საოფისე შენობა 8 კმ ცოცხალი ღობით დაფარეს, რომ უდიდესი მწვანე ფასადი შეექმნათ

გერმანულმა არქიტექტურულმა კომპანიამ Ingenhoven Architects დიუსელდორფში სავაჭრო–საოფისე შენობა Kö-Bogen II დააპროექტა, რომელიც ევროპაში ყველაზე მასშტაბური „მწვანე“ ფასადით თავს იწონებს. დაახლოებით 30 ათასი რცხილას ნერგი გამოიყენეს, რომ ცოცხალი ღობე შეექმნათ და ხუთსართულიანი ტრაპეციული კომპლექსი შეეფუთათ.

ეს ნათელი მაგალითია, რომ ვერტიკალური გამწვანება მსოფლიოს ბევრ ქვეყანას იპყრობს. მშენებლობა იგეგმებოდა ჰოფგარტენის რაიონში, Gustaf-Gründgens-Platz-ზე, სადაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში მოდერნული კოშკი Dreischeibenhaus აშენდა, ხოლო კიდევ 10 წლის შემდეგ შთამბეჭდავი თეატრი Schauspielhau. სწორედ ამიტომ, კრისტოფერ ინგენჰოფენს თავის გუნდთან ერთად ბევრი ძალისხმევის გაღება მოუწია, რომ ღირსეული ობიექტი შეექმნა.

შენიშვნა: Kö-Bogen II–ის მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში პოპულარული არქიტექტურული ტექნიკის გამოყენება, რომელიც ვერტიკალურ გამწვანებას გულისხმობს, დიუსელდორფის ურბანული მშენებლობის და განლაგების პრინციპების განახლებას თვალსაჩინოდ აჩვენებს. „მწვანე“ შენობის მშენებლობის დასრულება ქალაქის ცენტრის განახლების ბოლო ეტაპი გახდა. პროგრამის განხორციელებას 27 წელი დასჭირდა. სავაჭრო–საოფისე შენობა ექსპერიმენტული პროექტია, ურბანული შენობის ახალი ტიპოლოგიის ერთგვარი დადასტურება, რომელიც მდგრად განვითარებასა და მწვანე მშენებლობაზე ორიენტირებულია.

„დიუსელდორფის განახლებულ ცენტრში 3 განსხვავებული არქიტექტურული პოზიცია ერთმანეთს უკავშირდება, რომ ქალაქის ქსოვილი შექმნას: Dreischeibenhaus–ის კოშკის მკაფიო სიმკაცრე, Schauspielhaus–ის თეატრის მხიარული სიმსუბუქე და Kö-Bogen II–ის დინამიური ფასადი. თითოეული მათგანი თავის დროს წარმოაჩენს, თან ერთმანეთს კონკურენციას არ უწევენ, არამედ ერთმანეთს ავსებენ“ – ამბობს კრისტოფერ ინგენჰოვენი, არქიტექტურული კომპანიის დამფუძნებელი და იდეების შთამაგონებელი, რომლის შემოქმედება მდგრადი არქიტექტურის იდეებს ეფუძნება.

ცოცხალი ღობის წყალობით, რომლის შექმნაზე დაახლოებით 30 ათასი ხე (კერძოდ, ჩვეულებრივი რცხილა) გამოიყენეს, სავაჭრო–საოფისე შენობა როგორც ქალაქის შენობებს, ასევე ჰოფგარტენის პარკს ჰარმონიულად შეერწყა. უფრო ზუსტად, შენობა პარკის შთამბეჭდავი გაგრძელება გახდა.

საინტერესო ფაქტი: ხეები ერთ რიგად რომ დაერგოთ და არა მთელი შენობის პერიმეტრზე, მაშინ 8 კმ სიგრძის ხეივანი გამოვიდოდა.

Novate–ს ინფორმაციით, ასეთი ამბიციური პროექტის გასახორციელებლად (პროექტის ავტორებს ყველაზე მასშტაბური „ცოცხალი“ ფასადის მქონე შენობის აშენება სურდათ) მარადმწვანე რცხილა აირჩიეს, რომელსაც კომპაქტური ზომები აქვს და ძალიან ნელა იზრდება. იმისთვის, რომ დასრულებულ კომპლექსს უკვე მწვანე ფასადი ჰქონოდა, ხეები სპეციალურ კონტეინერებში დროულად დარგეს. შენობის ფასადის შესაქმნელად და მცენარეთა სახეობების ანალიზისთვის მოიწვიეს ექსპერტთა გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა კარლ–ჰაინც შტრაუხი, ბეიტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

ექსპერტების რეკომენდაციებით შეირჩა ადგილობრივი რცხილა – უპრეტენზიო მცენარე, რომელსაც ძლიერი ქარი არ აშინებს, დაავადებები არ აწუხებს, ზამთარში დამატებითი შეფუთვა და ყოველდღიური მოვლა არ სჭირდება. წელიწადში რამდენჯერმე გასხვლა და დროული მორწყვა საკმარისია, რადგან ხეები კონტეინერებში იზრდება.

