9 მოდური ხრიკი, როგორ გააფორმოთ მისაღები–საძინებელი ოთახი, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ

დღეს საძინებელი და მისაღები სივრცის ერთ ოთახში გაერთიანება შეზღუდული სივრცის პირობებში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილებაა. ეს გასაკვირი არაა, რადგან მფლობელი პატარა ფართობშიც კომფორტზე ოცნებობს. თუ სწორედ ასეთი ბინა გაქვთ, Novate გიამბობთ, როგორ გააფორმოთ სწორად, რომ არა მხოლოდ თვალს ახარებდეს, არამედ კომფორტის კუთხით თქვენი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

ხრიკი 1: საძინებელში ვენტილაციაზე დაფიქრდით

თუ საწოლს უფანჯრო კუთხეში, მაგალითად, ნიშაში, დებთ, ჯერ კიდევ რემონტის ეტაპზე ვენტილაციის აუცილებლობაზე დაფიქრდით, რადგან ძილის დროს სუფთა ჰაერის ნაკადი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ საძინებელი კუთხე მინის ან თაბაშირ–მუყაოს ტიხრით არის გამოყოფილი, ჭერის გამწოვი ვენტილაცია შეგიძლიათ დააყენოთ. ვერ ახერხებთ? მაშინ ყრუ ტიხარზე უარი თქვით და უპირატესობა დაკბილულ კონსტრუქციას მიანიჭეთ, მაგალითად, მსუბუქი ფარდა ან სტელაჟი – ამ შემთხვევაში ჰაერი ოთახის ყველა ნაწილში თავისუფლად იმოძრავებს. ბევრი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს დეკორატიულ ტიხრებს, როგორიცაა ხის სვეტები იატაკიდან ჭერამდე.

ხრიკი 2: საწოლი დადეთ

ბევრი ადამიანი ოთახში თავისუფალი სივრცის გასაზრდელად საწოლზე უარს ამბობს. დიზაინერების უმეტესობა ერთხმად ამტკიცებს, რომ ეს ცუდი იდეაა, რადგან დივანი სრულფასოვან დასვენებას ვერ უზრუნველყოფს. მათი აზრით, ჯანსაღ და მშვიდ ძილს მხოლოდ საწოლი ზურგისთვის სასარგებლო ორთოპედიული ლეიბით უზრუნველყოფს.

პატარა ოთახშიც შეგიძლიათ რამდენიმე ხრიკი გამოიყენოთ, რომ სრულყოფილი მისაღები და საძინებელი სივრცე მოაწყოთ. მაგალითად, არსებობს სისტემები, რომელთა დახმარებით საწოლი შეგიძლიათ კარადაში დამალოთ, რომ დღისით ხელი არ შეგიშალოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ საძინებელი ზონა სჯობს ფანჯარასთან ახლოს იყოს, რომ მეტი სინათლე და ჰაერი მიიღოთ. ამასთან, სწორად უნდა შენიღბოთ, რომ დივანი და საწოლი ერთმანეთს „არ დაუპირისპირდეს“ და დაკისრებული ფუნქციები შეასრულოს.

თუ დიდ დროს მისაღებ ზონაში ატარებთ, ხოლო საწოლი დიდად არ გჭირდებათ, მხოლოდ დივანი დატოვეთ. დივნის არჩევისას დიდი ყურადღება გამოიჩინეთ, რომ მასზე კომფორტულად დაძინება შეძლოთ. დივანს უპირატესობას ანიჭებენ ახალგაზრდა წყვილები, რომელთაც მეტი თავისუფალი ადგილი სჭირდებათ, მაგალითად, მეგობრებთან შესახვედრად.

ხრიკი 3: ზონები ფარდით ან ტიხრით გამოყავით

თუ ერთ ოთახში მისაღები და საძინებელი ზონების მოწყობას გეგმავთ, საძინებელი უცხო თვალისგან უნდა დამალოთ, რომ კერძო ტერიტორია სტუმრების ყურადღებას არ იქცევდეს. ამ მიზნით ტიხრები გამოიყენეთ. სხვადასხვა სახის ტიხარი არსებობს და თქვენი საჭიროების და პრეფერენციების მიხედვით აირჩიეთ. თუ გსურთ, რომ ოთახში ტიხარი მუდმივად იყოს, სტანდარტული თაბაშირ–მუყაოს ტიხარი აირჩიეთ. თუ მობილური ვარიანტი გსურთ, უპირატესობა შირმას ან ფარდას მიანიჭეთ, რომლის მოშორებას ნებისმიერ მომენტში შეძლებთ.

დაკბილული დეკორატიული ტიხარიც მოდაშია. მისი დახმარებით დასასვენებელ ზონაში მყუდრო კუთხეს შექმნით. ყრუ ტიხრისთვის რამდენიმე მოძრავი კარი დაბინდული მინით (მოსავლელად გამჭვირვალზე მარტივია) შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე მისაღებ ზონაში დღის სინათლეს შემოუშვებთ, რაც აქტუალურია, თუ ოთახში მხოლოდ ერთი ფანჯარაა, რომელიც საძინებლის ზონაში მდებარეობს.

