ფრენკ ლოიდ რაიტის 3 დაუმთავრებელი პროექტი, რომელიც 3D ვიზუალიზაციით გააცოცხლეს

ფრენკ ლოიდ რაიტი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და ნაყოფიერი არქიტექტურია. ორგანული არქიტექტურის და პრერიული სტილის ფუძემდებელმა 1171 კონცეფცია შეიმუშავა, რომელთაგან 660–მა პროექტირების ეტაპი გაიარა. იმის საჩვენებლად, რომ რაიტის პროექტები დროში შეუზღუდავი არქიტექტურული შედევრებია, Angi და NeoMam Studios–ის დიზაინერებმა მისი პროექტები გააცოცხლეს. მართალია, ჯერ მხოლოდ 3D ვიზუალიზაცით.

საკულტო არქიტექტორის ფრენკ ლოიდ რაიტის პროექტების ხელახლა გააზრება ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით

ვებგვერდების Angi და NeoMam Studios–ს დიზაინერებმა ციფრული ტექნოლოგიის, კერძოდ 3D რენდერინგის ძალა გამოიყენეს, რომ ეჩვენებინათ, როგორი შეიძლება ყოფილიყო ამერიკელი არქიტექტორის, ორგანული არქიტექტურის მამის, ფრენკ ლოიდ რაიტის (1867-1959 წ.წ.) მიერ დაპროექტებული სახლი. გუნდმა დიდებული ოსტატის ასობით საარქივო ესკიზი, ჩანახატი და დამტკიცებული პროექტი შეისწავლა, რომ მისი ნამუშევრები გაეცოცხლებინა. ასე შექმნეს ვიზუალიზაციის სერია, რომელიც რეალისტურად გვიჩვენებს, როგორი შეიძლება ყოფილიყო ობიექტები დღეს, პროექტის შექმნიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ.

დიზაინერებმა რაიტის ყველაზე საკულტო ნამუშევრები შეარჩიეს. ამ პროექტებს დღის სინათლე არ უნახავთ, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტებია, რადგან გამოჩენილი არქიტექტორის ცხოვრების სხვადასხვა მომენტებს შეესაბამება. „ამ პროექტის ყველაზე შთამაგონებელი ნაწილი იყო ის, რომ ფრენკ ლოიდ რაიტის დავიწყებული ესკიზები თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გაცოცხლდა“ – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს NeoMam Studios–ის გუნდი.

აღსანიშნავია, რომ ყველა ვიზუალურ ობიექტს ერთი საერთო ხაზი აქვს – არქიტექტორის მიერ შექმნილ ესკიზებთან და სართულების დეტალურ გეგმასთან მაქსიმალური მსგავსება. ამას რაიტის ესკიზების ყოველმხრივი და დეტალური ანალიზის შემდეგ მიაღწიეს. „ყველაზე რთული სართულების დაგეგმვა იყო. დიზაინერების გუნდი ოსტატის გეგმას და ნახაზებს მაქსიმალურად ზუსტად მიყვებოდა, თუმცა ზოგიერთი ელემენტი და დეტალი მოითხოვდა დამატებით კვლევას და იმის გაგებას, როგორ იყო აშენებული რაიტის არსებული სახლები“ – ამბობს დიზაინერების გუნდის ხელმძღვანელი.

1. ჩიკაგოს საპატიო მაცხოვრებლის, ალინა დევინის სახლი (პროექტი 1896 წ.)

ხანგრძლივი ძებნის შემდეგ გადაწყდა, რომ აერჩიათ ჯერ კიდევ დამწყები არქიტექტორის ერთ–ერთი პირველი პროექტი, რომელიც არა მხოლოდ აღადგინეს, არამედ ხელახლა გაიაზრეს. რაიტმა ალინა დევინისთვის ჩიკაგოს სასახლის პროექტი 126 წელზე მეტი ხნის წინ შექმნა (სახლის სახელი „მისის დევიდ დევინის სახლი“ – Mrs. David Devin House). პროექტი განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგან ოსტატის შემდგომი ნამუშევრებისგან კარდინალურად განსხვავდება. 3D რენდერინგში გამოჩენილი მხატვრის გვიანდელი შენობებისგან განსხვავებები მკვეთრად გამოკვეთილია. აქ, შეგიძლიათ ნახოთ დიდი ფასადები, თაღოვანი შესასვლელი, გამოხატული ორნამენტები, რომლებიც ნეომოდერნისტულ სტილს შეიძლება მივაკუთვნოთ, რაც რაიტის ნამუშევრებისთვის უჩვეულოა. თანამედროვე დიზაინერებმა ერთადერთი ცვლილება შეიტანეს – დაბალი დახრილი სახურავი. ვიზუალიზაციაში მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი მონახაზი აქვს, რომ მისი ერთ–ერთი პირველი ნამუშევარი შემდგომ პროექტებთან დაეკავშირებინათ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის შემუშავებისას დიდგვაროვანი ქალი იზიარებდა ფრენკის არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს, რომელმაც სტრუქტურულ დიზაინში ორიგინალური ნოტები შემოიტანა (აქედან მოდის იმ დროს მიღებულ ნორმებსა და იმავე დროის მოდურ ტენდენციებს შორის განსხვავებები). საბოლოოდ, ქალმა შემუშავებული პერსპექტიული პროექტი უარყო და კაბინეტში სიმბოლურად დატოვა, როგორც რეიტის სხვა ნამუშევრები.

