ვამატებთ წესრიგს და სისუფთავეს: შირმის სახეობები აბაზანისთვის

თანამედროვე სააბაზანო აღარ არის მხოლოდ ჰიგიენური პროცედურების ოთახი, არამედ ინდივიდუალური სივრცე, სადაც ბევრ დროს ვატარებთ, საკუთარ თავზე ვზრუნავთ, ვდუნდებით და ენერგიას ვივსებთ. სწორედ ამიტომ, აქ, თვალისმომჭრელი სისუფთავე უნდა იყოს და ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდეს.

სააბაზანო ოთახში შირმა იდეალური გადაწყვეტილებაა შხეფებისგან დასაცავად. ასეთი მოწყობილობით ყველაფერი, რაც საშხაპე ზონის გარეთ მდებარეობს, წყლისგან საიმედოდ დაცულია. გამოდის, შხაპის მიღების შემდეგ ნივთების გამშრალება არ მოგიწევთ და სველ იატაკზეც ფეხი არ აგისრიალდებათ. მინის შირმა კარგია არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ დიზაინის ელემენტის სახით – ის სივრცეს ესთეტიკას მატებს და უფრო თანამედროვეს ხდის.

დღეს ჰიპერმარკეტებში ასეთი ტიხრების განსხვავებული დიზაინის, ზომის და ფასის ბევრ ვარიანტს იპოვით. Novate გიზიარებთ ელენა მაკაროვის, „ლერუა მერლენის“ ხელმძღვანელის რჩევებს, თუ როგორი შირმები არსებობს და როგორ შევინარჩუნოთ წესრიგი და სისუფთავე სააბაზანო ოთახში შირმების დახმარებით.

1. მინა თუ პლასტმასი?

ტიხარი შეიძლება იყოს როგორც მინის, ასევე პლასტმასის. მინა – პრაქტიკული, ეკოლოგიური, გამძლე და უფრო ძვირადღირებული ვარიანტია. პლასტმასი იაფი, მსუბუქი, დროთა განმავლობაში ნაკაწრებით იფარება, „ისაპნება“ და ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება.

როგორც წესი, შირმის საწარმოებლად სქელი (8 მმ–მდე) ნაწრთობი მინა გამოიყენება, რომელიც ზომიერ მექანიკურ ზემოქმედებას უძლებს. ის შეიძლება იყოს გამჭვირვალე, მქრქალი ან კომბინირებული – ყრუ ფრაგმენტების ჩანართებით.

გამჭვირვალე მინა სინათლეს კარგად ატარებს, ამიტომ ასეთი ტიხარი თვალისთვის ძლივს შესამჩნევია, ხოლო მქრქალი მინა სინათლის გატარებას ხელს უშლის და ვიზუალურად სივრცეს ჭამს. მქრქალი მინის შემთხვევაში განათების სცენარზე წინასწარ უნდა დაფიქრდეთ. მქრქალ მინას თავისი უპირატესობა აქვს: პრივატულ გარემოს ქმნის, რაც დიდ ოჯახებსა და კომბინირებულ სააბაზანო ოთახებში მნიშვნელოვანია.

შირმის კონსტრუქცია წარმოადგენს მინის (ან პლასტმასის) ტილოს ალუმინის პროფილებით, რომელიც კედელს და აბაზანის გვერდს ემაგრება. სპეციალური რეზინის ელემენტები პირაპირს სითხის შეღწევისგან იცავს.

წვეთები მინას რომ არ შეაშრეს, არამედ სწრაფად და უკვალოდ დაიწვეთოს, ზედაპირი სპეციალური წყალგაუმტარი საფარით არის დამუშავებული (გაითვალისწინეთ, რომ ასეთი საფარი ყველა შირმას არ აქვს, ამიტომ მაღაზიაში ეს მომენტი აუცილებლად დააზუსტეთ). მინის შირმის არჩევისას ობთან ბრძოლა არ მოგიწევთ, როგორც ეს ნაჭრის ფარდის არჩევისას ხდება. საკმარისია, მინა და პირაპირი სპეციალურ საშუალებაში დასველებული რბილი ჩვრით გაწმინდოთ. საწმენდად აბრაზიული, ასევე მჟავის და ქლორის შემცველი სარეცხი საშუალებები არ გამოიყენოთ.

