რადიალური სახლი: გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმის ნათელი მაგალითი

კაო იაის (ტაილანდი) ეროვნულ პარკში ტბის ნაპირზე, რომელიც თვალწარმტაცი მთებით და ეგზოტიკური სიმწვანით გარემოცულია, უჩვეულო ფორმის სააგარაკო სახლი ააშენეს. ეს სახლი დიდი ოჯახის დასასვენებლად დაუვიწყარი ადგილი, ასევე დაცული ზონის განსაკუთრებული ღირშესანიშნაობაა. ბუნების წიაღში დასვენება ერთდროულად რამდენიმე თაობას შეუძლია ისე, რომ ინდივიდუალური სივრცე ჰქონდეთ, თითოეულმა საკუთარი სტუმრები დაპატიჟოს და ოჯახის წევრების სიმშვიდის დარღვევის გარეშე ხმაურიანი წვეულებები მოაწყოს.

ახლახანს დიდი ოჯახისთვის, რომელიც რამდენიმე თაობისგან შედგება, სააგარაკო სახლის მშენებლობა დასრულდა და ძალიან მალე კაო იაის (ტაილანდი) ეროვნული პარკის (Khao Yai National Park) განსაკუთრებული ღირშესანიშნაობა გახდა. არქიტექტურულმა სტუდიამ Stu/D/O უცნაური ფორმის რეზიდენცია, სახელად რადიალური სახლი (Radial House) დააპროექტა. კომპანიის სპეციალისტებმა 1,1 ათას მ² ფართობის მასშტაბური შენობა დაცულ ზონას განსაკუთრებულად მოარგეს. Novate გიზიარებთ კიდევ ერთ შთამბეჭდავ პროექტს, რომელიც გარემოს ორგანულად ერწყმის.

პროექტის ავტორებმა რთული შეკვეთის შესრულებისას ოჯახის ორი თაობისთვის ინდივიდუალური საცხოვრებელი ზონები მოაწყვეს და ერთმანეთისგან დაშორებით განალაგეს.

კონსტრუქციული მახასიათებლები: სააგარაკო სახლი პირდაპირ ტბის მკვეთრ ბრუნზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ რამდენიმე მოდულად აწყობა გადაწყვიტეს. მათგან ორი მოდული ნაპირის მონახაზს იმეორებს. რთული რელიეფის გამო შენობის ნაწილმა რადიალური ფორმები მიიღო, რაც იზოლირებული ზონების შექმნის საშუალებას იძლევა. ამ ზონებში ხანდაზმული მშობლებისთვის მაქსიმალურად წყნარი საძინებელი ოთახი და მათი ბავშვებისთვიის მხიარული წვეულებისთვის გასართობი ზონა მოაწყვეს. ეს ორი ფრთა ისე მდებარეობს, რომ თითოეულიდან პანორამული ფანჯრების დახმარებით შესანიშნავი ხედები იშლება. თან ერთი მხრიდან შეგიძლიათ ტბაზე წყლის ლივლივს უყუროთ, მეორე მხარეს – თვალწარმტაც მთებს.

Radial House–ის ორი საცხოვრებელი მოდული გაყოფილია მესამე სტრუქტურით და დიდი ეზოთი, სადაც ხეები, ბუჩქები და ბალახი შენარჩუნებულია. ისინი ბუნებასთან ვიწრო კავშირს უზრუნველყოფენ, თან ხეები და ბუჩქები ზოგიერთი ზონისთვის იდეალური საფარია. მესამე მოდულის დინამიური კონსტრუქცია, სადაც საერთო ზონა მდებარეობს, ორ სხვა ბლოკსა და მათ ბინადრებს შორის კომუნიკაციას ხელს უწყობს.

ქვედა სართულის ცენტრალური ნაწილი მისაღებ ოთახს, ნახევრად ღია სასადილოს და სამზარეულოს უკავია. მშობლების საძინებელში, გარდერობის ოთახსა და სააბაზანო ოთახში მოსახვედრად ღია ტერასაზე და გადასასვლელზე გასეირნება მოგიწევთ. ის მოდულის რადიალური ნაწილის ბოლოში მდებარეობს, რომ მაქსიმალურად დაეშორებინათ ბლოკისგან, სადაც ახალგაზრდები ხმაურიან წვეულებებს აწყობენ.

ახალგაზრდების ოთახები მეორე მოცულობის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. საცხოვრებელი ზონები, მათ შორის ორი საძინებელი, ამდენივე სააბაზანო ოთახი, პატარა მისაღები და გარდერობის ოთახი მეორე სართულზე მდებარეობს, ხოლო ქვემოთ ღია დასასვენებელი ზონებია, რომელთაგან ერთ–ერთი დიდი კომპანიისთვის საზაფხულო სასადილოდ შეიძლება გადაკეთდეს. ღია ტერასის გასწვრივ დახრილი კიბით მოხვდებით სპეციალურ ადგილას, სადაც ხმაურიანი წვეულებები იმართება ისე, რომ მშობლების მშვიდად ძილს ხელს არ უშლის.

აღსანიშნავია, რომ გარდამავალი გალერიის როლს ასრულებს ბეტონის ფილები დიდი ღიობით, სადაც ხის გვირგვინი იწვერება. ასეთი დიზაინერული გადაწყვეტილებით შეძლეს მცენარეების შენარჩუნება და მასშტაბური შენობის მოწყობა, რომლის ფართობიც 1000 მ²–ს აჭარბებს. აქ სტანდარტულად მოწყობილი სახლი ძალიან მოცულობითი გამოვიდოდა. მოდულებად დაყოფა, სხვადასხვა კუთხეებში მოთავსება და ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორება, მინის ფასადები, ბევრი ღია სივრცე, დინამიური გადასასვლელები – ამ ყველაფრით შექმნეს მსუბუქი არქიტექტურული ობიექტი, რომელიც დაცულ ზონას ჰარმონიულად ერწყმის.

გალერეები და თავად მოდულები არა მხოლოდ ტბის ნაპირს იმეორებს, არამედ სწორად განაწილებულია, რომ ოჯახმა სუფთა ჰაერზე დასვენება ან გართობა შეძლონ იმის მიუხედავად, თუ როგორი ამინდია და სად მდებარეობს მზე. დაგეგმვისას მზის და გაბატონებული ქარის მოძრაობის მიმართულება გაითვალისწინეს, რის ხარჯზეც მაცხოვრებლებს მთელი წელი დასვენება შეუძლიათ, მთავარია სწორი ტერასა შეარჩიონ. სამწვადე ზონა ტბის მხარეს ღია ფართობზე მდებარეობს, რომ არა მხოლოდ ცეცხლის ალს, არამედ ღამით მთვარის ბილიკს უსასრულოდ უყუროთ.

რადიალური სახლის ინტერიერში გამოყენებული მასალები დამატებით გაფორმებას არ საჭიროებს. თანამედროვე მოდური ტენდენციის შესაბამისად, ნაცრისფერ ბეტონს არაფრით აფორმებენ, ხოლო ხე მასიურ ავეჯში, კედლისა და ჭერის პანელებში, ტიხრებში უხვად გვხდება და ისედაც ინტერიერის დეკორია. არაფერს ვამბობთ მარმარილოზე, რომელიც ზოგიერთი საცხოვრებელი ზონის იატაკის და კიბეების გაფორმებაში გამოიყენეს.

რადიალურ სახლში არაფერია ზედმეტი და გამომწვევი. მისი გარემო მოდუნებას და ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნას ხელს უწყობს იმის მიუხედავად, თუ სად იმყოფებიან მაცხოვრებლები, შიგნით თუ გარეთ.