მოსაპირკეთებელი მასალების 8 მაგარი კომბინაცია, რომლის შენახვაც მოგინდებათ

ერთი შეხედვით, ერთ ოთახში სხვადასხვა მოსაპირკეთებელი მასალის კომბინაცია რთული არაა. სინამდვილეში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არჩეული მასალები ერთმანეთს საერთოდ არ ეთავსება და უგემოვნო სურათს ქმნის. Novate ასეთი სიტუაციიდან თქვენს დაცვას ცდილობს და გიზიარებთ კომბინაციების რამდენიმე გამოცდილ ვარიანტს, რომლებიც დიზაინერულ პროექტებში ხშირად გვხდება.

ვარიანტი 1: აგური, პრიალა ფილები და ბათქაში ბეტონის ქვეშ

თუ ნეიტრალური ინტერიერი არ შთაგაგონებთ და ფერადი დიზაინერული გადაწყვეტილება არ გაშინებთ, ეს ვარიანტი თქვენთვისაა. ბინაში, სადაც მისაღები ოთახი და სამზარეულო გაერთიანებულია, განსაკუთრებით კარგად გამოიყურება. ამრიგად, წინსაფარი ფირუზისფერი პრიალა ფილებით გააფორმეთ, მის ზემოთ კედელი დეკორატიული აგურით, ხოლო ჩამოწეული ჭერი – ბეტონის ეფექტის მქონე ბათქაშით. ფერების და ტექსტურების მსგავსი კომბინაცია ძალიან ჰარმონიულია – სიკაშკაშის მიუხედავად უშნოდ არ გამოიყურება.

სამზარეულო საერთო სურათიდან რომ არ ამოვარდეს, სასადილო ზონაში წინსაფრის მსგავსი სკამები შეარჩიეთ. ფირუზისფერი სავარძელი და ფარდა შესანიშნავად გამოიყურება. ბეტონის ჭერი მთელ სამზარეულო–მისაღებში იქნება, ამიტომ დისბალანსს არ გამოიწვევს. დეკორატიული აგური შეგიძლიათ მისაღებ ოთახში ერთ კედელზე აქცენტად გამოიყენოთ. ასეთი კომბინაციის შედეგი ნამდვილად გაგახარებთ.

ვარიანტი 2: შპალერი და საღებავი

იმდენად პოპულარული დიზაინერული გადაწყვეტილებაა, რომ უკვე ინტერიერის კლასიკა გახდა. დიზაინერები შპალერის და საღებავის კომბინაციას არა მხოლოდ ერთი ოთახის, არამედ ერთი კედლის გასაფორმებლად თამამად იყენებენ. მაგალითად, საძინებელში შპალერით შეგიძლიათ საწოლის სასთუმალი გააფორმოთ, დანარჩენი კედლები კი შეღებოთ. ჩრდილების გადასვლის ხარჯზე კომბინაცია წარმატებულია, ეს მომენტი გაითვალისწინეთ. შპალერით შეგიძლიათ გამოყოთ გარკვეული ზონა, მაგალითად, სამკითხველო ადგილი – სავარძელი და ტორშერი, მინი კაბინეტი ან დივანი ჟურნალის მაგიდით.

ყურადღება მიაქციეთ: აქცენტური შპალერი ღია ზოლებით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ დანარჩენი კედლები ნეიტრალურ ფერშია (თეთრი, ნაცრისფერი, კრემისფერი) შეღებილი. თუ ამ დეტალს უგულებელყოფთ, ძალიან ჭრელი ინტერიერი გამოვა. შპალერი საერთო ფონზე უადგილოდ რომ არ გამოჩნდეს, შეარჩიეთ ნახატი, რომელიც ავეჯის და ტექსტილის პალიტრას ეთავსება.

ვარიანტი 3: საღებავი, ფიცარი და ხის ძელი ჭერზე

თუ თქვენი მიზანი სახლში სოფლური ატმოსფეროს შექმნა და ბუნებასთან მიახლოებაა, ხის პანელები და ძელები ჭერზე გამოიყენეთ. ასე სოფლის სახლის ასოციაციას შექმნით. თუ სამზარეულო და მისაღები ოთახი გაერთიანებულია, ძელები სამუშაო ზედაპირის ზემოთ დაამაგრეთ, ხოლო დასასვენებელ ზონაში ჭერი ცარიელი დატოვეთ და ნეიტრალურ ფერში შეღებეთ. ყველა დეტალი ერთ ინტერიერში რომ გააერთიანოთ, ოთახების საზღვარზე სასადილო მაგიდა დადეთ, რომლის ფერიც და ტექსტურაც ჭერზე ხის ძელის შესაფერისია. რაც შეეხება ფიცრებს, მისი დახმარებით შეგიძლიათ კუნძული გააფორმოთ. მოსაპირკეთებელი მასალა ნატურალური ფერის უნდა იყოს. ძელებისთვის მუქი ყავისფერი შეარჩიეთ, ხოლო ფიცრისთვის ღია ნაცრისფერი ან კრემისფერი.

