გამოცდილი მეთოდები, როგორ მოვაწესრიგოთ ზამთრის საგარეო ტანსაცმელი აცივებამდე

უკვე შემოდგომის მეორე თვე დაიწყო და დროა გარდერობს გადახედოთ და კარადიდან თბილი ნივთები გამოიღოთ. თუ გრძელვადიანი შენახვისას ნივთები დაიჭმუჭნა ან დალაქავდა, ქიმწმენდაში წასვლა ან ახლის შეძენა აუცილებელი არაა. Novate გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც ტანსაცმლის სწრაფად მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

1. ტყავის ქურთუკი

ტყავის ქურთუკი ყოველთვის მოდური და აქტუალურია. რა თქმა უნდა, დიზაინერები გარკვეულ დეტალებს ცვლიან, რომ პოდიუმზე რაღაც „კარდინალურად ახალი“ წარმოაჩინონ, მაგრამ ბაზა იგივე რჩება. საგარეო ტანსაცმელმა კარადაში თვეობით შენახვისას შეიძლება ბზინვარება დაკარგოს, რამდენიმე ნაკეცი შეიძინოს ან ზოგიერთ ადგილას გაიქექოს. საყვარელ ტანსაცმელს ლამაზ გარეგნობას რამდენიმე მეთოდით დაუბრუნებთ:

  • ცოტა გლიცერინი ან საბავშვო კრემი რბილი ან მიკროფიბრის ჩვრით ქურთუკს წაუსვით. საშუალება ტყავს სირბილეს და ბზინვარებას დაუბრუნებს.
  • გლიცერინის ნაცვლად შეგიძლიათ ახალი ფორთოხლის ქერქი გამოიყენოთ.
  • თუ ქურთუკი დანაოჭდა, მისი დაუთოება არ იჩქაროთ. თავდაპირველად, შესაფერისი მხრების მქონე საკიდზე ჩამოკიდეთ, ელვა ბოლომდე შეკარით, საყელო და სახელური გაასწორეთ. შესაძლოა გასწორებას რამდენიმე დღე დასჭირდეს.
  • თუ მეთოდი ვერ დაგეხმარათ, უთო გამოიყენეთ. გაითვალისწინეთ, რომ მისი დაუთოება მხოლოდ შიდა მხრიდან და დამცავი მრავალფენიანი მარლის გამოყენებით შეიძლება. მასალა რომ არ გამოაშროთ, მარლა წყლით აუცილებლად დანამეთ.
  • ასევე შეგიძლიათ ორთქლის გენერატორი გამოიყენოთ ან ქურთუკი აბაზნის ზემოთ დაკიდოთ. მეორე შემთხვევაში ცხელი წყალი ჩართეთ, კარი დახურეთ და ტანსაცმელი ოთახში 30-40 წუთით გააჩერეთ. გაითვალისწინეთ, რომ დაორთქლის პროცედურის დროს ტანსაცმელზე წყლის შხეფები არ უნდა მოხვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უშნო ღია ლაქების გაჩენის რისკი არსებობს.
  • თუ ზოგიერთ უბანში ტყავი გაცვდა, მაგრამ ახლის შეძენას ჯერ არ გეგმავთ, სპეციალური ნიტროსაღებავი გამოიყენეთ, რომელიც ზედა ტანსაცმლის ნაკლოვანებებს შენიღბავს.
  • ძალიან ხშირად ქურთუკის მთავარი პრობლემა ჭუჭყიანი სახელურია. თუ მხოლოდ ახლა შეამჩნიეთ და არა გაჩენისთანავე, იმედი არ გაიცრუოთ – ლიმონი ან პასტერიზებული რძე უსიამოვნების დავიწყებაში დაგეხმარებათ. ჭუჭყიანი ტყავი ახალი ლიმონის ნაჭერით გაწმინდეთ და წვენს გაშრობა აცადეთ.

2. პალტო

საგარეო ტანსაცმელი, რომელიც „ზაფხულის ძილის“ შემდეგ ყოველთვის არ გვახარებს. დაუყონებლივ დაიმახსოვრეთ, რომ ლაქები და სხვა სახის ჭუჭყი სარეცხი მანქანის გარეშე უნდა გამოაშოროთ, რადგან პალტოს გარეცხვა (ასევე დაუთოება) არ შეიძლება. დრაპის, ქაშმირის და ბეწვისგან დამზადებული პალტო მხოლოდ ორთქლის აპარატით შეიძლება გაწმინდოთ. ასე ტანსაცმლის ფორმას აღადგენთ, ნაკეცებს, მტვერს და ჭუჭყს მოაშორებთ.

