5 მავნე სტერეოტიპი ინტერიერის შესახებ, რომელსაც სარგებელი არ მოაქვს, მხოლოდ ზიანი

საკუთარი ძალებით დიზაინერული რემონტის გაკეთება რეალურია, თუ გეცოდინებათ მთავარი წესები და მოიშორებთ სტერეოტიპებს, რომლებიც ბოლო წლებში ინტერიერის მოდაში ჩამოყალიბდა. Novate გიამბობთ, რატომ არ ღირს სხვების აზრით ხელმძღვანელობა, როგორ გააერთიანოთ სტილები და რა უყოთ ძვირფას ნივთებს, რომლებიც „მტვერს აგროვებენ“.

სტერეოტიპი 1: ბინაში მტვრის შემგროვებელი ნივთები არ უნდა იყოს

ჩვენი მშობლები ცხოვრობდნენ იმ დროში, როცა დეკორატიული ელემენტები დეფიციტში იყო, ამიტომ ინტერიერისთვის ლამაზი და მიმზიდველი ნივთის შეძენა არარეალური ჩანდა. თუ ვინმეს გამოუვიდოდა, საეჭვო კითხვები ჩნდებოდა – პომპეზური დეკორი საეჭვო სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა.

ახლა სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც შესაფერისი დეკორი მომგებიან ფასად ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. საზოგადოებაში შექმნილი სტერეოტიპები მათ შეძენაში ხელს გვიშლის. არადა აქსესუარები ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათ გარეშე სივრცე ცარიელი, უფერული, მოსაწყენი და ნაკლებად მიმზიდველია. ყურადღებას არაფერი იქცევს, რის გამოც მთელი გარემო იტანჯება.

პირველი რჩევა: დეკორატიულ ელემენტებს მტვრის შემგროვებლად ნუ მიიჩნევთ. ისინი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ, ინტერიერს ჰარმონიულს და დასრულებულს ხდიან, ყველა დეტალს აერთიანებენ. მეორე რჩევა: აქსესუარი გულმოდგინედ შეარჩიეთ. ბაზრობაზე ნანახი პირველი სტატუეტი ნამდვილად მტვრის შემგროვებელი გახდება, რადგან ფუნქციური დატვირთვა არ აქვს. თუ მთელ კოლექციას შეაგროვებთ, ვიზუალურ ხმაურს ვერ აიცილებთ. ოთახში სიმყუდროვეს და სილამაზეს ქმნის წვრილმანები, მაგრამ მხოლოდ ისინი, რომლებიც გონივრულად, ბინის სტილის შესაფერისად შეარჩიეთ.

სტერეოტიპი 2: საჭიროა, ისეთი გქონდეთ, როგორც სხვებს

თითოეულ თაობას საკუთარი წარმოდგენა აქვს, როგორი უნდა იყოს იდეალური ინტერიერი. ძველად ყველაფერი „მდიდრული–ძვირადღირებული“ იყო: სტუკო, ფარდები ლამბრეკენებით, მასიური ბროლის ჭაღი, ყვავილებიანი შპალერი, დიდი რბილი ავეჯი – მოკლედ ყველაფერი, რაზეც თანამედროვე დიზაინერებს თვალები უციმციმებთ. ბოლო დროს მოდაში იყო უნივერსალურობა, პრაქტიკულობა და ნეიტრალურობა – ზედმეტად თეთრი და კრემისფერი ინტერიერი, ბუნებრივი აქცენტები ქვის, ხის ან ბეტონის ზედაპირის სახით, რატანის ნაწარმი, ნაქსოვი ტექსტილი და სხვა.

ერთი შეხედვით, „ნეიტრალური“ ტრენდი დიდხანს უნდა დარჩენილიყო, მაგრამ მოულოდნელად აქცენტი ინდივიდუალობაზე გაკეთდა. შესაძლოა, ეს პანდემიამ გამოიწვია, რადგან ხალხი სახლში მეტ დროს ატარებს, ზოგი დისტანციურად მუშაობს, ამიტომ კომფორტის და სიმყუდროვის საკითხი უფრო გაიზარდა. ახალგაზრდა თაობას თვითგამოხატვის დიდი მოთხოვნილება აქვს და ეს არა მხოლოდ ვარცხნილობაში, ტანსაცმელსა და მაკიაჟში, არამედ ინტერიერში ვლინდება. ინტერიერის უჩვეულო სტილს, გარემოზე ზრუნვას, ფსიქოლოგიური კომფორტის შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.

ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ არასტანდარტული გზის არჩევას და ბინის დიზაინში ორიგინალური გადაწყვეტილების შემოტანას სხვები ხშირად კიცხავენ. ფიქალის ან აგურის კედელი აქცენტად, საწოლი ფიცრებით, ფერადი ჭერი და სხვა „უჩვეულო“ მაგალითი კრიტიკის ქარცეცხლში გადის. თუ ასეთი რეაქცია არ გაშინებთ, პროფესიონალი დიზაინერების მიერ შექმნილი ინტერიერები შეისწავლეთ, დაკვირვება განავითარეთ და სხვებთან შედარება არ სცადოთ. ცოტა ხანში მიხვდებით, რომელი სტილი გსურთ ბინაში და „საკუთარი“ ინტერიერის შექმნას შეძლებთ.

