8 ნივთი სახლში, რომლებიც დროა გადაყაროთ

ბევრი დიასახლისი სახლის იდეალურად მოწესრიგებაზე ოცნებობს. ყველაფერს ალაგებს, კეცავს, ახარისხებს. მოგვიანებით, რომელიღაც კარადას ან უჯრას აღებს და წლების მიერ დაგროვებულ სხვადასხვა ნივთს ხედავს. Novate გიამბობთ, რომელი ნივთები უნდა გადაყაროთ, რომ ყველა ოთახში სისუფთავე და წესრიგი სუფევდეს. სახლის საგაზაფხულო დალაგება წარმატებული რევიზიისთვის შესანიშნავია.

1. ჭიქები

ხარახურის მოშორება სამზარეულოდან უნდა დაიწყოთ. აქ, ყოველთვის იპოვით ნივთებს, რომლებმაც სამსახურის ვადა უკვე მოიხადეს. მაგალითად, ჭიქები. ამ ჭურჭლის გარეშე ბინის წარმოდგენა შეუძლებელია, თუმცა მისი რაოდენობა ყოველთვის უნდა აკონტროლოთ. დათვალეთ, რამდენი ჭიქა გაქვთ ახლა. 10, 15 თუ 20? თავი არ იმართლოთ, რომ სტუმრებისთვის გჭირდებათ. სავარაუდოდ, ამდენი ხალხი იშვითად გსტუმრობთ. საერთოდ, სადღესასწაულოდ და მეგობრული შეკრებისთვის სერვიზი გვაქვს. რა თქმა უნდა, საყვარელი, მოდური და ლამაზი ჭიქების კოლექციის გადაგდება არ ღირს. აი, სხვადასხვა ლოგოს, წარწერის, წლის სიმბოლოს მქონე ჭიქები სანაგვე ყუთში უნდა მოხვდეს.

2. საკვების კონტეინერები

სამზარეულოში ცოტა კონტეინერი შეგიძლიათ შეინახოთ, თუ მისთვის იდეალური შენახვის სისტემა მოაწყობთ (ისეთი, როგორც ფოტოზეა). საქმე იმაშია, დიასახლისების უმეტესობა ბევრ კონტეინერს აგროვებს, რომლებიც მთელ კარადას იკავებს. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა კონტეინერს სახურავი არ აქვს, უბრალოდ უსარგებლო ხდება. კონტეინერებს გამუქება და სხვადასხვა სუნის შთანთქმა ახასიათებთ. ასეთებს სჯობს დაემშვიდობოთ.

დაფიქრდით, რამდენად ხშირად იყენებთ კონტეინერებს და რა მიზნით, შემდეგ აუცილებელი ნივთების მიახლოებითი რაოდენობა გამოთვალეთ. შეიძინეთ სხვადასხვა ზომის რამდენიმე ნაკრები, რომლებიც ერთმანეთში ეწყობა და დიდ ადგილს არ იკავებს.

3. ვადაგასული სანელებლები

ვფიქრობთ, რომ სანელებლებს ვადა არ აქვს, თუმცა ასე არაა. გახსნილი შეფუთვა რამდენიმე თვეში თავის გემოს და არომატს კარგავს, რამდენიმე წელში უსარგებლო ხდება. სანელებლის გახსნა და დავიწყება ცუდი იდეაა. შეიძინეთ მხოლოდ ის, რომელსაც ხშირად გამოიყენებთ, სხვა შემთხვევაში, უბრალოდ დაგროვდება. სამზარეულოში რევიზია ხშირად ჩაატარეთ, რომ გემოდაკარგული და ვადაგასული სანელებლები დროულად მოიშოროთ. არ დაგავიწყდეთ ძველი ჩაი, რომელიც მეგობრებმა რამდენიმე წლის წინ გაჩუქეს – სავარაუდოდ, მისგან არაფერი დარჩა.

4. პორციული წვრილმანები

სახლში მოტანილი სუშის ნაკრებიდან დარჩენილი სოიოს სოუსი, 1 პაკეტი კეტჩუპი ან მდოგვი, პორციული შაქარი კაფედან – ერთი შეხედვით, ყველა ეს პროდუქტი მომავალში გამოგვადგება, თუმცა სინამდვილეში მაცივარსა და სამზარეულოში ადგილს იკავებს. იგივე სასტუმროდან წამოღებულ შამპუნის, ბალზამის, თხევადი საპნის პატარა ბოთლებს ეხება. მათ მომავალ მოგზაურობამდე ვინახავთ, თუმცა ბილეთების შეძენისას და ნივთების შეგროვებისას მათი არსებობა გვავიწყდება. არ დაგავიწყდეთ პარფიუმერის და კოსმეტიკის ნიმუშები, რომელთაც მაღაზიებში გვაძლევენ. თუ შეძენიდან რამდენიმე თვე უკვე გავიდა და დღემდე არ გამოცადეთ, მის გარეშე ტუალეტის მაგიდა ან სააბაზანოში თარო უფრო მოწესრიგებულად გამოჩნდება.

