7 მოწყობილობა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში გვხდება

თითოეულ ქვეყანას თავისი ჩვეულება, ტრადიცია, ასევე ეროვნული კერძი აქვს. აქედან გამომდინარე, თითოეული დიასახლისი გადაწყვეტილებას იღებს, რით შეავსოს სამზარეულო, რომ ყოველდღე ოჯახის წევრებისთვის საყვარელი კერძები და სასმელი მოამზადოს. Novate გიამბობთ, რის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ თავისი სამზარეულო იტალიელებს, თურქებს, ფრანგებს და სხვა ქვეყნის მაცხოვრებლებს. შესაძლოა ზოგიერთი დანადგარი თქვენც გამოგადგეთ.

1. იტალია – გეიზერის ყავის მადუღარა

ყველამ იცის, რომ იტალიაში ყავის ერთგვარი კულტი არსებობს. ადგილობრივებს ამ გამამხნევებელი სასმელის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, ამიტომ სასარგებლო დანადგარებს ყიდულობენ, რომელიც ყავის ხარშვის პროცესს ამარტივებს და აუმჯობესებს. იტალიაში ყველაზე პოპულარული ყავის მადუღარაა გეიზერის, მას „მოკას“ უწოდებენ.

საინტერესო ფაქტია, რომ ბევრი იტალიელი ყავის ხარშვის დროს სხვადასხვა წესს იყენებს:

  • მოკის ზედა ნაწილს არ რეცხავენ. გულწრფელად სჯერათ, რომ ყავის ნადები სასმელის გემოს და არომატს უფრო გაჯერებულს ხდის.
  • ზედა თავსახურს ახდილს ტოვებენ, სანამ ყავა რეზერვუარში წვეთას არ დაიწყებს. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ სასმელმა „ისუნთქოს“.
  • საწურში ყავისთვის შაქარს ან დარიჩინს არ დებენ, ურჩევნიათ, რომ უკვე მზა სასმელში ჩაამატონ.
  • ყავის მცირე ნაწილს ღვრიან, რომ მას შაქარი აურიონ, შემდეგ მოკას გაზქურაზე აბრუნებენ და სასმელის დარჩენილი ნაწილის მომზადებას ელოდებიან.
  • როგორც კი სასმელი ყავის მადუღარის ზედა ნაწილში ავა, ფინჯანში უნდა გადაასხათ, რომ არ გამწარდეს.

2. იტალია – სპაგეტის კოვზი

იტალიაში ყავაზე მეტად მხოლოდ პასტა უყვართ. ადგილობრივ სამზარეულოში ქაფქირს იშვიათად იპოვით, გარდა ამისა, მისგან სპაგეტი ხშირად უკან ქვაბშივე სრიალდება. აი, სპეციალური კოვზი კბილებით აუცილებლად შეგხვდებათ. მისი დახმარებით პასტას მარტივად დაიჭერთ და სოუსით სავსე ტაფაზე ან თეფშზე სწრაფად გადაიტანთ.

სხვათა შორის, სპაგეტის კოვზს კიდევ ერთი ფუნქცია აქვს, რომელსაც ცოტა თუ ხვდება. მასში არსებული ნახვრეტი შექმნილია იმისთვის, რომ ერთი ულუფა მშრალი მაკარონი გაზომოთ. რამდენი მშრალი მაკარონიც ამ ნახვრეტში ეტევა, იმდენს შეადგენს ერთი ულუფა ერთ ადამიანზე. ქვაბში სპაგეტის „თვალით“ ჩაყრა აღარ მოგიწევთ იმის იმედით, რომ ყველას ეყოფა – კოვზი გამოთვლებს თქვენს ნაცვლად გააკეთებს.

შენიშვნა: ზოგიერთ მაღაზიაში შეიძლება სხვადასხვა დიამეტრის მქონე ნახვრეტიანი კოვზი იპოვოთ. ეს კოვზი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრები სადილობის ან ვახშმობის დროს სხვადასხვა ულუფა მაკარონს მიირთმევენ.

3. თურქეთი – სპილენძის ჯეზვე

თურქეთის მაცხოვრებლები, იტალიელებისგან განსხვავებით,  ყავის მადუღარის მოწინააღმდეგეები არიან და მხოლოდ ჯეზვეს აღიარებენ. სასმელის მომზადების პროცესში იყენებენ ცხელი ქვიშით სავსე მაყალს, სპილენძის ხელის წისქვილს, წყაროს წყალს, ჯეზვეს და შაქარს.

ქვიშით სავსე მაყალი ცხელ ნახშირზე ან გაზქურაზე იდება, მარცვალს წისქვილში აფქვევენ, ჯეზვეში ულუფის მიხედვით ცივ წყალს ასხამენ (1 ტრადიციული ფინჯანი – 60 მლ), ჯეზვეს ვიწრო ყელამდე. თუ უფრო ნაკლებს ჩაასხამთ, მომზადების პროცესში არომატული ნივთიერება გაქრება, თუ უფრო მეტს – ქაფი არ ამოვა.

დაფქულ ყავას წყალს ურევენ შემდეგი პროპორციით: 1 ჩაის კოვზი დაფქული ყავის მარცვლები 60 მლ წყალზე. შემდეგ შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. სავსე ჯეზვეს ქვიშაზე დებენ. ასე ჯეზვე მაქსიმალურად თანაბრად ხურდება და სასმელი არომატული, გემოთი გაჯერებული გამოდის.

