სიმწვანეში ჩაფლული ფიტნეს ბუტიკი ხმაურიან ქალაქში განმარტოებას და დასვენებას გთავაზობთ

თანამედროვე სახლების დიზაინში საწყისებთან და ტრადიციულ ტექნოლოგიებთან დაბრუნება სულ უფრო პოპულარული ხდება. ასეთი ობიექტები ხმაურიან მეგაპოლისებში განსაკუთრებით შთამბეჭდავია. მაგალითად, ფიტნეს ბუტიკის ახალი შენობა, რომელიც ვიეტნამელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს. ულტრათანამედროვე შენობა სიმწვანეში ჩაძირული სოფლისთვის დამახასიათებელის ტრადიციული კოლორიტის გათვალისწინებით აშენდა.

ვიეტნამურმა არქიტექტურულმა კომპანიამ 23o55Studio, რომელიც ჰორიზონტზე ახლახანს გამოჩნდა, 2021 წელს კონკურსზე Architecture MasterPrize (AMP) წარმოდგენილი 3 განხორციელებული პროექტით სახელი უკვე გაითქვა. სამივე საკონკურსო ნამუშევარმა სხვადასხვა ნომინაციაში პრემიები აიღო, რაც ცნობილი კომპანიების/სტუდიების შემთხვევაშიც იშვიათობაა. კომპანიის ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ობიექტი გახდა ფიტნეს ბუტიკი The Red Cave (“წითელი მღვიმე“), რომელიც მრავალმილიონიანი ქალაქის, ხოშიმინის (ვიეტნამი) ხმაურიან ქუჩაზე მდებარეობს.

შენიშვნა: ფიტნეს ბუტიკი ან ბუტიკი სტუდიო მთელი მსოფლიოს დიდ ქალაქებში წარმოუდგენელ პოპულარობას იძენს. პატარა შენობა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბნებშიც შეგიძლიათ ჩაატიოთ. თუ უკვე მზა შენობას იქირავებთ, ასეთი ფიტნესის, სავარჯიშო, საცეკვაო და ა.შ. დარბაზის ქირაობა უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე მასშტაბური ფიტნეს ცენტრის მშენებლობა. თუ ამას დაუმატებთ ლამაზ ინტერიერს, დარბაზებში მაქსიმალურად განმარტოებას (დიდი ჯგუფები არასდროს არაა), მეგობრულ გარემოს და მოსახერხებელ ადგილმდებარეობას, გასაკვირი არაა, რომ ყოველთვიური აბონემენტი ცხელი ღვეზელივით სწრაფად იყიდება.

დეველოპერებმა ჯგუფური კლასებისთვის ფიტნეს ბუტიკის პროექტზე მუშაობისას სცადეს, რომ არქიტექტურას, ბუნებასა და თანამედროვე ადამიანის კომფორტს შორის ბალანსი დაეცვათ. Novate–ს ინფორმაციით, ფიტნეს ბუტიკი არა მხოლოდ ბიზნესის ადგილი, არამედ მფლობელის რეზიდენცია არის, რამაც სივრცის განლაგებაზე გავლენა მოახდინა.

პროექტის ავტორებმა 266 მ² ფართობზე გამოყეს დიდი ზონა შენობის პერიმეტრზე და შიდა ეზოში ბაღის გასაშენებლად, ასევე  პირველი სართულის სახურავზე ტროპიკული ბაღის გასაშენებლად და რამდენიმე გუბურას მოსაწყობად. თავად შენობის ფართობი (ყველა დონის ჩათვლით) 500 მ²–ზე მეტი გამოვიდა. ბევრი მცენარე არა მხოლოდ ლამაზ ბუნებრივ ფონს ქმნის, არამედ შენობაში ბუნებრივ სიგრილეს უზრუნველყოფს. ბაღების და ტერასების თითოეული ზონა სავარჯიშოდ გამოიყენება, თან დასასვენებლად მოფარებული კუთხეები აქვს.

