სამშენებლო მასალები, რომელთაც განწყობის გაუარესება და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ

სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების შეძენისას იმედი არ გქონდეთ, რომ ყნოსვის ორგანო დაგეხმარებათ დაადგინოთ, რამდენად სახიფათოა შერჩეული მასალა თქვენი ჯანმრთელობისთვის. გამაღიზიანებელი სუნის უქონლობა მავნე ნივთიერებების არ არსებობას არ ნიშნავს, რომელიც ორთქლდება და ოჯახის წევრებზე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი მასალა, რომელიც ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფს, ჰაერის ხარისხს ამცირებს, ორგანიზმში სხვადასხვა დარღვევას იწვევს, დაწყებული ალერგიით და დამთავრებული სიმსივნით ან უნაყოფობით.

1. რა არის SBS („ავადმყოფი შენობის სინდრომი“)

უმეტესობა ჩვენგანი ვერ ამჩნევს, რომ ზოგიერთ ოთახში ყოფნა არაკომფორტულია – ძილი გვერევა, თვალები გვიცრემლიანდება ან თავი გვტკივა. ეს არა მაგნიტური ქარიშხლის, არამედ იმის სიგნალია, რომ ინტერიერის მოპირკეთებაში გამოყენებული მასალები მავნე ქიმიურ ნაერთებს გამოყოფს.

თუ 30-40 წლის წინ საცხოვრებელი, საოფისე და საზოგადოებრივი შენობების დაპროექტებისას არავინ ფიქრობდა, რა შედეგებს იწვევს ზოგიერთი სამშენებლო მასალა (თან გრძელვადიანი კვლევებიც ჩატარებული არ იყო და ყველა ფულის დაზოგვას ცდილობდა), ახლა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. მთელ მსოფლიოში გამოჩდნენ ორგანიზაცები, რომლებიც არა მხოლოდ მასალებს ტესტავენ, არამედ შენობის ჩასაბარებლად ნორმებს აწესებენ.

საინტერესო ფაქტი: თავის დროზე უკონტროლო მშენებლობამ დაბადა ბევრი შენობა, რომლებიც მაცხოვრებლების/თანამშრომლების მასობრივად ცუდად ყოფნას იწვევს. ამ პრობლემის შესწავლისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 1982 წლიდან სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების საწარმოებლად აუცილებელი სერთიფიცირება შემოიღო. მაშინ პირველად დაინერგა ტერმინი Sick building syndrome (SBS), რაც ითარმგნება „ავადმყოფი შენობის სინდრომი“. შენობა ასეთ „დიაგნოზს“ იღებს, თუ მაცხოვრებლების/თანამშრომლების 1/5 ნაწილი მასში დიდხანს ყოფნისას დისკომფორტს, უსიამოვნებას განიცდის და ჯანმრთელობას კარგავს.

2. “ავადმყოფ“ შენობაში მცხოვრები/მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობაზე ზეგავლენა

ზოგიერთი მასალა თავისი სუნით გვანიშნებს, რომ მათზე სჯობს უარი ვთქვათ. ყნოსვის ორგანო ამის შესახებ სიგნალს გვაძლევს. შეგრძნებების უგულებელყოფა არ ღირს, რადგან წარმოსახვითი დაზოგვით არა მხოლოდ საცხოვრებელს, არამედ ჯანმრთელობას დაკარგავთ. სამწუხაროდ, ჩვენი ცხვირი ქიმიური ნივთიერებების მხოლოდ მცირე ნაწილს აღიქვამს. ქიმიური ნაწილების უმეტესობას დამახასიათებელი სუნი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ ბევრ სამშენებლო მასალას შეიძლება ჰქონდეს გაზრდილი რადიაციული ფონი, რომლის დადგენა სპეციალური მოწყობილობის გარეშე შეუძლებელია (დროთა განმავლობაში ამას მაცხოვრებლის ონკოლოგიური დაავადებები ადასტურებს). ქიმიური გზით შექმნილი ხელოვნური მასალის გამოყენებისას მავნე ნივთიერებების გამოყოფის რისკი არსებობს, რომელიც ჰაერს/წყალს აბინძურებს და ჯანმრთელობაზე ხანმოკლე ან გრძელვადიან გავლენას ახდენს.

