სოფლის ერმიტაჟი: როგორ გადააქცია მარჯვე კაცმა ქოხი მუზეუმად და რა დაემართა ახლა

40 წლის განმავლობაში ვლადიმერ აკულოვი, ბრიანსკელი დურგალი, სოფლის ქოხის „სამეფო პალატებად“ გარდაქმნას ცდილობდა. მარჯვე ხელოსანი გარდაქმნამ იმდენად გაიტაცა, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი შიგნიდან ერმიტაჟის მინიატურულ ფილიალს ჰგავს. დიდი ნახატები პომპეზურ მოოქროვილ ჩარჩოებში, მოზაიკური იატაკი, ეკატერინე II-ს ეპოქის სტილის მოჩუქურთმებული ავეჯი, სამეფო ძალაუფლების თითქმის ნამდვილი სიმბოლოები – ეს ყველაფერი ენთუზიასტმა თავად გააკეთა.

1. როგორ დაიწყო ყველაფერი

სოფელ კლიმოვოში, სადაც ერთდროულად სამი სახელმწიფოს (რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი) საზღვრებია, ცხოვრობდა თვითნასწავლი ოსტატი, ვლადიმერ აკულოვი, რომელმაც ძველ ქოხში სამეფო სასახლის მოწყობა გადაწყვიტა.

ბავშვობიდან მისი შემოქმედებითი ბუნება სილამაზისკენ მიისწრაფოდა. ომის შემდგომი შიმშილობის წლებში დედასთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც ხიდან ფიგურების ამოკვეთა ისწავლა. თავიდან გასართობად, შემდეგ გასაყიდად აკეთებდა. იმ დროს თვითმფრინავის, ტანკების და საბავშვო სათამაშოების მოდელები მოთხოვნადი იყო. მათ სიმბოლურ ფასად ყიდდა. ასეთი საქმიანობით მოზარდობის პერიოდიდან დედას თვიდან თვემდე თავის გატანაში ეხმარებოდა.

ჯარის დასრულების შემდეგ მშობლიურ სოფელში, კლიმოვოში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივ საკონსერვო ქარხანაში მეკასრედ მუშაობდა. შემოქმედებითი საქმიანობა არ იყო, მაგრამ ხეზე მუშაობის უნარი დახვეწა, რომელიც მოგვიანებით ძალიან გამოადგა. თავიდან სამსახური რომ შეეცვალა და შეკვეთით ავეჯი დაემზადებინა (მცირე შიდა მოპირკეთებით დაიწყო). მოგვიანებით, გამოცდილების მიღების შემდეგ, ეკლესიისთვის ჩუქურთმებს და მეზობელ–ნაცნობებისთვის წვრილმანებს აკეთებდა.

2. ქოხის სამეფო პალატებად გადაკეთების გადაწყვეტილება

ოსტატმა საქმიანობის სფერო კარდინალურად შეიცვალა, როცა მოსკოვში გავლით ყოფნისას კიევსკის რკინიგზის სადგურში აღმოჩნდა, რომელმაც თავისი დიდებული ჩუქურთმებით და ფერწერით სულის სიღრმემდე შეძრა. მოგვიანებით ერმიტაჟს ესტუმრა და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მისი სოფელი, უფრო ზუსტად მისი სახლი ასეთი დიდებული უნდა გახდეს. საკუთარ ქოხში ყველაზე ნამდვილი სამეფო პალატების მოწყობა და სამეფო ტახტზე საკუთარი თავის დასმა გადაწყვიტა.

მისაღებ ოთახში ჭერზე დეკორატიული სტუკოს შექმნით იდეის განხორციელება დაიწყო. მისდა გასაოცრად პირველივე ჯერზე შთამბეჭდავი შედეგი მიიღო. წარმატებამ თავდაჯერებულობა შემატა და დაარწმუნა, რომ სწორი გზა აირჩია.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ქოხის სერიოზულად გარდაქმნა დაიწყო და გაჩერება ვერ შეძლო. 20 წელში მისი ქოხი ერმიტაჟის მინიატურულ ფილიალს დაემსგავსა, სადაც მეპატრონე ექსკურსიებს და გარდაქმნას აგრძელებდა.

შენიშვნა: ვლადიმერ აკულოვმა არა მხოლოდ სადურგლო საქმე აითვისა, არამედ ბავშვობიდან კარგად ხატავდა, ამიტომ მოწონებული ნახატის ასლის გაკეთება არ გაუჭირდა. „სოფლის ერმიტაჟის“ ყველაზე შთამბეჭდავი და ეფექტური ნახატები მის მამას, ფილიპს ეკუთვნის, რომელმაც შვილის იდეას მხარი დაუჭირა და სამეფო ინტერიერის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა. მამა პროფესიონალი მხატვარი არ ყოფილა, მთელი ცხოვრება მღებავად მუშაობდა, მაგრამ ხატვით გატაცებამ ფუნჯის ხელში აღება და კარგი ასლების შექმნა აიძულა.