პირველი გაცხელებისას ღია ყავისფერი ქაფი წარმოიქმნება, რომელსაც ყავის დასხმამდე ფინჯნებში ანაწილებენ. ამის შემდეგ სასმელს 20 წამით ხარშავენ, 2-3-ჯერ ადუღებენ. დუღილის საშუალება არ აძლევენ – ყოველ ჯერზე, როცა ქაფი ამოდის, ჯეზვეს ქვიშიდან რამდენიმე წამით იღებენ და შემდეგ კვლავ ქვიშაზე დებენ. მზა ყავას ფინჯნებში ასხამენ.

4. მაროკო – ტაჯინი

თიხის ჭურჭელი მაროკოს სამზარეულოს უცვლელი ნაწილია. განსაკუთრებული ფორმის და კონუსის მსგავსი სახურავის გამო, ორთქლი ზედა ნაწილში გროვდება, შემდეგ წარმოქმნილი კონდენსატი ქვემოთ წვეთავს და ასე გრძელდება მანამ, სანამ კერძი სრულად არ მომზადდება. გამოდის, კერძი საკუთარ წვენში მზადდება, ზეთის ან წყლის დასხმა აუცილებელი არაა.

ტაჯინში სხვადასხვა კერძს ამზადებენ: ხორცი, ფრინველი, თევზი, ბოსტნეული, ხილი. იმის გათვალისწინებით, რომ მაროკოს სამზარეულო უხვი სანელებლებით გამოირჩევა, მზა კერძი სურნელოვანი და წვნიანი გამოდის. ტაჯინში ინგრედიენტები რამდენიმე საათით ითუშება, ამიტომ ყველაზე იაფი და უხეში ხორციც რბილი, ნაზი და პირში მდნობი ხდება.

ქოთნებისგან განსხვავებით, სადაც კერძი დაბალ ტემპერატურაზე ითუშება, ტაჯინის მოქმედება უფრო ტაფას ჰგავს – მასში პროდუქტი წვნიანი რჩება, ამასთან არ იწვება. სხვათა შორის, ჭურჭლისთვის ღუმელი აუცილებელი არაა, გაზქურაზეც მზადდება.

5. შვეიცარია – რაკლეტის გასაკეთებელი მოწყობილობა

შვეიცარიაში გიჟდებიან რაკლეტზე – კერძი, რომელიც მდნარი ყველისა და სხვადასხვა დანამატისგან (კარტოფილი, ხორცი, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები) მზადდება. სწორედ ამიტომ, რაკლეტის გასაკეთებელი დანადგარი თითოეული თავმოყვარე დიასახლისის სამზარეულოში აუცილებელი დანადგარია. სხვადასხვა სახის მოწყობილობა არსებობს, ხშირად გხვდება ელექტრო, გრილით ან მის გარეშე. ჩვეულებრივი დანადგარი გამახურებელი ელემენტისგან შედეგება, რომელსაც ტაფა ემაგრება, რომელიც ყველის დასაფენად არის განკუთვნილი. პროდუქტი დარბილების შემდეგ თეფშზე უნდა გადაიტანოთ.

6. დანია – ტაფა ელესკივერისთვის

ელესკივერი მრგვალი დანიური ფუნთუშაა, რომელიც ტრადიციულად ვაშლით ან ვაშლის ჯემით მზადდება. აქედან მოდის დესერტის სახელი, რომელიც ითარგმნება, როგორც „ვაშლის ნაჭრები“. თანამედროვე დიასახლისები ფუნთუშებს შიგთავსის გარეშე აცხობენ და სუფრაზე ჯემით ან შაქარ მოყრილი გააქვთ.

ფუნთუშას სპეციფიკური ფორმა აქვს, რომელიც ძალიან ჰგავს შესქელებული რძით სავსე საყვარელ კაკლის ფორმა ნამცხვრებს, ამიტომ განსაკუთრებული ჭურჭელი სჭირდება. დანიაში ამ მიზნით სხვადასხვა სიღრმის ტაფას იყენებენ, რომელშიც ცომს ასხამენ. სხვათა შორის, პროცესი საკმაოდ რთულია და შესაძლოა პირველივე ჯერზე იდეალური ფუნთუშა ვერ დააცხოთ. საქმე იმაშია, რომ სრულყოფილი ბურთის მისაღებად ცომი სიღრმეში უნდა ატრიალოთ, სანამ სრულყოფილი „კოკორი“ არ გამოვა. ამას ჩინური საჭმლის ჩხირებით ან თხელი ლითონის ჩხირებით აკეთებენ.

7. ჩინეთი – ვოკი

ჩინური სამზარეულო ვოკის გარეშე რთული წარმოსადგენია. ის სქელკედლიანი ტაფაა ამოზნექილი ძირით. სწორედ ამით განსხვავდება ჩინური ტაფა იმ ტაფებისგან, რომელთაც ევროპულ ქვეყნებში ვიყენებთ. ამობურცული ძირი განპირობებულია იმით, რომ ვოკში სამეფო კერძი ჩვეულებრივ ქვანახშირის ქურაზე მზადდება, რადგან სწორი ტემპერატურის რეჟიმის დაცვა და პროდუქტში სასარგებლო ნივთიერებების შენახვა ასეა შესაძლებელი.