ხანმოკლე შედეგი შეიძლება იყოს: ალერგია, ლორწოვანის გაღიზიანება, ყელის გაღიზიანება, ცემინება, ქავილი. გრძელვადიან შედეგში იგულისხმება მავნე ნივთიერებების დაგროვება, რომელიც იწვევს მძიმე დაავადებებს: ასთმა, უნაყოფობა, ონკოლოგია და ბევრი სხვა.

3. როგორ ხდება ოთახში ჰაერის დაბინძურება

სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების წარმოებაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები ჰაერში ხვდება შემდეგი გზით:

  • აორთქლება (ქიმიური ნივთიერება გაზად გადაიქცევა და ჰაერში ხვდება);
  • ქიმიური დეგრადაცია;
  • ცვეთა (მიკრონაწილაკები გამოიყოფა);
  • დაჟანგვა და გამოტუტვა;

ევროპასა და აშშ–ში ჩატარებულმა კომპლექსურმა კვლევამ გამოავლინა 55 ქიმიური ნივთიერება, რომლებიც მშენებლობაში გამოიყენება. ამ ნივთიერებებს ჯანმრთელობაზე გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლიათ, თუ დასაშვები ნორმები არ გაკონტროლდება.

4. ძირითადი და ყველაზე გავრცელებული მასალები, რომელთაც არასასურველი შედეგის გამოწვევა შეუძლიათ

აზბესტი თითქოს ბუნებრივი მასალაა, რომელიც სილიკატების კლასის რიგი მინერალებისგან შედგება და ჯანმრთელობისთვის სახიფათო მასალების სიაში არ უნდა იყოს. დღეს აზბესტი (განსაკუთრებით ამფიბოლ–აზბესტი) ერთ–ერთი ყველაზე კანცეროგენული ნივთიერებაა სამშენებლო ინდუსტრიაში.

აზბესტი შედგება მიკროსკოპული ბოჭკოებისგან, რომელთაც ნემსისებრი ან რთულად მოღუნული ფორმა აქვთ. ჩასუნთქვისას ადამიანის ფილტვებში ხვდება, თან არ იშლება და მთელი ცხოვრება ორგანიზმიდან არ გამოდის, ქსოვილებში ჩაიზრდება. ყველაზე ხშირად ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. სულ ცოტა ხნის წინ მასიურად იყენებდნენ როგორც სამოქალაქო მშენებლობაში, ასევე კერძოში (სახურავის დათბუნვა, წყლის ავზი, საკვამლე მასტიკის და ბევრი სხვა მასალის შემადგენლობაში). აბანოს და ღუმელის საკვამლეს დასათბუნად განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო, რადგან მაღალი თბოიზოლაცია ახასიათებს და არ იწვის.

აქროლადი ორგანული ნაერთი (VOC) გამოყოფს პროდუქტების ფართო სპექტრი, დაწყებული საღებავით, ლაქით, კედლის ფილით, ავეჯით და დამთავრებული საყოფაცხოვრებო საწმენდი–სარეცხი საშუალებებით და სხვადასხვა წებოთი. VOC აქროლადი ნივთიერებაა, რომელიც ატმოსფეროსთან შეხებისას გაზად გადაიქცევა. ჰაერის დიდად დაბინძურების და ასეთ ოთახში დიდხანს ყოფნის შემთხვევაში იწვევს ალერგიას, ლორწოვანი გარსის და სასუნთქი გზების გაღიზიანებას, თავის ტკივილს, ქოშინს, ღებინებას და გონების დაკარგვას.

აქროლადი ორგანული ნაერთის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ (ხშირად სამუშაოს სპეციფიკით ან სახლის გაჭინაურებული რემონტით გამოწვეულია) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის (ციროზამდე) და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. საბედნიეროდ, ნივთიერება ყნოსვით შეგიძლიათ იგრძნოთ, რომელიც საფრთხეზე სიგნალს გაძლევთ.

ქრომირებული სპილენძის არსენატი – კონსერვანტი ავტოკლავის ტექნიკით ხის გასაჟღენთად, რომელშიც შედის: ქრომი, სპილენძი და დარიშხანი. ქიმიისგან შორს მყოფმა ადამიანმაც იცის, რომ კონსერვანტი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეს ხიდან გარემოში გამოტუტვის და ლითონის (განსაკუთრებით დარიშხანის) დაგროვების პროცესით არის გამოწვეული.