პროექტის ფარგლებში ცოცხალი ღობის ოპტიმალური სიმაღლე (1,3მ), დარგვის ნორმა, მორწყვა, გამოკვება და სხვა აგროტექნიკური თავისებურებები შეირჩა. ვერტიკალური ბაღი რამდენიმე ზონად დაიყო: ქვედა ზონა, სადაც ტერასული ნარგავები იწყება, ცოცხალი ღობე პირდაპირ მიწაშია ჩარგული, შენობის ფასადის ზონა – კონტეინერებით შექმნილი სპეციალური სისტემა, რომელიც თავად შენობის კონსტრუქციას უკავშირდება, სახურავი, სადაც მცენარეებისთვის კლუმბებია გაშენებული.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთი შეხედვით კარგი საქმე ქალაქის მაცხოვრებლებს არ მოეწონათ. “ცოცხალი ღობის საჭირო რაოდენობის გაზრდა დიდი პრობლემა გახდა. მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ მოქალაქეების დარწმუნება, რომ შენობა ისეთი იქნებოდა, როგორც დაგეგმილი იყო, რთული ამოცანა გახდა. მოქალაქეები ეჭვობდნენ, რომ ღობე რეალურად ისეთი მიმზიდველი არ იქნებოდა, როგორც ნიმუშებში იყო. საბედნიეროდ, დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ფიქრების და ილუსტრაციების განხორციელება რეალურია“ – ამბობენ Ingenhoven Architects–ის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორები ცოცხალი ღობის მუშაობაზე 99 წლიან გარანტიას იძლევიან. ამ დროში საიმედო სტრუქტურული საფუძველი გახდება, სადაც შეგიძლიათ გაზარდოთ ხეები და მცენარეებზე დაუბრკოლებლად იზრუნოთ (მორწყვა, გასხვლა, განახლება და ა.შ.).

თუ არქიტექტურულ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, შენობა გამაერთიანებელი ობიექტია, რომელმაც გარდაქმნა ტერიტორიის ნაწილი, სადაც ადრე ხმაურიანი ავტომაგისტრალი გადიოდა. ახლა მთელი ტერიტორია საფეხმავლო და ეკოლოგიურად სუფთა ზონა გახდა. თავად კომპლექსი მიკროკლიმატის გაუმჯობესებას და მთელი ტერიტორიის ჰაერის გაწმენდას ხელს უწყობს.

შენიშვნა: კვლევის თანახმად, 1,2-1,3 მ სიმაღლის 1 კმ ცოცხალი ღობე 80 ზრდასრული ფოთლოვანი ხის ეკოლოგიური ეფექტურობის ტოლფასია (ნახშირორჟანგის შთანთქმის თვალსაზრისით). მარტივი გამოსათვლელია, რამდენი ხე ჩაანაცვლა ამ შენობის „ცოცხალმა“ ფასადმა, რომელიც უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე ამდენივე მწვანე ნერგის მქონე პარკი. ეს იმის გაუთვალისწინებლად, რომ ცოცხალი ღობე შიდა სივრცეს და მიმდებარე ტერიტორიას სინათლის მოძრაობის მიხედვით ჩრდილავს, ტენიანობას ინარჩუნებს, ხმაურს ახშობს, ბიომრავალფეროვნებას მხარს უჭერს და ტერიტორიას ალამაზებს.

მშენებლობა უკვე ფორმირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ამიტომ პროექტის ავტორებმა კომპლექსის სართულების რაოდენობა და მისი ფორმა დეტალურად გათვალეს, რომ უახლოესი შენობების, ომის შემდგომი არქიტექტურული ეტალონის ხედები არ დაეფარათ. ამასთან, მოსაზღვრე პარკს ეფექტურად შერწყმოდა.

კონსტრუქციული თავისებურებები: მრავალფუნქციური კომპლექსის საერთო ფართობია დაახლოებით 42 ათასი მ², დამატებით 23 ათასი მ² სავაჭრო ფართობს და მიწისქვეშა ავტოსადგომს უკავია. საფეხურებიანი საოფისე შენობის სიმაღლე 27 მეტრია. სამკუთხა სახურავს, რომლის ქვეშ სავაჭრო სივრცე და რესტორანი მდებარეობს, 10 მ სიგრძე აქვს. მასზე მდებარეობს გაზონი, სადაც ყველა მსურველს დაწოლა და მზეზე ნებივრობა შეუძლია.

ინოვაციური კომპლექსის მშენებლობის მთავარი იდეა გახდა „ბუნების არქიტექტურაში ინტეგრაცია, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე თანამედროვე ქალაქის პასუხია. Kö-Bogen II–ის მიზანია საერთო ეკოლოგიური კონცეფციის განხორციელება, რომელიც ქალაქის მიკროკლიმატის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული“.