საუკეთესო და ხელმისაწვდომი ზეთი ხის დასამუშავებლად. ყოველგვარ საჟღენთზე, ლაქსა და სელის ზეთზე ხარისხიანია

რომელი მასალაა ხეზე უფრო ეკოლოგიური? ხის ღირსეული ალტერნატივის პოვნა გაგიჭირდებათ. ამ მასალას ხარისხით და გარეგნობით ბევრი ვერ შეედრება. ხის გამოყენების სფერო იმდენად მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია, რომ დიდხანს ჩამოთვლა მოგვიწევს: მოპირკეთება,მშენებლობა, ავეჯის წარმოება და ა.შ.

ხის ქებისას მისი ნაკლოვანებებიც უნდა ვახსენოთ. ხე გამოყენების პროცესში შრება, დეფორმირდება, ლპება, ზიანდება. ამ პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება. დღეს ბაზარზე ხის დასამუშავებლად სხვადასხვა საშუალება იყიდება. მისი ასორტიმენტი იმდენად ფართოა, რომ თვალები გვიჭრელდება. მათ შორის საუკეთესოს არჩევა რთულია. თან მაღაზიის საშუალება ძალიან ძვირი ღირს. ვის არ უყვარს ფულის დაზოგვა? Novate უფრო ბიუჯეტურ ვარიანტს გთავაზობთ. გიამბობთ, როგორ გახადოთ ხე უფრო წყალგამძლე, შენიღბოთ დეფექტები, მიანიჭოთ სიპრიალე.

ადამიანების უმრავლესობა ჩვევის გამო ხეს ნატურალური ზეთით ჟღენთს, რომელიც მასალის ფორებში აღწევს და წყალგამძლეობას ანიჭებს. ყველაზე მეტად რეკომენდებულია სელის, ტიკის და ტუნგის ზეთები. შემდეგ პოპულარობის მიხედვით მოდის კუპრის ზეთი და მზესუმზირას ზეთი.

სელის ზეთი ხეს ოდნავ მოყვითალო ელფერს ანიჭებს. ამის თავიდან ასაცილებლად დამუშავების წინ ზეთი რამდენიმე თვე მზეზე გააჩერეთ. ასე გაღიავდება და შეფერვის ეფექტს დაკარგავს. ტიკის, კუპრის და ტუნგის ზეთების გამოყენების შემთხვევაში ხის ფერი არ იცვლება. მართალია, ასეთ ზეთს მაღალი ფასი აქვს. კიდევ ერთი ვარიანტი: მცენარეული ზეთი. ასეთი ზეთი მასალის ლპობას თავიდან ვერ აგაცილებთ.

არა სამშენებლო მაღაზიაში, არამედ აფთიაქში წადით

მთავარზე გადავიდეთ. ვაზელინის ზეთით ხეს ეფექტურად დაამუშავებთ. დაფიქრდით, რას წარმოადგენს ვაზელინის ზეთი? ეს თხევადი პარაფინია! ზეთი ნავთობიდან მიიღება, ნავთის და სხვა მინარევების მოშორებით. გამოდის, რომ ვაზელინის ზეთი აბსოლუტურად სუფთაა, მავნე ნივთიერებას არ შეიცავს და საკვებში ტყუილად არ იყენებენ. თხევადი პარაფინი ხეზე თხელ წყალგამძლე ფირს ტოვებს. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ზეთს სუნი არ აქვს, ზედაპირს არ ღებავს, ხის დეფორმაციას ხელს უშლის.

ვაზელინის ზეთის კიდევ ერთი უპირატესობა დაბალი ფასია. 100 მლ ბოთლი დაახლოებით 2 ლარი ღირს. ლიტრში რომ გადავთვალოთ, 20 ლარი დაგიჯდებათ. უფრო იაფი მხოლოდ ლამპრის ზეთია – მაქსიმუმ 10 ლარი ლიტრზე, თუმცა მასში ზეითუნის ზეთი შედის, რომელიც დამუშავების ეფექტს ამცირებს.

ხე ვაზელინის ზეთით გაჟღინთეთ და 20 წუთით მოიცადეთ. ამის შემდეგ ზედაპირი გაამშრალეთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ განმეორებით გაჟღინთოთ. გახსოვდეთ, რომ ამის გამო ხე ცოტა გამუქდება.