ხანგრძლივი ზემოქმედებისას ადამიანის ტვინს, ფილტვებს, ღვიძლს, კუჭს, ელენთას, თირკმლებს და რეპროდუქციულ ორგანოებს აზიანებს. რამდენიმე ქვეყანამ მასშტაბური კვლევის შემდეგ აკრძალა მისი გამოყენება საბავშვო მოედნებსა და სხვა ობიექტებში, სადაც ადამიანს გაჟღენთილი ზედაპირთან პირდაპირი კონტაქტი აქვს.

ტყვია. მშენებლობაში ტყვია ხშირად გამოიყენება სახურავის, კარნიზის, ავზის და ელექტროსადენების დასაფარად. ადრე ზოგიერთი საღებავის შემადგენლობაში, მათ შორის ტიპოგრაფიაში შედიოდა. ვაშინგტონის უნივერსიტეტმა საგულდაგულო კვლევის შემდეგ დაადგინა, რომ ტყვია კუმულაციური და მდგრადი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ჭარბი ტყვიის ჩასუნთქვის ან ორგანიზმში მოხვედრისას ნერვულ და რეპროდუქციულ სისტემებზე, სისხლზე, თირკმლებზე მავნე ზეგავლენას ახდენს. საჭმლის მონელების, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის, ასევე სახსრების და კუნთების ტკივილის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.

ფორმალდეჰიდი უფერო კანცეროგენული გაზია, რომელსაც მძაფრი უსიამოვნო სუნი აქვს. ის ბევრ სამშენებლო მასალაში გვხდება, განსაკუთრებით ლაქებსა და საღებავებში, ხის, წებოს, საიზოლაციო მასალებში (დსპ, ფანერი, მდფ, სენდვიჩ–პანელი, ქაფპლასტი, სამონტაჟო ქაფი და ა.შ.). სახიფათო კანცეროგენი ყოველდღიურ ნივთებშიც გვხდება, რომელთაც მშენებლობასთან ან რემონტთან საერთო არაფერი აქვს.

ეს ნივთიერება გვხდება ქსოვილებში, ტყავის ნაწარმში, კოსმეტიკაში, პლასტმასში, ხალიჩებში, ფეხსაცმელსა და ბევრ სხვაში. ფორმალდეჰიდის ჩასუნთქვა ფილტვების, თვალის, კანის, ცხვირის და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ასევე დერმატიტს, ასთმას და რინიტს იწვევს. ერთადერთი სანუგეშო ისაა, რომ უსიამოვნო სუნი აქვს და აქროლადია, ამიტომ თუ ავეჯს ან ნივთს სუნი არ აქვს, სახიფათო არაფერია. წინააღმდეგ შემთხვევაში ნივთები სჯობს ცოტა ხნით მოიშოროთ, სანამ თქვენი ცხვირი უსიამოვნო სუნს ვეღარ იგრძნობს – შემდეგ თამამად გამოიყენეთ.

5.Novate–ს რჩევა

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კოსმეტიკური რემონტის დაგეგმვისას არა მხოლოდ პროექტის შეცვლაზე იზრუნეთ, არამედ დაფიქრდით, რომელი მასალის გამოყენება სჯობს (ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით: გამძლეობა, თბოგამტარობა და ა.შ.). მთავარია, მის უსაფრთხოებას ყურადღება მიაქციოთ, თუნდაც ეს ნატურალური ქვა ან ხე იყოს. პირველს შეიძლება რადიაციული გამოსხივების დონესთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდეს, ხოლო ხის მასალის შემთხვევაში დააზუსტეთ, ხომ არ არის ქიმიურად დამუშავებული. მასალა შეიძლება ხანძარსაწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და წყალგაუმტარი სითხეებით ან კონსერვანტებით იყოს გაჟღენთილი, რომელიც მისი გამოყენების ვადას ზრდის, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ქიმიური მრეწველობის ახალ მიღწევებზე არაფერს ვამბობთ. სამშენებლო მასალის შეძენისას (სასურველია, სპეციალურ მაღაზიაში) თამამად მოითხოვეთ დოკუმენტები, რომელიც მის უსაფრთხოებას ადასტურებს (ლაბორატორიული ტესტის ანგარიშები, სერტიფიკატები, ექსპერტების დასკვნები, უსაფრთხოების პასპორტი და ა.შ.).