„პიზის კოშკი“ სან–ფრანცისკოში: რატომ იმეორებს მდიდრული ცათამბჯენი ცნობილი კოშკის ბედს

ცათამბჯენების მშენებლობა ინჟინრების და მშენებლების თავბრუდამხვევი მიღწევა და ყველაზე რთული პროცესია, რომელიც პროექტის შექმნის და მშენებლობის, ასევე შემდეგაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ურბანული დაგეგმარების ორგანიზაციის ახლომხედველობის ნათელი მაგალითია მდიდრული ცათამბჯენი Millennium Tower, რომელიც სან–ფრანცისკოს ჰორიზონტს ამშვენებს და ექსპლუატაციიდან მალევე დაჯდომა და ცენტრალური ღერძიდან გადახრა დაიწყო.

1. როგორ დაიწყო Millennium Tower–ის მშენებლობა?

როცა სან–ფრანცისკოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი შენობის, ცათამბჯენის Millennium Tower–ის მშენებლობაზე ეიფორიამ გადაიარა, აღმოჩნდა, რომ დეველოპერებმა დროზე ადრე გაიხარეს. მოულოდნელი რამ მოხდა. 197 მეტრიანმა შენობამ დაჯდომა დაიწყო. ყველაფერი კარგი, მაგრამ ელიტური ცათამბჯენი, რომელშიც ყველა საცხოვრებელი და საოფისე ფართი გაიყიდა, ცენტრალური ღერძიდან საშიში პროგრესირებით იხრებოდა.

შეგახსენებთ: სან–ფრანცისკოში ერთ–ერთი ყველაზე რესპექტაბელური საცხოვრებელი შენობის Millennium Tower (იგივე „ათასწლეულის კოშკი“) მშენებლობა შემოგვთავაზა ერთდროულად სამმა ცნობილმა კომპანიამ Millennium Partners (მათი იდეა), პროექტი შეიმუშავა Handel Architects–მა კომპანია DeSimone Consulting Engineers–ის ინჟინრების მონაწილეობით, ხოლო მშენებლობა Webcor Builders–ის სპეციალისტებმა განახორციელეს. 2003 წელს ქალაქის დაგეგმარების კომისიამ პროექტი დაამტკიცა, თუმცა სამშენებლო ინსპექტირების დეპარტამენტს (DBI) გეოტექნიკური ექსპერტული შეფასება არ გაუკეთებია (ინჟინერ–გეოტექნიკოსი ერთადერთი იყო, ვინც პროექტის წინააღმდეგი იყო). „ამ პროცედურას ძალიან დიდი დრო სჭირდება და მშენებლობის დაწყება რომ არ გაჩერებულიყო, წესებიდან გადახრა გადავწყვიტეთ“ – ასე ხსნიან ამ დაუდევრობას ახლა.

აღსანიშნავია, რომ სხვა კომპანიების მსგავსი პროექტები გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ იმიტომ დაიწუნეს, რომ უსაფრთხოების ნორმებს (DBI-ის მიხედვით) არ აკმაყოფილებდა. ახლა ბევრი თვლის, რომ ქალაქის ისტორიულ ცენტრში მშენებლობის დროს ტესტირების წესებისა და წინასწარი გამოკვლევების დარღვევების გამო (ალბათ, Millennium Partners–ის რეპუტაციამ გავლენა მოახდინა, ან შესაძლოა პროტექციაა), დაჯდომის პრობლემები დაიწყო.

როგორც არ უნდა იყოს, 2005 წელს მშენებლობა დაიწყო და უკვე 2009 წელს 350 მლნ დოლარის ღირებულების ცათამბჯენი ექსპლუატაციაში შევიდა. 58 სართულიანი შენობა, რომელიც 418 მდიდრულ აპარტამენტს და რეზიდენციას, ასევე 511 მ² ფართობის შთამბეჭდავ პენტჰაუსს, რესტორანს და რამდენიმე საოფისე სივრცეს აერთიანებს, 2013 წლამდე მთლიანად გაიყიდა. ყველაზე პატარა რეზიდენციის ფასი (ბინები დიდხანს გაქირავებული იყო, როგორც ლუქს ნომრები) 5 მლნ დოლარი ღირდა, ხოლო პენტჰაუსი 13 მლნ დოლარი. Novate–ს ინფორმაციით, Millennium Tower–ის გაყიდვების წმინდა მოგებამ 400 მლნ დოლარი შეადგინა.