2. საზაფხულო კოტეჯი ტაჰოს ტბის სანაპიროზე (კონცეფცია 1923 წ.)

ფრენკ ლოიდ რაიტს ტაჰოს ტბის ულამაზეს სანაპიროზე ერთგვარი „საზაფხულო კოლონია“ (Lake Tahoe Lodge) განებივრებული კლიენტის დაკვეთით არ შეუქმნია. ოსტატი ეცადა, რომ ტბის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში, რომელსაც ადგილობრივები ზურმუხტის ყურეს უწოდებენ, 80 ჰა დაცულ მიწაზე საზაფხულო დასასვენებელი სივრცის მოსაწყობად საკუთარი ხედვა წარმოეჩინა. ფრენკ ლოიდ რაიტის ფონდის მონაცემებით, მისი პროექტი მოიცავდა ნაპირის გასწვრივ კოტეჯების კოლექციას, ასევე წყალზე მცურავი სახლების ფლოტს. რაიტის გეგმა ითვალისწინებდა „მასიურ ტერასებს“, რომლებიც განმარტოების ატმოსფეროს უზრუნველყოფდა, მთის ბორცვზე ეფექტურ ობიექტებს გაამაგრებდა.

Novate–ს ინფორმაციით, რაიტი თავისი პროექტით ჯესი არმსტრონგის, ამ მიწის მფლობელის ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. მას ნაკვეთის სასარგებლოდ გამოყენება შესთავაზა. ტერიტორია კოტეჯური დასახლებისთვის ყველაზე შესაფერისი იყო. მდიდარი ლედი პარტნიორობით არ დაინტერესდა და პროექტი ქაღალდზე დარჩა, თუმცა ციცაბო ფერდობის ნაპირზე ოსტატურად ინტეგრირებული სახლი შესანიშნავი საზაფხულო დასასვენებელი ადგილი და ტერიტორიის ეფექტური გაფორმება გახდებოდა.

3. კოტეჯი კონექტიკუტში აინ რენდისთვის (პროექტი 1946 წ.)

სტუდია NeoMam–ის დიზაინერების ყურადღება კიდევ ერთმა პროექტმა მიიქცია. ის რაიტმა Mrs. David Devin House-ის კონცეფციის შექმნიდან 50 წლის შემდეგ შეიმუშავა, როცა მისი ნამუშევრები უკვე აღიარებული იყო, ხოლო ზოგიერთი საერთოდ სტილის ხატს წარმოადგენდა. კოტეჯის პროექტი პენსილვანიაში მისი ცნობილი იდეის „სახლი ნაკადულთან“ გაგრძელებაა (Fallingwater house in Pennsylvania), რომელმაც ფრენკს მსოფლიო დიდება მოუტანა.

კონექტიკუტის კოტეჯი, რომელიც 1946 წელს უკვე გამოცდილმა და წარმატებულმა რაიტმა აინ რენდისთვის (Ayn Rand – ამერიკელი მწერალი და სცენარისტი) შექმნა, თანამედროვე სააგარაკო სახლის პროტოტიპი თამამად შეიძლება გახდეს. დამკვეთის სურვილით პროექტი ბუნებრივი ლანდშაფტის მითითებით შეიქმნა, რომელიც კონექტიკუტის ან კალიფორნიის სანაპიროზე საოცარ ხედებს უზრუნველყოფს. ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ წარიმართებოდა პოპულარული სცენარისტის კარიერა.

ვიზუალიზაციით კოტეჯის საოცარი სილამაზე შეგვიძლია დავინახოთ. კოტეჯი კონსოლური ბეტონის „უჯრების“ ჯგუფისგან შედგება, რომელთაგან თითოეული ცენტრალური ქვის საფუძველზეა მიმაგრებული. თვალწარმტაც ბალახიან ბორცვში ინტეგრირებული ასიმეტრიული სფუძველი ოთხი ბლოკისთვის ეფექტური საძირკველია. 4 ბლოკი ქმნის საცხოვრებელი ფართის 4 სართულს ღია ტერასებით. ტერასებზე გათვალისწინებულია კონტეინერები მცენარეების დასარგავად, რის წყალობით კოტეჯი ბუნებრივ ზონას ორგანულად ერწყმის.

აინ რენდი რაიტისადმი მიწერილ წერილში (1946 წელს) ესკიზის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავს: „სახლი, რომელიც ჩემთვის დააპროექტეთ, დიდებულია. გავოგნდი, როცა დავინახე. ეს კოსმოსში განსაკუთრებული სახის ქანდაკებაა, რომელიც შემიყვარდა. თქვენ გარდა ასეთ შედეგს ვერავინ მიაღწევდა“. პოპულარული მწერალი სახლით აღფრთოვანებული იყო, მაგრამ მაინც არ ააშენა. იმ პერიოდში ლოს–ანჯელესში დასახლება არჩია, რადგან კინოსტუდიებთან მჭიდროდ თანამშრომლობა და ქალაქიდან შორს წასვლა არ სურდა.