ამერიკელი 50 წელზე მეტია ჩამოწერილი ავტობუსებით ბუნკერს აწყობს

„ცივი ომის“ დროს, მთელ მსოფლიოში ბირთვული კატასტროფის შესახებ საშინელი ისტორიები ვრცელდებოდა.ზოგიერთი ადამიანი უსაფრთხოების და გადარჩენის საკითხით იმდენად შეშფოთებული იყო, რომ სასოწარკვეთილ ქმედებამდე მიდიოდა. ხშირად მთელი ოჯახისთვის ყიდულობდნენ პატარა თავშესაფარს, რომელსაც საკუთარ ეზოში მიწისქვეშ მალავდნენ. ზოგიერთი ენთუზიასტი ასობით ადამიანის გადარჩენას ცდილობდა. თავშესაფრის მშენებლობისთვის საკუთარ სახსრებს და ცხოვრებას არ ზოგავდნენ. ამის თვალსაჩინო მაგალითია ამერიკელი ინჟინერ–ელექტრიკოსი, რომელმაც მიწისქვეშა ბუნკერის შესაქმნელად 50 წელზე მეტი დახარჯა.

გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა ცივი ომი გახურებული იყო, მედია საშუალებები მდგომარეობას ისე ამწვავებდნენ, რომ განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანები თუ დეპრესიაში არ ვარდებოდნენ, საიმედო საცხოვრებლის მოწყობას მაინც ცდილობდნენ. გარდა ამისა, თითოეულ ოჯახს ბირთვული შეტევის შემთხვევაში კვების პროდუქტების სტრატეგიული მარაგი ჰქონდა. ბევრი ადამიანი საკუთარ ბუნკერსაც აწყობდა.

ზოგი მიწისქვეშა თავშესაფარს დამოუკიდებლად თხრიდა ან სახლში საიდუმლო ოთახებს ავსებდა, ზოგი მზა კაფსულებს ყიდულობდა (იმ დროს გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც საერთო ისტერიით ხელს ითბობდნენ). საბჭოთა კავშირის ბირთვული თავდასხმით ყველა მეტად ამერიკელებს აშინებდნენ. სწორედ ამიტომ, მათ თავდაცვის გზების აქტიური ძებნა და ცხოვრების კარდინალურად შეცვლა დაიწყეს.

მაგალითად, ბრიუს ბიჩი (Bruce Beach), რომელიც იმ წლებში ინჟინერ–ელექტრიკოსად მუშაობდა, კაცობრიობის გადარჩენის იდეამ იმდენად გაიტაცა, რომ ჩიკაგოს მსხვილ კომპანიაში მუშაობა მიატოვა და საცხოვრებლად გადავიდა პატარა სოფელში ჰორნინგ–მილსში (კანადა), საიდანაც მისი ცოლი იყო. ამ ადგილს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევდა. მაშინ 70-იან წლებში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამაკაცი ოცნებობდა საიმედო ბომბსაფარის აშენებაზე, რომელიც ბირთვული აფეთქების შემთხვევაში 300-დან 500–მდე ადამიანს გადაარჩენდა.

სტრუქტურული თავისებურებები: როგორც ინჟინერი მიწისქვეშა ბუნკერის მშენებლობისთვის (Ark Two, ქართულად „მეორე კიდობანი“) ვარიანტებს ეძებდა. არჩევანი სკოლის ავტობუსებზე გააკეთა, რომლის ლითონის გარსი საფუძვლად იდეალური იყო. მარტივი წარმოსადგენია, რა რეაქცია ჰქონდათ მეზობლებს, როცა ერთმა უცნაურმა ადამიანმა ჩამოწერილი ავტობუსები შეიძინა, შემდეგ გიგანტური ორმო ამოთხარა და მასში ავტობუსების ჩაყრა დაიწყო. მთელი სოფელი მას გიჟად მიიჩნევდა, სანამ მისი უცნაური ქცევის მიზეზს გაიგებდნენ. ამის შემდეგ მოხალისეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ავტობუსებზე ბეტონის ჩასხმასა და მთელი კონსტრუქციის 4 მეტრიანი მიწის ფენით დაფარვაში ეხმარებოდნენ. ამაზე რამდენიმე წელი დაიხარჯა. ბრიუს ბიჩი ბუნკერის მოწყობით დღემდე დაკავებულია.

