8 კულინარიული ხრიკი, რომელსაც ყველაფრის მცოდნე დედამთილიც დააფასებს

ის დიასახლისებიც, რომლებიც კერძების მომზადებაზე გიჟდებიან და მთელ თავისუფალ დროს სამზარეულოში ატარებენ და ახალ რეცეპტებს ცდიან, ახალ კულინარიულ ხრიკებზე უარს არ იტყვიან. არაფერს ვამბობთ მათზე, ვისაც კერძების მომზადება ცეცხლივით აშინებს. ისინი ყოველთვის ეძებენ ახალ მეთოდებს, რომელთა დახმარებით მზარეულის მძიმე ბედს შეიმსუბუქებენ. Novate გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელთა დახმარებით კერძებს სწრაფად და გემრიელად მოამზადებთ.

ხრიკი 1: ციტრუსი დიდხანს რომ შეინახოთ, გაყინოთ

სხვა ხილისგან განსხვავებით, რომელიც წამებში ფუჭდება, ციტრუსი დიდხანს ინახება. და მაინც, იმედი არ გქონდეთ, რომ მაცივარში თვეობით გაძლებს და არ გაფუჭდება. ფორთოხლის, ლიმონის ან ლაიმის ვარგისობის ვადის მაქსიმალურად გასაზრდელად მთელი ნაყოფი ან ნაჭრები საყინულეში შეინახეთ.

ამ მეთოდს რიგი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, გაყინული პროდუქტიდან მეტი წვენის გაწურვა შეიძლება. მეორეც, ცედრას ადვილად მოაშორებთ – თეთრი მწარე ფენა არ მოხვდება. მესამეც, თუ კერძისთვის ნახევარი ლიმონი გჭირდებათ, ხოლო მეორე ნახევარი ისევ საყინულეში შეინახეთ, არ ინერვიულოთ, რომ ქერქი გახმება.

ხრიკი 2: კარაქს დასარბილებლად ჭიქა დააფარეთ

თუ დესერტების მომზადება გიყვართ, ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ზოგიერთ რეცეპტში საჭიროა გაყინული კარაქი, სხვაგან – რბილი. თუ მაცივრიდან პროდუქტის დროულად გამოღება დაგავიწყდათ, ხოლო მომზადება უკვე დაიწყეთ, ხრიკი გამოიყენეთ – ნაჭრებად დაჭრილ კარაქს ცხელი წყლით გაცხელებული ჭიქა დააფარეთ. დაელოდეთ, სანამ ჭიქა გაგრილდება და კარაქს მოაშორეთ – ასე კარაქი დარბილდება.

კარაქის შეფუთვა შეგიძლიათ ცხელ წყალში ჩადოთ. ასე საჭირო ტემპერატურას და კონსისტენციას სწრაფად მიაღწევს. ზოგიერთი დიასახლისი ამ მიზნით მიკროტალღურ ღუმელს იყენებს, თუმცა ამ მეთოდს არსებითი მინუსი აქვს – ძალიან სწრაფი ინტენსიური გაცხელება კარაქის გალღობას გამოიწვევს.

ხრიკი 3: კალმარი რომ არ ჩაიხარშოს, წყალში სათითაოდ ჩაყარეთ

ზღვის პროდუქტები თითქმის ყოველთვის რთული მოსამზადებელია. განსაკუთრებით რთულია კალმარის მომზადება, რადგან მარტივად შეიძლება ჩაგეხარშოთ. ამის თავიდან ასაცილებლად ხრიკს გიზიარებთ. ცხელი წყლით სავსე ქვაბში ყველა კალმარი, იმის მიუხედავად მთელია თუ დაჭრილი, ერთად არ ჩაყაროთ. ასე გაცხელების ინტენსივობა შემცირდება და ზღვის პროდუქტები საჭირო დროისთვის მზად არ იქნება. სჯობს წყალში კალმარები ულუფებად ჩაყაროთ. კალმარის ზომის მიხედვით 1–2 წუთით გააჩერეთ. როცა კალმარი გამჭვირვალობას დაკარგავს და თეთრი გახდება, წყლიდან ამოიღეთ.

ხრიკი 4: კაშკაშა ბორშის მოსამზადებლად ვაშლის ძმარი გამოიყენეთ

ბევრი ადამიანი თვლის, რომ რაც უფრო გაჯერებულია ბორშის ფერი, მით უფრო ინტენსიური და კაშკაშა გემო აქვს. გიამბობთ, როგორ მიანიჭოთ წვნიანს საჭირო ელფერი. ჭარხალი გათალეთ, გახეხეთ, ტაფაზე მოათავსეთ, ცოტა ბულიონი, შაქარი და ძმარი დაუმატეთ, 10-15 წუთით თუშეთ. ძმრის მიერ შექმნილ მჟავე გარემოში ჭარხლის წვენის ფერი უფრო გაჯერებული ხდება. ასე მზა ბორში კაშკაშა წითელი ხდება და არა მკრთალი ვარდისფერი.

ხრიკი 5: სალათის ლამაზად გასაფორმებლად ბოთლი გამოიყენეთ

ყოველთვის გვსურს, რომ სადღესასწაულო მაგიდა არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ლამაზად გაფორმებული კერძებით გავავსოთ. გიზიარებთ ხრიკს, როგორ მიიღოთ სარესტორნო სალათი. თუ არ გაქვთ სპეციალური რგოლი, რომელსაც მზარეულები იყენებენ, ხოლო თუნუქის ქილიდან ასეთის გამოჭრა დაზიანების რისკის გამო არ გსურთ, პლასტმასის ბოთლი გამოიყენეთ. უბრალოდ ძირი და ყელი გამოჭერით, რომ სალათის გასაფორმებლად იდეალურად მოწყობილობა მიიღოთ.

