8 ნივთი, რომელიც ბინას ვიზუალურად ღარიბულს ხდის, თუნდაც მფლობელი ბანკის დირექტორი იყოს

ადამიანმა შეიძლება საკუთარ თავთანაც არ აღიაროს, რომ მოდური და ლამაზი ბინის ქონა სურს, რომელიც მეგობრებსა და ნათესავებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს. Novate გიამბობთ, რომელი ნივთები უნდა გადაყაროთ ამ მიზნის მისაღწევად. სპოილერი: ისინი მეპატრონის უგემოვნობას ააშკარავებს და სიღარიბეს აჩვენებს.

1. ხალიჩის ბილიკი დერეფანში

ხალიჩა შენობას მყუდროებას მატებს და ინტერიერს დასრულებულს ხდის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარისხიანია და საცხოვრებელ ოთახშია დაფენილი. კარის ხალიჩა, ასევე ბილიკები სსრკ–ს სტილში, შემოსასვლელის ესთეტიკას კლავს, მტვერს და ჭუჭყს აგროვებს და რამდენიმე კვირაში გამოუსადეგარი ხდება. ბინის გაცნობა სწორედ შემოსასვლელიდან იწყება, ამიტომ მსგავსი ელემენტი მყუდრო ატმოსფეროს შექმნის მთელ მცდელობას წყალში ჩაგიყრით.

20-30 წლის წინ ასეთი ბილიკები თითქმის ყველა ბინაში გვხდებოდა, რომ უშნო იატაკი და ბზარები დაემალათ და ცოტა ხმის იზოლაცია შეექმნათ. ახლა ამის აუცილებლობა არაა. ჭრელი ხალიჩები მხოლოდ სიღარიბესა და უგემოვნობაზე საუბრობს. თუ მაინც გსურთ, რომ შემოსასვლელში ხალიჩა იყოს, შეარჩიეთ ხარისხიანი, პრაქტიკული მოდელი, რომელიც ოთახის ინტერიერს შეეფერება.

2. ბალიშის გადასაკრავი ზუსტად ისეთი ფერი, როგორც დივნის გადასაფარებელია

ბიუჯეტურ ავეჯს ხშირად იმავე ფერის ბალიშები ახლავს. ასეთი დუეტი მოსაწყენად და უშნოდ გამოიყურება. გარდა ამისა, შეიძლება დივნის ფორმა დაამახინჯოს, რაც ინტერიერის საერთო სურათზე ცუდად აისახება. არასასურველია, რომ დივანი ფარდის მასალის მსგავსი ბალიშებით გაავსოთ. დიახ, ადრე ეს მოდური ხრიკი იყო, მაგრამ ახლა ისე გამოიყურება, თითქოს შუა რემონტში ფული დაგიმთავრდათ და ფარდის დარჩენილი ნაჭრით ბალიშის გადასაკრავის შეკერვა გადაწყვიტეთ.

სჯობს უპირატესობა მიანიჭოთ ლამაზ დეკორატიულ ბალიშებს მოდური პრინტით ან მოდური გადასაკრავით. მნიშვნელოვანია, რომ დივნის გადასაფარებელს არ შეერწყას, არამედ წარმატებული კონტრასტი შექმნას. ამ შემთხვევაში ჰარმონიულ გარემოს მიიღებთ.

3. კარის ფარდები

ადრე ბევრი დიასახლისი მძივებით ან ძაფებით აწყობილ ფარდებს კარებზე კიდებდა, რომ სივრცე ვიზუალურად გამოეყოთ. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ამას არანაირი აზრი აქვს (თუ გავლისას შრიალის და რაკუნის ხმა არ მოგწონთ). იგივე წარმატებით, კარის ნაცვლად შეგიძლიათ ტექსტილის ფარდა დაკიდოთ ან თაღი გააკეთოთ და ლამაზად გააფორმოთ. უფრო ლაკონური და სუფთა ვარიანტია. გახსოვდეთ: საძინებელსა და სააბაზანო ოთახებში კარების ქონა აუცილებელია. რაც შეეხება სამზარეულოს, აქ თქვენი სურვილებით იხელმძღვანელეთ.

4. აბრეშუმის თეთრეული

აბრეშუმი იაფი არაა, ამიტომ ბევრი ადამიანი ორიგინალის მსგავს პოლიესტერის იაფ ასლებს ყიდულობს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავსი ნაწარმი არა მხოლოდ საშინლად გამოიყურება, არამედ გამოსაყენებლად მოუხერხებელია. საერთოდ, ნამდვილი აბრეშუმის თეთრეულიც ფუფუნების, სიმდიდრის და მაღალი სტატუსის ნიშანი არაა. უილიამ ჰენსონი, ეტიკეტის და მანერების ექსპერტი, ამბობს, რომ აბრეშუმის თეთრეულს მხოლოდ „ახალგაზრდა ფლეიბოიები“ ყიდულობენ, რომლებიც რჩეულზე შთაბეჭდილების მოხდენაზე ოცნებობენ. შეძლებული ხალხი ნატურალური ბამბის ან სელის თეთრეულს უპირატესობას ანიჭებენ. ის არ სრიალებს, ლამაზად გამოიყურება და ნებისმიერ ინტერიერს ეთავსება.