სტერეოტიპი 3: დიზაინი ძალიან ძვირია

2000-იანი წლების დასაწყისში, როცა „ევრორემონტის“ მოდა შემოვიდა, ბინის გაფორმება ძალიან ძვირი ღირდა. დრო შეიცვალა, მაგრამ ხალხის ქვეცნობიერში დარჩა რწმენა, რომ დიზაინერის მომსახურება და ინდივიდუალური პროექტის შედგენა ძვირი მომსახურებაა და ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც დიდებულ სასახლესა და დიდ ბინებში ცხოვრობს. ხოლო „უბრალო“ ხალხის ბედია ბაზრობაზე შეძენილი სტანდარტული ავეჯი და რემონტი საკუთარი ხელით.

ნაჩქარევი დასკვნები არ გააკეთოთ და გაარკვიეთ, რა ღირს სპეციალისტის მომსახურება თქვენს ქალაქში. გაითვალისწინეთ, რომ პროექტის დიზაინი რემონტის დროს ბევრი შეცდომისგან დაგიცავთ. ასე თანხას დაზოგავთ, რომლის დახარჯვა სიტუაციის გამოსასწორებლად მოგიწევდათ. დიზაინერული მოსაპირკეთებელი მასალები აქცენტად შეგიძლიათ გამოიყენოთ. პატარა ბრენდის ავეჯი და დეკორი შეისწავლეთ – ისინი ხშირად ორიგინალურ და მოდურ ვარიანტებს გვთავაზობენ, რომლებიც ცნობილი ბრენდების ნივთებზე უფრო იაფი დაგიჯდებათ.

სტერეოტიპი 4: ერთიანი სტილი უნდა დაიცვათ

დიდი ხნის განმავლობაში ერთ სტილსა და ერთ ფერში გაფორმებული ინტერიერი ეტალონად ითვლებოდა. ავეჯის ნაკრები, ტელევიზორის კარადა, მაგიდა და სკამები ერთი კოლექციიდან, დივნის და წყვილი სავარძლის ნაკრები, ფარდები, ხალიჩა და დეკორატიული ბალიშები ერთ ფერში – ეს ყველაფერი გასულ წლებში ბინებს ახასიათებდათ. არ ვკამათობთ, სტილის და საერთო ფერთა სქემის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ზედმეტად პირდაპირ არ უნდა გაიგოთ.

მაგალითად, თუ მთელ ბინას კრემისფერში გადაღებავთ და სადღაც ცისფერ აქცენტებს გააკეთებთ, ბრტყელი და უხასიათო ინტერიერი გამოვა. მფლობელზე, მის ჩვევებსა და გატაცებაზე არაფერს იტყვის, არადა ეს ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა. ერთი ფერის სხვადასხვა ელფერის გამოყენებას გირჩევთ. უფრო ღრმა ტონი და საინტერესო კომბინაციები გამოიყენეთ.

ინტერიერის გაფორმების მთავარი წესები დაიცავით, მაგრამ ორიგინალობა და თვითგამოხატვაც არ დაგავიწყდეთ. ინტერიერი უფრო მიმზიდველი გამოვა, თუ შაბლონურ მაგალითებს გვერდს აუვლით. ამის ნათელი დადასტურებაა – 4 სხვადასხვა სკამი სასადილო მაგიდასთან, რომლებიც მოდურად ითვლება. ადრე სტუმრები მათი შემხედვარე გაიფიქრებდნენ, რომ სრული ნაკრების შესაძენად ფული არ გეყოთ.

სტერეოტიპი 5: ავეჯი „სწორ“ ადგილას უნდა განათავსოთ

მიჩვეული ვართ, რომ მისაღებ ოთახში კედელთან დივანი უნდა დადოთ, მის მოპირდაპირედ – ტელევიზორი, გვერდებზე – წიგნის კარადა ან სერვანტი. საძინებელი ისე აღიქმება, როგორც საწოლი და 2 ტუმბო გვერდებზე, სამზარეულოში მთელი ოჯახისთვის დიდი სასადილო მაგიდა აუცილებლად უნდა იყოს. ეს და სხვა მსგავსი გადაწყვეტილება შაბლონურია.

ავეჯს „სწორი“ ადგილმდებარეობა არ აქვს. ყველა ნივთი იქ უნდა მოათავსოთ, სადაც გსურთ. შესაძლოა, ეს ავეჯის არასტანდარტულად განლაგებას ან უჩვეულო ზონირებას გულისხმობდეს. თქვენ შეიძლება გსურდეთ, რომ საძინებელ ოთახში მინი კაბინეტი მოაწყოთ, სასადილო ზონა მისაღებ ოთახში გაიტანოთ ან ოთახებს შორის კარებზე უარი თქვათ, რომ სივრცე არ გადაიტვირთოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასწორად იქცევით. უბრალოდ ასე უფრო კომფორტულია. მეგობრების ან ნათესავების აზრს ყურადღება არ მიაქციოთ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ, ავეჯი ოთახის ცენტრში განათავსეთ და მუდმივად ეძებეთ ორიგინალური გადაწყვეტილება, რომლითაც თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ინტერიერს იდეალურად გააფორმებთ.