5 იდეა, როგორ განაახლოთ ინტერიერი, რომ აქტუალურად და ახლებურად გამოიყურებოდეს

მოსაზრება, რომ ინტერიერის განახლება მხოლოდ ძვირადღირებული რემონტით შეიძლება, სტერეოტიპია. ზოგჯერ ინტერიერში რამდენიმე ნივთის დამატება საკმარისია, რომ არსებულ სივრცეს კომფორტი და სტილი შემატოთ. Novate გთავაზობთ რამდენიმე იდეას, როგორ გააკეთოთ ისე, რომ ბინა ახალი ფერებით ათამაშდეს.

იდეა 1: სასადილო მაგიდა განაახლეთ

თანამედროვე სამყაროში, სადაც სტუდიოს ბინები და მასთან ერთად ბარის დახლები პოპულარულია, ჩვეულებრივი სასადილო მაგიდა აქტუალობას კარგავს. თუ დიდი ოჯახი გაქვთ ან მეგობრები ხშირად გსტუმრომბთ, ამ ინტერიერის ნივთს გვერდს ვერ აუვლით. ახლა მოდაშია ტრანსფორმერი გასაშლელი მოდელები, რომლებიც ყოველდღიურობაში კომპაქტური ნივთია და მცირე ადგილს იკავებს. ფორმა შეიძლება ჰქონდეს მრგვალი, ოვალური, კვადრატული ან მართკუთხა – ყველაფერი თქვენს პრეფერენციებზეა დამოკიდებული.

თუ დიდი სამზარეულოს ამაყი მფლობელი ხართ ან სამზარეულო მისაღებ ოთახთან გაერთიანებულია, სასადილო მაგიდა არა მხოლოდ ფუნქციური ავეჯის როლს შეასრულებს, არამედ აქცენტური დეტალი გახდება. ლამაზი გადასაფარებელი გადააფარეთ, ცენტრში ლარნაკი დადეთ ცოცხალი ან ხელოვნური ყვავილებით, თუ გსურთ, რომ თაიგულმა დიდხანს გაძლოს. ასე ინტერიერს ცოცხალს და მყუდროს გახდით.

იდეა 2: დივანი მიზიდულობის ცენტრად აქციეთ

მაშინაც კი, თუ საწოლზე წოლა გიყვართ, დივანი ბინაში აუცილებელია. პირველ რიგში, დასასვენებელი ზონის უცვლელი ნაწილია, მეორეც, დამატებითი საძინებელი ადგილია, მესამეც, მისი დახმარებით არსებული სივრცე შეგიძლიათ დაყოთ (აქტუალურია, თუ დიდი მისაღები ოთახი გაქვთ, სადაც დასასვენებელი და სამუშაო ზონა თავსდება ან მისაღები ოთახი სამზარეულოსთან გაერთიანებულია).

თუ ბინისთვის შესაფერის ვარიანტს ეძებთ, გაითვალისწინეთ, რომ ახლა ტრენდშია ოთხი მახასიათებელი: მოდულურობა, მარტივი ხაზები, მაღალი ხარისხი და კომფორტი. დივანი, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა ფორმის მოდულისგან შედგება, ნებისმიერი ზომის ოთახს ადვილად მოერგება, რადგან თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ ერთმანეთთს დაუკავშიროთ. გადასაკრავის ხარისხი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გამძლე კარკასი. ეს ყველაფერი არაფერია ისეთ მნიშვნელოვან დეტალთან, როგორიცაა კომფორტი. თუ დივანზე ჯდომა ან წოლა არაკომფორტულია, ფერს, ფორმას და ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომ, უპირატესობა ორთოპედიულ დასაჯდომს მიანიჭეთ, რომ თავი ყოველთვის კომფორტულად იგრძნოთ.

დივანი არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ინტერიერის ხიბლი რომ გახდეს, კონტრასტული ან ღია ფერის გადასაკრავი შეარჩიეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთო სურათიდან არ ამოვარდეს. მაგალითად, თუ დივანი ოთახში ერთადერთი მწვანე დეტალია, ოთახში უცხო ობიექტად აღიქმება. სწორედ ამიტომ, ტონს მხარი დაუჭირეთ ფარდით, პოსტერით, ლარნაკით სტელაჟზე ან ჟურნალის მაგიდაზე და ა.შ. ამ შემთხვევაში ნამდვილად ჰარმონიული ინტერიერი გამოვა.

იდეა 3: კომფორტული სამუშაო ადგილი მოაწყვეთ

ბევრი ადამიანი კარანტინის შემდეგ ოფისში არ დაბრუნებულა, არამედ სახლიდან დისტანციურად მუშაობას აგრძელებს. თუ მათ შორის ხართ, კომფორტული სამუშაო სივრცე აუცილებლად მოიწყვეთ. ბარის დახლი ან სამზარეულოს მაგიდა ამ მიზნით არ გამოგადგებათ, მუდმივად ასე მუშაობა არაკომფორტულია. სანამ სამუშაოს ასრულებთ, ოჯახის წევრებს წახემსება ან მისაღებ ოთახში ტელევიზორის ყურება მოუნდებათ, რითაც ყურადღებას გაგიფანტავენ.