ხრიკი 6: ომლეტი სასარგებლო რომ იყოს, პარკში მოამზადეთ

ბევრი ადამიანი ომლეტს იდეალურ საუზმედ მიიჩნევს. თუ ტაფაზე კვერცხის შეწვა მოგბეზრდათ ან ზეთის გარეშე უფრო სასარგებლო ვარიანტის მომზადება გსურთ, ომლეტი პარკში მოამზადეთ. კერძი ნაზი, მსუბუქი, ჰაეროვანი გამოვა, თან ნოყიერი და მკვებავი დარჩება.

დაგჭირდებათ 4 ქათმის კვერცხი, 160 მლ რძე, მარილი, წიწაკა და სანელებლები გემოვნებით. თუ ომლეტი შიგთავსით, მაგალითად, ლორით გიყვართ, მაშინ ეს ინგრედიენტიც მოამზადეთ. ცალკე თასში კვერცხი ათქვიფეთ, რძე, სანელებლები და შიგთავსი დაუმატეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. ახლა ჩამკეტ პარკში გადაიტანეთ (უბრალო პარკიც გამოგადგებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ორ პარკში უნდა ჩადოთ). გაზქურაზე წყლით სავსე ქვაბი დადეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და პარკში ცხელ წყალში 5-7 წუთით მოათავსეთ.

ამ მეთოდის უპირატესობა ისაა, რომ ომლეტი არ დაიწვება. თუ ოჯახის წევრებს კერძის სხვადასხვა ვარიანტები მოსწონთ (მამას – კლასიკური, შვილს – პომიდვრით), ერთდროულად რამდენიმე სახის ომლეტის მომზადებას შეძლებთ. ამისთვის უბრალოდ ინგრედიენტები სხვადასხვა პარკში ჩააწყვეთ.

ხრიკი 7: ორიგინალური კერძის მოსამზადებლად კიტრი შეწვით

კიტრს სალათის გარდა სხვა რამეში იშვიათად იყენებენ. და სულ ტყუილად, რადგან ბოსტნეულს ჩვენი გაოცება შეუძლია. თუ პროდუქტის სხვა კუთხიდან დანახვა გსურთ, კიტრით ცხელი წასახემსებელი მოამზადეთ. კერძის ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს, გთავაზობთ 2 მეთოდს.

პირველი რეცეპტისთვის დაგჭირდებათ 1 კიტრი, 100 გრ ფქვილი, 2 ჩ/კ მარილი, მწიკვი შავი წიწაკა, 2 ს/კ სოიოს სოუსი, 1 ჩ/კ შაქარი, 2 ს/კ მცენარეული ზეთი, პაპრიკა და ნივრის ფხვნილი გემოვნებით. კიტრი თხელ ნაჭრებად დაჭერით, ღრმა თეფშში ჩადეთ, სოიოს სოუსი მოასხით და 10 წუთით გააჩერეთ. ფქვილი, სანელებლები და შაქარი აურიეთ – ეს საფანელია. ტაფა გააცხელეთ, ზეთი წაუსვით, დამარინადებული კიტრის ნაჭრები შეწვით, თითოეულ მხარეს 1 წუთით.

ხახვის რგოლების მსგავსი კერძი მოამზადეთ. ინგრედიენტები: 1 მსხვილი კიტრი, 8 ტოტი ოხრახუში, 200 გრ ფქვილი, 240 მლ ღია ლუდი, სანელებლები გემოვნებით, 3 ს/კ ზეთი, 6 ს/კ მაიონეზი ან არაჟანი. კიტრი გათალეთ, რგოლებად დაჭერით, გული მოაჭერით და მიღებული რგოლები ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ. ღრმა თასში ლუდი ჩაასხით, ფქვილი და სანელებლები დაუმატეთ, კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ტაფა გაზქურაზე დადეთ, ზეთი დაასხით, გახურებას დაელოდეთ და კიტრის შეწვა დაიწყეთ. რგოლები ლუდის კლიარში ამოავლეთ და თითოეული მხრიდან 2 წუთით შეწვით. ზედმეტი ზეთის მოსაშორებლად მზა წასახემსებელი ქაღალდის პირსახოცით ან სალფეთქით გაამშრალეთ. კიტრი მაიონეზის და წვრილად დაჭრილი ოხრახუშის გრილ სოუსთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ.

ხრიკი 8: ხახვმა კბილებში რომ არ იხრაშუნოს, სახეხზე გახეხეთ

ყველამ ვიცით, რომ ხახვი ფარშს წვნიანობას მატებს, თუმცა ბევრი დიასახლისი მის გამოყენებაზე მაინც უარს ამბობს, რადგან ბოსტნეულის კბილებში ხრაშუნი არ უყვართ. გთავაზობთ ღირსეულ ალტერნატივას: ხახვი დანით დაჭრის ნაცვლად, სახეხით გახეხეთ. ამ შემთხვევაში ნაჭრები პატარა გამოვა და კატლეტში ვერ იგრძნობთ. გარდა ამისა, „დაჭრა“ ნაკლებ დროს წაგართმევთ.