8 მეთოდი, როგორ გადავაქციოთ მოსაწყენი საააბაზანო მდიდრულ ოთახად

ადრე სააბაზანო ოთახის დიზაინში პრაქტიკულობა მთავარი პირობა იყო. ახლა მხოლოდ უტილიტარულ ოთახად აღარ მიიჩნევენ, ამიტომ მის მოდურად და ლამაზად გაფორმებას მეტ ყურადღებას აქცევენ. Novate გიამბობთ, როგორ გადააკეთოთ მოსაწყენი ოთახი სამოთხის მყუდრო კუთხედ, სადაც მეტი დროის გატარებას ისურვებთ.

რჩევა 1: აქცენტები არ დაგავიწყდეთ

სააბაზანო ოთახის გასაფორმებლად მუქი ფერები არ გამოიყენოთ, თუნდაც ოთახს ფანჯარა ჰქონდეს. თქვენი მთავარი ამოცანაა მეტი სივრცის ილუზია შექმნათ. ამის გაკეთებას მხოლოდ ნეიტრალური ფერებით შეძლებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიზაინი ერთფეროვანი, ბრტყელი და მოსაწყენი უნდა იყოს.

აქცენტები გამოიყენეთ. ბევრი ვარიანტი გაქვთ. აბაზანის, საშხაპის და ნიჟარის კედელი, რომელთაც წყალთან პირდაპირი კონტაქტი აქვთ, ღია ფილებით გააფორმეთ, ხოლო დანარჩენი სივრცე თეთრ, კრემისფერ ან სხვა ღია ფერში. დიზაინერები გირჩევენ, რომ გამოიყენოთ ორიგინალური შემრევი ონკანი, რომელიც საერთო ფონიდან გამოიკვეთება, (მაგალითად, სპილენძისგან დამზადებული), სარკის მასიური ჩარჩო, რომელიც ყურადღებას იქცევს, ფერადი ტექსტილი (პირსახოცი, ხალიჩა, საშხაპე ფარდა).

რჩევა 2: ფარდა გადაწიეთ

სხვათა შორის, საშხაპე ფარდის შესახებ. ბევრი ადამიანი სააბაზანო ოთახში მის მნიშვნელობას არ აფასებს, არადა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფარდა მისაღებ ოთახში. მოიშორეთ იაფი საშხაპე ფარდა, რომელიც ტანს ეკვრის და მუშამბას წააგავს. მის ნაცვლად ელეგანტური და ლამაზი ვარიანტი შეარჩიეთ. მაღაზიებში საკმაოდ დიდი არჩევანია, მაგრამ უპირატესობა წყალგაუმტარი ქსოვილის თანამედროვე ვარიანტებს მიანიჭეთ. ასეთი ფარდა პრაქტიკული და მოდურია. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ფურჩალით ან სხვა დეკორით იპოვოთ.

თუ დრო გაქვთ, ფარდით ექსპერიმენტები ჩაატარეთ. მაგალითად, ერთის ნაცვლად ორი ფარდა ჩამოკიდეთ, რომ გვერდებზე გაწიოთ და სამაგრებზე დაამაგროთ. ასე საშხაპე  ფარდა ვიზუალურად ნამდვილს დაემსგავსება. კომპოზიცია ლამბრეკინით დაასრულეთ.

რჩევა 3: „ცოცხალი“ ავეჯი შეარჩიეთ

სააბაზანო ოთახის ინტერიერი იცვლება და 2022 წელს სულ სხვა რამ არის მოდური, ვიდრე 5 წლის წინ იყო. მაგალითად, ახლა დიზაინერები გვირჩევენ, რომ სველ წერტილში „ცოცხალი“ ავეჯი გამოვიყენოთ.  მათი თქმით, ასე ოთახს უფრო მყუდროს და შინაურულს გავხდით. ყურადღება მიაქციეთ ტუმბოს, რომელიც გარეგნულად საძინებლის ან მისაღები ოთახების ავეჯისგან არ განსხვავდება. ასევე შეგიძლიათ ხის ნიმუში შეუკვეთოთ და მასზე დასადგამი ნიჟარა დადოთ. თუ ადგილი საშუალებას გაძლევთ, კარადა დადგით და პირსახოცის და სხვა აქსესუარების შესანახად გამოიყენეთ. დაე, სარკე იყოს არა პლასტმასის ჩარჩოში, არამედ „ცოცხალში“ – მოჭედილი ან ხის.

შენიშვნა: კომფორტული სავარძელი სააბაზანო ოთახს ბუდუარად გადააქცევს. ალბათ, ამ ნივთის ნახვას არ ელოდით! მასზე შეგიძლიათ ტანსაცმელი ან პირსახოცი დააწყოთ, ჩამოჯდეთ, სანამ აბაზანა ივსება ან სანამ მაკიაჟს იკეთებთ. თუ ოთახი ასეთი ფართო არაა, სავარძლის ნაცვლად პატარა, მაგრამ მოდური ტაბურეტი ან სკამი რბილი გადასაკრავით გამოიყენეთ.

