ამ 7 რჩევით ტიპიური რემონტი უნიკალური გახდება, ხოლო ინტერიერი – მყუდრო

ჩვეულებრივ, ახალ კორპუსებში ბინები უკვე დასრულებული რემონტით იყიდება. თავიდან, ეს უპირატესობად აღიქმება – შპალერის გაკვრა, კედლების გადაღებვა და ა.შ. საჭირო არაა. ცოტა ხანში ტიპიური რემონტის „ცივ“ კედლებში ცხოვრების სურვილი ქრება. ასეთი რემონტი ხომ თითქმის ყოველ მეორე სახლში შეგიძლიათ იპოვოთ. Novate გთავაზობთ რამდენიმე იდეას, როგორ განაახლოთ ინტერიერი და მიანიჭოთ ინდივიდუალურობა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

რჩევა 1: კედლები გადაღებეთ

ყველაზე ხშირად ტიპიური რემონტი ბაზური ფერის შპალერის ან საღებავის გამოყენებას გულისხმობს. რემონტის ავტორების თქმით, ასეთი რემონტი ნეიტრალურად ითვლება. საქმე თეთრს და კრემისფერს ეხება. შპალერი სინანულის გარეშე მოიშორეთ, ხოლო საღებავის არჩევისას არა ერთ, არამედ მინიმუმ ორ ფერს უპირატესობა მიანიჭეთ. აი, ნახავთ, სივრცე დაუყონებლივ გაცოცხლდება.

შერჩეული ფერების პალიტრა ყურადღებას უნდა იზიდავდეს და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდეს, რომ ინტერიერის დიზაინზე პროფესიონალები მუშაობდნენ. გთავაზობთ რამდენიმე ფერს, რომელიც ამ საკითხში დაგეხმარებათ:

  • ნაცრისფერი. თუ პატარა ოთახისთვის ფერების ბაზა გჭირდებათ, ღია ნაცრისფერი შესანიშნავი ვარიანტია. თუ უფრო მუქ ვარიანტზე გადახვალთ და „საღებავს გაასქელებთ“, სივრცის სიღრმეს ხაზს გაუსვამთ, მას დახვეწილს და ელეგანტურს გახდით. გარდა ამისა, ნაცრისფერი როგორც კაშკაშა, ასევე დახშულ ფერებს ერწყმის, ამიტომ კომბინაციაში არ შეცდებით.
  • ცისფერი. ერთ–ერთი ყველაზე კეთილშობილი ფერი, რომლის არსებობას ინტერიერში სიმდიდრის და ფუფუნების ატმოსფერო შემოაქვს. გლუვ ზედაპირებზე შესანიშნავად გამოიყურება.
  • მწვანე. ამ ფერის შემთხვევაში სქელი ელფერები გამოიყენეთ და კაშკაშას მოერიდეთ.

აქცენტისთვის ისეთი ფერი აარჩიეთ, რომელიც ზემოთ მოცემულ ფერებს უკეთ შეეფერება. მაგალითად, ნაცრისფერს შესანიშნავად ერწყმის ვარდისფერი, მუქ ცისფერს – ოქროსფერი, ზურმუხტისფერს – ყვითელი და ა.შ.

რჩევა 2: ფსონი ტექსტურაზე გააკეთეთ

მნიშვნელობა არ აქვს, რას ყიდულობთ, ტექსტილს, ავეჯს, აქსესუარებს თუ დეკორის ელემენტებს, მათ ტექსტურას ყურადღება მიაქციეთ. რაც უფრო მეტი მრავალფეროვანი ზედაპირი ფიგურირებს ინტერიერში, მით უფრო ძვირადღირებულად და დაგეგმილად გამოიყურება. მაგალითად, თუ კედლების გადაღებვა გადაწყვიტეთ, ჩვეულებრივი ლილვაკის ნაცვლად რელიეფური გამოიყენეთ. ფასით ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, სამაგიეროდ რელიეფური ლილვაკის შედეგი უფრო საინტერესოა. თუ ქსოვა გიტაცებთ, დივნის გადასაფარებელი მოქსოვეთ. ძველი ხის ლაქიანი კარადის ზედაპირი ზუმფარის ქაღალდით გახეხეთ. ნახევარი საათიანი მუშაობის შემდეგ ვინტაჟურ ეფექტს მიიღებთ. მოდური და ლამაზი!

რჩევა 3: კლასიკური ელემენტები დაამატეთ

ახლა კლასიკურ სტილს ინტერიერისთვის იშვიათად იყენებენ. არა იმიტომ, რომ პომპეზურად გამოიყურება, უბრალოდ საკმაოდ ძვირია. საბედნიეროდ, მსგავსი სტილის ლამაზი ელემენტები თანამედროვე ინტერიერს შესანიშნავად ერწყმის. ასეთი მიდგომა სივრცეს ელეგანტურობას და ფუფუნებას მატებს.

აი, რამდენიმე ვარიანტი, როგორ შემატოთ ინტერიერს კლასიკური ნოტები:

  • მაღაზიაში წადით, სადაც მხატვრებისთვის აქსესუარები იყიდება და კლასიკური სტილის გიფსის თავი ან ბიუსტი იპოვეთ. სტელაჟზე, კომოდზე ან თაროზე შეგიძლიათ დადოთ. ნებისმიერ შემთხვევაში აქსესუარი ინტერიერს მოუხდება.
  • დიდ ბაზრობაზე რამდენიმე გაცვეთილი ხის ჩარჩო შეარჩიეთ. მათში თქვენი ფოტოები, ნახატები ან პოსტერები ჩადეთ. ასე ლამაზი გალერეა გამოვა სიძველის ნოტებით.
  • გამოიყენეთ მოძველებული საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც ყოველდღიურ რუტინასთან ნაკლებად ასოცირდება: ნაჭრის ხელსახოცები, მაგიდის გადასაფარებელი, სასანთლეები ოდნავ გამდნარი სანთლებით და ა.შ.