ორთქლის უთოს გამოყენების წესი ბეწვის სიგრძეზეა დამოკიდებული. თუ მოკლე ბეწვია, უთო ზემოდან ქვემოთ უნდა მიმართოთ, თუ გრძელია – პირიქით. პალტოს იმ ადგილებს მიაქციეთ ყურადღება, რომელიც ხშირად ჭუჭყიანდება. საუბარია სახელურზე, საყელოზე, ჯიბეზე, იდაყვის ნაკეცებზე. აქ, ორთქლის ნაკადი გააჩერეთ, რომ პრობლემა მოიშოროთ. დაორთქვლის შემდეგ შესაფერის საკიდზე ჩამოკიდეთ, ყველა ღილი შეკარით და 2–3 დღე გააჩერეთ.

ზოგჯერ ბუსუსების მოსაშორებლად საპარსის გამოყენებას გვირჩევენ. ერთი დეტალი: საპარსმა შეიძლება ნაზი მასალა დააზიანოს. თუ აქციაზე 30 ლარად ნაყიდი სვიტერი არ გენანებათ, ძვირადღირებული პალტოს სამკერვალოში წაღება მოგიწევთ. სკოჩი უფრო საიმედო და უსაფრთხო მეთოდია, კიდევ უკეთესია სპეციალური აპარატი ბუსუსების მოსაშორებლად. ძალიან ძვირიანი არაა და ბატარეებზე მუშაობს. სურვილის შემთხვევაში არა მხოლოდ პალტოს, არამედ სხვა ბეწვიანი და ქაშმირის ნივთების გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

3. ყურთუკი

ზამთარში კარადიდან ყურთუკის გამოღება გვიწევს. იმედი არ გქონდეთ, რომ იდეალურ მდგომარეობაში დაგხვდებათ: ლაქები, დატკეპნილი ბუმბული და სხვა დეტალები, რომლებიც გარეგნობას და ექსპლუატაციის თვისებებს ეხება, აუცილებლად „გაგახარებთ. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

პირველი, რასაც ვფიქრობთ, სარეცხ მანქანაში გარეცხვაა, რაც საუკეთესო იდეაა. თუ სხვა ვარიანტი არ გაქვთ, 3-4 ჩოგბურთის ბურთთან ერთად გარეცხეთ. ბურთების ტანსაცმელზე ტკაპუნის ხარჯზე ბუმბული ერთ გუნდად არ შეიკვრება და ნაწარმის შიგნით თანაბრად გადანაწილდება.

თუ ლაქები არ აქვს და მხოლოდ ნაკეცების გასწორება გჭირდებათ, ორთქლის უთო დაგეხმარებათ. როგორც პალტოს შემთხვევაში, საკიდზე ჩამოკიდეთ და ფრთხილად დაორთქლეთ. ნაწარმი გათბობის ბატარეაზე ან გასაშლელ ლითონის საშრობზე არ გააშროთ, ბუმბული ვერ გასწორდება, თუ ტანსაცმელს ვერტიკალურად არ დაკიდებთ. თუ ორთქლის უთო არ გაქვთ, აბაზანაში ცხელი წყალი ააგროვეთ, მის ზემოთ ყურთუკი დაკიდეთ და ზუსტად 1 საათით დახურულ ოთახში დატოვეთ. ცხელი წყლის ორთქლი არსებულ ნაკეცებს მოაშორებს.

4. ბეწვის ნაწარმი

იმის გათვალისწინებით, რომ ბეწვის ნაწარმი იაფი არაა, ჩვენივე ინტერესებში შედის მასზე სწორად ზრუნვა, რომ გამოყენების ვადა გახანგრძლივდეს და გარეგნულად არ დაზიანდეს.

თუ ბეწვი გამოშრა, ხსნარი მოამზადეთ: ლიტრიან ქილაში წყალს 2 ს/კ მარილი და 1 ს/კ ძმრის ესენცია დაუმატეთ. მიღებულ სითხეში ტყავის ქსოვილი დაასველეთ და სხვადასხვა მხარეს გაწელეთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ: კვერცხის გული, 1 ს/კ ვაზელინი, 0,5 ჩ/კ გლიცერინი და 0,5 ლ თბილი წყალი. სანამ ამ ნარევს აქტიურად გამოიყენებთ, შეუმჩნეველ ადგილას დატესტეთ, რომ მისი მოქმედება დაინახოთ.

ბეწვის წმენდის გამოცდილი ვარიანტი: მშრალი წმენდა. ამისთვის ბეწვი მაგიდაზე ან სხვა სწორ ზედაპირზე გაშალეთ, ყველა ჭუჭყიან ადგილას ტალკი მოაყარეთ. ამის შემდეგ წრიულად ნაზად შეაზილეთ, პერიოდულად ტანსაცმელი შეანჟღრიეთ. თუ ტალკის დაყრა კიდევ სჭირდება, უყოყმანოდ გააკეთეთ.

ნაკეცები შეგიძლიათ სპეციალური ბეწვის ჯაგრისით მოაშოროთ. თუ ასეთს ვერ იპოვით, შინაური ცხოველის დასავარცხნი ჯაგრისი გამოიყენეთ – მსგავსად მოქმედებს.