5. შეუფერებელი ჭაღი

„მდიდრული“ სტილის ჭაღები საბჭოურ სტილში ან ბევრი ყვავილით, კულულით, გრძელი ხვეულით ვერც ერთ ინტერიერს ჰარმონიულად ვერ ერწყმის. მარტივი ფორმის ლაკონური სანათი უფრო გონივრულად გამოიყურება, ხოლო ნათურა ცისარტყელას ფერებში მოციმციმე ნათურებით შორეულ წარსულში უნდა დარჩეს, რომ ბინის იერსახე არ გააფუჭოს.

დაიმახსოვრეთ, რომ თანამედროვე განათება რამდენიმე დონის განათების მოწყობას გულისხმობს. მხოლოდ ერთი ჭაღი საკმარისი არაა, რომ ოთახი მოდური და ფუნქციური გახდეს. რაც უფრო მეტი სინათლის სცენარი გაქვთ, მით უფრო საინტერესოდ გამოიყურება. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ოთახი ვიზუალურად რამდენიმე ზონად დაყოთ და განათება ჩართოთ იქ, სადაც კონკრეტულ მომენტში გჭირდებათ. მაგალითად, ტორშერი სავარძლის გვერდით დადეთ და კითხვისას ჩართეთ. ნათურა მაგიდაზე დადეთ, რომელიც სამუშაოს შესრულებისას გამოგადგებათ.

6. ხელოვნური ყვავილები

ოთახის მცენარეებზე უარს ამბობენ ისინი, ვისაც მათ მოსავლელად (მორწყვა, გამოკვება, გადარგვა და ა.შ.) დრო არ აქვს. მათ ნაცვლად ხელოვნურ თაიგულებს და ყვავილებს ქოთნებში დებენ და ინტერიერს „ამშვენებენ“. ასეთ დეკორს ბინისთვის სარგებელი არ მოაქვს. ერთნაირი ხელოვნური ყვავილები და შხამიანი ფერის ფოთლები ინტერიერს იაფფასიანს ხდის და უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს. ერთადერთი ვარიანტი: მაქსიმალურად რეალისტური ნიმუშები შეარჩიეთ, რომელიც ვიზუალურად ნამდვილ ყვავილებს ჰგავს.

მაინც, ცოცხალ ყვავილებს ხმას ვაძლევთ. ის სახლში მყუდრო ატმოსფეროს ქმნის, სტრესს ამცირებს, განწყობას ამაღლებს. გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ოთახები შეგიძლიათ სეზონური თაიგულებით (გვირილა, ტიტა და ა.შ.) დაამშვენოთ. რამდენიმე უპრეტენზიო ოთახის მცენარე გაზარდეთ, რომელსაც რეგულარული მორწყვა არ სჭირდება. მაგალითად, კაქტუსი ან ფულის ხე ყველაზე საქმიანი დიასახლისის სახლშიც გადარჩება.

7. პირსახოცი ცხოველის პრინტით

ახლა ლაკონურობა ტრენდშია. ეს ტანსაცმელს, მაკიაჟს, აქსესუარებს და, რა თქმა უნდა, ინტერიერს ეხება. სწორედ ამიტომ, ნეიტრალური ერთი ფერის ნიმუშები შეიძინეთ, რომელიც ოთახის ფერებს იდეალურად ეთავსება. ნებისმიერი ქსოვილის ფერი თანდათან უფერულდება, რის გამოც პირსახოცი, რომელსაც იშვიათად იყენებთ, ძველად და გაცვეთილად გამოიყურება.

სინთეტიკური ქსოვილი ცუდი ხარისხის ნახატებით კიდევ უფრო სწრაფად უფერულდება. რამდენიმე რეცხვის შემდეგ შეგიძლიათ იატაკის ჩვრად გამოიყენოთ. ამ მიზეზით გირჩევთ, რომ მხოლოდ ნატურალური მასალის პირსახოცი შეიძინოთ. მაგალითად, ბამბის, ბამბუკის და ა.შ. უფრო ლამაზია და დიდხანს გემსახურებათ (სწორი მოვლის პირობებში). უნივერსალურია თეთრი პირსახოცი, რომელიც ინტერიერს მდიდრულს ხდის.

8. ძველი ავეჯის და ახალი ტექნიკის კომბინაცია

ინტერიერში ძველი ავეჯი და ახალი ტექნიკა ზუსტად ისე სასაცილოდ გამოიყურება, როგორც ადამიანები ძვირადღირებული აიფონებით ავტობუსებში. მსგავსი მეზობლობა დისონანს და ლოგიკურ კითხვას იწვევს, თუ რატომ ხარჯავენ ფულს 1000 ლარიან ტელევიზორში, თუ ამ კედელს ძველი შპალერი ამშვენებს, ხოლო მოპირდაპირედ ძველი გაცვეთილი დივანი დევს.

პრიორიტეტები სწორად დასახეთ. იდეალურია, თუ კარგ რემონტს გააკეთებთ, შემდეგ ბინას ხარისხიან საყოფაცხოვრებო ტექნიკას შემატებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუმრებს ისეთი შეგრძნება ექნებათ, რომ ფული მხოლოდ ტელევიზორისთვის გეყოთ ან მის შესაძენად კრედიტის აღება მოგიწიათ. უკიდურეს შემთხვევაში ახალი ავეჯი არ შეიძინოთ, არამედ ძველს ახალი სიცოცხლე შთაბერეთ: დივანსა და სავარძელზე გადასაკრავები განაახლეთ, სამზარეულოს ავეჯი გადაღებეთ და ა.შ.