დააწყოთ. ყუთებში შეგიძლიათ ჩააწყოთ კანფეტები ან ქაღალდები პროგნოზებით.

მაგიდაზე შეგიძლიათ პატარა ნაძვის ხისთვის ან პირამიდისთვის ადგილი გამოყოთ. ლამაზია და საახალწლო განწყობას ნამდვილად შეგმატებთ. მისი შეძენა აუცილებელი არაა, შეგიძლიათ გირჩებით თავად ააწყოთ.

კომპოზიციას ცოცხალი ყვავილები შეგიძლიათ დაუმატოთ. მაგიდაზე შეგიძლიათ ლამაზ თეფშზე ხილი დააწყოთ. მოკლედ, აქსესუარად ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ეს თქვენს ჩანაფიქრს შეესაბამება.

ოქროს წესები

მგონი, ყველა დეტალი განვიხილეთ. ახლა სერვირების ოქროს წესებზე გადავიდეთ. მათი დაცვით, სადღესასწაულო მაგიდას არა მხოლოდ ლამაზს, არამედ პრაქტიკულს გახდით.

  1. მთავარი კერძი მაგიდის შუაში უნდა დადოთ, ხოლო ცივი წასახემსებლები ცენტრთან ახლოს.
  2. მაგიდის ცენტრში შეგიძლიათ დადოთ ხილი (თუ სხვა აქსესუარი არ გაქვთ). მსხვილი ხილი სჯობს ნაჭრებად დაჭრათ.
  3. საპურე სჯობს ცალკე მაგიდაზე დადოთ, რომ ადგილი არ დაიკავოს.
  4. სასმელი მაგიდის შუა ხაზზე მოათავსეთ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. სასმელი გახსნილი უნდა იყოს. წვენები სჯობს მინის დოქებში გადაასხათ.
  5. მაგიდაზე სანელებლები და მარილი დადეთ ისე, რომ ყველა სტუმარი თავისუფლად მიწვდეს.
  6. ჭურჭელი ასე დააწყვეთ: თეფშიდან მარჯვნივ სუფრის დანები. ყველა დანა გალესილი პირით თეფშის მხარეს. თეფშის მარცხნივ ჩანგლები ბასრი წვერით ზემოთ.

რედაქციის რჩევა

აი, ყველაფერი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ საახალწლო მაგიდა გამოვიდეს. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი რამ უნდა დავუმატოთ: ხშირად ყველაზე დიდებული მხატვრებიც წესებს არღვევს, რომ შედევრი შექმნას. აუცილებელი არაა, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. მთავარია, რომ სიხარულით გავსებდეთ.

გახსოვდეთ, რომ დღესასწაული საჭიროა იმისთვის, რომ დაისვენოთ და დრო ოჯახთან ერთად გაატაროთ. იდეალური სივრცის მოსაწყობად დაღლილობას გაექეცით. სჯობს მოდუნდეთ და ყველაფერი არაიდეალურად გააკეთოთ, სამაგიეროდ საკუთარ თავზე იზრუნოთ. საკუთარ თავთან ჰარმონიას და ბედნიერებას გისურვებთ!