ხრიკი 4: საძინებელი იზოლირებულ კუთხეში მოაწყვეთ

დიზაინერების აზრები იმის შესახებ, თუ სად უფრო მნიშვნელოვანია ფანჯარა – მისაღებ თუ საძინებელ ზონაში, იყოფა. გიზიარებთ რამდენიმე არგუმენტს, რომ საწოლი სჯობს იზოლირებულ კუთხეში, მზისგან და უცხო თვალისგან მოშორებით დადოთ.

ფანჯარა უფრო დღისით გვჭირდება, როცა ვფხიზლობთ, ოჯახის წევრებს ვესაუბრებით, სტუმრად მეგობრებს ვეპატიჟებით. ამ დროს ფანჯრიდან შემოსული დღის სინათლე მნიშვნელოვანია. აი, ღამით, როცა გვძინავს, სინათლე არ გვჭირდება, ამიტომ საწოლის ნიშა საკმარისია. ამ შემთხვევაში თვალზე ნიღბის გაკეთება ან სქელი ფარდის ჩამოფარება არ მოგიწევთ, რომ ქუჩის ნათურების ან მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან სინათლე დამალოთ.

გვხდება სიტუაციები, როცა ფანჯარა ქუჩიდან ან სხვა ბინიდან ჩანს. სწორედ ამიტომ, ფანჯრიდან მოშორებით საწოლი კომფორტს და კონფიდენციალობას უზრუნველყოფს. ასევე ძილს უფრო ღრმას გახდის, რადგან გარე გამაღიზიანებელი ფაქტორები არ შეგაწუხებთ.

ხრიკი 5: მართკუთხა ოთახი აარჩიეთ

თუ ერთ ოთახში ორი ზონის გაერთიანებას აპირებთ და ჯერ კიდევ ბინის არჩევის ეტაპზე ხართ, ოთახის ფორმას ყურადღება მიაქციეთ. საქმე იმაშია, რომ მართკუთხა ოთახის დაყოფა უფრო მარტივია, ვიდრე კვადრატულის.

ხრიკი 6: ფუნქციური ტიხარი გააკეთეთ

თუ ბინაში ნაკლები სათავსო გაქვთ, ეცადეთ, რომ ტიხარიც, რომელიც ოთახს ორ ნაწილად ყოფს, ფუნქციურ ამოცანას ასრულებდეს. მაგალითად, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსტრუქცია, რომლის ქვედა ნაწილი საძინებელში მდებარეობს და თეთრეულის შესანახად გამოიყენება, ხოლო ზედა ნაწილი – ჭურჭლის და წიგნების ვიტრინაა და მისაღებ ზონაში მდებარეობს. პატარა სივრცისთვის იდეალური გადაწყვეტილებაა, რომელიც მაქსიმალურად ფუნქციური უნდა იყოს, მაგრამ ამასთან ავეჯით და სხვა დეტალებით არ გადატვირთოთ.

ხრიკი 7: ზონირებისთვის მოპირკეთება და ფერები გამოიყენეთ

თუ ტიხრებს არ ენდობით და თვლით, რომ მხოლოდ ძვირფას კვადრატულ მეტრს იკავებს, მოპირკეთებას და ფერებს მიმართეთ. ტრადიციული შპალერი და საღებავი კარგი კომბინაციაა. პირველი მასალა შეგიძლიათ საძინებელ ზონაში გამოიყენოთ, მეორე – მისაღებში. სასურველია, რომ ერთ ფერში იყოს, რომ ჰარმონიული კომპოზიცია მიიღოთ. საწოლის ნიშა შეგიძლიათ სხვა ელფერით გამოკვეთოთ. ამ შემთხვევაში ჭერი შეგიძლიათ კედლის ფერში შეღებოთ და პოპულარული ფერის ბლოკირება გამოიყენოთ.

ხრიკი 8: განლაგების შეცვლაზე დაფიქრდით

40 მ² ფართობის ბინაშიც მფლობელის მოთხოვნების მიხედვით რამდენიმე ფუნქციური ზონის მოწყობა შეიძლება. თუ სახლის კონსტრუქცია და საცხოვრებლის კანონმდებლობა საშუალებას გაძლევთ, გლობალურ გადაკეთებას მიმართეთ – ასე შანსი გაქვთ, რომ ბინაში სამზარეულო–მისაღები, საძინებელი, სასადილო და საგარდერობო კუთხეები მოაწყოთ. საწოლი შეგიძლიათ მოათავსოთ ორ კედელს შორის, ამავდროულად ორივე მხრიდან მისავლელის შენარჩუნებით. კონფინდენციალურობის და პირადი სივრცის შესანარჩუნებლად ტიხრით ან ტექსტილით დამალეთ.

ხრიკი 9: მისაღები და საძინებელი სივრცის განსხვავებულ განათებაზე დაფიქრდით

დიზაინერები ჭერში მხოლოდ ერთი ჭაღით აღარ შემოიფარგლებიან და განათების სხვადასხვა სცენარს უპირატესობას ანიჭებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ერთ ოთახში სხვადასხვა ზონას ეხება. როგორც საძინებელ, ასევე მისაღებ ოთახს საკუთარი განათება სჭირდება. დასასვენებელ კუთხეში ტორშერი დადეთ, საწოლის თავთან ბრა წიგნის წასაკითხად. სხვათა შორის, განათება ზონირების მეთოდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე ოთახების ფუნქციებზე აქცენტების შეცვლას შეძლებთ იმის მიხედვით, თუ რომელია მთავარი, რომელი მეორეხარისხოვანი.