რჩევაა 4: სახლში ლარნაკები დადგით

თუ დიზაინერული ინტერიერის დათვალიერება მოგწონთ, ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ასეთ ბინებში ლარნაკები ცოცხალი ყვავილებით, ფოთლებით, ტოტებით აუცილებლად გვხდება. ასე სივრცე უფრო მყუდრო ხდება. ჩვევად გქონდეთ, რომ თვეში რამდენჯერმე გარემო ახალი კომპოზიციებით განაახლოთ. ძვირადღირებული ორქიდეის ან ვარდის დიდი თაიგულის შეძენა აუცილებელი არაა. უფრო ბიუჯეტური, მაგრამ არანაკლებ ლამაზი ვარიანტები შეარჩიეთ.

მაგალითად, მაღალ ცილინდრულ მინის ლარნაკში მონსტერას მსხვილი ფოთლები ჩადეთ, ძალიან ეფექტური გამოვა. მეორე ვარიანტი: მინდვრის ყვავილები აგარაკიდან ჩამოიტანეთ ან ბაზარზე იყიდეთ. უბრალო ნახევარლიტრიან ქილაში ძალიან საყვარლად გამოიყურება. სეზონური ყვავილები ასევე შესანიშნავი იდეაა.

შენიშვნა: ზამთარში ლარნაკში ჩადეთ გირლანდებით გაფორმებული ხის ტოტები ან ხმელი ყვავილები – ლაკონურად გამოიყურება და თან თაიგულის შესაძენად ფულის დახარჯვა არ მოგიწევთ.

რჩევა 5: წიგნები გამოიყენეთ

დიზაინერები ფოტოსესიამდე ინტერიერში წიგნებს ამატებენ, რომ უფრო საცხოვრებელი და მყუდრო გამოჩნდეს. გარდა ამისა, ინტერიერში არსებული ლიტერატურა აქ მცხოვრები ადამიანების განწყობას და ხასიათს ასახავს, ამიტომ ინდივიდუალურობას მატებს.

თუ სახლში დიდი ბიბლიოთეკა გაქვთ, წიგნების ნაწილი დეკორად გამოიყენეთ. კომოდის ან ჟურნალების მაგიდისთვის დეკორატიული კომპოზიცია შექმენით ან საწოლის ტუმბო გააკეთეთ, ეს ძალიან ორიგინალურია. შესანიშნავი გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც მეტის წაკითხვა სურს. თუ ლიტერატურა ახლოს გექნებათ, ხელს უნებურად გაიწვდენთ, იმ სიტუაციისგან განსხვავებით, როცა წიგნები კარადაშია შენახული. ასეთ დეკორს სტატუეტების, სასანთლეების და სხვა რთული ფორმის დეკორთან შედარებით ხელშესახები უპირატესობა აქვს: წიგნიდან მტვრის გადაწმენდა უფრო მარტივია.

რჩევა 6: ხალიჩა დააფინეთ

ბევრი ფიქრობს, რომ ხალიჩა მტვრის შემგროვებელია. დიასახლისებისთვის სახლის დალაგება ჯოჯოხეთის ტოლფასია, ამიტომ ხალიჩაზე ხშირად უარს ამბობენ. და სულ ტყუილად, ის ბევრ სხვადასხვა პრობლემას აგვარებს. მაგალითად, თუ პირველ სართულზე ცხოვრობთ ან საძინებელ ოთახში ცივი იატაკი გაქვთ, ხალიჩა ნამდვილი მხსნელი იქნება – შეგიძლიათ თხელი წინდებით ან საერთოდ ფეხშიშველა იაროთ. ხალიჩა აუცილებელია იმ ზონაში, სადაც ბავშვები თამაშობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაცივდნენ. ზოგიერთ ბინაში ხალიჩას კედლებზე კიდებენ, რომ ზედაპირი დაათბონ და კარგი ხმის იზოლაცია უზრუნველყონ. არ დაგავიწყდეთ, რომ ტექსტილი ინტერიერს უფრო მყუდროს ხდის და მის გარეგნულ იერს სრულად ცვლის. ნეიტრალური ვარიანტი შეარჩიეთ, რომელიც საერთო ინტერიერიდან არ ამოვარდება, ან ფერადი ხალიჩა გამოიყენეთ და აქცენტად გამოიყენეთ. ამ შემთხვევაში, ოთახში ხალიჩის გარდა კიდევ რამდენიმე, მსგავსი ფერის დეტალი უნდა არსებობდეს, რომ უცხოდ არ გამოიყურებოდეს.

რჩევა 7: კედლის ფერი ფარდები დაკიდეთ

თუ ნათელი აქცენტისთვის ტექსტილი თქვენი ვარიანტი არაა, კედლის ფერი ფარდები შეარჩიეთ. ეს სასარგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან სივრცეს ვიზუალურად ამარტივებს და აფართოებს, ფუნქციის და კვადრატული მეტრის დაკარგვის გარეშე. დაბალი ჭერის შემთხვევაში კარნიზი მაქსიმალურად მაღლა დაკიდეთ, ასე ჭერს ვიზუალურად აწევთ და თავს ვიწრო გალიაში არ იგრძნობთ.