დიზაინერების 7 წესი, რომლის დახმარებით არა მხოლოდ ლამაზ, არამედ საცხოვრებლად გამოსადეგ ინტერიერს შექმნით

სილამაზე და კომფორტი ყოველთვის ერთად არ გვხდება. ამის ნათელი მაგალითია ბინის ინტერიერი, რომელიც ჟურნალის გარეკანს ჰგავს, მაგრამ მასში ყოფნა უსიამოვნოა. ასეთ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ და რემონტზე ფული არ დახარჯოთ, უნდა იცოდეთ, რომელ დეტალებს მიაქციოთ ყურადღება. Novate მათ შესახებ დეტალურად გიამბობთ.

1. ტევადი ნიჟარა

სამზარეულოს გაფორმება დიდ ძალისხმევას და ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე მხოლოდ ავეჯის არჩევას არ ეხება, თუმცა მას მაქსიმუმი დრო ეთმობა. ნიჟარის არჩევა მნიშვნელოვანი მომენტია. თქვენი კომფორტი მასზეა დამოკიდებული, თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჯერ არ შეგიძენიათ.

ბევრი ადამიანი ნიჟარის არჩევისას მის დიზაინს და მასალას ყურადღებას აქცევს. უდავოდ, ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვანია, რადგან სამზარეულოს ინტერიერზე და გამოყენების ვადაზე გავლენას ახდენს. მაღაზიაში მრავალფეროვან მოდელებს შეხვდებით, დაწყებული ფაიფურის, მინის, ნატურალური ქვის ნიჟარებით და დამთავრებული უჟანგავი ფოლადის კლასიკური ნიმუშებით.

კიდევ ერთი დეტალი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ესაა ნიჟარის ზომა. ნიჟარის ოპტიმალური სიგანე 50-65 სმ და სიღრმე16-20 სმ–ია. თუ უფრო პატარა მოდელს შეარჩევთ, გარშემო მთელი ზედაპირი, ასევე იატაკი წყლის შხეფებით გაივსება და დალაგება თქვენი ახალი ჰობი გახდება.

2. მრავალდონიანი განათება

თუ ოთახში თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ, ჭერს შეხედეთ. დისკომფორტის მიზეზი შეიძლება იყოს ერთადერთი ჭაღი, რომლითაც მთელი ოთახის განათებას ცდილობთ. ადრე აქტუალური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ თანამედროვე დიზაინი რთული განათების სცენარს გვერდს ვერ აუვლის.

დამატებითი განათება გამოიყენეთ იმ ზონებში, რომელთა გამოყოფაც გსურთ. მაგალითად, სასადილო ან სამკითხველო კუთხეში. საწოლის გვერდით გონივრულია ღამის ნათურა გაფანტული სინათლით, დივანის გვერდით – ტორშერი, სამუშაო მაგიდაზე – ნათურა, ჭერზე – ტრეკის განათება. ასევე გაითვალისწინეთ კარადის, შემოსასვლელსა და სააბაზანო ოთახში სარკეების, სამზარეულოში სამუშაო ზედაპირის განათება. ოთახში განათების სხვადასხვა სცენარი დღის მონაკვეთის და მოთხოვნილების მიხედვით საჭირო ატმოსფეროს ქმნის.

3. თბილი იატაკი

თუ ადრე თბილი იატაკი ფუფუნება იყო, დღეს კომფორტული გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველ სართულზე ცხოვრობთ ან ბინა ცუდად თბება. მასზე სიარული სასიამოვნოა, თან სითბოს დამატებით წყაროს წარმოადგენს და დაგეხმარებათ მაშინ, როცა გარეთ ცივა, მაგრამ გათბობის სეზონი ჯერ არ დაწყებულა. თბილი იატაკი სააბაზანო ოთახში ნამდვილი მხსნელია – ოთახში ჰაერის კომფორტულ ტემპერატურას ინარჩუნებს, ზედმეტ ტენიანობას აქრობს, ობისა და სოკოს გაჩენისგან გვიცავს.

4. მრავალფუნქციური ავეჯი

თუ პატარა ბინის „იღბლიანი“ მფლობელი ხართ, სადაც იზოლირებული ოთახები ფუფუნებაა და 20 კვადრატში რამდენიმე ზონის შეთავსება გიწევთ, მრავალფუნქციურ ავეჯს გვერდს ვერ აუვლით. ყველაზე ხშირად მისაღები–საძინებელი ოთახის სწორად მოწყობა გვჭირდება. ამ შემთხვევაში კარადა–საწოლი დივანით დაგეხმარებათ. ასე დამატებით საძინებელ ადგილს მოაწყობთ, თან 3 კვადრატულ მეტრს დაზოგავთ, რაც პატარა ბინაში ბედის ნამდვილი საჩუქარია. დამატებით, საწოლის კარადაში დამალვით სტუმრებს მყუდრო მისაღებში მიიღებთ, სადაც საწოლი ზედმეტ ყურადღებას არ იქცევს.

