8 საჩუქარი 8 მარტს, რომელიც უფრო გაგაბრაზებთ, ვიდრე გაგახარებთ

ქალებმა ზოგჯერ თავად არ იციან, რა სურთ: ახალი თმის საშრობი, მოგზაურობა თუ პრადას ჩანთა. რა უნდა ვთქვათ ღარიბ კაცებზე, რომლებიც ყოველ წელს 8 მარტს თავს იმტვრევენ ფიქრით, რა აჩუქონ საყვარელ ცოლს, დედას თუ დას. Novate ამოცანას გაგიმარტივებთ და გთავაზობთ სიას, რისი ჩუქება არ შეიძლება. თუ, რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანის სახეზე იმედგაცრუების დანახვა არ გსურთ.

საჩუქარი 1: ძვირფასეულობა თქვენი გემოვნებით

ქალისთვის სამკაულის და სხვა ნივთების შერჩევა რთულია. ფერის, მასალის, დიზაინის და სხვა დეტალების სწორად გამოცნობა იშვიათად შესაძლებელია. უხერხულ სიტუაციას თავი რომ აარიდოთ, უნდა იცოდეთ, რომელ ძვირფას ქვას და ლითონს ანიჭებს მეორე ნახევარი უპირატესობას. არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრ ქალს, მაგალითად, აქტიური ცხოვრების წესის გამო, ძვირფასეულობა საერთოდ არ უყვარს. მათ ერთი ბეჭედი და საყურე აქვთ და ამით ბედნიერი არიან. დაგვეთანხმეთ, საწყენი იქნება, თუ საჩუქარი, რომელზეც დიდი თანხა დახარჯეთ, შორეულ თაროზე აღმოჩნდება. სჯობს ვაუჩერი აჩუქოთ. ასე სასურველი სამკაულის შერჩევას შეძლებს.

საჩუქარი 2: საჭმელი თაიგული

ადრე პროდუქტების ნაკრების ჩუქება მიღებული იყო. როგორც წესი, მასში შედიოდა ინდური ჩაი, ხსნადი ყავა, კანფეტები „ჩიტის რძე“, ხიზილალა, ძეხვი და სხვა პროდუქტი, რომლებიც მაშინ დეფიციტში და ძვირადღირებული იყო. თანამედროვე სამყაროში, სადაც ყველა ნაბიჯზე სუპერმარკეტებია სხვადასხვა საკვების და სასმელის დიდი არჩევანით, იმედი არ გქონდეთ, რომ ქალს თაიგულში ჩადებული ხილის ან ხორცის პროდუქტებით გაახარებთ. პირველ რიგში, ზუსტად არ იცით, რა პირობებში მოამზადეს. ხორცის და ყველის პროდუქტები სწრაფად ფუჭდება. თუ შენახვის და დამუშავების წესს არ დაიცავთ, მისი მიღება უსაფრთხო არ იქნება. თუ ფიქრობთ, რომ გოგოს გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის, ხელნაკეთი კანფეტების ნაკრები აჩუქეთ. გირჩევთ, გემრიელი ვახშამი მოუმზადოთ და რომანტიკული ატმოსფერო შეუქმნათ. იდეალურია, თუ ეს მთავარი საჩუქრის დამატებას წარმოადგენს.

საჩუქარი 3: ექსტრემალური გართობის ვაუჩერი

ყველას არ უყვარს ექსტრემალური გართობა. თუ თქვენს შეყვარებულს თვითმფრინავით ფრენაც აშინებს, პარაშუტით ხტომის ან ბანჯი ჯამპინგის ვაუჩერი ნამდვილად არ უნდა აჩუქოთ. სიფრთხილით მოეკიდეთ კარტინგს, ცხენით ჯირითობას ან ციგურებით სრიალს. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ქალს ეს მოეწონება, არ გარისკოთ. ის, რაც ერთისთვის ადრენალინია, მეორესთვის ნამდვილ ჯოჯოხეთს წარმოადგენს. დიდი ალბათობით, გოგონა ვაუჩერს საუკეთესო დროისთვის გადადებს, მოგვიანებით, საერთოდ დაავიწყდება. ასეთ ვაუჩერებს კი გამოყენების შეზღუდული დრო აქვს, ამიტომ უბრალოდ შეიძლება „დაიწვას“. გირჩევთ, რომ საყვარელი ჯგუფის კონცერტის ან ცნობილი მსახიობის სპექტაკლის ბილეთი აჩუქოთ.

საჩუქარი 4: დიდი თაიგული

„მილიონი წითელი ვარდი“ კარგი სიმღერაა, მაგრამ ასეთი საჩუქარი ბევრ კითხვას იწვევს. პირველ რიგში, ყვავილები ძვირია, განსაკუთრებით, 8 მარტს და ასეთი საჩუქარი საფულეს სერიოზულად ურტყამს. მეორეც, დიდხანს არ ძლებს. რამდენიმე დღეში ვარდები დაჭკნება და საჩუქარზე მხოლოდ მოგონებები დარჩება. ყველაზე არამეწვრილმანე ქალიც დაფიქრდება, თუ რამდენი დახარჯეთ ამ ყვავილებზე და ანალოგს გაავლებს, თუ რისი ყიდვა შეიძლებოდა ამ ფულით. სწორედ ამიტომ, დიდ თაიგულებზე ფული არ დახარჯოთ. გირჩევთ, რომ ზამბახის ან სუმბულის ყვავილებით სავსე კალათა აჩუქოთ. რამდენიმე დღე იყვავილებს და თვალს გაახარებს.

