მოდულური სახლი, რომლის აწყობა, გაფართოება ან მიწისძვრის შემდეგ აღდგენა ადვილია

ადამიანს სტიქიური უბედურებების შეჩერება არა, მაგრამ დანაკარგის თავიდან აცილება შეუძლია. მაგალითად, ეკვადორელმა არქიტექტორებმა შექმნეს სეისმურად გამძლე  მოდულური სახლი, რომელიც ტექნიკის გამოყენების გარეშე მარტივად შეგიძლიათ ააწყოთ, საჭიროების შემთხვევაში გააფართოვოთ და სწრაფად აღადგინოთ, თუ ძლიერი მიწისძვრის შედეგად მაინც დაზიანდება.

1. როგორ გახდა საგამოფენო პავილიონი სეისმურად გამძლე სწრაფად ასაწყობი სახლის პროტოტიპი

სეისმურად აქტიურ ზონებში ცხოვრება ყოველთვის საფრთხის შემცველია, რადგან დედამიწის ქერქის მოძრაობამ შეიძლება დიდი შენობების ნგრევა გამოიწვიოს, რომლის ქვეშ ხშირად ხალხი იღუპება. კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად და დაზარებულების საცხოვრებლით სწრაფად უზრუნველსაყოფად დიზაინერებმა შეიმუშავეს სახლის სპეციალური კონსტრუქცია, რომელსაც ძლიერი დარტყმების გაძლება და დაზიანების შემთხვევაში აღდგენა შეუძლია. მაგალითად ავიღოთ არქიტექტურული კომპანიის El Sindicato Aquitectura გამოგონება, რომელიც ეკვადორში დაზარალებული ხალხის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში აქტიურად ჩაერთო. მათ საფუძვლად გამოიყენეს კიტოში (ეკვადორის დედაქალაქი) ერთ–ერთ საერთაშორისო გამოფენაზე არქიტექტურული სტუდიის AL BORDE მიერ შემუშავებული გერმანული პავილიონი (German pavilion for HIII). მოდული სრულყვეს ისე, რომ მისი გამოყენება ცხელ კლიმატურ ზონაში სრულფასოვანი ცხოვრებისთვის შეიძლება.

„მიწისძვრის შემდეგ, რომლის ეპიცენტრი სანაპიროზე ზონაზე მოხვდა, გადავწყვიტეთ, რომ პავილიონი სწრაფად ასაწყობ სახლად გადაგვეკეთებინა, რომელიც იმდენი ღირს, რამდენიც მთავრობის მიერ დადგმული, მაგრამ ჩვენი სეისმურად უფრო გამძლეა და მარტივად აღსადგენი“ – განმარტავს საკუთარ გადაწყვეტილებას კომპანიის El Sindicato Arquitectura წარმომადგენლები.

2. სრულყოფილი მოდულური სახლის კონსტრუქცია

მოდულის კონსტრუქციის ცალკეულ ბლოკებად „დაშლის“ შემდეგ ეკვადორელი დეველოპერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია LEGO კონსტრუქტურის ცალკეულ ელემენტებად, დამკვეთის მოთხოვნების მიხედვით. თუ მოდულური სახლი 1–2 ადამიანის საცხოვრებლად არის გათვლილი, ერთი საცხოვრებელი ბლოკი საკმარისია, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ საჭირო რაოდენობის დამატებითი ბლოკები მიამატოთ.

„ეს პროგრესული ასაწყობ–დასაშლელი მოდულური სახლია სახელად The Prototype (პროტოტიპი), რომელსაც ორი დაგეგმილი გაფართოება აქვს, თუ ერთსართულიან შენობად გამოიყენება. ორსართულიანი ობიექტის აწყობად შეიძლება, ოღონდ ერთი გაფართოებული მოდული შუალედურია“, – ამბობენ დეველოპერები.

აღსანიშნავია, რომ მოდულური სახლის წარმოება ინდუსტრიულად შეიძლება, რაც პროცესის ღირებულებას ამცირებს და მშენებლობის ეფექტურობას ზრდის. Novate–ს ინფორმაციით, ასაწყობი–დასაშლელი კონსტრუქციის ყველა ელემენტი ძელისა და ფანერისგან მზადდება, რაც საშუალებას იძლევა ვერტმფრენით ყველაზე მიუწვდომელ ადგილებშიც ჩაიტანონ. დეტალების შემუშავებისას სახლის კონსტრუქცია იმდენად გაამარტივეს, რომ სახლი მძიმე სამშენებლო ტექნიკის და მაღალი კლასის სპეციალისტების ჩარევის გარეშე შეგიძლიათ ააწყოთ.