მრავალფუნქციური ავეჯის კიდევ ერთი საინტერესო და პრაქტიკული ვარიანტია ორადგილიანი საწოლი ორთოპედიული ლეიბით დიდ დივანთან ერთად. დილით საწოლს კედელზე აწევთ, რომ მთელი ოჯახი ტელევიზორის წინ დივანზე კომფორტულად დასხდეთ, ხოლო ღამით საწოლს ქვემოთ დაუშვებთ. დაგვეთანხმეთ, ორთოპედიულ ლეიბზე წოლა უკეთესია, ვიდრე ძველ მოუხერხებელ დივანზე, რომელიც ზედმეტი მოძრაობისას ჭრიჭინებს.

კომპაქტურ საბავშვო ოთახსაც სწორად შერჩეული ავეჯი სჭირდება, რომ ოთახში არა მხოლოდ საწოლი და კომოდი მოათავსოთ, არამედ სათამაშო ზონისთვის ადგილი დარჩეს. ყურადღება მიაქციეთ საწოლ–კარადას სამუშაო ადგილით. სკოლის შემდეგ თქვენი შვილი კომფორტულ მაგიდასთან დავადებებს შეასრულებს, შემდეგ ის „წავა“ და სრულყოფილ საწოლად გადაკეთდება.

ეს ტრანსფორმერის ერთადერთი ვარიანტი არაა. რა თქმა უნდა, მისი ღირებულება ტრადიციული ავეჯის ფასისგან განსხვავდება, მაგრამ პატარა ბინაში სივრცის სწორად მოწყობა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მოათავსოთ და სამოძრაოდ ადგილიც დარჩეს.

5. დამალული სადენები

ყოველწლიურად ბინებში საყოფაცხოვრებო ტექნიკა მატულობს. ყველაფერი აუცილებელი ტექნიკით დაიწყოთ, როგორიცაა ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა. ახლა ყველა ოთახში მინიმუმ სამი გაჯეტია. არაფერია ცუდი, რომ ცხოვრების გამარტივებას და მაქსიმალური კომფორტის შექმნას ვცდილობთ. აი, ყველგან მყოფი სადენები არა მხოლოდ გაჯეტების გამოყენების, არამედ ინტერიერზე შთაბეჭდილებას აფუჭებს. გარდა ამისა, ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის სახიფათოა, სახლის დალაგებას ხელს უშლის.

სადენები თვალში რომ არ მოგხვდეთ, დეკორატიული ყუთი ან საკაბელო არხი გამოიყენეთ. თანამედროვე ბაზრობაზე სხვადასხვა მასალის და ფერის დიდი არჩევანია. შეძლებთ მოდური ვარიანტის შერჩევას, რომელი ნებისმიერი დიზაინის ინტერიერს მოუხდება. ასევე დაგჭირდებათ პლინტუსის ყუთი. თუ სადენები სამუშაო ადგილთან მოგროვდა, სკოჩით მაგიდის ქვეშ დამალეთ.

6. ბუნებრივი მასალები

გრძნობებზე ზემოქმედება არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ტაქტილურად ხდება. ტექსტურები, რომლებიც შეხების სურვილს იწვევენ, ფსიქიკასა და კომფორტზე დადებით გავლენას ახდენენ. ერთ–ერთი ასეთი მასალა ხეა. დიზაინერებს ინტერიერის დიზაინში ხის გამოყენება ტყუილად არ უყვართ.

ხის მასალა ოთახს სითბოს მატებს, სინათლით და სიმყუდროვით ავსებს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია, თუ ნაცრისფერი ან მუქი ფერების სიჭარბით ოთახი პირქუშად გამოიყურება.

სანამ ინტერიერს ხეს შემატებთ, მისი დანიშნულების პირობებს გადახედეთ. სამზარეულოში ხის სამუშაო მაგიდა კარგი ვარიანტი არაა, რადგან წყალთან და საყოფაცხოვრებო ქიმიასთან შეხება დააზიანებს. შპონის კარს და ტიხარს არაფერი დააზიანებს, ამიტომ დიდი ხნით გაგახარებთ.

7. მრავალფეროვანი ტექსტილი

ფარდები, ხალიჩები, ბალიშები და პლედები დივანზე – ყველაფერი ბინის ფერებთან შეხამებული უნდა იყოს. არა მხოლოდ ფერების, ზოლების, არამედ მასალების კომბინირება შეგიძლიათ. მაგალითად, ნაქსოვი გადასაფარებელი და ბალიშები ხავერდის ბალიშისპირებში. მრავალფენიანობა მოდური და საინტერესოა. ხალიჩები შეგიძლიათ ერთმანეთს გადაადოთ (მოცულობითი ღია ხალიჩა დიდი ერთფერიანი ხალიჩის ზემოთ), საწოლის გარშემო ნაჭრის ბილიკი დააგოთ. ტექსტილი ოთახის ატმოსფეროს მყუდროს და შინაურულს ხდის.