ბამბუკის სახლები ხეზე, რომელთაც კომუნიკაციებთან დაკავშირება არ სჭირდებათ

ჰოლანდიურმა დიზაინერულმა სტუდიამ ხეზე კოლორიტული ბამბუკის სახლების სერია შექმნა, რომელიც „მწვანე“ არქიტექტურის წესებით აშენებული მექსიკური ეკო კურორტის მთავარი ნაწილია. წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე კურორტს თანამედროვე პირობების უზრუნველსაყოფად ცენტრალური კომუნიკაციები არ სჭირდება, რადგან ავტონომიური არსებობისთვის ინოვაციური ტექნოლოგიები აქვს, რომელიც ენერგიის გამომუშავებას და წვიმის წყლის გაწმენდასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს.

ჰოლანდიური სტუდიის Atelier Nomadic–ის დიზაინერების ძალისხმევით, რომლებიც ბიოფილურ არქიტექტურასა და მდგრად მშენებლობაზე ორიენტირებულნი არიან, მექსიკური ეკო კურორტის ტერიტორიაზე, რომელიც Playa Viva–ს ქსელს მიეკუთვნება, ხეზე შთამბეჭდავი ბამბუკის სახლები გამოჩნდა. ეს სახლები კეთილმოწყობილი სასტუმროს ნომრებია, რომელიც მოდურ სასტუმრო კომპლექსში მდიდრულ აპარტამენტებს არ ჩამოუვარდება.

წყნარი ოკეანის სანაპიროზე ეგზოტიკური ბუნებით გარემოცული ხელუხლებელი მიწის ნაკვეთი სასტუმრო/საკურორტო კომპლექსის მშენებლობისთვის საკუთარ წესებს გვკარნახობს. პირვანდელი ბუნება რომ არ დაერღვიათ, სასტუმროს მფლობელებმა სწორი გადაწყვეტილება იპოვეს – ეკოლოგიურად სუფთა ობიექტების მშენებლობა, რომელიც ხელუხლებელი ლანდშაფტის დამატება გახდება.

კურორტის მფლობელებმა, რომლებიც ამავდროულად ტურისტული კომპანიის Regenerative Travel–ის თანადამფუძნებლები არიან, დახმარებისთვის მიმართეს ჰოლანდიელ სპეციალისტებს, რომელთაც მდგრადი მშენებლობის ყველა წესით დაცვით ობიექტების პროექტირებაში დიდი გამოცდილება აქვთ. ჰოლანდიელები უპირატესობას ანიჭებენ ბიოფილურ დიზაინს (ბიო–ტექ სტილი), რომელიც ცოცხალი არსებების ფორმების გამეორებით ეკოლოგიურად სუფთა ობიექტების შექმნას გულისხმობს. არქიტექტორები ლანდშაფტში ჰარმონიულად შერწყმას და ხალხსა და ცოცხალ ბუნებას შორის კავშირის გაზრდას დიდ ყურადღებას აქცევენ.

აღსანიშნავია: დიზაინერებმა ხეზე სახლების შექმნისას შთაგონება იპოვეს გიგანტური „მფრინავი“ სკაროსი მობულას (Mobula) ფორმაში, რომელიც ოკეანის წყლებში ბინადრობს. ის გახდა კურორტის Playa Viva სიმბოლო, რომლის ორგანიზატორები გარემოს და ზღვის ბინადრების შენარჩუნებისკენ მიმართულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ. განსაკუთრებით ნაკრძალში La Tortuga Viva კუების რაოდენობის დაცვა და შენარჩუნება იტაცებთ.

