7 პრობლემა შემოსასვლელში, რომელთაც დასვენების დღეებში მარტივად გამოასწორებთ

როცა შემოსასვლელი იდეალურისგან შორსაა, კარადაში ტანსაცმლის ადგილი არაა, ფეხსაცმელი მიმოფანტულია, სრულფასოვანი სანათის ნაცვლად პატარა ნათურაა, გამოდის, რაღაც სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ. Novate გირჩევთ მცირედით დაიწყოთ და აღმოფხვრათ პრობლემები, რომლებიც ბევრ ძალას და დროს არ მოითხოვენ.

პრობლემა 1: ცუდი განათება

თუ ბინაში შესვლისას ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ საკუჭნაოში მოხვდით, გამოდის, რომ ჭაღი დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებს. ვიწრო შემოსასვლელში მუქი კედლები სიტუაციას უფრო ამწვავებს. პრობლემის მოგვარება მარტივია, კედლები გადაღებეთ და ჭაღი გამოცვალეთ. დაიმახსოვრეთ: პატარა და ვიწრო დერეფანში ღია კედლები არა ახირება, არამედ აუცილებელია. თუ თეთრი კედლები არ მოგწონთ, კრემისფერი, ატმისფერი, ნაზი ცისფერი, ფხვნილისფერი ან ღია ნაცრისფერი აირჩიეთ – არჩევანი დიდია და თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

განათების შემთხვევაში განლაგებას ყურადღება მიაქციეთ. გრძელ დერეფანში მთელ სიგრძეზე განათება გჭირდებათ. მაგალითად, ცენტრში ნათურა მოათავსეთ და დამატებით რამდენიმე პროჟექტორი ან წერტილოვანი განათება დაუმატეთ. ასე სხვადასხვა ზონას გაანათებთ. კარადაში, სარკის გვერდით, ბანკეტკას ზემოთ განათებაზე დაფიქრდით. ლამაზი ბრა ან კედლის ნათურა გამოიყენეთ. საინტერესო მოდელი შეარჩიეთ, რომელიც ოთახში აქცენტი გახდება.

ყურადღება მიაქციეთ: პირველი ჩამრთველი პირდაპირ შემოსასვლელთან უნდა იყოს, მეორე (თუ დერეფანი გრძელია) მისაღებთან ახლოს, რომ სინათლის ჩასართველად დერეფნის მეორე ბოლოში გასვლა არ მოგიწიოთ. იდეალური გამოსავალი: მოძრაობის სენსორი, რომელიც გავლისას სინათლეს ავტომატურად რთავს.

პრობლემა 2: ვიწრო სივრცე

სამწუხაროდ, ბინების უმეტესობა დიდი ფართობით და კომფორტული შემოსასვლელით ვერ დაიკვეხნის, ამიტომ იმაზე მუშაობა გვიწევს, რაც გვაქვს. ხშირად ესაა ვიწრო გრძელი დერეფანი ან პატარა ნაკვეთი შემოსასვლელ კარსა და სხვა ოთახს შორის.

ახალი შემოსასვლელის აშენება შეუძლებელია, ამიტომ სივრცის ვიზუალურად გასაფართოებლად სხვადასხვა ხრიკები გამოიყენეთ. ყველაზე გავრცელებული მაგალითი: სარკე, რომელიც გამოსახულების არეკვლის გარდა ოთახს ვიზუალურად აფართოებს. მთელი კედელი შეგიძლიათ სარკის ფურცლით გააფორმოთ. მის შეძენას შეკვეთით შეძლებთ. სარკიან კომოდს და კარადას უპირატესობა მიანიჭეთ. სარკე სინათლეს აირეკლავს და შემოსასვლელი უფრო მყუდრო და სტუმართმოყვარე გამოჩნდება.

პრობლემა 3: ქაოსის შეგრძნება

შემოსასვლელი ის ოთახია, საიდანაც ბინის გაცნობა იწყება, მაგრამ ბევრი ადამიანი მას ჩანთების, პარკების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გადასატვირთავ პუნქტად მიიჩნევს. უმეტესობა მათგანი იატაკზე მიმოფანტულია, რის გამოც ოთახი მოუწესრიგებელი ჩანს და უსიამოვნო შთაბეჭდილებას იწვევს. ამ ქაოსში საჭირო ნივთის პოვნაც რთულია და გროვა ღამის კოშმარად იქცევა.

უმარტივესი და ეფექტური გამოსავალი ნივთების კარადაში შენახვაა. კარგია, თუ დერეფანში დიდი და ღრმა სათავსო შეგიძლიათ მოათავსოთ, სადაც ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს შეინახავთ. ღია საკიდარი კარგი ვარიანტი არაა. თუ დიდი ოჯახი გაქვთ, ღია საკიდარზე დაკიდული ქურთუკები, ქუდები და სხვა ნივთები სივიწროვის და უწესრიგობის შეგრძნებას დატოვებენ.

პრობლემა 4: ფეხსაცმელი ფეხებში გებლანდებათ

ერთი შეხედვით, კედელთან რამდენიმე ბოტასის დაწყობა ცუდი იდეა არაა, მაგრამ მალე მის გვერდით კიდევ რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი გამოჩნდება. ამ ზონაში მტვერი, ჭუჭყი, ზამთარში თოვლის ლაქები გროვდება, შედეგად, ფეხსაცმელი და შემოსასვლელი საუკეთესოდ არ გამოიყურება.