3. რას მიაღწია რამდენიმე წლიანი გულმოდგინე მუშაობის შემდეგ

უჩვეულო სოფლის სახლის დეკორის ან ავეჯის თითოეული ელემენტი მრავალწლიანი გულმოდგინე მუშაობის შედეგია. Novate–ს ინფორმაციით, ვლადიმერი ჩუქურთმებისთვის და ავეჯისთვის მხოლოდ ცაცხვის ხეს იყენებდა, რომლის დაჭრა ადვილია, არ იბზარება და უფრო იაფია, ვიდრე წითელი ხე, რომელსაც ნამდვილი სამეფო სასახლის გაფორმებაში იყენებენ. მოოქროვილი ეფექტისთვის გამოიყენა იაპონური პოტალი, რომლითაც დიდი ნახატების და სარკეების პომპეზურ ჩარჩოებს ფარავდა. ასევე „სამეფო“ ავეჯის, კედლისა და ჭერის დეკორის გაფორმებაში იყენებდა.

ოსტატმა ყველა საქმე თავად შეასრულა, ამიტომ თითოეული ელემენტის შექმნას დიდი დრო სჭირდებოდა. მაგალითად, კონსოლის მაგიდის შექმნას მთელი 4 თვე დასჭირდა. იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ქოხი თანდათან პეტერგოფის მინიატურად იქცა, გასაგებია, რატომ დახარჯა ვლადიმერმა ნახევარი სიცოცხლე თავისი ოცნების განხორციელებაში.

გარდაქმნილ სახლში ეკატერინე II–ის ტახტის ასლის შექმნაზე დიდი ძალისხმევა და დრო დახარჯა. ამ ნივთით ყველაზე მეტად ამაყობს. სამეფო სასახლის მთავარი ატრიბუტის შემცირება მოუწია, რადგან ქოხი დიდი სასახლე არაა. სწორედ ამიტომ, ვლადიმერს დროდადრო ამბიციების მოთოკვა უწევდა. „ტახტს სწორი ზურგი აქვს, რომ მასზე დაჯდომისას გაიმართოთ და არ მოიხაროთ. ამ სავარძელში თავს მეფედ, მბრძანებელად აღვიქვამ“ – ეუბნება სტუმრებს მარჯვე ხელოსანი.

4. პოპულარობა ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ

აღსანიშნავია, რომ თავიდან თანასოფლელებს არ ესმოდათ ვლადიმერის გატაცების, რომელიც ყოველ თავისუფალ წუთს სახლის გადაკეთებას უთმობდა და ხმაურიან შეკრებებს და წვეულებებს გაურბოდა. დიდხანს უცნაურად თვლიდნენ, მაგრამ როცა ხალხმა საოცარი ტრანსფორმაციის დასათვალიერებლად მოსვლა დაიწყო და თავადაც ქოხის დათვალიერება დაიწყეს. მით უფრო, მფლობელი სტუმრებთან შეხვედრის წინააღმდეგი არ იყო და შემოქმედების დეტალებზე გატაცებით საუბრობდა.

2000-იან წლებში მარჯვე ხელოსანზე ინფორმაცია არა მხოლოდ მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ჟურნალისტები ხშირად სტუმრობდნენ, რამაც მის ცნობადობას ხელი შეუწყო. ამბობენ, რომ კლიმოვს უცხოელებიც სტუმრობდნენ და სადურგლო სკოლის გახსნას სთავაზობდნენ, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ დაეშვა.

შედეგად, მოსწავლეებთან ერთად საკუთარ სახელოსნოში მუშაობდა. მათ თავის ცოდნას და უნარებს უზიარებდა. იმ დროისთვის ყველაფერი გააკეთა, რაზეც ოცნებობდა. თავად მარტო ცხოვრობდა, თუ არ ჩავთვლით მინიმუმ ათ ძაღლს და რამდენიმე კატას, რომლებიც მოზაიკურ იატაკზე დადიოდნენ და „სამეფო“ დივანზე იძინებდნენ. ახალგაზრდებთან ურთიერთობა სიხარულს გვრიდა.

5. როგორ მოექცნენ მემკვიდრეები „სოფლის ერმიტაჟს“

სამწუხაროდ, ვლადიმერი უკვე გარდაიცვალა და მისი ქოხი მემკვიდრეობით შვილს გადაეცა, რომელიც მამის ხედვას არ იზიარებდა და სახლის სასახლური ინტერიერის შენარჩუნება არ სურდა. არადა ოსტატი ოცნებობდა, რომ სახლს მისი შემოქმედების მუზეუმად აქცევდნენ, სადაც ყველა ნამუშევარი და ნახატი შენარჩუნდებოდა. ასე არ მოხდა. მემკვიდრემ მისი ნამუშევრები უბრალოდ გაყიდა. ახლა მხოლოდ ფოტოები დარჩა, რომლებიც „სოფლის ერმიტაჟის“ ვიზიტორებმა გადაიღეს. ამ ფოტოებმა ინტერნეტით მთელი მსოფლიო მოიარეს.