2. მოძრავი შირმა

დახურული საშხაპე სივრცე რომ შექმნათ, მოძრავი კარის სისტემა გამოიყენეთ. ასე აბაზანას სრულად გამოყოფთ და საშხაპე კაბინის ეფექტს შექმნით. სტანდარტულად მოძრავ შირმას 2-6 საგდული აქვს, რაც სხვადასხვა აბაზანაში (როგორც დიდ, ასევე პატარა) გამოყენების საშუალებას იძლევა.

კარები ალუმინის პროფილებით მონტაჟდება და ერთი მიმართულებით იშლება. მექანიზმი საგდულების ერთმანეთთან მჭიდროდ მიბჯენას და უხმო მოძრაობას უზრუნველყოფს. ხელმისაწვდომია მინის სხვადასხვა ტექსტურა: სრულად გამჭვირვალედან დაწყებული და რელიეფური მქრქალი მინით დამთავრებული. შირმის სიმაღლე 120-150 სმ, რაც ნორმალურ ვენტილაციას ხელს არ უშლის, ამასთან წყლის შხეფებისგან საიმედოდ გიცავთ.

მინა და ალუმინი ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალაა, რომელიც წყალთან, კოსმეტიკასთან და საწმენდ საშუალებებთან რეაქციაში არ შედის. პროფილის ფერი თქვენი ინტერიერის მიხედვით შეარჩიეთ – ხშირად ირჩევენ ვერცხლისფერს (მქრქალი ან პრიალა), შავს და თეთრს.

3. მბრუნავი შირმა

მბრუნავი მექანიზმი წარმოადგენს ერთ ან რამდენიმე მბრუნავ საგდულს, რომელიც კედელზე ალუმინის პროფილებით ფიქსირდება. ტილოს ქვედა ტორსი მოსახსნელი რეზინის ელემენტებით არის აღჭურვილი, რომელიც წყლის გაჟონვას ხელს უშლის. ტიხრების ადგილმდებარეობის ორი ვარიანტი არსებობს: მარჯვნივ და მარცხნივ.

ასეთი კონსტრუქცია შემრევთან, საშხაპე სვეტთან და აბაზანის სხვა ელემენტებთან წვდომას ამარტივებს, რადგან საგდული 180 გრადუსით ბრუნდება. ზოგიერთ შირმას პირსახოცის დამჭერი აქვს, რომელიც საგდულზე მაგრდება, რომ პირსახოცი ყოველთვის ხელთ გქონდეთ.

გარდა ამისა, მბრუნავი შირმა სააბაზანო ოთახის დალაგებას ამარტივებს. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერი მოსახერხებელი კუთხისკენ მიაბრუნოთ, რომ ყველაზე ვიწრო და რთულად მისაწვდომ ადგილებს მიწვდეთ.

4. შირმა დეფლექტორებით

ის ორი პანელისგან შედგება: ფიქსირებული და მოძრავი. ასეთი ტიხრები აბაზანაზე თავისუფალ წვდომას უზრუნველყოფს და წყლის შხეფებისგან საიმედოდ გიცავთ. ფიქსირებული ნაწილის დახმარებით შირმის გახსნა უსაფრთხოა – მიმდებარე ობიექტებს, ავეჯს ან შემრევს ნამდვილად არ დაეჯახებით.

შირმას თან მოყვება სამაგრები და დასაყენებლად აუცილებელი ინსტრუქცია. სწორედ ამიტომ, შირმა შეგიძლიათ დამოუკიდებლად დააყენოთ.