სააგარაკო რეზიდენცია: ჰობიტის სოროს თანამედროვე ინტერპრეტაცია

თუ ადრე ბუნებას შთაგონებისთვის მხოლოდ პოეტები და მხატვრები მიმართავდნენ, ახლა არქიტექტორები იდეებს იღებენ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ელემენტებიდან, მაგალითად, მიწისთხილის ნაჭუჭიდან. მიწისთხილის გარსის სტრუქტურით მექსიკელი არქიტექტორი იმდენად დაინტერესდა, რომ მსგავსი ფორმის აგარაკი ააშენა, რომელსაც „ორგანული სახლი“ უწოდა.

ჰავიერ სენოსიაინმა (Javier Senosiain), მექსიკელმა არქიტექტორმა საწყისებთან დაბრუნების და ექსპერიმენტების სურვილით საოცარი სახლი შექმნა. სიმწვანეში ჩაფლული მიწის ბორცვიანი ნაკვეთის შემხედვარე რთული დასაჯერებელია, რომ საცხოვრებელია. ერთადერთი ელემენტი, რომელიც Organic House–ს („ორგანული სახლი“) ადგილმდებარეობს ააშკარავებს ფანჯარა და კარებია, თუმცა მათ ტრადიციული ფორმა არ აქვთ.

ერთ დროს მეხიკოს გარეუბანში, ნაუკალპან–დე–ჰუარესის დასახლებაში პატარა მიწის ნაკვეთი შეიძინა. ჰავიერი დაფიქრდა, თუ როგორი სახლის ქონა სურდა. ყოველთვის უჩვეულო საცხოვრებელზე ოცნებობდა და ცდილობდა, რომ თავის პროექტებში ბუნებას არ შეწინააღმდეგებოდა. გასაკვირი არაა, რომ მიწისთხილის ნაჭუჭის ფორმა თავში მოუვიდა. თან არა მხოლოდ მისი ორგანული კონტურები, არამედ ადგილიც, სადაც მიწის კაკალი იზრდება, სიმბოლური და საცხოვრებლად შესაფერისი მოეჩვენა.

თიხით რამდენიმე მოდელი შექმნა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ასეთი შენობის მიწისქვეშ განთავსება რთული არაა. ამის შემდეგ რთული გათვლები ელოდა, რადგან ნაკვეთზე ხელუხლებელი ბუნების, განსაკუთრებით ხეების შენარჩუნება სურდა. აქედან მოდის ცალკეულ ბლოკებად დაყოფა, მოხვეული ფორმები და ობიექტები დღის და ღამის ზონებისთვის.

Novate–ს ინფორმაციით, არქიტექტორს სხვადასხვა მასალით ბევრი ცდის ჩატარება მოუწია, რომ სახლს მიწისთხილის ნაჭუჭის ფორმა გაემეორებინა. შენობის დამალვას მიწაში აპირებდა, ამიტომ კონსტრუქციას არა მხოლოდ მიწის წონისთვის უნდა გაეძლო, არამედ სითხე შეენარჩუნებინა, თან გამოქვაბულის მსგავსი ფორმები ჰქონოდა. გამოცდილი გზით ფეროცემენტის სისტემა შეირჩა, რომელიც არა მხოლოდ განსაკუთრებული ხსნარის (წყალი, ცემენტი, ქვიშა, კირი და თიხა), არამედ ლითონის კარკასის არსებობას გულისხმობს.

საინტერესო ფაქტი: არქიტექტორმა ორგანული სახლის მშენებლობაში გამოიყენა სპირალურად დახვეული ფოლადის ხიმინჯები, რომელიც საძირკველში დამაგრების შემდეგ წვრილი ლითონის ბადით დაფარეს. კორპუსის ავეჯზე თანხა რომ დაეზოგა, მთავარი ელემენტები (საწოლის საფუძველი, დივანი, მაგიდები, თაროები, ნიშები, კარადები) შენობის გარსთან ერთად ლითონის კონსტრუქციებისგან შეიქმნა. არსებულ ბაზას შეასხეს სპეციალური ხსნარი, რომელმაც ბეტონის სქელი ფენა შექმნა (დაახლოებით 4 სმ). გამძლე (ფოლადის კონსტრუქციის და ბეტონით შეფუთვის ხარჯზე) და წყალგაუმტარი გარსი გამოვიდა. დამატებითი ჰიდროიზოლაციისთვის პოლიურეთანის ქაფის ფენა (დაახლოებით 7 სმ) შეასხურეს.