ენთუზიასტმა მოახერხა ავტობუსების ისე მოწყობა, რომ სრულფასოვანი მიწისქვეშა კომპლექსი შექმნა, სადაც ზედაპირზე ნებისმიერი საფრთხის მშვიდად გადასვლას შეგიძლიათ დაელოდოთ. ბრიუსმა 50 წლის განმავლობაში მოაწყო სრულფასოვანი საცხოვრებელი ზონები საძინებლებით, სამზარეულოთი, სასადილო ოთახით, სააბაზანო ოთახით, სათამაშო დარბაზით, ტექნიკური შენობებით და საკუჭნაოთი, რომლებიც პროდუქტების მარაგით სავსეა. გარდა ამისა, ბუნკერში მოწყობილია სამლოცველო, იზოლატორი დაავადებულთათვის, გარდაცვლილებების მორგი და ციხე მათთვის, ვინც მის მიერ შექმნილი ცხოვრების მკაცრ წესებს სისტემატურად დაარღვევს.

ინფექციურ დაავადებებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. პოტენციურ მაცხოვრებელს შეეძლო მიწის ზედაპირიდან ბუნკერში დაბინძურებელი ნივთიერება და სხვადასხვა დაავადებები შემოეტანა. ბრიუსს გარისკვა არ სურდა, ამიტომ სტერილური პირობების შექმნას ცდილობდა.

სრული უსაფრთხოებისთვის მთელი 7 ცალკეული შესასვლელია მოწყობილი, რომელთაც სადეზინფექციო საშხაპე აქვთ. ამის შემდეგ ახალმოსულმა უნდა ჩააბაროს ანალიზები და დეტალური შემოწმების დასრულებამდე იზოლირებულ ბლოკში იცხოვროს. გამოკვლევის წარმატებით ჩაბარების შემდეგ საცხოვრებელ ზონაში გადასვლა შეუძლიათ, დანაჩენებმა ბუნკერი უნდა დატოვონ.

დაუცხრომელი პენსიონერი (უკვე 88 წლისაა) სერიოზულად თვლის, რომ ახლაც მის თანასოფლელებს და ნაცნობებს ნებისმიერი უსიამოვნო მოვლენის აქ დალოდება შეუძლიათ. აუცილებელი არაა, რომ ეს ბირთვული აფეთქება იყოს, რომლის ლოდინით თავად ბრიუსიც დაიღალა. ბუნკერი განსაკუთრებით აქტუალურია ქარიშლის, ტაიფუნის ან უწესრიგობის დროს, მაგრამ ამ რეგიონში ბუნებრივი კატაკლიზმები იშვიათი სტუმარია, უბედურებაც მოსალოდნელი არაა. ეპიდემიის დროს მხოლოდ საკუთარი ოჯახით შემოიფარგლა, რადგან ბრიუსი ახალგაზრდობიდანვე საკუთარ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ძალიან ზრუნავს.

თუ გავითვალისწინებით „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის“ ასაკს და იმას, რომ ენთუზიასტმა ბუნკერი საკუთარი სახსრებით მოაწყო, გასაკვირი არაა, რომ მისი მოკრძალებული გარემო გამოუსადეგარი ხდება. მიწისქვეშა ბუნკერის მოწყობილობა (ვენტილაცია, გათბობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია), ასევე სრულად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი იმდენად მოძველდა, რომ ადამიანის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეუქმნას. და მაინც, ბრიუსი თავშესაფრის შენარჩუნებას ცდილობდა, ყოველ 5-10 წელიწადში მარაგს ცვლის (ვადის გასვლის მიხედვით). ბუნკერში ინტერნეტიც გაიყვანა. მის გარეშე როგორ?

Novate–ს ინფორმაციით, ხელისუფლება არასანქცირებული მიწისქვეშა ბომბსაფრის არსებობით შეშფოთებულია და მის დახურვას ცდილობს, მაგრამ პენსიონერმა ჟურნალისტების მხარდაჭერა მიიღო, რომლებიც გადასაღებად შეუშვა კიდეც. ადგილობრივებიც მხარს უჭერენ, თუმცა, დიდი ალბათობით, საფრთხის დროს აქ ცხოვრებას არ დათანხმდებიან. და მაინც, ბევრს აღაფრთოვანებს „მესიის“ თავდადება, რომელმაც მთელი ცხოვრება დაუთმა იმას, რომ მთელი დასახლება მესამე მსოფლიო ომის დროს გადარჩენილიყო.