პაბლო პიკასოს მდიდრული ვილა ერთსა და იმავე ადამიანს 2-ჯერ მიყიდეს

ცნობილი ადამიანების რეზიდენციები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და გამონაკლისს არ წარმოადგენს ლაჟვარდოვან ნაპირზე (საფრანგეთი) მდებარე ვილა, სადაც პაბლო პიკასომ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. თუ ლეგენდარული მხატვრის სიცოცხლეში იყო ადგილი, რომელიც შემოქმედებით ხალხს და ცნობილებს იზიდავდა, ახლა ყველაზე სასურველი უძრავი ქონებაა მათთვის, ვისაც მისი შეძენა შეუძლია. მართალია, აუქციონს კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია.

საფრანგეთში ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაპირი (იგივე ლაჟვარდოვანი ნაპირი) ერთ–ერთი ყველაზე სასურველი ადგილია საცხოვრებლად/დასასვენებლად მათთვის, ვისაც შეუძლია საკუთარ თავს არაფერზე უარი არ უთხრას. ლაჟვარდოვანი ზღვა, რბილი კლიმატი, თვალწარმტაცი ბუნება, შუა საუკუნოვანი არქიტექტურა საფრანგეთის რივიერას არა მხოლოდ სამოთხე ადგილად, არამედ მდიდრული ცხოვრების სინონიმად აქცევს.

სწორედ აქ, 1947 წელს ცნობილი მხატვარი პაბლო პიკასო (Pablo Picasso) საცხოვრებლად გადმოვიდა. ხმაურიანი პარიზის შემდეგ მეუღლესთან, ჟაკლინ როკთან (Jacqueline Roque) ერთად ქალაქ ვალორისში დასახლდა. 1961 წელს ცოლ–ქმარმა ერთად დიდი ვილა (ადრე ბასტიდას უწოდებდნენ) შეიძინეს. ვილა ქალაქ მუგინსის მიმდებარედ მდებარეობს. როგორც მიღებულია, სასახლეს საკუთარი სახელი ჰქონდა – Mas de Notre Dame De Vie (რადგან ადგილობრივი სამლოცველოს გვერდით მდებარეობდა), თავად ოსტატი „მინოტავრის ვილას“ უწოდებდა.

ცნობისთვის: პაბლო პიკასო (1881-1973 წ.წ.) მე-20 საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი შემოქმედია, რომელმაც არა მხოლოდ უკვდავი შედევრები შექმნა, არამედ ხელოვნება შეცვალა. მხატვარი, მოქანდაკე და დიზაინერი ერთ სახეში ითვლება კუბიზმის დამფუძნებლად, რომელმაც ფერწერის კანონებში „სამგანზომილებიანი“ იდეა ჩადო. ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრების მანძილზე დაახლოებით 20 ათასი ნამუშევრის შექმნა შეძლო, რომლებიც აუქციონებზე ზღაპრულ ფასად იყიდება. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ მისი ნამუშევრები მსოფლიოში არა თუ ყველაზე ძვირადღირებული, არამედ ყველაზე მოპარვადია.

იმის მიუხედავად, რომ ახალი ქონება 80 წლის ასაკში შეიძინა, პაბლო პიკასომ მის კარდინალურად შეცვლას ხელი მაინც მოკიდა. 35 ოთახი და განლაგება არ აკმაყოფილებდა. დიდებული ოსტატი ახალგაზრდული მონდომებით შეუდგა საკმაოდ მასშტაბური შენობის (800 მ²) გადაკეთებას. ახალი იდეებით სავსე იყო, რადგან სივრცე საკუთარ გემოვნებასა და მოთხოვნილებებზე უნდა მოერგო.

სამწუხაროდ, მის გარდაცვალებას ოჯახური დაპირისპირება და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სკანდალები მოყვა. ერთ–ერთმა საყვარელმა, რომელთანაც მხატვარს ორი საერთო შვილი ჰყავდა, ქვრივისთვის ქონების ნაწილის წართმევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, თუმცა დიდი ხმაური გამოიწვია. საბოლოოდ, ღვიძლი შვილებიც (პირველი ქორწინებიდანაც) ხელცარიელი დარჩნენ, ხოლო მხატვრის ერთადერთ მემკვიდრედ აღიარეს მეორე ცოლი (საერთო შთამომავლობა არ ჰყავდათ). 1986 წელს ჟაკლინ როკის თვითმკვლელობის შემდეგ მამული ვილასთან ერთად მის ქალიშვილს, კეტრინს (Catherine Hutin-Blay) გადაეცა, რომელიც პიკასოს შვილობილი იყო.