საჩუქარი 5: ყვავილი ქოთანში

ამ შემთხვევაშიც ქალის გემოვნება უნდა გაითვალისწინოთ. ყველას არ უყვარს ოთახის მცენარეების მოვლა, ამიტომ ასეთი საჩუქარი თავს აატკივებს. ბევრი მცენარე საკმაოდ პრეტენზიულია. ხშირი მორწყვა, ბევრი მზე, გამოკვება და ა.შ. სჭირდებათ. ასეთი ყვავილებია ია და ორქიდეა. დიდ მცენარეებთან სხვა პრობლემაა. ქალს შეიძლება ბინაში ფიკუსისთვის საკმარისი ადგილი არ ჰქონდეს. შინაური ცხოველების არსებობა არ დაგავიწყდეთ. ზოგიერთი მცენარის ფოთლები ცხოველებისთვის შხამიანია. თუ კატა თქვენი ფანჯრის ხშირი სტუმარია, ერთ–ერთი ყვავილი შეიძლება დააგემოვნოს, სანამ პატრონი სამსახურშია. ოპტიმალური ვარიანტი: ფლორარიუმი სუკულენტებით. ლამაზად გამოიყურება და დეკორის როლს ასრულებს, თან მარტივი მოსავლელია.

საჩუქარი 6: კოსმეტიკა

საწყენია, როცა 20 წლის გოგოს ანტიცელულიტურ ან ანტიასაკობრივ კრემს, ნაოჭების საწინააღმდეგო შრატს, თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებას და ა.შ. ჩუქნიან. ასეთ კოსმეტიკას ქალი თავად ყიდულობს, რადგან ზუსტად იცის, რა სჭირდება. გარდა ამისა, მსგავსი საჩუქარი ქალს ნაკლოვანებაზე მიანიშნებს და ეს შეიძლება სკანდალით დასრულდეს. თუ მეორე ნახევრის გაბრაზება არ გსურთ, ორიდან ერთი ვარიანტი შეარჩიეთ: კოსმეტიკის მაღაზიის ან სპა სალონის ვაუჩერი. ასე თავად შეძლებს არჩევანის გაკეთებას.

საჩუქარი 7: სამზარეულოს ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სამზარეულოსთან დაკავშირებული ნივთები შავ სიაში შეიყვანეთ, თუ, რა თქმა უნდა, ქალმა თავად არ გთხოვოთ, მაგალითად, ახალი ბლენდერი. მსგავსი ნივთები ქალს მიანიშნებს, რომ მისი ადგილი სამზარეულოშია. პრაქტიკულობა კარგია, მაგრამ არა 8 მარტს, როცა ქალების უმრავლესობას სურს რომანტიკა და საჩუქრები, რომელსაც თავად გამოიყენებს და არა მთელი ოჯახი. ყველა შესაძლო ტაფა, სამზარეულოს კომბაინი, ქვაბი, ელექტრო ჩაიდანი ნებისმიერ სხვა დღეს ერთად შეგიძლიათ იყიდოთ. ქალები სახლის დალაგებაზე ისედაც ბევრ დროს ხარჯავენ, ამიტომ 8 მარტს ამის შეხსენება არ სჭირდებათ. როგორც ვარიანტი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ვაუჩერი აჩუქეთ. თუ ქალს ენდომება, ელექტრო ხორცსაკეპ მანქანას იყიდის და გაიხარებს. ყოველთვის არის ალბათობა, რომ ეპილატორს აირჩევს.

საჩუქარი 8: სავარჯიშო მოწყობილობა

კიდევ ერთი საჩუქარი, რომელიც ქალს არასრულყოფილებას ახსენებს. ეს შეიძლება ჭარბ წონაზე მინიშნებად მიიღოს. სხვადასხვა სარბენი ბილიკი, ჰანტელები, იოგის ხალიჩა და სხვა მსგავსი მოწყობილობა გონივრულია, თუ ქალი აქტიურ ცხოვრებას ეწევა ან ვარჯიშის დაწყებას გეგმავს. სხვა შემთხვევაში საჩუქარს ნაკლები სიხარულით შეხვდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი სავარჯიშო მოწყობილობა დიდ ადგილს იკავებს და თუ პატარა ბინა გაქვთ, დიდი ალბათობით, ასეთი საჩუქარი ხარახურის საკიდი გახდება.

სანამ არჩევანს გააკეთებთ, მეორე ნახევრის სურვილები და სპორტის მიმართ დამოკიდებულება გაითვალისწინეთ. თუ გულგრილია, ფიზიკურ ვარჯიშთან დაკავშირებული არაფერი არ აჩუქოთ. უკიდურეს შემთხვევაში, ბოტასი აჩუქეთ. აუცილებლად გამოადგება იმის მიუხედავად, სავარჯიშო დარბაზში დადის თუ არა.