უნივერსიტეტის შენობის კონცეფცია „მწვანე“ სახურავით, სადაც ღია ცის ქვეშ გაკვეთილების ჩატარება შეიძლება

მუმბაის არქიტექტურულმა კომპანიამ ქალაქ ინდორში (ინდოეთი) მდებარე უნივერსიტეტის ახალი შენობა დააპროექტა. შენობის მთავარი ხიბლი გახდება „მწვანე“ სახურავი, რომელიც თანდათან ადის მე-5 სართულის სიმაღლეზე, და შიდა ეზოები, რომელიც სურნელოვან ბაღებად და გაზონებად გადაიქცევა. ფიქრობენ, რომ ასეთი სისტემით შენობაში დამხუთველი სიცხისგან თავის დაღწევას შეძლებენ, ასევე სუფთა ჰაერზე ლექციების ჩასატარებლად, დასასვენებლად და სასეირნოდ დამატებით სივრცეს შექმნიან (თუ ჰაერის ტემპერატურა საშუალებას მისცემთ).

მუმბაის არქიტექტურულმა კომპანიამ Sanjay Puri Architects ინდოეთში პრესტიჟის უნივერსიტეტის (Prestige University) შენობა დააპროექტა, რომელიც მალე ტერიტორიის კამპუსში გამოჩნდება. ქალაქ ინდორის მთავრობამ საუნივერსიტეტო ქალაქის გასაზრდელად 130 მ² დამატებითი ფართობი გამოყო. ამის ხარჯზე მიწისზედა შენობის სიმაღლის შემცირება შეძლეს. მიწის რესურსის ასეთი, ერთი შეხედვით, ირაციონალური გამოყენება გამართლებულია, რადგან „მწვანე“ სახურავი თითქმის მთელ ადგილს დაიკავებს, რაც რამდენიმე პრობლემას მოაგვარებს.

თანამედროვე დიზაინერები მიისწრაფვიან პროექტებისკენ, რომელიც მდგრადი არქიტექტურის წესებს და სტანდარტებს შეესაბამება. მათი მიზანია ენერგოეფექტური შენობების მშენებლობა, რომელიც გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს. უნივერსიტეტის ახალ შენობაზე მომუშავე დეველოპერებმა სწორედ ეს გზა აირჩიეს.

საფეხურებიანი „მწვანე“ სახურავი პირდაპირ მიწიდან იწყება და ბუნებრივი ზონის გაგრძელებას წარმოადგენს. სახურავი მე-5 სართულის დონეზე მთავრდება და მთელ შენობას მთლიანად ფარავს. მასშტაბური გამწვანება როგორც სახურავზე, ასევე შიდა ეზოებსა და ტერასებზე, კონდიციონერისთვის დენის გამოყენების შემცირებას ხელს შეუწყობს. გრილი შენობა ამ კლიმატურ ზონაში პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ქალაქში მთელი 8 თვე ჰაერის ტემპერატურა 40-35 გრადუსს არ ცდება.

არქიტექტურული კომპანიის სპეციალისტებმა საფუძვლად ტრადიციული ინდური არქიტექტურა აიღეს, რადგან ხალხი უძველესი დროიდან იყენებს მშენებლობის სპეციალურ ტექნოლოგიას, რომელიც სიცხეს სპლიტ–სისტემის და ჩანერგილი ვენტილაციის გარეშე ებრძვის. მდგრადი მიდგომის ფარგლებში ზუსტად განსაზღვრეს, თუ სად და რა მოეთავსებინათ, რომ ბუნებრივი ვენტილაცია მაქსიმალურად გამოეყენებინათ. მოსალოდნელია, რომ ჰაერის ტემპერატურის შემცირების ხარჯზე  დენის დაზოგვას შეძლებენ და კონდიცირების სისტემებზე მთლიანად უარს იტყვიან.

ამას ხელს უწყობს შიდა ეზოები და ღია გადასასვლელები, სადაც გათვალისწინებულია ბევრი მცენარე, რომელთაც სიგრილე მოაქვთ და ჰაერს წმენდენ. ნებისმიერ სართულზე მწვანე ზონის დონეზე მდებარე დიდი ფანჯრები ხელოვნური განათების აუცილებლობას შეამცირებს, თან დამაკავშირებელი რგოლი გახდება, რომელიც დენის გარეშე შიდა სივრცეში ბუნებრივ განიავებას უზრუნველყოფს.

უნივერსიტეტის ახალი შენობაში არა მხოლოდ სასწავლო პროცესები გაიმართება. სასწავლო დაწესებულება ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ–ერთი მთავარი ცენტრია, რომელსაც დიდი ტერიტორია აქვს, ამიტომ საზოგადოებრივი ზონის მოწყობა იგეგმება. დიდი ღონისძიებებისთვის საკონფერენციო დარბაზები მოეწყობა, აქვე იქნება ბიბლიოთეკა, რომლის დარბაზები მთელ ტერიტორიაზე მიმოიფანტება, დაგეგმილია კაფის და დასასვენებელი ზონის მოწყობა, სადაც ახალგაზრდობა შეკრებას და სწავლას შეძლებენ. ყველა დანარჩენ სართულზე განთავსდება აუდიტორიები, ლაბორატორიები და ექსპერიმენტული სახელოსნოები. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული კაბინეტების ნაწილი, რომელიც აბიტურიენტებთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის არის განკუთვნილი, პირველ დონეზე მოთავსდება, ყველა დანარჩენი, რომელიც მეცნიერებასა და სასწავლო საქმიანობას უკავშირდება, – სპეციალურად მოწყობილ მე-5 სართულზე.

სამშენებლო მასალებიდან ძირითადად გამოყენებულია რკინაბეტონის ბლოკები, რომელიც შენობის სტრუქტურის საფუძველს ქმნის. მოსაპირკეთებელ მასალებში ჭარბობს წითელი აგური, რომელიც ფასადს და შიდა სივრცეს დაამშვენებს. აგურიდან იგეგმება „პერფორირებული“ ტიხრების გაკეთება შიდა ეზოებსა და შენობებს შორის, ასევე სავენტილაციო შახტების გაკეთება, რომლებიც კედლის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს. იატაკად გრანიტი და მარმარილოს ფილები გამოიყენება.

Novate–ს ინფორმაციით, მშენებლობის დასრულება 2022 წლის ივნისში იგეგმება. ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორია  გაკეთილშობილდება და პარკის ზონას დაუკავშირდება. ასე სტუდენტები და ლექტორები უხვი გამწვანების და მდგრადი არქიტექტურის ყველა უპირატესობას იგრძნობენ.