გირჩევთ, რომ ფეხსაცმლის თარო შეიძინოთ. ცალკე ავეჯი ან „ჩაშენებული“. მაგალითად, ბანკეტკას ან ტუმბოს ხშირად ფეხსაცმლის თაროები აქვს. თუ სასარგებლო სივრცის დაზოგვა გსურთ, დაკიდულ სათავსოს უპირატესობა მიანიჭეთ.

კიდევ ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ფეხსაცმლის კარადა შეიძლება მოუხერხებელ ადგილას, მაგალითად, ვიწრო დერეფნის ბოლოში იყოს. დაგვეთანხმეთ, ფეხსაცმლის ასაღებად მთელი დერეფნის გავლა ან ფეხსაცმლით რამდენიმე მეტრის გავლა მოსახერხებელი არაა. ხელში ჩანთის და პარკების დაჭერისას ამოცანა რთულდება.

ცხოვრება არ გაირთულოთ. ფეხსაცმლის სათავსო კართან ახლოს მოათავსეთ. აუცილებელი არაა, რომ დიდი იყოს. პატარა შემოსასვლელში კომპაქტური მოდელი გამოიყენეთ, რომ 1 წყვილი ფეხსაცმელი, რომელსაც ხშირად ატარებთ, მოათავსოთ.

პრობლემა 5: წვრილმანების შესანახად ადგილი არაა

ბინაში შესვლისას ვეძებთ ადგილს, სადაც გასაღებს, ტელეფონს, ჩეკებს, ხელთათმანს და სხვა წვრილმან ნივთს დავდებთ. თუ შემოსასვლელში წვრილმანებისთვის განკუთვნილი თარო არაა, ნივთები მთელ ბინაში მიმოიფანტება და დაიკარგება. სწორედ ამიტომ, იზრუნეთ, რომ ხელთ გქონდეთ ადგილი, სადაც წვრილმანებს შეინახავთ. აუცილებელი არაა, რომ ჟურნალის მაგიდა, ტუმბო ან კონსოლი იყოს. უბრალო თაროც საკმარისია. აქსესუარებისთვის (ქუდი, ქოლგა, ხელთათმანი) დაწნული კალათა ან კარადის ქვედა უჯრა გამოიყენეთ.

პრობლემა 6: დასაჯდომი ადგილი არაა

სხვათა შორის, პუფის შესახებ. ის შემოსასვლელში ყოველთვის არ გვხდება. თუ ბინის მფლობელი თვლის, რომ მის გარეშეც ცოტა ადგილია, მხოლოდ ტანსაცმლისთვის კავებით და პატარა ტუმბოთი იფარგლება. არადა კომფორტული დასაჯდგომი ადგილის ქონა მნიშვნელოვანია. დაგვეთანხმეთ, რომ სკამზე ან პუფზე ჯდომისას ფეხსაცმლის ჩაცმა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე თასმების შესაკრავად დახრა ან კედელზე მიყრდნობა.

ეს ნივთი არ უგულებელყოთ, რადგან პირადი კომფორტის გარანტიაა. პუფის ნაცვლად შეგიძლიათ ხის სკამი, პატარა ტაბურეტი, ტუმბოზე ან პირდაპირ კარადაზე საჯდომი გამოიყენოთ. მთავარია, თქვენთვის მოსახერხებელი იყოს. პატარა შემოსასვლელშიც ამ ნივთისთვის თავისუფალ ადგილს იპოვით.

პრობლემა 7: მყუდრო ელემენტების არ ქონა

ხშირად მისაღები ოთახი, სადაც სტუმრებს ვმასპინძლობთ და მთელი ოჯახი ვიკრიბებით, სიმყუდროვის ცენტრი ხდება. შემოსასვლელი პრაქტიკულ შენობად რჩება, რომელიც ფეხსაცმლის და საგარეო ტანსაცმლის შესანახად არის განკუთვნილი. ასეთი მიდგომა სწორი არაა. როგორც თეატრი იწყება საკიდარით, ასე თქვენი ბინა იწყება შემოსასვლელით, ამიტომ არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ მყუდრო უნდა იყოს.

გასაფორმებლად გამოიყენეთ თქვენი ფოტოები კედელზე, პატარა დეკორატიული ბალიშები სკამზე, უპრეტენზიო მცენარეები. დაფიქრდით, რით გააფორმებდით მისაღებ ოთახს და ეს დეკორი შემოსასვლელში გამოიყენეთ. პოსტერებით, კედლის საათით, სარკით ჰარმონიული კომპოზიცია შექმენით ან ასიმეტრიულად დალაგებული სხვადასხვა ზომის ნახატებით გალერეა გააკეთეთ. სტატუეტები, სანთლები, პატარა ლარნაკები და სხვა წვრილმანი სტელაჟის გასაფორმებლად დატოვეთ – პატარა შემოსასვლელში ქაოსს და არეულობას გამოიწვევს. თან ქუჩაში გასასვლელად მომზადებისას შეიძლება დეკორს გამოედოთ და დააზიანოთ.