რჩევები საუკეთესო ჭურჭლის შესარჩევად, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ

ჭურჭლის მხოლოდ გარეგნობით შერჩევა ცუდი იდეაა. პირველ ადგილზე უნდა იყოს მისი ტექნიკური დახასიათება, კერძოდ მასალა, რომლიდანაც სამზარეულოს ჭურჭელი დამზადებულია. Novate გიზიარებთ პოპულარული ჭურჭლის მახასიათებლებს, ასევე გიამბობთ, რომელ მათგანს შეუძლია თქვენ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

1. ტეფლონის ჭურჭელი

ალბათ, ოდესმე ტეფლონის ჭურჭლის ზიანზე გსმენიათ. ადრე ბევრი ფიქრობდა, რომ ასეთი საფარი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს იწვევს. ზოგი ადამიანი სიმსივნის განვითარებზე საუბრობდა. ასეთი სახიფათოა ტეფლონი თუ მის შესახებ ბევრი დასკვნა გადაჭარბებულია? ამის გასარკვევად მის უპირატესობებს და ნაკლოვანებებს გთავაზობთ.

უპირატესობა:

  • ანტიმიწვის საფარი (საჭმელი უზეთოდ შეგიძლიათ მოამზადოთ)
  • თბოგამტარობის და ყინვაგამძლეობის კარგი დონე
  • დაბალი ფასი

უარყოფითი მხარეები გაცილებით ბევრი და უფრო მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ასეთ ჭურჭელს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მეორეც, მისი ხარისხი და საიმედოობა საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს. ტეფლონის საფარზე მცირე ნაკაწრი საკმარისია, რომ ნაგავში გადააგდოთ. ჭურჭელი რბილი ჯაგრისით უნდა გარეცხოთ, ხოლო კერძის მზადებისას მხოლოდ სილიკონის ან ხის აქსესუარები გამოიყენოთ, რადგან საფარი ადვილად ზიანდება და ნაზი მოპყრობა სჭირდება. მესამეც, ტეფლონი ძლიერი გაცხელებისას (250 გრადუსზე) სახიფათო ორთქლს გამოყოფს, ამიტომ ტემპერატურას ყურადღება უნდა მიაქციოთ. მისი გამოყენება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში, სადაც ტემპერატურა მაქსიმალურ მაჩვენებელს სწრაფად აღწევს.

2. ალუმინის ჭურჭელი

ალუმინის ჭურჭელი ბაზარზე ძალიან პოპულარულია და ბევრ სამზარეულოში გვხდება. მასაც საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რომლებზეც მეცნიერები დღემდე კამათობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ ალუმინის ჭურჭელს შეიძენთ, მასალის დახასიათება დეტალურად შეისწავლეთ.

მთავარი უპირატესობა ფასია. ამ მასალის ჭურჭელი ყველაზე იაფია. სხვა ღირსებებს შორისაა კარგი თბოგამტარობა, რომლის ხარჯზეც პროდუქტი სწრაფად მზადდება. ალუმინი ფაფის და რძის დაწვას ხელს უშლის, კოროზიის მიმართ გამძლეა, რადგან ჟანგბადთან ურთიერთქმედებს.

მასალა საკმაოდ რბილია, ამიტომ ფორმას და მიმზიდველ გარეგნობას მარტივად კარგავს. ჭურჭელი მზა კერძის შესანახად, მჟავე და მარილიანი პროდუქტების მოსამზადებლად არ გამოგადგებათ. ჰაერთან კონტაქტისას წარმოქმნის ოქსიდს, რომელიც ლითონის ზედაპირზე ერთგვარ დამცავ ფირს წარმოქმნის. ის ჭურჭლის დაზიანებას ხელს უშლის, მაგრამ მჟავესთან რეაქციაში ჯანმრთელობისთვის მავნე ნაერთი წარმოიქმნება. დამატებით, ზედაპირის „დაყოფა“ ხდება.

3. მინანქრის ჭურჭელი

მინანქარი არის მასალა, რომლითაც ალუმინს ან ფოლადს ფარავენ. ასეთი ჭურჭელი უსაფრთხოა. თუ ხარისხიან ჭურჭელს შეიძენთ, საკმაოდ დიდხანს ნაკაწრები ან ბზარები არ გაუჩნდება, თუნდაც დიდხანს და ინტენსიურად გამოიყენოთ. მინანქრის ქვაბი და ტაფა ნებისმიერ გამაცხელებელ ზედაპირზე (ელექტრო, გაზის, კერამიკის) შეგიძლიათ გამოიყენოთ. მასში გემრიელი პირველი კერძი და ფაფა გამოდის. ჭურჭელი არა მხოლოდ კერძის მოსამზადებლად, არამედ შესანახად და სუფრის სერვირებისთვის გამოგადგებათ.

