მობილური სახლი გადააკეთეს კომფორტულ მინი ვილად, სახურავზე ტერასით

კანადელმა დეველოპერებმა წარმოადგინეს ერთ–ერთი ყველაზე მდიდრული სახლი ბორბლებზე, რომელიც მფლობელებს შინაურულ სიმყუდროვეს და თანამედროვე კომფორტს სთავაზობს, თუნდაც ღრმა ტყეში. ცნობილმა კომპანიამ თავისი ერთ–ერთი მოდელის გადაკეთება გადაწყვიტა, რომ ყველაზე განებივრებულ მოგზაურებს დაუვიწყარი დასვენებით დატკბობა შეძლებოდათ, თუმცა ნაკლოვანებებს გვერდი ვერ აუარეს.

კომპანია Minimaliste Team–ის თანამედროვე ავტოსახლი ბუნებაში ფართო ბინაში დასვენების მოყვარულებს გაახარებთ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ცივილიზაციის კეთილდღეობა და კომფორტის ნაკრები შეგიძლიათ ახალ, პატარა სახლში Magnolia V8 (თუმცა ძალიან პატარასაც ვერ ვუწოდებთ) იპოვოთ. მისაბმელიანი სახლი Magnolia V8 შეგიძლიათ „საპარკინგო“ მოდელს მიაკუთვნოთ, რადგან მისი სიგანე ბუქსირების დასაშვებ სტანდარტებს აღემატება.

Novate–ს ინფორმაციით, ბორბლიანი მისაბმელის ბაზაზე შენობის აგების შეზღუდვის გამო პატარა სახლების უმეტესობას დაახლოებით 2,6 მ სიგანე აქვს, ამიტომ დიზაინერებს სივრცის ოპტიმიზაციიაზე კარგად დაფიქრება უწევთ: სად და როგორ განათავსონ ნივთები და აუცილებელი საცხოვრებელი ზონები, რომ კომფორტი არ დაზიანდეს და სამოძრაო ადგილი დარჩეს. კანადელმა სპეციალისტებმა გადაწყვიტეს ბორბლებზე მდიდრული რეზიდენცია აეშენებინათ, ამიტომ ნორმას გადაუხვიეს და სახლის სიგანე 3,2-მ–მდე გაზარდეს.

ერთი მხრივ, დამატებითმა სივრცემ ინტერიერის მოწყობის შესაძლებლობები გაზარდა, მეორე მხრივ – მფლობელისთვის პრობლემა გახდა, რადგან მისი ბუქსირებისთვის სპეციალური ნებართვა და ესკორტია საჭირო. ეს ამ მოდელის ერთადერთი მინუსი არაა.

იმის მიუხედავად, რომ სიგანეს მხოლოდ 60 სმ დაემატა, მობილურ სახლში შესვლისას სხვაობას აუცილებლად შეამჩნევთ. ინტერიერი უფრო ფართო ჩანს, განსაკუთრებით თეთრი ჭერით და კედლებით, რომელიც უფრო მუქი ხის და ლითონის დეტალებთან სასიამოვნო კონტრასტს ქმნის. უხვი შემინვაც ამას ხელი უწყობს. სახლში არა მხოლოდ ბევრი ფანჯარა, არამედ მინის კარია (ერთ–ერთ  კარს აივანზე გავყავართ, რომელიც ავტოსახლის სახურავზე მდებარეობს). ეს მობილური სახლის ახალი მოდელის კიდევ ერთი თავისებურებაა, რომელიც მოდელის მფლობელებს გაახარებს.

კომპანიის სპეციალისტებმა 37,5 მ² ფართობზე ფართო მისაღები ოთახის მოწყობა შეძლეს, სადაც განთავსებულია დივანი, ტუმბო–მაგიდა, რომელიც შეგიძლიათ სახლის ოფისად ან მულტიმედიურ ზონად გადააქციოთ. ვერტიკალურ სიბრტყეებზე და თავად დივანში შენახვის სისტემებია მოწყობილი, რაც პატარა ბინისთვის მნიშვნელოვანია.