3. მოდულური სახლის The Prototype აწყობის რეალური მაგალითები

2016 წელს სოფელში ლოს–ჰორკონსიტოს–მანაბიში ძლიერი მიწისძვირის შემდეგ აშენებული სახლი ორ მოხუცს ეკუთვნის, რომელთაც დროდადრო შვილები და შვილიშვილები სტუმრობენ. კომპანიის სპეციალისტებმა სინათლის მხარეების, მიმდებარე ინფრასტრუქტურის და რელიეფის მახასიათებლები გაითვალისწინეს.მათ გადაწყვიტეს მთავარი მოდულის დაყენება, სადაც მშვიდად ცხოვრება შეიძლება, სანამ დამატებითი ბლოკების აწყობა მიმდინარეობს.

ასაწყობად მთავარი ორიენტირი იყო კლიმატური პირობები, მზის სინათლე და ქარის მიმართულება, რომ ჯვარედინი ვენტილაცია უზრუნველყოთ. პროექტის ავტორებმა მისასვლელი გზის მდებარეობა და მიმდებარე შენობებიც გაითვალისწინეს. საბოლოოდ, სამხრეთ მხარე (სადაც კაშკაშა მზეა, გზა და მეზობელი ნაკვეთი ესაზღვრება) პრაქტიკულად ყრუ კედელია, ხოლო ჩრდილოეთ მხარეს გათვალისწინებულია მინის ფასადი, რომელიც კარგ განათებას და თვალწარმტაც პეიზაჟზე ლამაზ ხედებს უზრუნველყოფს.

ცენტრალურ ბლოკში მდებარეობს პატარა მისაღები (ზონა ფანჯარასთან), სამზარეულო–სასადილო, საძინებელი და სააბაზანო ოთახი. კიდევ ორი ბლოკის მიშენების შემდეგ, აღმოსავლეთ მხარეს საძინებელი ოთახები მოაწყვეს, რომ მაცხოვრებლებს დილის მზის სხივებით ტკბობა შეძლებოდათ, აქვე საერთო სააბაზანო ოთახი მდებარეობს. შენობის დასავლეთ მხარეში მდებარეობს საერთო ზონა – ფართო მისაღები და სასადილო.

ასეთი განლაგება მფლობელებმა ისურვეს, თუმცა ამ მხრივ ბევრი ვარიანტი არსებობს. მხოლოდ ერთ ბლოკში ცხოვრებაც შეიძლება, თუ ფინანსები საშუალებას არ გაძლევთ ან შენობას აგარაკად იყენებთ.

საინტერესო ფაქტი: პირველი ორი მოდულური სახლი ექსპერიმენტული იყო, ამიტომ დეველოპერებმა სხვადასხვა მასალა გამოცადეს. მაგალითად, პირველი მოდულის კედლები დაჭრილი ლერწმისგან იყო გაკეთებული და ცემენტის და გრუნტის საღებავით დაფარული, ორი სხვა მიშენების კედლები ძველი ბაარეკეს ტექნიკით აშენდა – ლერწამი ადგილობრივი თიხით დაფარული, რომელიც სახლს ესთეტიკურ ერთგვაროვნებას ანიჭებს. სახლის აწყობას და გაფორმებას დააახლოებით 2 თვე დასჭირდა. ქარხნული მოდულის შეძენის შემთხვევაში (მზა ხის მასალით) საცხოვრებელს უკვე 1 კვირაში მიიღებთ (თვითაწყობით).

დეველოპერები გირჩევენ, რომ მოსაპირკეთებელი სამუშაოები შეასრულოთ მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც მიწისძვრის შანსი მინიმალურია. სხვა შემთხვევაში სჯობს ისეთი დატოვოთ, როგორიც არის, და აწყობისას მწარმოებლების რეკომენდაციები გაითვალისწინოთ, რადგან შენობა საშუალო სიმძლავრის მიწისძვრას დაზიანების გარეშე გაუძლებს. თუ ისე მოხდა, რომ სახლი დაიშალა, მთავარი ელემენტები არ დაზიანდება და შეგიძლიათ სახლის კიდევ ერთხელ ასაწყობად გამოიყენოთ, როგორც მინიმუმ, ხე შეგიძლიათ გადაამუშავოთ.