9 ხრიკი ფქვილით, რომელსაც საოჯახო საქმეზე გადაყოლილი დიასახლისები დააფასებენ

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად ფქვილი შეიძლება დაგჭირდეთ არა მხოლოდ ცხობის დროს, სოუსის მოსამზადებლად, ხორცის და თევზის საფანელში ამოსავლებად. აღმოჩნდა, რომ მისი დახმარებით ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარება შეიძლება. Novate გიზიარებთ საინტერესო ხრიკებს და გირჩევთ, უახლოეს დროში გამოცადოთ და მათი სარგებელი დააფასოთ.

ხრიკი 1: სოკო გაწმინდეთ

ბევრ დიასახლისს უკვირს, თუ რატომ გამოყოფს ქამა სოკო შეწვის დროს ამდენ წვენს. მიზეზი მარტივია: როცა სოკოს გასარეცხად ალბობთ, ბევრ წყალს იწოვს და შემდეგ ცუდად იწვება. საბედნიეროდ, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ხრიკს გამოიყენებთ. ქამა სოკო ღრმა თასში ჩააწყვეთ, 3–4 ს/კ ფქვილი მოაყარეთ, თავსახური დაახურეთ და რამდენჯერმე შეანჟღრიეთ, რომ ფქვილით ყველა სოკო დაფაროთ. შემდეგ მშრალი სალფეთქით გაწმინდეთ – ფქვილთან ერთად, რომელიც ამ შემთხვევაში აბრაზიულ ფუნქციას ასრულებს, ჭუჭყსაც მოაშორებთ. თუ ფეხზე სველი მიწა აღმოჩნდა, დანით ფრთხილად მოაშორეთ. არ ინერვიულოთ, რომ სოკოზე ცოტა ფქვილი დარჩება – შეწვას ხელს არ შეუშლის.

ხრიკი 2: ფითხის ნაცვლად გამოიყენეთ

ვაი, რომ ყოველდღიური კურიოზები არავის გაუუქმებია. მეუღლის მიერ სურათისთვის ნაყიდი ლურსმანი შეიძლება ცოლის აზრით საჭირო სიმაღლეზე არ აღმოჩნდეს. ცოლ–ქმრის გაუგებრის გამო გაჩენილი ნახვრეტის ამოსავსებად მთელი ქილა ფითხის ყიდვა აუცილებელი არაა. უფრო მარტივ და იაფ გზას მიმართეთ: ღრმა ფიალაში 1 ჩ/კ ფქვილი, მწიკვი მარილი და ცოტა წყალი აურიეთ, რომ სქელი პასტა მიიღოთ. ახლა მიღებული „ფითხით“ ნახვრეტი ამოავსეთ. ბოლოს ზედაპირი სველი ჩვრით გაწმინდეთ, რომ სამუშაოს კვალი მოაშოროთ.

ხრიკი 3: სახის ნიღაბი გაიკეთეთ

აღმოჩნდა, რომ ფქვილი კანისთვის ძალიან სასარგებლო ინგრედიენტია. მას დამჭიმავი, მატონიზირებელი და გამწმენდი თვისებები აქვს იმის მიუხედავად, რომელ ფქვილს იყენებთ. პროდუქტში ბევრი ნატურალური ვიტამინი შედის, ამიტომ ფქვილის ნიღაბი ცხიმიან ბზინვარებას, წვრილ ნაოჭებს მოგაშორებთ, ასევე კანს ჯანსაღ იერს დაუბრუნებს. სილამაზის პროდუქტის მომზადების ბევრი რეცეპტი არსებობს, მაგრამ გაითვალისწინეთ შემდეგი მომენტები:

  • ბარდის ფქვილი დერმატოლოგიურ პრობლემებს ეფექტურად ებრძვის.
  • ბრინჯის და შვრიის ფქვილი მშრალი კანისთვის იდეალურია.
  • ხორბლის ფქვილი ცხიმიან კანს უხდება.
  • სიმინდის ფქვილი პილინგისთვის გამოიყენეთ.
  • სელის ფქვილი ფორებს წმენდს.
  • ჭვავის ფქვილი ჩამოწელილი კანის პრობლემებს აგვარებს.

გთავაზობთ ფქვილის ნიღბის ერთ–ერთ რეცეპტს ასაკოვანი კანისთვის. 20 გრ ფქვილი, 15 მლ თხელი კეფირი, 1 კვერცხის გული აურიეთ. თუ ძალიან თხელია, ცოტა ფქვილი დაუმატეთ. ნიღაბი სახეზე 20-25 წუთით წაისვით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ხრიკი 4: თმა დაიბანეთ

ყველამ იცის მშრალი შამპუნის ჯადოსნური თვისებების შესახებ, რომელიც ეხმარება მათ, ვინც დაბანა ვერ მოასწრო ან ვერ შეძლო. მშრალი შამპუნი ზედმეტ კანის ცხიმს შთანთქავს, ამიტომ თმა უფრო სუფთად გამოიყურება. თუ მშრალი შამპუნი ხელთ არ გაქვთ, სამსახურში ან პაემანზე ბინძური თმით წასვლა არ გსურთ, უბრალო ფქვილი გამოიყენეთ. ცოტა ფქვილი თმის ძირებში დაიყარეთ და თმა სქელი სავარცხლით დაივარცხნეთ, რომ ფქვილი თანაბრად გადანაწილდეს. ერთადერთი დეტალი: მეთოდი ღია თმაზე ეფექტურია, მაგრამ მუქ თმაზე ფქვილის ნაწილები შესამჩნევი გახდება.