5. ვადაგასული მედიკამენტები

კიდევ ერთი კატეგორია, სადაც წამლები საეჭვო სიჩქარით გროვდება და შემდეგ უმეტესობა მათგანი ვადაგასული ხდება. ასეთი წამლები დროულად გადაყარეთ, რომ ვინმემ რამდენი აბის დალევა ვერ მოასწროს. ვფიქრობთ, რომ ეს ისედაც გასაგებია.

საკითხავია: როგორ გადავყაროთ მედიკამენტი სწორად? ითვლება, რომ სანაგვე ყუთში მათი გადაყრა არ შეიძლება, რადგან ადამიანებისა და ეკოლოგიისთვის შეიძლება სახიფათო იყოს. არავის ზიანი რომ არ მიაყენოთ, აბები დააქუცმაცეთ და სხვა ნაგავს აურიეთ. სიროფი და სხვა სახის სითხე უნიტაზში ჩაასხით. ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში მითითებას იძლევიან და აფთიაქები გასანადგურებლად წამლებს იღებენ. ჩვენ ქვეყანაში ასეთ რამეზე იშვიათად ფიქრობენ.

6. ძველი ქსოვილები

პირველ რიგში, პირსახოცებსა და თეთრეულზე ვსაუბრობთ, რადგან მიმზიდველობის დაკარგვის შემთხვევაშიც მისი სასარგებლო თვისებები უცვლელი რჩება. საძინებელში ან სააბაზანო ოთახში კარადაში შეიხედეთ. დიდი ალბათობით, კარადის დიდ ნაწილს იკავებს ძველი ბალიშისპირები, თეთრეული, რომლის ზომაც არც ერთ საწოლს არ ერგება, გაცვეთილი პირსახოცები. წესრიგის დაამყარების დროა!

რამდენიმე ძველი თეთრეული შეგიძლიათ დაიტოვოთ, რადგან ჰელოუნისთვის მოჩვენებების კოსტიუმის გასაკეთებლად გამოგადგებათ, დანარჩენი გადაყარეთ ან ჩვრად გამოიყენეთ. ორი დიდი პირსახოცი იატაკის საწმენდად გამოიყენეთ, სხვები გადაყარეთ.

ყურადღება მიაქციეთ: ითვლება, რომ თითოეულ საწოლს სამი თეთრეულის ნაკრები უნდა ჰქონდეს: ერთი – სარეცხ მანქანაში, მეორე – გადაკრული, მესამე – მარაგად, მაგალითად, სტუმრებისთვის. რამდენიმე ნაკრების შენახვა არ ღირს, თუ მრავალფეროვნება დიდად არ გიყვართ.

7. საყოფაცხოვრებო ტექნიკა

საუბარია ძველ ტექნიკაზე, რომელიც დიდი ხანია ბინაში ადგილს იკავებს, მაგრამ სარგებელი არ აქვს. ეს ეხება ღილაკებიან ტელეფონს, ჭავლურ პრინტერს, კომპიუტერს, რომელიც 5 გადატვირთვის შემდეგაც ძლივს ირთვება. ასეთი ტექნიკა უფრო თანამედროვე ნივთებით უნდა ჩაანაცვლოთ.

თუ პირველი კომპიუტერის გადაგდება გენანებათ, რომელმაც ახალი სამყარო გაჩვენათ, იპოვეთ სერვისები, რომლებიც ელექტრონულ ნარჩენებს ანადგურებენ, და დახმარება სთხოვეთ. ზოგიერთი მათგანი მოდის და ტექნიკა მიაქვს. შესაძლოა, ამ შემთხვევაში კომპიუტერთან დამშვიდობება გაგიმარტივდეთ. იგივე სხვა ძველ ნივთს ეხება – სპეციალურ ადგილებში გადასამუშავებლად ჩააბარეთ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაგავსაყრელზე დატოვებულ ტექნიკასაც გამოყენებას სწრაფად უპოვიან.

ძველ სადენებს, გადამყვანს, დასატენ მოწყობილობას, რომლებიც ერთ ყუთში წლები გროვდება, დაემშვიდობეთ. გადაყრამდე შეამოწმეთ, რომ მათ შორის თქვენი ახლანდელი ტელეფონის სატენიც არ იყოს, რადგან გული დაგწყდებათ.

8. ინფორმაციის მატარებელი

ნოუთბუქი დისკის ჩასადებით, მით უფრო DVD ფლეერი, ცოტას თუ დარჩა. რატომ ინახავთ დისკების კოლექციას, რომელიც საძინებელში ან სასტუმროში დიდ ადგილს იკავებს? იგივე კასეტებს ეხება. უკვე დიდი ხანია ფილმებს ინტერნეტში ვუყურებთ და მუსიკასაც აქ ვუსმენთ, ამიტომ ბევრი ინფორმაციის მატარებლის შენახვას აზრი არ აქვს. დაიტოვეთ ის, რომელიც თქვენთვის ძვირფასია. მაგალითად, თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებული მოვლენები ან ძვირფასი ადამიანის საჩუქარი. სხვა დისკებს თქვენს კოლექციაში ადგილი არ აქვთ.