სახლის კონცეფცია, რომლის ფორმებში მოძრაობის ესთეტიკა და სოჭის ბუნებრივი მოტივები ასახულია

არქიტექტურულმა კომპანიამ Niko Architect შემოგვთავაზა საცხოვრებელი რეზიდენციის საინტერესო კონცეფცია, რომელიც მთით, ტყით და უსასრულო ზღვით გარშემორტყმულ ბუნებრივ ზონაში მდებარეობს. „მემბრანული სახლის“ უწყვეტი ფორმები დააპროექტეს სოჭის ბუნებრივი სილამაზის პოტენციალის, მისი საოცარი ლანდშაფტის და არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.

არქიტექტურულმა კომპანიამ შემოგვთავაზა ორგანული რეზიდენცია, რომელიც ადგილობრივ ბუნებრივ ლანდშაფტთან კავშირშია. საცხოვრებლის, რომელსაც „მემბრანული სახლი“ უწოდეს, მთავარი დიზაინერული იდეა ეფემერული გამოსახულების, ფორმების უწყვეტი ცვლილების, მოძრაობის და მონოლითურობის შთაბეჭდილების შექმნას გულისხმობს.

ბუნებრივ მოტივებზე დაფუძნებული დამაინტრიგებელი დინამიური გამოსახულება სტრუქტურის ბიომორფიზმს და მაქსიმალურ კონფიდენციალობას ხაზს უსვამს. ბუნებრივი ფორმების მქონე ეფექტური სახლი იდეალურია ინტროვერტებისთვის, რომლებიც ხალხმრავალ ქალაქშიც განმარტოებას ეძებენ. სწორად შექმნილი პროექტი მეზობელ ნაკვეთზე ვიზუალურ კონტაქტს ზღუდავს, თან ბუნებასთან უსასრულო კავშირს უზრუნველყოფს.

ესთეტიკის და ფუნქციონალურობის შერწყმით შენობის გრძელი მხარე გზისკენაა მიმართული, ხოლო გაშლილი მთავარი ფასადი უპირისპირდება ჩრდილოეთ მხარეს მდებარე მონოლითურ კედლებს, სადაც სახლის საცხოვრებელი სივრცე და მფლობელის პირადი ცხოვრება ცნობისმოყვარე თვალისგან „ლევიტაციური“ გარსით დაცულია.

სხვათა შორის, ასეთი დამალვა უფანჯრო და უკარო ბუნკერის მშენებლობას არ გულისხმობს. სიმბოლური მემბრანიდან, კონსოლის სვეტებიდან, სინათლის ლუქებიდან, მასშტაბური ფანჯრებიდან და „მოლივლივე“ აუზიდან საცხოვრებელ ზონაში მზის სინათლე აღწევს. ზოგიერთი მათგანი მაქსიმალურად გაშლილია, რომ ზღვასა და მიმდებარე ბუნებრივ ზონაზე საოცარი ხედები უზრუნველყოს.

პროექტის ავტორებმა სწორი განლაგებით მასშტაბური შენობა ბორცვის რელიეფს ჰარმონიულად შეურწყეს, პირადი ცხოვრების კონფიდენციალობა დაიცვეს და თან მაცხოვრებლების ბუნებასთან უსასრულო განმარტოება უზრუნველყეს.

სახლი შედგება ორი საცხოვრებელი და 1 ტექნიკური სართულისგან, რომელიც კასკადს ქმნის. პროექტით პირველ სართულზე, „მოლივლივე“ რელიეფის ზემოთ გათვალისწინებულია მისაღები ოთახი, სასადილო, სამზარეულო, სასტუმრო საძინებელი ოთახი და ღია ტერასები. მეორე სართულზე, რომელიც სიღრმეში მდებარეობს, რამდენიმე საძინებელი და სააბაზანო ოთახი.

აღსანიშნავია, რომ ლანდშაფტის ორგანიზაცია მთლიანად არქიტექტურულ გადაწყვეტილებებს ექვემდებარება. მთავარი ფასადის მხრიდან შემოვლითი ბილიკები არსებობს, რომელიც სახლს ნაკვეთის მიმდებარედ დარგულ ურთხელის, კვიპაროსის და ზეთისხილის ხეებს აკავშირებს. არქიტექტურებს ლანდშაფტის დიზაინიც არ დავიწყებიათ. ტერიტორიის მოსაწყობად დაგეგმილია ადგილობრივ კლიმატთან შეგუებული მცენარეების დარგვა და ნატურალური ქვის გამოყენება, რომ სახლი სოჭის ბუნებრივ ზონას მაქსიმალურად ორგანულად შეერწყას.