ჯერ გავაკეთე, შემდეგ ინსტრუქცია შევისწავლე. როგორ გამოვიყენოთ მათბუნებელი ბალონში სწორად

Novate გიზიარებთ ჩვენი ერთ–ერთი მკითხველის პირად გამოცდილებას, რომელმაც სავენტილაციო არხები საიზოლაციო ქაფით დათბუნა, მაგრამ გამოყენების წესები საქმის დასრულების შემდეგ შეისწავლა:

“საკუთარი სახლის მშენებლობისას სხვადასხვა მწარმოებლის ბევრი სახის ქაფი გამოვცადე. ვფიქრობდი, რომ თუ მათი გამოყენების რაიმე წესი არსებობს, ყველაფერი უკვე ვიცოდი. კიდევ ერთი დაუტესტავი მოდელი დარჩა, რომელმაც რაღაც სიახლე შემოიტანა. ახლა თვითნაკეთ რეკუპერატორზე ვმუშაობ. უკვე გავაკეთე და დავამონტაჟე. ახლა სავენტილაციო არხების დამონტაჟება და რეკუპერატორთან მიყვანა დამრჩა.

რატომ დამჭირდა მათბუნებელი?

რეკუპერატორის მთავარი ამოცანა სახლში შემოსულ და გამავალ ჰაერს შორის სითბოს გაცვლაა. მთელი ეს პროცესი პირდაპირ სითბოს გამცვლელში უნდა მოხდეს და სხვაგან არსად. რეკუპერატორის ეფექტურობის გასაზრდელად მიწოდების და გამწოვის არხები შენობის შიდა ტემპერატურისგან იზოლირებული უნდა იყოს. ამ მიზნით მათბუნებელი ბალონებში გამოვიყენე.

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სამონტაჟო ქაფის ბალონია, მაგრამ მუშაობაში სხვაობა ჩნდება. პირველ რიგში, სპეციალური საცმი აქვს, რომელიც ქაფის თანაბრად განაწილებას ხელს უწყობს. მეორეც, დიდი გაფართოება აქვს, რომელიც წასმისთანავე ხდება. საბოლოოდ, ასეთი „ხუჭუჭა შედეგი“ მივიღე.

სინამდვილეში, უკეთესი შედეგის მიღება შეიძლებოდა. ვაღიარებ, ასეც ხდება, რომ ჯერ აკეთებ და შემდეგ ინსტრუქციას კითხულობ, როგორ გააკეთო. ამ იზოლაციასთან მუშაობასაც თავისი წესები ჰქონია. მათ შესახებ სამუშაოს დასრულების შემდეგ გავიგე.

  • წყლის გამოყენება ქაფის წასმამდე და შემდეგ

ვიცოდი, რომ ქაფის წასმამდე ზედაპირის დასველება კარგია. ასე პოლიმერიზაცია და ზედაპირზე მიკვრა უმჯობესდება. ჩვეულებრივი სამონტაჟო ქაფის შემთხვევაში ეს საკმარისია. თუ გსურთ, რომ მაქსიმალურ პოლიმერიზაციას და გაფართოებას მიაღწიოთ (რაც იზოლაციისგან გვჭირდება), წყალი არ დაზოგოთ და მათბუნებელი წასმის შემდეგ დანამეთ.

მასალის ცეცხლმედეგობა შეგიძლიათ გააუმჯობესოთ. ამისთვის უბრალო წყლის ნაცვლად დასანამად ცეცხლგამძლე საშუალება გამოიყენეთ, რომელიც ქაფში აღწევს (თუმცა არ ვიცი, რამდენად იმუშავებს რეალურად).

  • ეტაპების თანმიმდევრობის დაცვა მნიშვნელოვანია:

მათბუნებლის წასმისას ყველა ზედაპირის დაფარვას ერთი ხელის მოსმით ვცდილობდი, მაგრამ სჯობს არ აჩქარდეთ. ჯერ ერთი ფენა წაუსვით. მნიშვნელობა არ აქვს, სადმე გამოგრჩებათ თუ არა. მაქსიმალურად გაფართოების და გამაგრების საშუალება უნდა მისცეთ. ამის შემდეგ მეორე ფენა გადაუსვით, ყველა ხვრელი ამოავსეთ. ასე ქაფის მინიმალური დახარჯვით მაქსიმალურ შედეგს მიიღებთ.

პირადად, სამი ბალონი ქაფის დახარჯვა მომიწია, რაც ასეთ პატარა მოცულობაზე ბევრია.

მოკლედ, სავენტილაციო არხები იზოლირებულია, დასკვნები გაკეთებული, წინსვლას ვაგრძელებთ.”