ვინაიდან, სახლები „მფრინავი“ სკაროსის ფორმის მოხაზულობას იმეორებს, ისეთი მასალა უნდა აერჩიათ, რომელსაც გაღუნავდნენ. ამ მიზნით ბამბუკი გუადუა (Guadua) ყველაზე შესაფერისი აღმოჩნდა. მასზე სამუშაოდ მოიწვიეს მაღალი კლასის ექსპერტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი, ანუ განახლებადი სამშენებლო მასალის სახეობების მცოდნეა. ასეთი ექსპერტი აღმოჩნდა იორგ შტამი, რომელიც შემდგომში ხეებზე სახლების მშენებლობას და მშენებელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ ჰიპერბოლური და პარაბოლოიდური ფორმის სახურავის ძირითადი კონსტრუქციაში, ასევე ჟალუზებსა და ჭერში გამოიყენეს განსაკუთრებით გამძლე ბამბუკი Guadua, ხოლო კედლებსა და ფასადურ პანელში – Phyllostachis Aurea. იატაკისთვის კუმარუს ხის მასალა შეირჩა.

კურორტის ახალი კლასტერი 6 ბამბუკის სახლს მოიცავს. ისინი მექსიკის სანაპიროზე გაბნეულია და ქოქოსის პალმებზე, ოკეანის წყლის სიახლოვეს მდებარეობს. თითოეულ ნომერს აქვს 2 საძინებელი ოთახი, მათგან ერთი სახლის ცენტრში მდებარეობს, საიდანაც ოკეანეზე ულამაზესი ხედი იშლება, მეორე – ქვედა დონეზე, მიშენებაში. ხეზე სახლს აქვს კეთილმოწყობილი სააბაზანო ოთახი და მისაღები–სასადილო ზონა, რომელიც მთავარი საძინებლის მიმდებარედ მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ სახლები ბიოკლიმატური დიზაინის პრინციპების და ბუნების შესაბამისობის მკაცრით დაცვით არის განლაგებული. სახურავის გადმოწეული კარნიზი დიდი ქოლგის როლს ასრულებს, რომელიც კაშკაშა მზის სხივებისგან ან ძლიერი წვიმისგან დაგიცავთ. თავად ობიექტებს ადგილობრივი ტრადიციული კონსტრუქცია აქვს, რომელიც გულისხმობს არა ყრუ ფასადებს, არამედ ბადე კედლებს, რომელიც ბუნებრივ ვენტილაციას და საწოლიდან ადგომის გარეშე ზღვის სუფთა ნიავით ტკბობის საშუალებას იძლევა.

ნომრების განცალკევებული მდებარეობა მხოლოდ კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად არ არის გათვლილი. COVID-19–მა სასტუმროს ბიზნესსა და დასვენების მოწყობაში საკუთარი ცვლილებები შეიტანა. რამდენიმე თვიანი იზოლაციის და თვითიზოლაციის შემდეგ დამსვენებლებს შეუძლიათ ნიღბები თამამად მოიხსნან და ერთმანეთისგან მოშორებით სუფთა ჰაერით, თბილი წყლით, ლამაზი ბუნებით და კაშკაშა ვარსკვლავებით დატკბნენ.

თუ ეკო კურორტის ენერგო დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, Playa Viva-ს სახლები მდგრადი არქიტექტურის თვალსაჩინო მაგალითია. ისინი ნატურალური მასალების გამოყენებით და ცენტრალური კომუნიკაციისგან სრული დამოუკიდებლობით დიზაინში უსაზღვრო შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. დამსვენებლებს ცივილიზაციის ყველა უპირატესობასთან წვდომა რომ ჰქონდეთ, გათვალისწინებულია მზის პანელები და შესაბამისი მოწყობილობა, ასევე წყლის შეგროვების, გაწმენდის და გადამუშავების სისტემები. 100% დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს თავად ობიექტის მაქსიმალური ეკოლოგიურობა გარემოსთვის, რადგან მექსიკის სანაპიროს ხელუხლებელ სილამაზეში მდებარეობს.

Novate–ს ინფორმაციით, ამ სამოთხის ნაწილში სახლების დაჯავშნა უკვე შეგიძლიათ. კოლორიტულ ნომერში ერთი დღის გატარება 300 დოლარი ღირს.