ხრიკი 5: წებოდ გამოიყენეთ

ალბათ, ცომის მომზადებისას არაერთხელ შეგინიშნავთ, რომ ფქვილი წყალთან კომბინაციაში ძალიან წებოვანი ხდება. რატომ არ გამოვიყენოთ ეს თვისება საკუთარი მიზნით? თუ ბავშვს ხელნაკეთი ნივთის გაკეთება სურს, ხელთ კი წებო არ გაქვთ, ფქვილით წებო საკუთარი ხელით გააკეთეთ. ნატურალური, უსაფრთხო და არანაკლებ საიმედო გამოვა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. დაგჭირდებათ 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი (მასში მეტი წებოვანაა), 3 ჭიქა წყალი და მწიკვი მარილი. ინგრედიენტები აურიეთ, გაზქურაზე დადგით და 10 წუთით ხარშეთ, მუდმივად აურიეთ. მასა უნდა გასქელდეს. გაგრილების შემდეგ თამამად შეგიძლიათ სხვადასხვა სათამაშოების შესაქმნელად გამოიყენოთ.

ხრიკი 6: შინაურული პლასტილინი გააკეთეთ

შემოქმედების და ხელსაქმის თემა გავაგრძელოთ. გთავაზობთ არა მხოლოდ წებო, არამედ პლასტილინი გააკეთოთ. ბევრი დედა ამ ვარიანტს დააფასებს, რადგან მაღაზიაში ნაყიდი პლასტილინი სინთეტიკური კაუჩუკისგან არის დამზადებული, რომელიც მთელ სივრცეს აბინძურებს და ცუდად იწმინდება. ხარისხიც საუკეთესოს სურვილს ტოვებს: შეიძლება იყოს ცხიმიანი, ზედაპირს ძლიერ მიეკვრას ან დაიფშვნას.

ბავშვის ჯანმრთელობაზე რომ არ იდარდოთ და სახლში სისუფთავეც შეინარჩუნოთ, 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა წყალი და 2 ს/კ მარილი აიღეთ. ღრმა თასში კომპონენტები აურიეთ, სანამ ელასტიურ და ადვილად გამოსაძერწ მასას არ მიიღებთ. მზა პლასტილინს ნატურალური საღებავით შეგიძლიათ ფერი მისცეთ: წითელი ფერისთვის ჭარხალი გამოიყენეთ, ცისფერისთვის – ჩაი კარკადეს ნაყენი, მწვანესთვის – ისპანახი, ყვითელისთვის – კურკუმა ან ზაფრანა, ნარინჯისფერისთვის – სტაფილო, ვარდისფერისთვის – ჟოლო. მიღებული პლასტილინი დახურულ კონტეინერში შეინახეთ.

ხრიკი 7: სახლი ჭიანჭველებისგან დაიცავით

დიასახლისები პანიკაში ვარდებიან, როცა სახლში მწერებს ხედავენ. ყველას არ სურს, რომ ქიმიური საშუალებებით მოწამლონ, მაგრამ პატარა წითელ დამპყრობლებთან ერთად ცხოვრებაც არ შეიძლება. გამოსავალი არსებობს. სიმინდის ფქვილი ჭიანჭველებისგან დაგიცავთ. ჭამის შემდეგ მათი საჭმლის მომნელებელი პროცესი ირღვევა. ჭიანჭველას ფხვნილის შეგრძნება არ უყვარს, ამიტომ თქვენი სახლიდან თავს შორს დაიჭერს.

ხრიკი 8: უჟანგავი ფოლადის ნიჟარა გაწმინდეთ

უკვე ვთქვით, რომ ფქვილს ნაზი აბრაზიული თვისება აქვს, რაც ზედაპირის გასაწმენდად ძალიან სასარგებლოა. სამწუხაროდ, თხევადი სარეცხი საშუალება ცხიმს სრულად ვერ აშორებს, მისი ნაწილები ნიჟარის კედლებზე მაინც რჩება. ფქვილი მთელ ნადებს მოგაშორებთ, ასე ნიჟარა კრისტალურად გასუფთავდება. გარდა ამისა, ფქვილს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: უჟანგავ ფოლადს აპრიალებს, მაგრამ უფრო ნაზია, ვიდრე სოდა და საწმენდი ფხვნილი, რომელიც აგრესიულად ითვლება. ნიჟარა გაწმენდის შემდეგ ისე გამოიყურება, თითქოსდა ახლახანს დააყენეს.

შენიშვნა: მუშაობის დროს ცოტა ფქვილი გამოიყენეთ, რომ მილის კედლებზე ცომის ნალექები არ გაჩნდეს და მილის გაჭედვა არ გამოიწვიოს.

ხრიკი 9: გაცხიმული კარტი დაამუშავეთ

სამაგიდო თამაშის მოყვარულებმა იციან, რომ კარტი ძალიან სწრაფად ბინძურდება. ძველებურ ფორმას ვერ დაუბრუნებთ, მაგრამ უფრო სუფთა შეგიძლიათ გახადოთ. ამისთვის პარკში ჩადეთ, სუფრის კოვზი მარილი მოაყარეთ, შეკარით და რამდენჯერმე შეანჯღრიეთ. ფქვილი სითხეს, ჭუჭყს და ცხიმს შთანთქავს, ბოლოს კარტი მშრალი ჩვრით გაწმინდეთ.