მისაღები ოთახის გვერდით მდებარეობს სამზარეულო ჩაშენებული ავეჯით. კუნძული–ტიხარი ამ ორ ზონას ერთმანეთისგან ყოფს. ის საჭრელ ზედაპირად ან ბარის დახლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოგზაურობის ან დასვენების დროს მხოლოდ ჰოთდოგი ან პიცა რომ არ მიირთვათ, სამზარეულო ყველა აუცილებელი პირობით აღჭურვეს. სამზარეულოში დაგხვდებათ საიმედო კვარცის სამუშაო ზედაპირი, ნიჟარა ცივი და ცხელი წყლის ონკანით, პორტატული გაზქურა ერთი კომფორით, ღუმელი, მიკროტალღური ღუმელი, სრულყოფილი მაცივარი საყინულის კამერით და ჭურჭლის სარეცხი მანქანა. გარდა ამისა, ჭურჭლის და პროდუქტების შესანახად საკმარისი სივრცეა, აქვე მდებარეობს ასაკეცი მაგიდა და საკუჭნაო.

სამზარეულოს გვერდით მდებარეობს პატარა ზონა, სადაც დადგულია ელექტროკვების სისტემა, წყლის ფილტრი და წყლის გამაცხელებელი. ამ ზონასა და სააბაზანო ოთახს შორის სარეცხი და საშრობი მანქანები დაამონტაჟეს.

თანამედროვე ადამიანისთვის სახლში სველი წერტილის ქონა პრიორიტეტულია და მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფება. დეველოპერებმა ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. სააბაზანო ოთახი საკმაოდ დიდი და სრულად აღჭურვილია: საშხაპე, ნიჟარა ტუმბოთი, დიდი სარკე, ჩასარეცხი უნიტაზი და პატარა ჩაშენებული კარადა. მასში, როგორც მთელ სახლში, თეთრი ფერი ჭარბობს, რომელიც შესანიშნავად ერწყმის კედრის ხეს. კედრის ხისგან ჭერი, იატაკი და რამდენიმე დეკორატიული ელემენტი გააკეთეს.

შენიშვნა: ქვედა დონეზე მთავარი საძინებელის მოწყობა მოახერხეს, რაც ძალიან მოსახერხებელია, რადგან მასში საკმარისი ადგილია, რომ თავისუფლად გაიმართოთ და იმოძრავოთ. ორადგილიანი საწოლის გარდა, რომელსაც ამწევი მექანიზმი აქვს, ოთახში რამდენიმე ჩაშენებული კარადა დაგხვდებათ. მობილურ სახლს Magnolia V8 ნივთების და თეთრეულის შესანახად საკმაოდ ბევრი ადგილი აქვს.

იმის გათვალისწინებით, რომ მობილურ სახლს საკმარისი სიმაღლე აქვს, მასში ორი დონე მოაწყვეს. ასე კიდევ ერთი დამატებითი საძინებელი ოთახი გააკეთეს. მასში საკუჭნაოს გვერდით ჩაშენებული კიბით შეგიძლიათ ახვიდეთ. ეს სხვენის ნაწილია, ამიტომ დაბალი ჭერით დაკმაყოფილება მოგიწევთ. დისკომფორტი მანსარდული ფანჯრით და აივანზე გასასვლელით ანაზღაურდება. იმის მიუხედავად, სახურავზე ღია ზონას მოკრძალებული ზომები აქვს, საკმარისია, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად განთიადს ფინჯანი ყავით ან მზის ჩასვლას ჭიქა ღვინით შეხვდეთ.

ბუნებრივ ზონებში განმარტოებული დასვენების მოყვარულებმა ამ მოდელს ყურადღება კიდევ ერთი მიზეზით უნდა მიაქციონ. Magnolia V8 თვითკმარი ერთეულია, რომელშიც გათვალისწინებულია სტანდარტული RV სტილის ელექტროკვება, თუმცა გენერატორით ან მზის პანელებით მუშაობაც შეუძლია. აღსანიშნავია, რომ მობილური სახლი სტრუქტურულად იზოლირებული პანელებით ააშენეს, რომელთაც იზოლაციის და ჰერმენტულობის მაღალი დონე აქვთ, ამიტომ მკაცრ პირობებშიც კომფორტული ტემპერატურის შესანარჩუნებლად ელექტროენერგიის მინიმალური რაოდენობა დაგჭირდებათ. ზამთარში ჩაშენებული თბილი იატაკის სისტემა გაგათბობთ, ხოლო სიცხეში სპლიტ–სისტემა ან ჭერის ვენტილიატორი დაგეხმარებათ.

Novate-ს ინფორმაციით, მოგზაურობის მოყვარულებს ნამდვილი ვილა ბორბლებზე Magnolia V8 ძირითადი ნაკრებით 125 ათასი დოლარი დაუჯდებათ.