კოტეჯი ტყეში: კომფორტული ადგილი დასასვენებლად და განსატვირთად

სოჰეილ კიანმა, ირანელმა არქიტექტორმა, ტყის კოტეჯის კონცეპტუალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც შესანიშნავი ადგილი გახდება, სადაც ქალაქის რეალობიდან მოშორებით განმარტოებას და განტვირთას შეძლებთ. ბუნების ზონაში დასასვენებელი სახლის დიზაინი A ფორმის შენობაა, რომელიც კომფორტით განებივრებული თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის.

ტყის კოტეჯის Gisoom კონცეპტი სოჰეილ კიანმა, 3D არქიტექტურული ვიზუალიზაციის ოსტატმა და პერსპექტიულმა ირანელმა დიზაინერმა, შეიმუშავა. შთამბეჭდავი სახლის აშენებას ჩრდილოეთ ირანში, ტალეშის რაიონში აპირებენ. ქალაქიდან სიშორე, ტყიანი მთის ფერდობი, ტბის ნაპირი, ფანტასტიკურად ლამაზი ბუნება, კიდევ რა სჭირდება ქალაქელს დასასვენებლად? სწორედ ასეთი კონტიგენტისთვის არის შექმნილი სააგარაკო კოტეჯის პროექტი, რომელიც A ფორმის ორი კარკასული სახლისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს სახურავის ზედა ნაწილში მინის საჰაერო ხიდით უკავშირდებიან.

Novate–ს ინფორმაციით, ტყის სახლი 3D რენდერინგით არის ნაშენი და მიბმულია არა მხოლოდ კონკრეტულ ადგილს, არამედ სინათლის მხარეს. მხარეები, რომლებიც მთლიანად მინისაა, ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარესკენ არის მიმართული, რომ სახლში მეტი ბუნებრივი სინათლე შემოუშვას. დამატებით, ლანდშაფტის ეს ნაწილი უფრო თვალწარმტაცია, ამიტომ დამსვენებელს დივნიდან/საწოლიდან ადგომა არ მოუწევს, რომ ბუნების სილამაზით დატკბეს.

აღსანიშნავია: იმის გამო, რომ მზის სხივები ზოგიერთ წერტილში შეიძლება ძალიან კაშკაშა იყოს, მინის ფასადების ზემოთ ფართო კარნიზებია მოთავსებული, რომელიც ჩრდილს უზრუნველყოფს და ძლიერი წვიმების დროსაც დაგიცავთ. სხვა დროს შესანიშნავი ადგილია სუფთა ჰაერზე დასასვენებლად, მით უფრო ამისთვის საკმარისად ფართო პლატფორმაა გათვალისწინებული. სხვათა შორის, ერთდროულად ორივე მოდულს აკრავს და როგორც სასეირნო/დასასვენებელ, ასევე აუზის მოსაწყობად სტაციონალურ პლატფორმას ქმნის.

თუ ფერებსა და მოსაპირკეთებელ მასალებზე ვსაუბრობთ, პროექტის ავტორის შთაგონების მთავარი წყაროა ხე, მინა და ლითონი. სახურავი, რომელიც ორი ფასადის კედლის როლს ასრულებს, მუქი შოკოლადისფერი კედრის ფილებით არის დაფარული, ამავე ფერშია გაფორმებული ფანჯრის ჩარჩოები და ორი სახლის გარშემო პლატფორმა. ისინი პირდაპირ კონტრასტს ქმნიან ღია ხესთან, რომლიდანაც კარნიზების შიდა ნაწილი და კოტეჯის ინტერიერია დამზადებული.

იმის გამო, რომ მუდმივად ცვალებადი სილამაზის ყურებაში ყურადღება არაფერმა გაგიფანტოთ, ინტერიერის დიზაინი მშვიდია. თავისუფალი განლაგება, მინიმუმი ტიხარი და დიდი ავეჯი, რბილი განათება, კეთილმოწყობილი სამზარეულო, სააბაზანო და აუცილებელი ტექნიკა – ეს ყველაფერი საკმარისია, რომ ქალაქის ხმაურს მოშორდეთ და სიმშვიდით, სიწყნარით და ჰარმონიული ატმოსფეროთი დატკბეთ.

ერთ–ერთ მოდულს პირველ სართულზე აქვს ფართო მისაღები და საიმედოდ დაფარული სააბაზანო ოთახი კიბის ქვეშ. მეორე დონეზე საძინებელი მდებარეობს.

მეორე სახლს ქვედა სართულზე სრულად აღჭურვილი სამზარეულო და ფართო სასადილო აქვს, მეორე სართულზე – საძინებელი ოთახი. საინტერესო გადაწყვეტილებაა ორი საძინებლის დაკავშირება საჰაერო ხიდით, რომელსაც მინის მოაჯირები აქვს, და მასზე დასასვენებელი ზონის მოწყობა ხის ბუხრით, რომელიც გემრიელი და სასარგებლო კერძების მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.