ფიცრის და ძელის კომბინაცია შეგიძლიათ სააგარაკო სახლში, საძინებელ ოთახში გამოიყენოთ. ერთი ხის მასალის ძელები, ფანჯრის ჩარჩოები და ავეჯი შეარჩიეთ, ხოლო ფიცარი ბუნებრივი ფერის, მაგალითად, მწვანე.

ვარიანტი 4: საღებავი და დეკორატიული ბათქაში

კიდევ ერთი ტრადიციული და წაუგებელი ვარიანტი. დეკორატიული ბათქაში ძალიან აქტუალურია. გადაჭარბებული გამოყენებისას მოდურ და ჰარმონიულ ინტერიერს ვერ შექმნით. დიზაინერები გირჩევენ, რომ აქცენტად, რომელიმე ზონის გამოსაყოფად გამოიყენოთ, ხოლო დანარჩენი კედლები შეღებოთ. მაგალითად, საინტერესო ტექსტურის დეკორატიული ბათქაშით შეგიძლიათ ტელევიზორის უკან კედელი გააფორმოთ, დანარჩენი ნაწილი კი ნეიტრალური ფერის გლუვი საღებავით შეღებოთ. მშვიდი, ბუნებრივი ფერების გამოყენების შემთხვევაშიც ზონა ბათქაშის ხარჯზე მაინც გამოიყოფა.

ვარიანტი 5: მდფ და საღებავი

ასეთ კომბინაციას სამზარეულოს ინტერიერში ხშირად იყენებენ, როცა მდფ–ს წინსაფრად ირჩევენ. პანელი სჯობს სამუშაო ზედაპირის შესაფერისი იყოს, რომ ჰარმონიული სურათი შექმნათ. თუ მდფ–ით მთელი კედლის დაფარვა არ გსურთ, წინსაფრის შეღებილი ნაწილი მინით დაფარეთ – ასე წყლის, ცხიმის და გაზქურის და ნიჟარის შხეფებისგან დაიცავთ. მდფ–ის ფერში შეგიძლიათ ბარის მაგიდა და სკამები შეარჩიოთ. რაც შეეხება სამზარეულოს ფასადს, ბეტონის ტექსტურის ავეჯი იდეალური არჩევანია.

ვარიანტი 6: ლამინატი და ფილა

გაერთიანებულ ოთახებში, როგორიცაა სამზარეულო–მისაღები, მისაღები–დერეფანი, ხშირად ორ იატაკის საფარს იყენებენ, რომ ოთახები ვიზუალურად გამოყონ. ფილა–პარკეტი საინჟინრო დაფით ან ლამინატით პოპულარული კომბინაციაა. გირჩევთ, ბოლო ვარიანტზე შეჩერდეთ. ფილა სამზარეულოში გამოიყენეთ და ორიგინალური გეომეტრიული ფორმები შექმენთ, ხოლო ლამინატი – მისაღებ ოთახში. ორივე ოთახის დატვირთვის გათვალისწინებით, ეს სწორი დაყოფაა.

ვარიანტი 7: კედლის პანელი და ფოტოშპალერი

თუ საძინებელი ოთახისთვის მოსაპირკეთებელი მასალა ვერ შეარჩიეთ, კედლის პანელსა და ფოტოშპალერს სასურველი ნახატით გთავაზობთ. მათი დახმარებით საწოლის სასთუმალს ორიგინალურად გამოყოფთ, ყურადღებას მიიზიდავთ. პანელის ფერი ისე შეარჩიეთ, რომ შპალერის ნახატებთან იკვეთებოდეს, უფრო ღია ვარიანტიც დასაშვებია. მსგავსი კომბინაცია უჩვეულოდ და მიმზიდველად გამოიყურება.

ვარიანტი 8: ფიცარი და შპალერი

ბევრი ადამიანისთვის ფიცრები აგარაკთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, თუ პატარა სააგარაკო სახლის ბედნიერი მფლობელი ხართ, მასალა დაიმახსოვრეთ. ოთახი ძველმოდური ან სოფლური რომ არ გახდეს, ფიცრები ლამაზ ფერში შეღებეთ და შპალერთან კომბინაციაში გამოიყენეთ. მაგალითად, ნაზი ცისფერი აქცენტი შეიძლება იყოს, ხოლო შპალერი – აქცენტური კაშკაშა ნახატებით. ეს არასტანდარტულად გამოიყურება, თუმცა თუ ექსპერიმენტებისა და თამამი გადაწყვეტილებებისთვის მზად ხართ, რატომაც არა?

უფრო მშვიდ ინტერიერს მიიღებთ, თუ ხისფერ ფიცრებს სასთუმლის კედელზე და საწოლის ზემოთ ჭერში გამოიყენებთ და ოთახის სხვა კედლებს ნეიტრალური ფერის შპალერით გააფორმებთ. ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების კომბინაცია ოთახის თავდაპირველ პროპორციებს გააუმჯობესებს.