ლონდონში აღმოაჩინეს ძველი რომაული მოზაიკა, ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი არტეფაქტი

ლონდონის ცნობილი ცათამბჯენის „ნამსხვრევები“ მახლობლად ახალი კვარტალის მშენებლობამ საოცარი საჩუქარი მოგვიძღვნა. მკვლევარები თვალებს არ უჯერებდნენ, როცა კულტურული ცენტრის სამშენებლო ნაკვეთის შესწავლისას იპოვეს 2 დეკორატიული მოზაიკური პანო გეომეტრიული ელემენტებით და ყვავილების მოტივებით. მასშტაბური მოზაიკა ბოლო 50 წლის განმავლობაში ბრიტანელი არქიტექტორების ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდა.

სხვადასხვა დროს რომის იმპერია ეგვიპტიდან გაერთიანებულ სამეფომდე იყო გადაჭიმული, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ არქეოლოგები ევროპის, აზიის ან აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში საგანძურს ან ხელოვნების ნიმუშს პოულობენ. დიდი ბრიტანეთიც გამონაკლისს არ წარმოადგენს. ცნობილი ცათამბჯენის „ნამსხვრევების“ მახლობლად ტერიტორიის შესწავლისას მასშტაბური მოზაიკა აღმოაჩინეს. ეს ძველი რომაული ეპოქის უდიდესი და შთამბეჭდავი ნამუშევარია, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში იპოვეს.

ლონდონის არქეოლოგიის მუზეუმის (MOLA) სპეციალისტები აღფრთოვანებულნი იყვნენ, რომ იპოვეს 2 დეკორატიული მოზაიკური პანო გეომეტრიული ფორმებით და ყვავილების მოტივებით. ითვლება, რომ კარგად შემონახული მოზაიკები რომაული ტრიკლინიუმის იატაკია.

ცნობისთვის: ტრიკლინიუმი სასადილო დარბაზია, რომელიც აღჭურვილი იყო დივნებით (3 მაგიდით), რომ სტუმრები სადილობის ან გასართობი წარმოდგენის ყურებისას წამოწოლილიყვნენ, უხვი საჭმლით, სასმელით და გარემოთი სიამოვნება მიეღოთ. დიდი სადილობა დიდგვაროვნებისთვის დიდებული მოვლენა იყო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სასადილო დარბაზის შიდა სივრცე სადილობის მნიშვნელობას ასახავს.

არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ პომპეზური დარბაზის კედლებიც კაშკაშად მოხატული იყო, რასაც ადგილზე ნაპოვნი ფერადი ბათქაშის ფრაგმენტები მოწმობს. „ასე ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაგიმართლოს. ჩემთვის პატივი იყო ასეთ დიდ ნაკვეთზე მუშაობა, სადაც რომაული გარემო დრომ არ გაანადგურა ან უფრო გვიანდელმა რეკონსტრუქციამ არ გარდაქმნა. როცა მიწაში პირველი ფერადი ნაწილები გამოჩნდა, მონაწილეები მნიშვნელოვანი აღმოჩენის მოლოდინში აღელვებულები ვიყავით“ – ყვება ანტონიეტა ლერცი, MOLA-ს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი.

კვლევა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მოზაიკები ჩვ.წ–ის მე-2-3 საუკუნით (175-225 წ.წ.) თარიღდება. ამავდროულად, ფერადი ფილების ზედა ფენა უფრო ნაადრევი დეკორით დაფარულია, რაც ამ შენობის ან რეკონსტრუქციის დიდი ხნის არსებობაზე საუბრობს. ამ აღმოჩენით ექსპერტებს გაუძლიერდათ მოსაზრება, რომ იქ მდებარეობდა ობიექტი, სადაც თითქმის მე-5 საუკუნემდე დიდგვაროვნები დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ.