იზრუნეთ, რომ სრულფასოვანი კაბინეტი ან მისი მინი ვერსია გქონდეთ. ოთახში ბევრი ადგილის გამოყოფა საჭირო არაა – საკმარისია მცირე ადგილი, სადაც კომპიუტერის მაგიდას, ნოუთბუქს და წიგნების/დოკუმენტების/საკანცელარიო ნივთებისთვის რამდენიმე თაროს მოათავსებთ. ზოგჯერ სრულყოფილი მაგიდა საჭირო არცაა. მის ნაცვლად შეგიძლიათ ფანჯრის რაფა გამოიყენოთ – ასე ადგილს დაზოგავთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მინი ოფისი ვიზუალურად შეგიძლიათ გამოყოთ. შირმა, ტიხარი ან ფარდა გამოიყენეთ – მთავარია, ოჯახის წევრების მზერის დაჭერისას თავი უხერხულად არ იგრძნოთ და ყურადღება არ გაგეფანტოთ.

იდეალურია, თუ იზოლირებული აივანი გაქვთ, რომელიც კაბინეტად შეგიძლიათ გადააკეთოთ. ამ შემთხვევაში ნებისმიერ დროს განმარტოებას შეძლებთ და კარგ ხმის იზოლაციას უზრუნველყოფთ.

შენიშვნა: რაც შეეხება სამუშაო მაგიდას, ახლა ბუნებრივი ფერები და მასალები აქტუალურია. ხის ან მინის მოდელებს ყურადღება მიაქციეთ. ლითონის დეტალებიც აქტუალურია.

იდეა 4: საძინებელი ოთახი განაახლეთ

პატარა ბინაშიც შეგიძლიათ სრულფასოვანი საძინებელი ადგილი მოაწყოთ საწოლის სახით, რადგან დივანი კარგ და ჯანსაღ ძილს ვერ უზრუნველყოფს. ინტერიერის აქცენტი რომ გახდეს, ლამაზი ჩარჩოთი უზრუნველყავით. მაგალითად, მოდური გადასაფარებელი გადააფარეთ, რამდენიმე ბალიში საინტერესო ნიმუშებით დააწყვეთ, ნაქსოვი პლედი კუთხეში დაუდევრად გაფინეთ.

თუ საძინებელ ოთახში საკმარისი ადგილი გაქვთ, საწოლს ფუნქციური ტუმბოები აუცილებლად დაუმატეთ. პრაქტიკულია და წვრილმანების შესანახად გამოგადგებათ. სურვილის შემთხვევაში საძინებელი ოთახის ინტერიერის დამასრულებელი ნაწილი გახდება. საკმარისია, მასზე ორიგინალური კომპოზიცია მოათავსოთ, მაგალითად, წიგნების დასტა ზემოდან ლარნაკით.

საძინებელი ოთახი სჯობს მინიმალისტურ სტილში გააფორმოთ, რომელსაც სიმარტივე და ლაკონურობა ახასიათებს. ამ შემთხვევაში პატარა სივრცე არ გადაიტვირთება. კედლის ფერი კარადა–კუპე ჰარმონიულად გამოიყურება, რომელიც დიდ ყურადღებას არ იქცევს. სახელურებსა და დეკორატიულ ჩანართებზე უარი თქვით. აქცენტი სჯობს გლუვი ან დახშული პრიალა საფარი გახდეს.

თუ მყუდროების და ვინტაჟური ელემენტების ფანატი ხართ, ბინა სჯობს ე.წ. „ბებისეულ“ სტილში გააფორმოთ. ის გულისხმობს საძინებელი ოთახის მრავალფენიან დეკორს, ბევრ ოთახის მცენარეს მოხატულ ქოთნებში, ვინტაჟურ ავეჯს, დეკორს მაკრამის სტილში, ყვავილებიან ფარდას და ა.შ.

იდეა 5: ცოცხალი ყვავილებით განწყობა შექმენით

ნებისმიერი, თუნდაც მოდური ინტერიერი, ცოცხალი და მყუდრო ვერ გახდება, თუ მასში ოთახის მცენარეები არაა. თუ ფიქრობთ, რომ ცუდი ფლორისტი ხართ ან მათ გამოსაკვებად და გადასარგავად დრო არ გაქვთ, ისეთი ნიმუშები აირჩიეთ, რომლებიც პრეტენზიულები არ არიან და მზის სინათლის დეფიციტს მშვიდად იტანენ. ოპტიმალური ვარიანტი: სუკულენტები, კაქტუსები, სანსევიერია, ზამიოკულკასი და სხვა.

თუ ოთახის მცენარეების მოვლა გიყვართ, ინტერიერი უფრო მომთხოვნი და ლამაზი ნიმუშებით გააფორმეთ. მაგალითად, აყვავებული ორქიდეა, სხვადასხვა ფიკუსი და პალმა ინტერიერის ფუფუნებას ხაზს გაუსვამს. ყვავილები შეგიძლიათ სტანდარტული მეთოდით განათავსოთ, მაგალითად, ფანჯრის რაფაზე, ტუმბოზე, ჟურნალის მაგიდაზე ან ორიგინალური ვერტიკალური „მწვანე“ კომპოზიცია შექმენით.