მომავალი სახლის გარსის შექმნის შემდეგ მიწით შევსება დაიწყეს, რომელი ასევე საინჟინრო გათვლებს და ბოტანიკოსის უნარებს მოითხოვდა. შენობის ზემოთ ბაღის გაშენება იგეგმებოდა, რომელიც მოიცავს სვეტოვან ხეებს, ბონსაის ხეებს და ყვავილოვან ბუჩქებს. ბაღის სამუშაოზე დროის დასაზოგად, ზედმეტი ზეწოლის თავიდან ასაცილებლად 20-25 სმ ნაყოფიერი მიწის დაყრა გადაწყდა. ასეთი გათვლები ეყრდნობა მეთოდს, რომელიც გულისხმობს, რომ რაც უფრო ცოტა მიწაა ფესვების სისტემის გასავითარებლად, მით უფრო კომპაქტური მცენარე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მცირე მიწის ფენა, რომელიც ტორფით, ბალახით და ხეებით დაფარულია, საკმარისია, რომ შენობის თბოეფექტურობა გაიზარდოს. ისინი სახლის გარსს მზის სინათლისგან, სიცივისგან, ქარისგან, წყლის დამანგრეველი ძალისგან, იმაზე უკეთ იცავს, ვიდრე ტრადიციული სახურავი და გარე კედლები.

არქიტექტორის თქმით, „კომფორტული პირობების შექმნას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რომ მობინადრის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა მოეხდინა“. ცნობილია. რომ სასარგებლო მიკროკლიმატის შესაქმნელად ან შესანარჩუნებლად სახლის გარე მხრიდან უნდა დაიწყოთ, შემდეგ შიგნით გადახვიდეთ.

ამ პროექტში, სწორად შექმნილი გარსი, რომელიც კედლების და სახურავის როლს ასრულებს, „მწვანე“ ბარიერები მზის სინათლეს ბუნებრივად ფილტრავს, ჩრდილს ქმნის და სახლს მტვრისა და ხმაურისგან იცავს. გარდა ამისა, მცენარის შიგნით ტრანსპირაციის (წყლის აორთქლება) პროცესი ჰაერს წმენდს და ტენიანობას ზრდის, ამით აგრილებს.

სახლი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში აშენდა (სრული რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩატარდა), ამიტომ მთელი ნაკვეთი და თავად შენობა სიმწვანეშია ჩაფლული. გაზრდილი მცენარეები ფანჯრებს და კარებს ელეგანტურად გარს ეხვევა, მათ თითქმის უხილავს ხდის, ამიტომ ორგანული სახლის ტერიტორიაზე მოხვედრისას, გაგიჭირდებათ გაიფიქროთ, რომ მდიდრული მწვანე ბალახის, ბუჩქების, ხეების და ყვავილების მიღმა უჩვეულო ვილა იმალება.

შენობა მთლიანად მიწისქვეშ მდებარეობს, მაგრამ მაინც ბევრი სინათლე შედის, რადგან თითოეულ ობიექტს ლუქის ფანჯრები აქვს. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა ჭერზე მდებარეობს, ამით ცივ სეზონზე განათების და პასიური გათბობის ბუნებრივი დონე იზრდება. ზაფხულში იმის მიუხედავად, რომ ფანჯრების უმეტესობა სამხრეთ მხარეს მდებარეობს, სიცხე არ შეიმჩნევა, რადგან მცენარეები ისეა დარგული, რომ შიდა სივრცე კაშკაშა სხივებისგან დაიცვას. დღისით სასიამოვნო სიგრილეს არა მხოლოდ მცენარეები, არამედ საცხოვრებლის აეროდინამიური ფორმა უზრუნველყოფს, რომელიც მთელ შენობაში ჰაერის თავისუფალ მოძრაობას უზრუნველყოფს.

თუ განლაგებასა და ინტერიერს დიზანზე ვსაუბრობთ სტუმარი ზღურბლიდან პირდაპირ გამოქვაბულში მოხვდება. კედლის ფორმა, მოპირკეთება და ავეჯის ელემენტები ბუნებრივ სტრუქტურას გვახსენებს. ფართო მიწისქვეშა ვილა (147 მ² ფართობი) ორი ოვალური მოცულობისგან შედგება, რომლებიც ვიწრო ხვეული დერეფნით დაკავშირებული არიან.

სენოსიაინი დარწმუნებულია, რომ კომფორტული ცხოვრებისთვის საკვებად და დასაძინებლად ადგილის მოწყობა საკმარისია, ამიტომ რაიმე ინოვაციას არ ელოდოთ. მისი განმარტებით, სახლს აქვს დღის ზონა ორიგინალური მისაღებით, რომელიც სასადილო და სამზარეულოდ ადვილად კეთდება, სადაც ოჯახის წევრებს შეუძლიათ სასიამოვნო გარემოში ისაუზმონ. სასადილო ზონის როლს ასრულებს მონოლითური მაგიდა, რომელიც პირდაპირ გამოქვაბულის კედლიდან „იზრდება“, ზუსტად ისე, როგორც სამუშაო ზედაპირი და ღია თაროები.

ხვეული დერეფნის გავლით მოხვდებით მეორე ნაწილში, სადაც საძინებელი ოთახი მდებარეობს და რომელიც ლოკოკინის სახლის ხვეულს იმეორებს. ამავე ნაწილში მდებარეობს გარდერობის ოთახი, კეთილმოწყობილი სააბაზანო ჭერზე ლუქით, რომელიც ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.