აღსანიშნავია: შენობის ნანგრევები შემონახული მოზაიკებით და კიდევ ერთი ობიექტის ნანგრევები (ახლა იკვლევენ), რომაული ლონდინიუმის, რომაული ბრიტანეთის დედაქალაქის გარეუბანში მდებარეობს. ობიექტის ადგილმდებარეობა ტემზას გადასასვლელზე, რომელიც იმ დროს ქალაქში გადიოდა, და მცირე დაშორება მთავარი გზიდან, რომელიც ლონდონს ბრიტანეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ მხარეს მდებარე სხვა მნიშვნელოვან ცენტრებს აკავშირებდა, შეიძლება ითქვას, რომ მდიდრული სასტუმრო იყო (რომში მას მანსიოს უწოდებდნენ). როგორც წესი, ასეთ დაწესებულებებში ჩერდებოდნენ მდიდარი ვაჭრები, სახელმწიფო მოხელეები და მხედართმთავრები. იქ გრანდიოზული ლხინი იმართებოდა.

Novate-ს ინფორმაციით, არქეოლოგებმა ე.წ. რომაული მანსიოს (Mansio) გვერდით აღმოაჩინეს კიდევ ერთი დიდი რომაული შენობა, რომელიც, დიდი ალბათობით, 2 ათასი წლის წინ იქ მცხოვრები გავლენიანი ადამიანის და მისი ოჯახის კერძო რეზიდენცია იყო. ამას ადასტურებს მდიდრულად მოხატული კედლები, ტერაცცო (მოზაიკური იატაკის იტალიური ტექნიკა), მოზაიკა, ნაპოვნი მონეტები, საიუველირო ნაწარმი, ძვირფასი თვლებით გაფორმებული ძვლის სარჭები და ა.შ.

კვლევის შუალედური შედეგებით შეიძლება ითქვას, რომ ეს დიდი კომპლექსი იყო, სადაც სასადილოს გარდა ეზოს გარშემო რამდენიმე დიდი დარბაზი, ოთახი, გალერეა და დერეფანი მდებარეობდა.

რაც შეეხება მოზაიკას, დევიდ ნილის, არქეოლოგიის დოქტორის და რომაული მოზაიკის წამყვანი ექსპერტის თქმით, მისი დიზაინი დამახასიათებელია ლონდონში მოზაიკაზე მომუშავე ოსტატებისთვის, რომელიც მთელ ევროპაში გავრცელდა. მათ საკუთარი უნიკალური სტილი შექმნეს, რომელსაც ეწოდა Acanthus group. ეს ყველაზე თვალნათლივ ჩანს დიდ მოზაიკურ კომპოზიციაში: მსხვილი ფერადი ყვავილები, რომლებიც გარშემორტყმულია გადახლართული ძაფების ზოლებით  გილიოში), ლოტოსის ყვავილებით, სხვადასხვა გეომეტრიული ელემენტებით, მათ შორისაა ნიმუში ცნობილი, როგორც „სოლომონის კვანძი“ (ორი გადახლართული მარყუჟით გაკეთებული).

პატარა მოზაიკურ პანოს უფრო მარტივი დიზაინი აქვს: შენარჩუნებულია მხოლოდ 2 „სოლომონის კვანძი“, 2 სახეობის მოდური ყვავილი, რომლებიც წითელი, თეთრი და შავი ფერის გეომეტრიულ მოტივებშია გადახლართული. მეცნიერებმა ახალ აღმოჩენას და ტრირიში (გერმანიაში) ნაპოვნ აღმოჩენას შორის პარალელი გაავლეს. ისინი ვარაუდობენ, რომ მოზაიკები ერთსა და იმავე დროს შექმნეს.

საინტერესო ფაქტი: ამ ადგილას გათხრები ჩატარდა ცენტრალური ლონდონის მასშტაბური რენოვაციის ფარგლებში, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულდეს. განახლებული კულტურული კვარტალი სავსე იქნება ახალი საოფისე შენობებით, ცნობილი ბრენდების მაღაზიებით, კვების და საცალო სავაჭრო ობიექტებით. ლონდონელების და ქალაქის სტუმრების კულტურულ დასვენებაზეც იფიქრეს. პროექტით გათვალისწინებულია საფეხმავლო მარშრუტი აღდგენილ შუა საუკუნოვან ეზოებსა და ისტორიული უბნის Southwark შესახვევში. მოზაიკური პანოს და ძველი შენობის ნანგრევების აღმოჩენის შემდეგ ცვლილებების შეტანა მოუწიათ. მოზაიკის საჯაროდ ჩვენების გეგმები ლონდონის არქეოლოგიის მუზეუმის და საუტვორკის სპეციალისტებთან ერთად განიხილება.