მინანქარი სითბოს თანაბრად ანაწილებს, ამიტომ კერძი სწრაფად მზადდება. კიდევ ერთი ღირსება – მარტივი მოვლა. ღრუბლით და სარეცხი საშუალებით გაწმენდა საკმარისია, რომ სწრაფად მოაწესრიგოთ. აბრაზიული ფხვნილის გამოყენება არ შეიძლება, რადგან მასალას აზიანებს.

ბევრი უპირატესობის მიუხედავად ნაკლოვანებაც აქვს. საჭმელი ხშირად იწვება, არათანაბარი გაცხელების, მკვეთრი გაცივების ან დარტყმის გამო ჭურჭელზე ნაკაწრები ჩნდება. დაზიანებულ მინანქრის საფარში კერძის მომზადება არ შეიძლება, რადგან საკვებში შეიძლება ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება მოხვდეს. ცხელი წყლის ან მჟავე თვისების სითხის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება კოროზია გაჩნდეს.

4. უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი

ყველაზე გამძლე და უსაფრთხო ჭურჭელი, რომელიც რკინის, ქრომის და ნიკელის შენადნობისგან მზადდება. მისი გაკაწვრა არ შეიძლება, ბზარების გაჩენაც დაუშვებელია. მსგავსი ჭურჭელი გამოირჩევა თერმული დაგროვების ფენის მქონე ძირით, რომელიც თანაბარ გაცხელებას და საჭმლის დაწვის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. ჭურჭლის არჩევისას კედლის სისქეს ყურადღება მიაქციეთ – მინიმუმ 0,5 მმ უნდა იყოს. ჭურჭელი ნებისმიერი სარეცხი საშუალებით ადვილად ირეცხება, კოროზიის მიმართ გამძლეა.

მთავარი ნაკლი – მაღალი ფასი. თუ ჭურჭლის ხარისხს და გამძლეობას გავითვალისწინებთ, ინვესტიცია გამართლებულია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ასეთ ჭურჭელში მარილიანი ხსნარის გაჩერება არ შეიძლება, რადგან კედლებზე შეიძლება ცისარტყელას ზოლები გაჩნდეს. ხანგრძლივი გამოყენებისას მასალა შეიძლება გახუნდეს.

5. თუჯის ჭურჭელი

ჩვენი დედები და ბებიები ამ მასალას უპირატესობას ანიჭებდნენ. ძველი თუჯის ჭურჭელი თანამედროვეზე უფრო ხარისხიანი იყო, მაგრამ თანამედროვე დიასახლისებს შორის დღემდე მოთხოვნადია. მზად იყავით, რომ თუჯის ჭურჭელი ნელა, მაგრამ თანაბრად ცხელდება და სითბოს დიდხანს ინარჩუნებს. ძალიან მაღალ ტემპერატურას უძლებს, ამიტომ ღუმელში თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მასალას ბუნებრივი ანტიმიწვის საფარი აქვს, ამიტომ მოსათუშად, შესაწვავად და სქელი სოუსის მოსამზადებლად იდეალურია.

თუჯი გამძლეა, ფორმას არ იცვლის, მარტივად მოსავლელია. თუ გამოყენების ყველა წესს დაიცავთ და ფრთხილად გამოიყენებთ, შეუზღუდავი ვადით გემსახურებათ. ამავდროულად, მზად იყავით, რომ თუჯის ჭურჭელი ძალიან მძიმეა. თუ მინაკერამიკის ქურა გაქვთ, პროცესში სიფრთხილის ზომები უნდა დაიცვათ. თუჯს ფორებიანი სტრუქტურა აქვს და სუნს ადვილად იწოვს, ამიტომ ერთ ტაფაზე ბლინების და თევზის შეწვა ცუდი იდეაა.

თუ ვერ არჩევთ, რომელი ჭურჭელია საუკეთესო და ყველა მაჩვენებლით შესაფერისი, უფრო ძვირადღირებული ვარიანტი, მაგალითად, უჟანგავი ფოლადი შეარჩიეთ. არა მხოლოდ დიდხანს გემსახურებათ, არამედ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.