2. წარმოქმნილი პრობლემები Millennium Tower–ის სრული დასახლებიდან მხოლოდ 2 წლის შემდეგ

ასეთი მაღალი შენობები ძალიან დიდხანს ჯდება, ამიტომ არავის აწუხებდა, რომ Millennium Tower–მა დაჯდომა დაიწყო. ასე მთელი 2 წელი გაგრძელდა, სანამ აღმოაჩენდნენ ცენტრალური ღერძიდან 15 სმ გადახრას (მაჩვენებლები ნებისმიერ შემთხვევაში უცვლელი უნდა დარჩეს) და მთელი 40 სმ–ით დაჯდომას. ტექნოლოგიური პროგნოზებით მხოლოდ 2028 წელს დაჯდომა 14 სმ უნდა ყოფილიყო, აქ მოკლე დროში ნორმიდან ასეთი მასშტაბური გადახრა მიიღეს.

2016 წელს საზოგადოებას მდგომარეობა გააცნეს, რადგან შენობის დახრილობის და კატასტროფული დაჯდომის დამალვა უკვე შეუძლებელი იყო. ამ აღმოჩენამ სასამართლო პროცესები გამოიწვია, რადგან ელიტური შენობის მაცხოვრებლებს ასეთ დაუდევრობასთან შეგუება არ შეეძლოთ. ბევრ ადამიანს, რომლებიც ქონებას მთელი ცხოვრება აგროვებდნენ, მრავალმილიონიანი ქონება შეიძლება ერთ წამში დაეკარგათ. ასეც მოხდა, ბინები გაუფასურდა. მათ, რომლებმაც მთელი ფინანსები უძრავ ქონებაში ჩადეს, სხვა საცხოვრებლის ყიდვას ვერ ახერხებენ, რადგან არსებულს ვერ ყიდიან.

სასამართლოში შენობის დამპროექტებელი კომპანიის ინჟინრები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ დამნაშავეები არა ისინი, არამედ მეზობლები არიან, რომლებმაც სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა დაიწყეს. მახლობლად დაწყებული ახალი მშენებლობის დაწყების გამო, საძირკვლის დამონტაჟებისას წყალი ამოიტუბა, რამაც უკვე აშენებული ცათამბჯენის „მოცეკვავე“ ეფექტი გამოიწვია. ეს არგუმენტი უარყვეს და დამკვეთ კომპანიას Millennium Partners (მთავარი ინვესტორი) პრობლემის მოგვარება დაავალეს, თუმცა შენობის მფლობელები ოფისების, რესტორნის და საცხოვრებელი ფართების მფლობელები არიან.

დეტალური გამოკვლევის შემდეგ ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ასეთი ტრანსფორმაციის მიზეზი იყო სამშენებლო სიმაღლის ნორმის დარღვევა, როცა საძირკვლის დამჭერი ხიმინჯების, ბოძების 60 მეტრამდე დაგრძელების ნაცვლად ისეთი დატოვეს, როგორც დაგეგმილი იყო – 25 მ. სხვა ობიექტებზე ასეთი მშენებლობის პრინციპი გამოიყენება, მაგრამ ამ შემთხვევაში საყრდენები კლდეს არ შეეხო, არამედ წყლიან ქვიშის ფენაში (ძალიან არასტაბილური მასალა) დარჩა. დამატებით, მიწისზედა შენობის ფართობია მხოლოდ 1,3 ათასი მ² 197 მ სიმაღლეზე, რაც არამდგრად ობიექტად აქცევს.