რჩევა 4: ორიგინალური სარკე ჩამოკიდეთ

სარკისგან ბევრს იშვიათად ელოდებიან. თვლიან, რომ  მას მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს – ანარეკლის ასახვა. ამ დროს სარკის დეკორატიული შესაძლებლობები გვავიწყდება. სარკე შეიძლება ყურადღების მიმქცევი აქცენტი გახდეს. თუ ამის პრაქტიკაში გამოცდა გსურთ, მოსაწყენი მრგვალი, კვადრტულ ან მართკუთხა ფორმის სარკეზე უარი თქვით. არასტანდარტულ დიზაინს უპირატესობა მიანიჭეთ, რომ სააბაზანო ოთახს ინდივიდუარობა შემატოთ. სხვათა შორის, ულტრამოდურ სარკეზე ფულის დახარჯვა საჭირო არაა. გირჩევთ ძველმანების ბაზრობაზე შეიხედოთ – აქ შესაძლოა ნამდვილი ბრილიანტი მისაღებ ფასად იპოვოთ.

რჩევა 5: ჩაშენებული ნათურები ჭაღით ჩაანაცვლეთ

სველ წერტილში განათების ყველაზე გავრცელებული ვარიანტი ჭერის ნათურებია. შენიშვნა: „გავრცელებული“ და არა „ერთადერთი“. თუ ოთახის ფართობი საშუალებას გაძლევთ, მოსაწყენ წერტილოვან განათებასა და მოკრძალებულ პლაფონებზე უარი თქვით და მათ ნაცვლად ჭაღი–კანდელიაბრი გამოიყენეთ. ასე ოთახს ბზინვარებას და სიმყუდროვეს შემატებთ. ყურადღება მიაქციეთ: აუცილებელი არაა, რომ ჭაღს რამდენიმე სართული და რამდენიმე რიგი ბროლის საკიდი ჰქონდეს. მაღაზიებში უფრო კომპაქტურ ვარიანტებსაც იპოვით. თუ ჭერი ძალიან დაბალია, მინიატურულ ბრაზე შეჩერდით – პირდაპირ ჭერის ქვეშ დაკიდეთ, ესეც ჰარმონიულად გამოიყურება.

რჩევა 6: მცენარეები შემატეთ

მაშინაც კი, თუ სახლში ყველა ფანჯრის რაფა მცენარეებით გავსებულია, კიდევ ერთ ქოთანს უფრო ჩავაკვეხებთ, ვიდრე სააბაზანო ოთახში გავიტანთ. ყველაფერი სტერეოტიპის გამო, რომ მაღალი ტენიანობის და სინათლის დეფიციტის პირობებში მცენარე ვერ გადარჩება. სინამდვილეში არსებობს უპრეტენზიო მცენარეები, რომლებიც ჩრდილზე გიჟდებიან. მათ უფანჯრო ოთახში ცხოვრება შეუძლიათ, უბრალოდ კვირაში რამდენჯერმე სინათლეზე უნდა გაიტანოთ. ასეთი მცენარეა გვიმრა, ასპიდისტრა, აგლაონემა. თუ დიდი მცენარე მოგწონთ, რომელსაც კუთხეში დადგამთ, ციპერუსი შეარჩიეთ.

სეზონური თაიგულები არ დაგავიწყდეთ – ლარნაკში ყვავილები შეგიძლიათ ყოველ მეორე დღეს გამოცვალოთ. ასე სააბაზანო ოთახი ახალი ფერებით ათამაშდება, უფრო მყუდრო გახდება. თუ ყვავილებს სასიამოვნო არომატიც აქვთ, ნამდვილ ჯეკპოტს მოიგებთ.

რჩევა 7: შესაფერისი არომატი შეარჩიეთ

არომატის არჩევა მფლობელის ხასიათზე, ასაკსა და სურვილებზეა დამოკიდებული. ასევე წლის სეზონის მიხედვით შეიძლება შეირჩეს. თუ არ იცით, როგორი სუნები გჭირდებათ, მსუბუქი არომატები შეარჩიეთ, რომლებიც თავის ტკივილს არ იწვევენ. ექსპერტების თქმით, იდეალური ვარიანტია ბერგამოტი, ქოქოსი, ლავანდა, ოკეანის ნიავი, ბამბა, ვანილი. ციტრუსის მოყვარულებს შეუძლიათ გრეიფრუტი შეარჩიონ.

არა მხოლოდ სუნის, არამედ მისი გამაფრქველი მოწყობილობის არჩევას სწორად უნდა მიუდგეთ. კლასიკური ჰაერის გამაჯანსაღებლების უმეტესობა ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც სუნთქვას ართულებს. ვარიანტი: არომატული დიფუზორით შეცვალეთ, რომელიც მთავარი ფუნქციის გარდა ჰაერს წმენდს და ბაქტერიებს ანადგურებს.

რჩევა 8: ბიბლიოთეკა მოაწყვეთ

მოგწონთ წიგნების კითხვა არომატული ქაფით სავსე აბაზანაში წოლისას? მაშინ კომფორტული პირობა მოიწყვეთ. წიგნებისთვის პატარა სტელაჟი ან თარო დაკიდეთ, სადაც საყვარელი მწერლის რამდენიმე ტომს მოათავსებთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ წიგნები არ დასველდეს – შენობა რეგულარულად გაანიავეთ. პერიოდულად მინი ბიბლიოთეკა განაახლეთ. ასე აბაზანის მიღება საყვარელი გამოცემით ხელში ნამდვილი ნეტარება გახდება. როგორც ამბობენ, სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს შეუთავსეთ.