„სავარჯიშო დარბაზში ძალოვან ვარჯიშებს ინტენსიურად ვასრულებთ და ბაღს ვუყურებთ, იოგას ვაკეთებთ, ბუნების სილამაზით ვტკბებით, განუმეორებელ არომატს ვსუნთქავთ. ბაღი მოდუნებისკენ, სწავლისკენ და საკუთარი თავის შეცნობისკენ გადადგმული ნაბიჯია“ – ამბობს ფიტნეს ბუტიკის მფლობელი. პირველი დონის სახურავზე მდებარე ბაღი მხოლოდ მფლობელისთვის არის განკუთვნილი, რადგან საცხოვრებელი ზონის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს.

მთელ შენობაში მდებარეობს სხვადასხვა ზონა იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებმა მშვიდ გარემოში თითოეული სახეობის ვარჯიში შეასრულონ.

ცენტრალური ნაწილი საერთო მოედანია საოცარი სააბაზანო ოთახით, მცენარებით გარემოცული და გამჭვირვალე ჭერი, რომლიდანაც ცა ჩანს. ამას უჩვეულო კონფიგურაციის და სტრუქტურის სახურავის მქონე მრავალდონიანი მოცულობები ხელს უწყობს. ჰიდრომასაჟის აბაზანის გარდა, რომელიც თითქმის ღია ცის ქვეშ მდებარეობს, ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ლაუნჯით, ჩაის ოთახით, სარელაქსაციო ზონით, რომელიც ტროპიკულ მცენარეებს შორისაა ჩაძირული, საშხაპით, სველი წერტილებით და გასახდელი ოთახებით.

მფლობელისთვის გათვალისწინებულია: მყუდრო მისაღები ოთახი ტერასაზე გასასვლელით, სადაც საკუთარი ბაღი მდებარეობს და ქალაქსა და მდინარე საიგონზე საოცარი ხედი იშლება. თანამედროვე სამზარეულო, სასადილო და სააბაზანო ოთახი.

ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინში აღსანიშნავია მონოქრომული წითელი პალიტრა, რომ შიდა და გარე სივრცეებს შორის საზღვარი წაშლილიყო. ამას ხელს უწყობს უხვი შემინვა, კოლონას გამოყენება, რომელიც დახრილ სახურავს ამაგრებს, სივრცეს უფრო გაშლილს და ბუნდოვანს ხდის, პერფორირებული ტიხრები, გუბურები, რომელთა წყალში უხვი სიმწვანე და ცისფერი ცა ირეკლება.

მთავარი სამშენებლო მასალა იყო ხე, რომელიც თავად სახლის ასაშენებლად და გაფორმებაში გამოიყენეს. იატაკის საფარად გაპრიალებული ბეტონი და მარმარილოს ფილები აირჩიეს.

დიზაინი აღმოსავლეთ აზიის ტრადიციულ კულტურას შეესაბამება, რომელიც გარემოს მინიმალიზმსა და კოლორიტულ არქიტექტურულ ელემენტებში ჩანს. ყველა ზონის ინტერიერის მთავარი აქსესუარია პანორამული ფანჯრები და იატაკიდან ჭერამდე მინის კარები, რომელიც მასშტაბურ შემინვას იდეალურად ერწყმის.

„პროექტის საერთო სტრუქტურა არის ნარევი, რომელიც არქიტექტურულ და ბუნებრივ ელემენტებს მოიცავს და განსაკუთრებულ, შთამბეჭდავ შენობას ქმნის. სასიამოვნო ატმოსფერო, დაწყებული ფასადიდან და სურნელოვანი ბაღიდან და დამთავრებული შიდა სივრცის გაფორმებით, დაგიპყრობთ. სტრუქტურას კონვერგენციას ვუწოდებთ – ხალხის, არქიტექტურის და ბუნების ერთობას“ – არქიტექტურული კომპანიის 23o5Studio სპეციალისტები ასეთ დიზაინერულ გადაწყვეტილებას განმარტავენ.