აღსანიშნავია: მე-19 საუკუნის შუა ხანებში სან–ფრანცისკომ სანაპირო ზოლის გაფართოება გადაწყვიტა, რისთვის სანაპირო ჭაობებში ნაგავს ყრიდა, ოკეანის ფსკერიდან ამოღებული ქვიშით და თიხით ავსებდა. სან–ფრანცისკოს თანამედროვე ცენტრის უმეტესობა, მათ შორის მიშნ–სტრიტის ნაწილი, სადაც ყბადაღებული „ათასწლეულის კოშკი“ ააშენეს, ამ ფხვიერ, სველ და არასტაბილურ მიწაზეა აშენებული. თუ ამას დავუმატებთ ორ დიდ გეოლოგიურ ნასხლეტს – სან–ანდრეასი და ჰეივორდი, მაშინ შიშები საკმაოდ რეალურია. „ფხვიერ, არასტაბილურ მიწას მიწისძვრის ტალღის სიგრძის ზრდა ახასიათებს, რომელიც მიწის ქერქის რყევების დროს შენობებს დიდ ზიანს მიაყენებს. არაფერს ვამბობთ მძიმე ობიექტების ქვეშ მიწის ბუნებრივ დაჯდომაზე“ – ამბობს კიტ კნუდსენი, მიწისძვრის სამეცნიერო ცენტრის ასოცირებული დირექტორი.

3. რა კეთდება კატასტროფის თავიდან ასაცილებლად?

ყველას კარგად ესმის, რა საფრთხეს ქმნის მაღალი შენობის ნგრევა მეგაპოლისის ცენტრში, სადაც შენობების სიმჭიდროვე წარმოუდგენლად მაღალია. შენობის დემონტაჟის სურვილი და შესაძლებლობა ჯერ არაა, ამიტომ სპეციალისტებმა ძვირადღირებული ობიექტის გადარჩენა დაიწყეს. დამატებითი ბოძების დადგმის და უკვე არსებულის გაძლიერების გეგმა შემუშავდა.

მუშაობის პროცესში დახრა უფრო გაიზარდა და 66 სმ–ს მიაღწია, ხოლო დაჯდომა 6 სმ–ით გაიზარდა. ამის მიზეზი ადრე დაყენებული ხიმინჯების გაძლიერების მცდელობა გახდა. პირველი ბოძის გაძლიერების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ იმაზე ბეტონი იხარჯება, ვიდრე უნდა იყოს. აქედან დაასკვნეს, რომ ხსნარი გადის ბურღვის დროს წარმოქმნილ სიცარიელეებში. სხვა სიტყვებით, მშენებლობის დროს იმაზე მეტი ნიადაგი ამოიღეს, ვიდრე ბოძების დასამონტაჟებლად საჭირო იყო.

დახრილობის გაზრდის გამო სამუშაო პროცესები შეჩერდა. ახალი გამოკვლევები და გეგმის შემუშავება დაიწყეს. გასული წლის ბოლოს გადაწყვიტეს შენობის გაძლიერების პროექტი შეეცვალათ. დამატებითი ბოძები შეემცირებინათ, მაგრამ 78 მ–მდე გაეზარდათ და ფოლადის კარკასით შეეფუთათ. „როგორც კი, ეს ბოძები დაიდგმება (ჰიდრავლიკური დომკრატის დახმარებით), შენობის წონის ნაწილის გადატანა ახალ საყრდენზე მოხდება. ეს თიხიან მიწაზე ზეწოლას შეამცირებს, რამაც შენობის არათანაბარი დაჯდომა გამოიწვია. მანამდე ვერც ერთი ცვლილება დაჯდომას ვერ შეაჩერებს. როცა შენობის საძირკველი გამაგრდება, შეგვიძლია დახრილობის ნაწილის აღდგენა დავიწყოთ“ – ამბობს რონალდ ჰამბურგერი, სტაბილიზაციის პროექტის მთავარი ინჟინერი.

ამასობაში, მრავალმილიონიანი საცხოვრებელი შენობა მთლიანად გაუფასურდა, საძირკვლის ბზარები მხოლოდ იზრდება, როგორც ტროტუარის მიმდებარე ნაწილზე. მხოლოდ მდგომარეობის გაურესებას პროგნოზირებენ. წინასწარი გათვლებით, თუ კოშკის დახრილობა კრიტიკულ მაქსიმუმს, 100 სმ–ს მიაღწევს, სახლთან დამშვიდობება მოუწევთ. ასეთ დახრლობაში ყველა სისტემა (წყალმომარაგება, კანალიზაცია, ლიფტი) დაიშლება. ამასთან, საძირკველი, სავარაუდოდ, ვერ გაუძლებს და შენობის ნგრევას გამოიწვევს, რომელიც აუცილებლად დომინოს ეფექტს შექმნის – ეს უკვე კატასტროფაა.