ოჯახური სკანდალების და ჟაკლინის გადარცვალების შემდეგ მამული მიატოვეს. თანდათან ნგრევა დაიწყო, თუმცა მდიდრულ ვილაში მხატვრის ნამუშევრები ჯერ კიდევ შემონახულია და პირადი ნივთებიც იქ იმტვერება, სადაც დატოვეს. პიკასოს შემოქმედების ფანები მისი შემოქმედების მუზეუმის მოწყობაზე ოცნებობდნენ, მაგრამ ამ ადგილის მაცხოვრებლებმა (გახსოვთ, ხომ აქ მხოლოდ ძალიან მდიდრები ცხოვრობენ) ასეთი მეზობლობა არ ისურვეს, რომ ამ სამოთხის კუთხეში ტურისტების ბრბო არ მოეზიდათ. საბოლოოდ, მამული ბოლო 30 წელი ცარიელი იყო და ინგრეოდა. წლების შემდეგ ბელგიელმა არტ–დილერმა ვილა 14 მლნ დოლარად შეიძინა, რომ გაერემონტებინა და მომგებიან ფასად გაეყიდა.

Novate–ს ინფორმაციით, მასშტაბურ რესტავრაციას 2 წელი დასჭირდა. მუშაობას ხელმძღვანელობდა აქსელ ვერვურდტი (Axel Vervoordt) – ბელგიელი დიზაინერი, კოლექციონერი და ანტიკვარის შემგროვებელი. მისი შეუპოვრობით და მცდელობით მაღალი კლასის მშენებლებმა შენობას ის იერსახე დაუბრუნეს, როგორიც პიკასოს სიცოცხლის წლებში ჰქონდა. მთავარი ცვლილება კეთილმოწყობილობას შეეხო, რადგან 21-ე საუკუნეში ფუფუნებით განებივრებულ მდიდრებს კომფორტულ პირობებში ცხოვრება სურთ.

რესტავრაციის შემდეგ სამივე შენობა აღიჭურვა ულტრათანამედროვე ტექნიკით (მთავარ რეზიდენციას ლიფტიც აქვს, თუმცა მხოლოდ 2 სართულია!). სახელოსნო ხელუხლებელი დარჩა. საკულტო მხატვრის მოღვაწეობის დროს შექმნილი ატმოსფეროს დაშლა ვერავინ გაბედა.

გრანდიოზული რემონტის შემდეგ მამულს Mas de Notre Dame de Vie შეუძლია იამაყოს გაფართოებული მთავარი რეზიდენციით (800 მ²–ს ნაცვლად 1215 მ²), სასტუმრო სახლით (250 მ²), საზაფხულო სამზარეულოთი, სავარჯიშო დარბაზით, სპა–კაბინეტით, აუზით, ორთქლის და მასაჟის ოთახებით, დიდი ღვინის მარანით. ტერიტორიას აქვს ცალკე სახლი პერსონალისთვის (120 მ²), ავტოფარეხი, აღდგენილი ორანჟერეა და ფანჩატური. აღსანიშნავია, რომ ყველა ქვის ტერასას, ბილიკს, კიბეს და ბაღს თავდაპირველი იერსახე დაუბრუნეს.

მთელი ეს სილამაზე აუქციონზე გაიტანეს, თუმცა 2017 წლის ზაფხულისთვის „მინოტავრის ვილის“ ფაქტობრივი მფლობელი იყო ჰოლანდიური ბანკი Achmea, ყოფილი გაკოტრებული მფლობელის კრედიტორი. Novate–ს ინფორმაციით, არტდილერი გაუმაძღრობამ დაღუპა, მან პიკასოს ქონება 150 მლნ დოლარად გასაყიდად გამოიტანა, რაც ამ რეგიონისთვის გადაჭარბებული თანხა იყო. ბანკმა უძრავი ქონების რეალური ფასი დაასახელა, ამიტომ ვაჭრობა შედგა და ქონება შეიძინა ახალ ზელანდიური წარმოშობის ფრანგმა ფინანსისტმა რაიო ვიტანაჟმა (Rayo Withanage), რომელსაც 21,6 მლნ დოლარის გადახდა მოუწია. ბიზნესმენმა შესყიდვის პროცესზე უარი განაცხადა, რადგან უძრავი ქონების შემდგომი რეგისტრაცია აშფოთებდა.

ამბობენ, რომ მილიონერმა რაღაც მიზეზით ვაჭრობის დასრულებიდან 2 თვეში თანხა სრულად ვერ შეიტანა. როგორც არ უნდა იყოს, იმავე წლის შემოდგომაზე ვილა კვლავ აუქციონზე გაიტანეს. ამჯერად რაიო ვიტანაჯი ერთადერთი პრეტენდენტი იყო და ვილა 24,5 მლნ დოლარად შეიძინა. ამ გარემოებით ბანკი კმაყოფილი არ იყო, რადგან მინიმუმ 10 მლნ დოლარით მეტის მოგების იმედი ჰქონდა.